კიდევ დაიდო მასალები
https://sknews.ge/ka/news/39156?fbclid=IwAR...iVxxqWk_5PP52ucეს არის აბსურდული მიზეზი – ობსერვატორიის დირექტორს ყოფილი და მოქმედი თანამშრომლების ოჯახის წევრები უპირისპირდებიან [ვიდეო]
11.06.2023 / 13:56 კატეგორია
აბასთუმნის ობსერვატორიის ყოფილი და მოქმედი თანამშრომლების ოჯახის წევრები ობსერვატორიის დირექტორს, რეზო ჯანიშვილს უპირისპირდებიან. მიზეზი 10 მაისს მიღებული გადაწყვეტილებაა, რის საფუძველზეც მეცნიერ–მკვლევრების ახლობლებს ე.წ მთა ყანობილის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლებში შესვლას უზღუდავს. როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, მიზეზი ობსერვატორიაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებია.
ყოფილი და მოქმედი თანამშრომლების ოჯახის წევრებმა ობსერვატორიის ტერიტორიაზე შესვლა გუშინ, 10 ივნისს სცადეს, თუმცა დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა ამის უფლება არ მისცეს. ადგილზე გამოიძახეს პოლიციაც.
მთა ყანობილი აბასთუმნის ობსერვატორიის ტერიტორიაზე მდებარეობს, აქ რამდენიმე მრავალსართულიანი და კერძო ბინაა, სადაც აღნიშნული პირები პერიოდულად ცხოვრობენ, მათი ნაწილი კი მუდმივად იქ იმყოფება. შენობები სახელმწიფოს საკუთრებაა და "სსიპ– საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნულ ასტროფიზიკურ ობსერვატორიას" სარგებლობის უფლებით აქვს გადაცემული.
„თბილისიდან ვართ ჩამოსულები, ვითხოვთ საკუთარ სახლებში შესვლას. ჩემი მეუღლე, რომელიც 60 წლის ხდება, აქ დაიბადა და გაიზარდა, ჩემი მამამთილი ცნობილი ასტრონომი, ფიზიკოსი და მათემატიკოსი სტეფანე აფრიამაშვილი იყო. ამ ადამიანს შვილს და შვილიშვილებს არ უშვებენ. დაცვა გვეუბნება უარს, განგვიმარტონ ვისი დავალებით არ გაძლევენ სახლებში შესვლის უფლებას“, – ამბობს სტეფანე აფრიამაშვილის რძალი, მაკა ღვაბელაძე.
ყოფილი თანამშრომლების ოჯახის წევრების განმარტებით, დირექტორის, რეზო ჭანიშვილის გადაწყვეტილება საფუძველს მოკლებულია, რადგან დასახლება სარეაბილიტაციო ობიექტებიდან მოშორებით მდებარეობს, შესაბამისად მათი იქ ყოფნა არც საფრთხის შემცველია და არც ხელის შემშლელი.
„მიზეზად ასახელებენ რაღაც შენობების რეკონსტრუქციას, რომელიც არაფერ შუაშია ჩვენს შეშვებასთან, საცხოვრებელი სახლები იმ ადგილიდან შორს არის. წლების წინ, როცა სერიოზული სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობდა, მაშინ არ უთქვამთ შეშვებაზე უარი, ახლა ვერ ვხვდებით რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება. აბსურდული, თითიდან გამოწოვილი მიზეზია. ვითხოვთ დაბრკოლების გარეშე შეგვიშვან. ბევრი რამ შეიძლება იყოს ამის მიზეზი, როგორც მატერიალური, ისვე რაღაც ახირება. ჭიდაობით გვიწევს სახლებში შესვლა. ჩვენია ეს სახლები, სახელმწიფო ასე არქმევს, რომ ჩვენია, ჩვენს მფლობელობაშია და მანამ საწინააღმდეგო არ დადგინდება, ჩვენ გვაქვს უფლება ცხოვრების“, – ამბობს არჩილ ჭიჭინაძე და ამატებს, რომ მისი ბებია, ყოფილი ასტრონომი თამარ მეგრელიშვილი ობსერვატორიაში 1940 წლიდან მუშაობდა.
