უი, რა კარგი გამახსენეთ!
სწორედ ახლახანს გამოქვეყნდა აფხაზეთის თემისადმი მიძღვნილი ანთოლოგია რომელშიც ჩემი ლექსიცაა
ჯერ ლექსს გაგაცნობთ
#ლექსები
ნინო დარბაისელი
ჩემი ლტოლვილი მეგობარი
მე თუ რამე მკლავს, ეს მეტისმეტი ზრდილობაა!
(აქ - თუ ძალიან არ გაიცინებთ, მოწყალედ მაინც გამიღიმეთ)
ნეტავი და, სულ არ მეკითხა
ჩემი ლტოლვილი მეგობრისათვის, როგორა ხარ,
თქვენები როგორ არიან-მეთქი.
როგორა ვარ და და აი, ასეო:
გათხოვებით - არ გავთხოვილვარ,
რამდენიც ვინმეს მოვეწონე,
ეუბნებოდნენ,
კარგი გოგოა…მაგრამ, იცი? - ლტოლვილიაო.
ლტოლვილი - რატომ?
ფეხმძიმე იყო დედაჩემი,
ოცდაათისა ახლა ვსრულდები,
დაბადებით - აქ დავიბადე
და მეტრიკაშიც ასე - თბილისი მიწერია,
მაგრამ მეტრიკას თან გადაშლილს ხომ არ ვატარებ,
აა, დედაჩემი?!
დედაჩემი - ჩემი შვილია,
ორი წელია, რაც ექიმებმა დემენცია დაუდგინეს და მე მირჩიეს,
არ დაგავიწყდეს,
დედაშენი - ის პიროვნება აღარ არისო,
მოგიწევს ახალ ადამიანთან შეგუებაო.
ვის სად გავექცე!
ვეგუები.
ჩემი შვილია დედაჩემი,
ვბან,
ვასუფთავებ,
თმას ვუვარცხნი,
პაპერსებს ვუცვლი და ხელით ვაჭმევ,
ოღონდ მშიაო, მეორე წუთში გაიძახის,
ხან კი წყალზეც პირს მიიბრუნებს.
დედაჩემი - ჩემი შვილია!
ხან დაიჟინებს,
რას მეუბნებით,
რა - ჭიბურხინჯი,
ეგ სიტყვა სულ არ გამიგიაო,
იქ არ მომკვდარა ფეხაუდგმელი ჩემი ბიჭი,
სხვა ქალებივით მეც სანიშნებლად დიდი ხის ქვეშ არ დამიმარხავს,
არც მიწვალია და დიდი ლოდი არ დამიდია,
ამ ცივ ზამთარში მშიერ ნადირს სუნი არ ეცეს, მიწიდან თხრა არ დაუწყოს-მეთქი.
დიდი კაცია ჩემი ბიჭი,
მთავრობის კაცი,
ცოლშვილიანი,
დიდ სახლში ცხოვრობს და მანქანაც ემსახურება,
და ხომ არ იცი, რა ვაწყენინე, ჩემს სანახავად რომ არ მოდის
და არც ბავშვებს არ მაკარებსო?!
ჩემი შვილია დედაჩემი!
ხან - სულ ცოტა ხნით,
ძველებურად,
ჭკვიანურად მოიკითხავს,
ერთი, ნახეო, ქვემო უჯრაში,
ბენდენაში გამოკრული მიწა მიდევსო,
აფხაზეთს ვინღა დამანახებს,
იქაურია.
როცა დამმარხავთ,
გულზე პეშვით დამაყარეთო.
ჩემი შვილია დედაჩემი,
ასე თუ ისე, თავი გაგვაქვს,
თანდათანობით ხელში მელევა
და ალბათ მალე გამიქრება
და მე უშვილოდ გადავეგები.
ან ვიდრე შევძლებ,
მე ვიქნები ჩემივე შვილი,
ჩემი დედაც მევე ვიქნები,
არ მეშინია.
მიწის ზემოთ ვის დატოვებენ!
შიშით კი იმას ეშინოდეს,
ვისაც ამქვეყნად სასახლე აქვს,
მაგრამ იმქვეყნად ერთი კენჭიც ვერ წაუღია.
