მე ვამბობ იმას, რაზეც ვფიქრობ, რომ ვიცი, დარწმუნებული ვარ. შეიძლება, რამე კიდეც შემეშალოს, მაგრამ ტყუილს არაფრით არ ვიტყვი. მორალი არაა გადამწყვეტი, უბრალოდ, პოლემიკა მიყვარს, ხშირად მიხდება და ჭკუა მყოფნის საიმისოდ , რომ ჩემი ტყუილი მოწინააღმდეგეს ხელში ჩემს წინააღმდეგ იარაღად არ მივცე.
თუ ვინმე დამისაბუთებს ჩემი აზრის საპირისპიროს, პოზიციასაც შევიცვლი., არც ბოდიშის მოხდა მიჭირს.
საქართველოს განათლების სისტემაში - მსმენია, რომ კარგა ხანია, ბევრი პრობლემაა, ამაზე მეტს ვერაფერს გეტყვით, სამწუხაროდ, ვერ გასწვდება ჩემი ცოდნა და კომპენტენცია.
ისე, რა მარდად ჩამწერეთ ზვიადის მოწინააღმდეგეთა ამქარში!
ჯილდო გეკუთვნით, ოღონდ… სინამდვილესთან ახლოსაც არაა.
მე - ნინო დარბაისელი გახლავართ ავტორი გამოკვლევისა,, ზვიად გამსახურდია - ამერიკული ლიტერატურის მთარგმნელი და მკვლევარი”, თან იმდენად არა-მოკრძალებული ადამიანი ვარ, რომ რუსთაველის თეატრში ზვიადის იუბილეზე წავიკითხე ფრაგმენტები ამ შრომიდან და კიდევ უარესი, არც ზვიადისტი ვყოფილვარ არც ანტიზვიადისტი და ეს ყველაფერი შესანიშნავად იცოდა თავად ზვიადმა. თვითრეკლამა ხომაა საუკეთესო რეკლამა?!
ამწუთას მივმართავ!
ორ მოგონებას დავდებ მასზე, დამელოდეთ
ეს ერთი, თავისი ლინკით
#მემორია
Konstantine Gamsakhurdia
ნინო დარბაისელი სტრონი
ზვიადის კოცნა
(ღია წერილი კონსტანტინე გამსახურდია უმცროსს)
ბატონო კონსტანტინე!
არ ვიცი, რა და როგორ არის შემორჩენილი ზვიად გამსახურდიას პირადი არქივიდან, მაგრამ თუ მისი ლაგებისას შემოგხვდათ ძველებური საბჭოური ,,ავია-კონვერტი“, შიგ - ასანთის უბრალო ღერზე თხლად შემოხვეულ და მიწებებულ, პატარა მუქშინდისფერ მართკუთხა ქსოვილზე თვალის ტუშითა და თეთრი, საბჭოური თხევადი კორექტორით ‘’დახატული’ ორი პარალელური მართკუთხედი, ანუ საქართველოს დროშა და პირველი თუ მეორე კლასის რვეულის ფურცელი, ზედ დიდი ასოებით, დაწყებითების მოწაფის ხელით ნაწერი ეს ტექსტი, რომლის ავტორიც ძალიან დარწმუნებული იყო, რომ ეს საუკეთესო ლექსია, მინდა იცოდეთ, რომ ეს - მამათქვენისადმი ჩემი შვილის საჩუქარია:
სისხლი იღვრება,
ხალხი ქვითინებს,
ცრემლით აივსო
მთელი დედამიწა,
ვაი, რა გველის,
არავინ იცის,
ჩვენ კი ვიღვრებით,
როგორც ცრემლები.
ამ ლექსის ავტორს ზვიად გამსახურდია პირადად დაჰპირდა, რომ მის საჩუქარს კარგად შეინახავდა,
ისტორია კი ასეთი იყო:
თქვენი მონა-მორჩილი ზვიადის რედაქტორი გახლდათ გამომცემლობა ‘’მეცნიერებაში’. ოთხმოციანის ბოლოა ან ოთხმოცდაათიანის დასაწყისი.
ზვიადი ხომ სწორედ მაშინ ძალიან იყო დაკავებული თავისი პოლიტიკური ამბებით, რომელში მონაწილეობისთვისაც, ვაღიარებ, მე არ მეცალა.