მათი თქმით, ობსერვატორიის ადმინისტრაცია ტენდენციური გადაწყვეტილება მიიღო, რადგან მთა ყანობილის ტერიტორიაზე მდებარე სახლებში ისეთ პირებს აძლევენ ცხოვრების უფლებას, რომლებსაც ობსერვატორიასთან შეხება არ აქვთ.
„50 წელზე მეტი ხანი იმუშავეს ჩემმა მშობლებმა ობსერვატორიაში, ამ პერიოდის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობდნენ ობსერვატორიის ტერიტორიაზე. ამჟამად აქ არ იმყოფებიან. გვინდა, რომ სახლში თავისუფლად შევიდეთ. ჩემმა მშობლებმა და ვინ აქ იმყოფებიან მათმა მშობლებმაც, უდიდესი ღვაწლი გასწიეს. რასაც დღევანდელი ადმინისტრაცია გვაკადრებს ეს არის სამარცხვინო საქციელი“, – ამბობს თამარ გულიაშვილი და ამატებს, რომ დედამისი, მერი მეტრეველი, რომელიც ამჟამად 88 წლისაა, აბასთუმნის ობსერვატორიაში 1959 წლიდან სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, გარკვეული პერიოდი იყო დირექტორის მოადგილეც.
ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას შეურაცხმყოფლად მიიჩნევს ცნობილი ასტრო–ფიზიკოსის, სტეფანე აფრიამაშვილის შვილი, თენგიზ აფრიამაშვილი.
„მე შეიძლება ღამის 3 საათზე მომიწიოს ჩამოსვლა. ამ დროს ისინი არ შემიშვებენ და არც უპასუხებს ტელეფონს ვინც შეშვების ბრძანებას გასცემს. რატომ უნდა ვიყო მე დამოკიდებული იმ პიროვნებაზე?! მე არ ვუშლი ხელს არც დაკვირვებას და არც რემონტს. მივდივარ ჩემთვის და ვრჩები. შეურაცხყოფილად მიმაჩნია ის, რომ ვიღაცას ვურეკო იმისთვის რომ სახლში შემიშვას. 1964 წელს გადმოგვეცა ეს ბინა, მას შემდეგ ჩვენ ვფლობთ მამაჩემი 1956 წლიდან აქ იყო. არაერთი ვარსკვლავი აღმოაჩინა. ეს ადამიანები დღემდე ამაყობენ მამაჩემის სახელით და გვარით, სტეფანე აფრიამაშვილით“, – ამბობს თენგიზ აფრიამაშვილი და ამატებს, რომ სამშენებლო სამუშაოები, რის გამოც შეზღუდვა დაწესდა, მათი საცხოვრებელი სახლებიდან 300 მეტრითაა დაშორებული, შესაბამისად იქ მობინადრეები მათ საქმიანობას ხელს ვერ შეუშლიან: „ბავშვების შემოყვანაც აგვიკრძალეს. თითქოს ჩემი ბავშვი მივა მშენებლობაზე და თავში აგურს ძალით ჩაირტყამს“.
ობსერვატორიის გადაწყვეტილებას აპროტესტებს თეონა ტოროშელიძეც, რომელიც აბასთუმანში თბილისიდან ჩამოვიდა.
„აქ დაბადებული და გაზრდილი ვარ, აქ დავამთავრე სკოლა. ობსერვატორიის ნაწილი ვარ, ისე როგორც ჩემი სხვა მეგობრები, ვინც აქ არიან შეკრებილები. ჩემი მშობლები 1959 წელს ჩამოვიდნენ, აქ შექმნეს ოჯახი, მამაჩემი აქ გარდაიცვალა კიბეზე გულით, მუშაობის დროს. მეც მექმნება პრობლემა და ვერ შევდივარ ჩემს სახლში. პრობლემა ექმნება არა მარტო ყოფილი თანამშრომლების შვილებს, არამედ აქ მუდმივად მცხოვრებლებსაც. მათ შვილებს, ოჯახის წევრებს, სჭირდებათ განსაკუთრებული ნებართვები, თხოვნები და თხოვნა–მუდარა, რომ შვილი მოვიდეს მამასთან რამდენიმე დღით. ძალიან არაადეკვატური საქციელია. ამის გამო, თხოვნა მექნება გვერდით ის ადამიანებიც დაგვიდგნენ, ვისაც მსგავსი პრობლემა ექმნებათ. ეს ყველას პრობლემაა“, – ამბობს თეონა ტოროშელიძე.