აი, ასე ვარ,
მე - ლტოლვილი - სამშობლოშივე,
ჯერჯერობით კი მხნედ დავრჩები,
ვიდრე ასეა,
ჩემი შვილია - დედაჩემი!
- - -
ეს კი ჩემი წერილია ამ კრებულზე გაზეთ ,, ლიტერატურული საქართველოს” ბოლო ნომრიდან
ნინო დარბაისელი სტრონი
ვარსკვლავებით მოჭედილი ცა აფხაზეთის თავზე
(ანონსი-გამოხმაურება კრებულისათვის “სადაც სახლი მელოდება“)
იდეის ავტორი - ბელა ალანია,
გამომცემლობა „საარი“, თბილისი, 2023
შემდგენელნი - სარედაქციო კოლეგია: მაია მიქაია, ლია მეტრეველი, მარინა თექვთუმანიძე, ლია მიქაბერიძე და ჯუბა ღებელი
მხატვარი - ელდარ ქავშბაია
სპონსორი - ნუკრი დიასამიძე
შარშან, დაახლოებით ამ დროს, პირად საუბარში ბელა ალანიამ თავისი იდეა რომ გამიზიარა, აფხაზეთისადმი მიძღვნილი ანთოლოგიური, პოეტური კრებული მინდა გამოვცეო, მართალი გითხრათ, ეჭვიც შემეპარა ამ იდეის მართებულობაში, არც დამიმალავს და არა მხოლოდ იმიტომ, რომ მსოფლიოში კარგად აპრობირებული გამოცემის ამ სახეობას - თემატურ ანთოლოგიას ჩვენში არცთუ ისე მდიდარი ტრადიცია აქვს... თუმცა მისი ისტორიული ნიშნულები - სამაგიდო, ან გულის მეხსიერებით სატარებელ წიგნებად გვექცა.
აქ მხოლოდ ორს დავასახელებდი - მურმან ლებანიძის შედგენილ ‘ შედევრებსა’ და ‘სიყვარულის წიგნს“, გივი გეგეჭკორის, ემზარ კვიტაიშვილისა და ტარიელ ჭანტურიას მიერ შედგენილს, გურამ ასათიანის შესავალი წერილით, მე ვიტყოდი, პოეტური პროზით, რომელიც მჯერა, ყველა ქართველმა პოეზიის მოყვარულმა ჩემსავით ლამის ზეპირად იცის - ‘’ როგორ უყვარდათ საქართველოში’.
აქ ცოტა გადავუხვიოთ ჩვენი საუბრის ძირითად თემას და გურამ ასათიანის წერილის ფინალი გავიხსენოთ:
‘’ერთ მშვენიერ დღეს ბროწეულის ლორთქო ფესვები კადნიერად გაჰკვეთენ ქვიან ბალავარს და სარკოფაგის მრავალსაუკუნოვანი სიგრილიდან ისევ ამოგიზგიზდება, ‘’ვით ბაზმა უქრობელი - ჩვილი და უმწეო, სამარადისო ხმა: ’’ძევახ, სიცოცხლეო ჩემო!“
დავუბრუნდეთ ისევ წიგნს ‘’სადაც სახლი მელოდება’. მთავარი, რის გამოც დამაეჭვა ამ იდეის მართებულობამ, ის იყო, რომ ოფიციალურად, მთელი მსოფლიოს მიერ საქართველოს სახელმწიფოებრივი საზღვრების შიგნით აღიარებული აფხაზეთისადმი დამოკიდებულება, ამ წიგნში პოეტურ ენაზე გამოვლენილი, შეიძლებოდა, სულაც არ მომსახურებოდა დიდ და რთულ, კეთილშობილურ საქმეს, სწრაფვას ურთიერთნდობის, ურთიერთსიყვარულის აღდგენისაკენ.
ხომ უკვე სამი ათეული წელი გავიდა ძმათა შორის სისხლისმღვრელი იმ ომის შემდეგ, მაგრამ არცერთ მხარეს გულის ჭრილობები ჯერ არ მოშუშებია და ალბათ არც არასდროს მოუშუშდება, ვიდრე ისევ ერთად არ ვიქნებით. ამას კი დრო და ფრთხილი შრომა, სხვაც ცოტა რამ როდი სჭირდება.