იგი, როგორც ავტორი, უაღრესი პასუხისმგებლობით უდგებოდა საკუთარ ნააზრევს და დიდად აფასებდა რედაქტორის, მხატვრის, კორექტორის თუ ტექრედაქტორის, სტამბის მუშების შრომასაც. რაიმე ისეთი კორექტურა თუ იყო გაპარული, რომ ატანა შეიძლებოდა, ამბობდა, მოდით, ნუღარ გავაწვალებთ იმ ადამიანებს, რაც არის, არისო. იმ დროს აწყობა, ასოების ტყვიაში ჩამოსხმა და გვერდების შეკვრა - ეს სულ ხელით სამუშაო იყო.
არ მახსოვს, შეხვედრაზე შევთანხმებულიყავით და არ მოსულიყო. მისი მოსვლა კი რაღაც, საგანგებო მოვლენად იქცეოდა ხოლმე სამსახურში.
გამომცემლობის ქალების ძირითადი ნაწილი მისით ხომ მუდამ აღფრთოვანებული იყო და
რომ იცოდნენ მოსვლის დრო, კუტუზოვის ქუჩიდან ლიფტამდე და მერეც დერეფანში, ენისა და ლიტერატურის განყოფილებამდე, საგანგებოდ მორთულ-მოკაზმულები, ჩამწკრივებულები იყვნენ და ისიც ღიმილზე ღიმილით პასუხობდა. ყოველ ჯერზე “პარადის ჩაბარებასავით’ უწევდა სტუმარს, ვიდრე ოთახში შემოაღწევდა.
ერთ დღესაც ისე მოხდა, რომ ჩემს ერთადერთ შვილს, თეონა ჭინჭარაულს დავპირდი, გამომცემლობაში წაგიყვან, ზვიადს გაგაცნობ და შენი ლექსი ლამაზად გადაწერე და ვაჩუქოთ-მეთქი. ცხადია, მთელი წინა დღე იმის გადათეთრებას მოანდომა.
დილით ჩვეულებისამებრ, ჯერ მას ჩავაცვი, საკუთარი ჩასაცმელი, თეთრი ბლუზა და მუქი შინდისფერი ქვედაბოლო, გაუთავებული საწოლზე დავაფინე და გავედი მოსაწესრიგებლად.
შემობრუნებულმა პირდაპირ ჩავიცვი საგარეო ტანსაცმელი, ქვედაბოლოს ჯიბეში ხელი ჩავიყავი და სადღაა ჯიბე!
თეონას მაკრატლით მოუჭრია, დროშა უნდა გავაკეთო და ზვიადს ვაჩუქოო, გაუკეთებია კიდეც, ზემოთ აღწერილი წესით .
მე ვეღარაფერს ვეღარ ვასწრებდი, ყოფილი ჯიბის ადგილი გადაბრუნებულზე, რაღაცნაირად ‘’ბულავკით’ დავიმაგრე და მოვასწარით მისვლა გამომცემლობაში.
ზვიადი - ზუსტად დათქმულ დროს მოვიდა. ოთახში ყველას მიესალმა. ეს ლამაზი გოგონა ვინააო, იკითხა. თეონამაც პასუხი არ დაახანა, თეონა ჭინჭარაულიო. ქალებმა შემოაშველეს, ეს ალექსი ჭინჭარაულის შვილიშვილიაო და რაღაც მომენტი დავიჭირე მის გამომეტყველებაში, ან მომეჩვენა, რომ დიდად არ ეამა. მე კი ნამდვილად შევცბი.
საქმე ისაა, რომ მანამდე არც გამხსენებია, ალექსის ადრე, ჟურნალ “ცისკარში” ზვიადის თარგმანის ენობრივი მხარე რომ ჰქონდა მწარედ გაკრიტიკებული, თუ არ ვცდები, ჰომეროსი იყო. ნახევარი საუკუნის წინანდელი ამბავია, თავს ვერ დავდებ.
გრძელი სიტყვა - მოკლედ!
თეონამ ‘’ავიას’ კონვერტიდან ამოიღო ლექსი და დროშა, ეს - თქვენო!
ზვიადმა სთხოვა, აბა, შენ თვითონ წამიკითხეო. ბავშვმა რომ დაამთავრა ლექსი, ზვიადმა შუბლზე აკოცა და თავისი ტელეფონის ნომერი ჩააწერინა. ჩვენ უკვე მეგობრები გავხდით და როცა გინდოდეს, დამირეკეო. თეონაც - წლების მანძილზე, ვიდრე საქართველოში ცხოვრობდა, ახალ ტელეფონების ბლოკნოტს დაიწყებდა თუ არა, გ-ზე ჯერ ის ნომერი შეჰქონდა შიგ, მიუხედავად ზვიადის ტრაგიკული აღსასრულისა. (თუ არ ვცდები, 27 ერია ციფრებში)
პირველსკოლელი თეონას დროს სწავლა ადვილი არ იყო, არც ცხოვრებაში გზის გაკაფვა. სკოლა დაეწვათ, სადღაც იყვნენ შეფარებულები, ტრანსპორტი არ მოძრაობდა, ჩვენც გარეუბნის სკოლაში მოგვიხდა სკოლის აღდგენამდე გადასვლა.