მისი თქმით, 2023 წლის 10 ივნისის ბრძანებამდეც ექმნებოდათ შესვლის პრობლემა, რომელიც 4 წელია გრძელდება: „რას ემსახურება და რა მიზანი აქვს ჩვენს იზოლირებას საკუთარი ბინებიდან, სადაც ჩვენი ნივთებია, არ ვიცით. არაადეკვატური ქმედებაა. ჩვენ ვართ მართლზომიერი მფლობელები ვართ. ჩვენი სახლების ბატონ–პატრონები ვართ, თუ რამე ფუჭდება ჩვენ ვაკეთებთ, გადასახადებს ვიხდით. ჩამოვდივართ არა მარტო ზაფხულში, არამედ ზამთრშიც“.
კიდევ ერთი ყოფილი თანამშრომლის შვილი, რევაზ ჩხიკვაძე ამბობს, რომ დირექციის გადაწყვეტილებით, რომელიც არასამართლიანია, 60 ოჯახი ზარალდება.
„ამოუცნობია რა უნდათ. ბრძანებები შეიძლება იწერებოდეს, მაგრამ ჩვენ ეს არ გვეხება, რადგან ვართ მართლზომიერი მფლობელები ამ სახლების. დაე სასამართლომ გადაწყვიტოს გვეკუთვნის თუ არა აქ ცხოვრება. ამათი გადასაწყვეტი ნამდვილად არ არის. სახელმწიფო ჯერჯერობით თვლის, რომ ჩვენ ვართ მფლობელები“, – ამბობს ობსერვატორიის ყოფილი თანამშრომლი, რევაზ ჩხიკვაძე და ამატებს, – „ჩვენი ღვაწლიცაა ეს ყველაფერი რომ შევინარჩუნეთ, არ დაინგრა და არ გაიძარცვა მხედრიონის დროს, 90–იან წლებში“.
რა წერია ადმინისტრაციის 10 მაისის ბრძანებაში
აბასთუმნის ობსერვატორიის შესასვლელ ჭიშკართან გამოკრულია 10 მაისით დათარიღებული ბრძანება, რის საფუძველზეც მოქალაქეები ობსერვატორიის ტერიტორიაზე (მთა ყანობილი) შესვლისა და გადაადგილების განსხვავებული წესით იხელმძღვანელებენ.
„სსიპ – საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნულ ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში, დაგეგმილია მასშტაბური სამუშაოები, გუმბათის მონტაჟი, ე.წ. სასადილო შენობის სრული რეაბილიტაცია, მთელს პერიომეტრზე მოეწყობა ღობე და ჭიშკარი. ამასთან დაკავშირებით, ობსერვატორიის ტერიტორიაზე (მთ.ყანობილი) ინტენსიურად გრძელდება სადემონტაჟო–სამშენებლო, გადაზიდვა– დასაწყობების სამუშაოები სხვადასხვა სახის მძიმე ტექნიკის (ამწე, ტრაქტორი) გამოყენებით.
აღნიშნული სამუშაოების წარმოების განმავლობაში 2023 წლის ბოლომდე. სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმატებით და დაუბრკოლებლად განხორციელების, ასევე ობსერვატორიის ტერიტორიაზე მყოფი პირების უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ზიანის მიყენების რისკის პრევენციისთვი“, – ნათქვამია ბრძანებაში.
როგორც დოკუმენტში წერია, ეს არის დროებითი ღონისძიება, რომელიც 2023 წლის ბოლომდე, 31 დეკემბრამდე გაგრძელდება. მის აღსრულებაზე პასუხისმგებელი პირი მთავარი ასტრონომ–მენეჯერი ვ. ყულიჯანიშვილია.