ომში ანგელოზები იქნებ არსებობენ კიდეც, მაგრამ სამწუხაროდ, ის ანგელოზები გაოგნებულები, ფრთაშეტრუსულები დაფრენენ და ისინი - მიწიერი მეომრები არ არიან.
უპირველეს ყოვლისა კი საჭიროა, სიყვარულის ხიდი, ხიდი ურთიერთთანაგრძნობისა, ურთიერთშენდობისა - ახლიდან, ფრთხილად გაიდოს ჩვენს შორის.
იყო და არის ასეთი ლოზუნგი ‘’გვახსოვდეს აფხაზეთიო’.
რაკი მე არ მჯერა, რომ ვინმეს შეიძლება , მართლაც როდესმე დაავიწყდეს იგი, ასე ვიტყოდი -
„ გვახსოვდეს აფხაზეთთან ერთობა!“. ამას უნდა ვესწრაფვოდეთ.
მთელი კრებულის თავიდან ბოლომდე გაცნობის ფუფუნება - მე არა მაქვს. მასში 137 ავტორია გაერთიანებული. სრულიად სხვადასხვა მხარისა, სრულიად სხვადასხვა ასაკისა, სხვადასხვა ესთეტიკურ პოზიციაზე მდგომი ... მათ ერთი რამ აკავშირებთ - ტკივილიან-სიყვარულიანი მონატრება აფხაზეთისა. მძიმე მოგონებთა კვალი.
არაერთ მათგანს საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი ომის მთელი სისასტიკე, არაერთი მათგანი, დღეს რომ მგონი „იძულებით გადაადგილებულ პირად“ იწოდება და წლების მანძილზე ატარებდა დამღას ლტოლვილისა,
საკუთარი მძიმე ცხოვრებისეული თავგადასავლის შესახებ გვესაუბრება ლექსად, ზოგი - მეომრულ მწარე გამოცდილებას იხსენებს.
კრებულის გამოსვლის ამბავი რომ შევიტყვე, სარჩევში ნაცნობი სახელები მოვიძიე - ჩემი სათვალმჩენოდან - პირველი სიდიდის ვარსკვლავები და წიგნის ელექტრონულ ვერსიაში უპირველესად ისინი მოვიძიე ... თორემ დარწმუნებული ვარ, შიგ კიდევ მრავალი და იქნებ უკეთესი კონსტელაციებიც იყოს, როგორც დიდი პოეტი იტყოდა, „გუნდი და გუნდი ვარსკვლავთა მოკაშკაშ-მოელვარეო’
***
მივყვეთ ანბანთრიგზე!
ბუნებრივია, განსაკუთრებით მაინტერესებდა, თავად ამ კრებულის იდეის ავტორი ბელა ალანია როგორი ლექსით მოიწადინებდა მკითხველთა სამსჯავროზე წარდგენას. უფრო ნეიტრალურ რაღაცას ველოდი, აი, ისეთს, ავტორი ბალანსირებულად ყველა მხარეს რომ უკმევს და არ გამართლდა ჩემი წინასწარი მოლოდინი. სულ ერთი ლექსი შეუტანია - თუმცა შედარებით ვრცელი, ნარატიული ვერლიბრი, იმ მწარე დღეთა გამოცდილებას რომ შეახსენებს საშინელებაგამოვლილ თანაგანმცდელს თუ უზიარებს გარეშე, ახალ მკითხველს, მასში იმგვარი დინამიური სახე-მეტაფორებია, წარმოსახვას კარგა ხანს რომ გაუჭირდება მათგან განთავისუფლება:
შენ მოგუბებულ ცრემლს იკავებ. მეც ძლიერ მიჭირს.
მოგონებები გვტანჯავენ და არ გვასვენებენ.
ჩვენს სახლში დღემდე, ამ წუთებშიც ცხოვრობენ სხვები.
ზუსტად ის სხვები, მთლად ბავშვებს რომ მოგვიკლეს დედა.
***
ბაღათერ არაბულს ორი ლექსი შეურჩევია კრებულისათვის.