მართლაც, საუკეთესო მოწაფე იყო , მაგრამ ჰქონდა მომენტები, როცა გამხნევება სჭირდებოდა და ასეთ დროს სულ ვახსენებდი, აუცილებლად გამოგივა! შენ ხომ იცი, შუბლით ვის კოცნას დაატარებ-მეთქი.
რამე რომ კარგად გამოუვიდოდა, თვითონაც მეტყოდა ხოლმე, აბა, როგორ, შუბლით ზვიადის კოცნას დავატარებო!
მოდით, თავს შევიკავებ შვილის მიღწევებით ბაქიბუქისგან და მარტივად გეტყვით, დღეს ის ამერიკაში ძალიან წარმატებული, ორმოცი წლის ქალია.
და მე მჯერა, რომ ზვიად გამსახურდიას დამსახურებაცაა ამაში.
ნათელი არ მოჰკლებოდეს იქ, ‘საცა მართალნი განისვენებენ“.
https://www.facebook.com/groups/12954059042...mibextid=afzh1Rესეც მეორე, თავისი ლინკიანად
ნინო დარბაისელი
მ. მამარდაშვილის “საუბრები ფილოსოფიაზე” ანუ წიგნი, გამოცემული ზვიად გამსახურდიას ნებით
- - -
ერთი ამბავი მაწვალებს და არ მინდა, დაიკარგოს.
მერაბ მამარდაშვილი ერთ ოჯახში, წვეულებაზე გავიცანი, როცა ახალი ჩამოსული იყო. მას მერე, ახალგაზრდობაში, სულ ვესწრებოდი მის ლექციებს უნივერსიტეტში.
რა დასამალია და ნახევარი არ მესმოდა იქიდან, რასაც ლაპარაკობდა და მჯერა, მარტო არ ვიყავი ამ მხრივ, მაგრამ ვიწერდი, იმის იმედით, რომ გავიდოდა დრო, მოვმწიფდებოდი ინტელექტუალურად და ამ კონსპექტებს დავუბრუნდებოდი.
მერე დაიწყო ეროვნული მოძრაობა, მერე ხელისუფლებაში მოვიდა ზვიად გამსახურდია, რომელთანაც არაპოლიტიკური, საქმიანი, ახლო ლიტერატურული ურთიერთობა მქონდა.
გარდაიცვალა მერაბ მამარდაშვილი. ზვიადი ხელისუფლების სათავეში იყო.
არ დავმალავ, ზვიადის სურვილით, მაშინ მე გამომცემლობა “მეცნიერების” მთავარი რედაქტორი ვიყავი. (საბავშვო ბაღიდან პირდაპირ მინისტრები რომ ხდებიან, ადრე ასე არ იყო. 30 წლის ქალს ასეთ თანამდებობაზე არავინ დანიშნავდა. მეც თავს არ ვზოგავდი მუშაობაში)
ერთ დღეს აკადემიის პრეზიდიუმში დამიბარეს, ვიღაც ახალგაზრდა ბიჭები დამხვდნენ ჩვენი კურატორის კაბინეტში, ერთი, შავგვრემანი, როგორც მახსოვს, გვარად ბერძენიშვილი იყო ან ქართველიშვილი, მეორე - შედარებით პირთეთრი, - ნამდვილად ჩერქეზიშვილი, მგონი თავისუფლების ინსტიტუტიდან.
გადმომცეს დედანი წიგნისა ,,საუბრები ფილოსოფიაზე” და დამავალეს, გაუხმაურებლად გადამეცა ვინმე არაზვიადისტი რედაქტორისთვის და სასწრაფოდ გაგვეშვა წარმოებაში.
მე გეგმიურ წიგნებს ვერ ავუდიოდი, ასოცდაათამდე ავტორი რიგს უცდიდა..
ზემოდან კი სიტყვიერად(!) მავალებდნენ, ყველაფერი გადამედო და ამ საქმისთვის მიმეხედა. არც რედ. გამ. საბჭოს გადაწყვეტილება, არც რამე რეზოლუცია ან რაიმე წერილობითი ბრძანება!...
ცხადია, არ გამიხარდებოდა, მაგრამ თავს ზევით რა ძალაა!
საქართველოში სხვა რა იმალება, რომ ეს ამბავი დამალულიყო.