„წინამდებარე ბრძანების მოქმედების განმავლობაში ძალაშია „სსიპ –საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის ტერიტორიაზე უცხო პირთა შესვლისა და გადაადგილების პირობების დამტკიცების შესახებ“ ობსერვატორიის დირექტორის 2020 წლის 29 მაისის N03-03/03 ბრძანება, აგრეთვე „შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ ობსერვატორიის დირექტორის 2022 წლის 16 თებერვლის ბრძანება. წინამდებარე ბრძანებით დადგენილი თავისებურებების გათვალისწინებით“, – ნათქვამია დოკუმენტში.
აღნიშნულ საკიხზე „სამხრეთის კარიბჭე“ ობსერვატორიის დირექტორთან, რეზო ჯანიშვილთან დაკავშირებას მეორე დღეა უშედეგოდ ცდილობს, ის ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
დირექტორის მოადგილესთან კი დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა შესვლის უფლება არ მოგცეს, შესაბამისად, ჩვენთვის უცნობია მათი პოზიცია ამ საკითხზე.
როგორც შსს–ს თანამშრომლებმა გუშინ 10 ივნისს ობსერვატორიის ჭიშკართან შეკრებილებს უთხრეს, ადმინისტრაციის გადაწყვეტილება შეუძლიათ სასამართლოში გაასაჩივრონ, სხვა შემთხვევაში დირექტორის ნებართვის გარეშე საცხოვრებელ სახლებში შესვლის უფლებას ვერ მისცემენ. რაც შეეხება ალიონა ოშებკოვას, მას მისცეს ნებართვა, რომ 85 წლის დედისთვის საკვები მიეტანა.
ერთ–ერთი მათგანი, თამარ მეტრეველი ნებართვის მისაღებად, ობსერვატორიის დირექტორს ტელეფონით დაუკავშირდა, თუმცა როგორ რეზო ჭანიშვილმა განუცხადა, შეთანხმება აბასთუმანში ჩასვლამდე, წინასწარ უნდა მომხდარიყო:
"მითხრა, რას ნიშნავს ასე გაუფრთხილებელად 5 მანქანით ჩასვლაო, რომ ვუთხარი მაშინ რატომ არ გვიშვებენ ბინაში, რომელსაც მართლზომიერად ვფლობ–მეთქი და მითხრა – ეს თქვენ გგონიათ რომ ფლობთო. თქვენ სრულიად შეუთანხმებლად ჩადიხართ და ახლა რაზე მელაპარაკებითო. თქვენ ახლა ძალადობთ და არ ვაპირებ კამათში შემოსვლასო. გამორიცხულია და თუ გინდათ მიმართეთ სასამართლოსო. პროვოკაციაში დაგვადანაშაულა", – ამბობს თამარი.
რას გეგმავენ ყოფილი და მოქმედი თანამშრომლების ოჯახის წევრები
10 მაისის ბრძანების გამოქვეყნების შემდეგ, მათმა ნაწილმა საქართველოს პრემიერ–მინისტრს განცხადებით მიმართა.
ისინი იმ შენობების საკუთრებაში გადაცემას ითხოვენ, რომლებსაც წლების განმავლობაში იყენებდნენ.
საკითხის განხილვა მთავრობამ ეკონომიკის და განათლების სამინისტროებს დაავალა:
„განსახილველად გეგზავნებათ 2–23 წლის 15 მაისის საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში , პრემიერ–მინისტრის სახელზე წარმოდგენილი აბასთუმანში, მთა ყანობილზე სსიპ– საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის სარგებლობაში არსებული საუწყებო ბინების მფლობელ/მუდმივად მცხოვრებ პირთა საერთო განცხადება თანადართულ დოკუმენტებთან ერთად, რომლითაც მოთხოვნილია დაბა აბასთუმანში, მთა ყანობილზე სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ და სსიპ– საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა–ნაგებობებში არსებული ფართების საკუთრებაში გადაცემა“, – ნათქვამია წერილში რომელიც ყოფილი და მოქმედი თანამშრომლების ოჯახის წევრებმა მთავრობის ადმინისტრაციიდან მიიღეს.
მიმაგრებული სურათი