პირველი - მილიტარული გამოცდილების გამოძახილია:
ზღვა პატრონტაშივით არტყია გაგრას,
გემები გვანან დასატენ ჰილზებს;
აფხაზეთიდან გავდივართ, მაგრამ
მალე დავბრუნდებით ისევ.
გარე ძალამ თავისი ‘’მშვიდობისმყოფელი პოლიტიკის ‘’წყალობით’ ძმები დაპირისპირებულ მხარეებად გვაქცია, ერთმანეთს შეგვაკლა. ჩვენ ერთმანეთს ვეომეთ, მაგრამ ომი ერთმანეთთან კი არა, ორივემ რუსეთთან წავაგეთ... თუმცა ვერც თავის დროზე და ვერც ასე გვიან ამისი გაცნობიერება ბევრს ვერაფერს გვიშველიდა.
ყველა უბედურებასთან ერთად, ომს აქვს თავისი ისტერია და ეს ისტერია შიგნიდან, მასში ჩართულ მხარეთა მიერ ვერ იმართვის, გარედან კი როგორ შეიძლება მისით სტრატეგიული მანიპულირება, ეს ხომ ვნახეთ!
მეორე ლექსში ასეთი სტრიქონებია:
ო აფხაზეთო, მოუშუშარი ჭრილობა ხარ
საქართველოს ნატანჯ სხეულზე...
...დიდი რწმენაც ხარ -
შენი გულისთვის სიცოცხლე და თავგანწირვა
სიხარულს რომ გვანიჭებს ყველას...
ამის წამკითხავმა შუძლებელია, არ დაიჯერო, რომ საქართველო იარსებებს, ვიდრე ეს რწმენა ურყევად ექნება!
***
ეკა ბაქრაძის ლექსი აფხაზეთის ომში დაღუპულ თანატოლებს ეძღვნება. ძნელი დასანახი არაა, რომ იგი ხალხური ხმით ნატირლის ფორმობრივი ელემენტებითა და ინტონაციებითაა აგებული:
ზღვა ღელავს და ჰორიზონტი არ ჩანს,
ცას საავდროდ დაუმძიმდა ამინდი..
საქართველო მაინც უნდა გადარჩეს,
ქართველებო, ქუდზე კაცი გამოდით!
ძაძით დაითალხა ქართლის დედა, ბიჭებო,
სიკვდილი წახდენას ვერ გაგიბედავთ,
ზვარაკად ვინ გაგიმეტათ, ბიჭებო?
სამძიმარი გაგვიბევრდა.
ერთი უცნაურობა მინდა აქ აღვნიშნო. რაც ჩვენ ომები გადაგვიტანია საუკუნეთა მანძილზე და მილიტარული პოეზიის დიდი გამოცდილება კი ვერ შეგვიძენია. კი, როგორ არა, გვაქვს აქა-იქ ცალკეული გამონათებანი. მაგრამ სახეობანი ამ პოეზიისა ჩვენს თანამედროვეობაში დიდად ვერ განვითარდა. იქნებ მიზეზი ისიცაა, რომ დეზორიენტირებულნი ვართ, გარეშე, ჩვენზე ძლიერთა მუდმივი მზრუნველობის გამო მტერ-მოყვარე - ვერა და ვერ გაგვირჩევია, არ ვიცით, ვის რა ვუწოდოთ, როგორ მოვიხსენიოთ...
ამ საუკუნის დასაწყისში ახლობელმა სამხედრო ფიცის დადების რაღაც ცერემონიალზე მიგვიწვია და ჩვენი ჯარისკაცები მწყობრად მიაბიჯებდნენ სიმღერით -
‘’ჩემო ტკბილო მეეე- გობაა-როო,
შენი ნახვა- მე-ნატ-რე-ბაა!
ახლა იმედია, ასე აღარაა, რამე უკეთესს როგორ არ მოიგონებდნენ!…
მაგრამ ეს მსჯელობა უკვე სხვა თემისკენ უხვევს.