ორ დღეში მირეკავს ჩემი ახლო მეგობარი თემურ ქორიძე და მთხოვს, გავუარო სამსახურში, თან ის დედანი წავუღო, რომლის შესახებაც გამომცემლობელმა შინაურებმა აცნობეს და რომელშიც ზვიადზე არასასურველი რაღაცეები წერებულა. მართალი გითხრათ, მე იმ დროს ჯერ გაცნობილიც არ მქონდა კარგად დედანი. რამდენიმე გვერდი ვნახე და ისეთი საშინელი ქართული იყო, აზრს ვერ გამოიტანდი.
საქართველოში მაშინაც და მუდამ, თანამდებობის პირი, უახლოესი მეგობარიც რომ იყოს, თუ გეტყვის გამომიარეო, შენთვის ეს, უკეთეს შემთხვევაში, ერთი კალენდარული დღის დაკარგვას უდრის, მაგრამ მანამდე შინა პრობლემები უნდა მომეგვარებინა. უფროსების უჩუმრად ამას ვერ ჩავიდენდი, არადა, როგორი ამბავია! დედნის მომტანების გარდა, სულ ოთხმა ადამიანმა ვიცოდით.
მეტი გზა არ მქონდა, ყველა მათგანს ცალ- ცალკე შევხვდი და ვუთხარი, რომ ზვიადი დედნის წაკითხვით იყო დაინტერესებული. თქვენ წარმოიდგინეთ, წინააღმდეგობა არ გაუწევიათ.
მოკლედ, შევაღწიე თემურთან, დედანი გადავეცი და დამპირდა, დღეის სწორს დაგირეკავ და დაგიბრუნებო.
კვირაც გავიდა, ორიც, შიგნით, სამსახურში დანაღმული სიტუაცია იყო, ის ორი ახალგაზრდა დილიდან საღამომდე მისაღებში მეჯდა. მათ არ იცოდნენ, რომ დედანი არ მქონდა და მაჩქარებდნენ, ცოტა უტიფრობაშიც გადადიოდნენ....ღამეები არ მეძინა, თემურს ვერ ვუკავშირდებოდი.
ბოლოს როგორც იქნა, დამიბარა, შევაღწიე.
თემურს ზვიადთან დასაკავშირებლად ჰქონდა პირდაპირი, ძველი მოდელის ტელეფონი. რომ დაურეკა, მეც მესმოდა და კიდევ მის მდივან ქალს, თუ არ ვცდები, გვარად დავითურს, ზვიადმა რომ უთხრა, არაფერი შეცვალონ, არაფერი ამოაკლონ, ზუსტად ისე გამოაქვეყნონ, როგორც არისო. ცოტა ხანში ვიღაცამ საქაღალდე მისაღებში შემოიტანა, მდივანმა ქალმა გადმომცა და ამოსუნთქული დავბრუნდი გამომცემლობაში დედნიანად.
ასე მიეცა მწვანე შუქი წიგნს ,,საუბრები ფილოსოფიაზე”.
ვისაც წაკითხული აქვს იგი, დაე, იცოდეს ეს ამბავი:
რომ არა ზვიადის ნება, ეს წიგნი დღის სინათლეს ვერ იხილავდა.
***.
გავიდა დრო, ოთხმოცდაათიანის, ასე პირველი ნახევარია. შემთხვევით, მეგობარს გავყევი რუსთაველის მცირე დარბაზში, სადაც მგონი, მერაბის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო იმართებოდა. იქ იყვნენ ის ჩემი ძველი უფროსები თუ თანამშრომლები, რომლებიც ადრე ნერვიულად ელოდნენ ჩემს დაბრუნებას მთავრობის სასახლიდან და რა?!
მიუხედავად იმისა, რომ დაწყებამდე მივესალმეთ ერთმანეთს, ანუ იცოდნენ, რომ ამბის მთავარი მოწმე დარბაზში ვიჯექი, მშვენივრად შეიფერეს ქება-დიდება და ტაში იმის გამო, რომ ზვიადის ზეობის დროს, მისგან საიდუმლოდ გამოსცეს მ. მამარდაშვილის “საუბრები ფილოსოფიაზე”.
მე ჩემთვის ვტიროდი, სადღაც, ბოლო სკამზე მიყუჟული.
მე გმირი არა ვარ, მე ადამიანი ვარ და ეს ის მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში, როცა ადამიანმა არ იცი, რა იღონო და უმწეობა გატირებს.
მოვყევი და გულზე მომეშვა!
http://urakparaki.com/?m=4&ID=107319 This post has been edited by nino darbaiseli on 13 Jun 2023, 02:08