***
მრავალმა ჩვენგანმა აფხაზეთის ტრაგედიის მთელი სიმძაფრე მაინც გაშუალებულად გადავიტანეთ ან დღემდე ვერც გადაგვიტანია, მაგრამ ჩვენს შორის არიან პოეტები, რომელთა სულსაც ღრმა იარად დააჩნდა ომის გამოცდილება. მათ შორის გამორჩეულია მხატვარი და პოეტი მანონ ბულესკირია:
აქ...ბავშვობაში
მირბენია ორთითა ფიწლით
და ფეხშიშველა შევდგომივარ ( გესმის?) ნარიანს!
ნაბილიკარი ჩვენ და კიდე ..ჩიტებსაც იცვლის...
ხეები მაინც უსაშველოდ მარტო არიან!
***
ბათუ დანელია ლოცვას აღავლენს აფხაზეთისათვის. მისი ინტონაცია იმედიანად გაისმის:
უნდა გველოდო, აფხაზეთო, უნდა გველოდო,
როგორც არ უნდა გაიწელოს უსაშველო დრო,
ო, უჩვენობით გულმოკლულო, მაინც დიდგულო
სიზმარში შენ წინ დაჩოქილი ლოცვებს ვკითხულობ.
შემდგომ ყველა ქართველის გულისთქმას გამოხატავს:
სად გაგონილა ცა უმზეო, ზღვა -უხმელეთო
და აფხაზეთი - უქართველო - უნდა გველოდო!
მე ვიტყოდი, რომ ეს ლექსი ,,უნდა გველოდო აფხაზეთო’ კრებულის ნამდვილი მშვენებაა, თუმცა ბათუ დანელიას ამაზე უკეთეს ლექსებს რა დაულევს და ნუმც დალეოდეს!
***
ჯემალ ინჯიას უფრო ლირიკული და ყოფითი, ოპტიმისტური ჟღერადობა შეურჩევია. მის ლექსში, „თოვლის ბაბუა’ გადმოცემულია სანატრელი ამბავი, თუ შთამომავლები ერთად როგორ შექმნიან რაიმეს, საერთო სიხარულის მომტანს:
გულგასახეთქად უნიღბო და ნიღბიან მტერთა
ვნატრობ- ენგურთან, (სადაცაა პუნქტი გამშვები),
რომ დაზამთრდება, აკეთებდნენ აფხაზთან ერთად
თოვლის ბაბუას აფხაზი და სვანი ბავშვები.
დაე, ეს იყოს არაოდენ სურვილი პოეტისა, არამედ მართლაც ბედნიერი ‘’შერბენა მომავალში!
***
თუ შეიძლება, პოეტური ოსტატობა და მხატვრობა ერთმანეთს შეადაროს ადამიანმა, რობერტ მესხზე ალბათ უნდა ითქვას, რომ იგი, როგორც პოეტი მსუყე მონასმებსა და ტონებს ერიდება, თითქოს წმინდაწვერიანი ფუნჯით მუშაობს არა ტილოზე, არამედ ქაღალდზე, სადღაც, გრაფიკასა და აკვარელს შორის, გალანტურია. მისი ლექსი უფრო ნიუანსებზე იგება და სევდას მეტად სთავაზობს მკითხველს, ვიდრე ტრაგიზმს.
რას ვგულისხმობ, ვფიქრობ, თვალნათლივ გამოჩნდება მის ლექსში ‘’ევკალიპტები’, რომელსაც მთლიანად გთავაზობთ:
ის, რაც წლების წინ გავასხვისე - ევკალიპტები-
დღეს ფოთოლ -ფოთოლ უნდა ვიყიდო
- რა ბრძანეთ? - უცებ მეკითხება აფთიაქარი
მე შორს ვარ (ფიქრით) . ის კი აქ არის
და რჩევას მაძლევს: მოვხარშო ორთქლზე,
ჩაის კოვზით ვასვა პატარებს...
-გმადლობთ - ვპასუხობ-
- ამ ხმელ ფოთლებს ჯიბით ვატარებ.
გადაცვეთილი პატრიოტული თემის როგორი ორიგინალური და ფაქიზი დამუშავებაა, ვერც ჩაამატებ და ვერც მოაკლებ ვერაფერს.
***
იყო დრო, როცა ქართველ პოეტებს სახალხო მგოსნის სახელი ენიჭებოდათ და ეამაყებოდათ. ჩვენი პოეზია მას მერე მეტად და მეტად კამერული გახდა. გახდა ელიტარულიც, დაშორდა ქართველ ხალხ-მკითხველ-მსმენელს და სადღაც, მოშორებით, როგორც ერთი ჩემი საყვარელი და პატივსაცემი ქალბატონი იტყოდა, „ჩიტის ენაზე დაიწყო მეტყველება“ . ეს სიტყვები თქვენს მონა-მორჩილზეც თანაბრად ვრცელდება.
თუ შეიძლება დღეს საქართველოში ვინმე სახალხო მგოსნად იწოდებოდეს, ეს პოეტი და მხატვარი თინათინ მღვდლიაშვილია. ყველა ჩვენგანმა მისი რამდენიმე ლექსი ნამდვილად ვიცით ისე, რომ არც ვიცით, მისი რომაა.
ხომ არ მეგულება მასზე პოპულარული პოეტი ჩვენში და აქ იქმნება სწორედ პარადოქსი - რაც მეტად პოპულარულია იგი ქართველ ხალხში, კრიტიკა თუ მასობრივი ინფორმაციის საშუალებანი მით მეტად დუმან მისი ფენომენის შესახებ. ხანდახან მეჩვენება, რომ ამის მიზეზი ისაა, რომ დაგვეკარგა კრიტერიუმები ამ სახის პოეზიის შეფასებისა, არ ვიცით, როგორ მივუდგეთ, რა თანამედროვე მეთოდი მივუსადაგოთ ასეთ სტრიქონებს:
მაღლა ზეცაა ანაფერადი
და ვარსკვლავების ლურჯი გრაცია..
თქვენ გიყვართ მიწის დიდი თეატრის
ეგზოტიკური დეკორაცია!..
... არა, აქ რაღაც არ არის სწორი! ეს რა რითმაა - გრაცია/ დეკორაცია, უკეთესები ხომ მრავლად ვიცით ყველამ!
რატომ, როგორ ზის ასე კარგად! ასე - თავის ადგილას!
არამართებულობის ეფექტია?
პათეტიკის ხასიათზე დამაყენა თინათინ მღვდლიაშვილის ლექსების გაცნობამ და გამიჩინა სურვილი, ვთქვა, რომ იგი თანამედროვე ქართული პოეზიის ფიროსმანია.
***
ერეკლე საღლიანის ლექსი ‘’სიხარულით გადმოცემული მწუხარება’ ტრაგიკულობის გამო გულგრილს ვერ დატოვებს ვერც ერთ მკითხველს. მასში გადმოცემულია სვანთა და აფხაზთა ძმობის თავისთავად საინტერესო ამბავი, ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ გაატანა აკვნიანად აფხაზმა მამა შერვაშიძემ უშვილო სვანს საკუთარი შვილი.
გაორებული განცდა დამიტოვა ამ ლექსმა, არ ვიცი, ძველი თვალთახედვით ეს ვაჟკაცური ტრადიცია, რომელიც აუცილებლად მიიპყრობს უცხოურენოვანი, ეგზოტიკისმაძიებელი მკითხველის ყურადღებას, რამდენად მესმის, როგორც დედას? წარმოვიდგენ, ქალს რომ საკუთარი ნაშიერი მკერდიდან მოგგლიჯონ და სხვას აჩუქონ, მამას, კაცებს თითქოს სათვალავში ერთი დააკლდებათ, დედას კი - შვილი?
არ ვიცი, შეიძლება, შორი პარალელიცაა, მაგრამ გამახსენდა რომ სულ მაკვირვებდა ბიბლიის ერთი ამბავი - იობის მოთმინება, რომელიც მერე გოეთეს “ფაუსტს” დაედო საფუძვლად.
მამა ღმერთი, რომელიც ყველაფერს დააკარგვინებს იობს, შვილებსაც დაუხოცავს, როცა დარწმუნდება მის მორწმუნეობაში, უკან უბრუნებს გაცილებით მეტ ქონებას და ახალ შვილებსაც აძლევს. თითქოს-და მთავარი- რაოდენობაა. აბა, დედის გულს ჰკითხეთ!
ეს ლექსი მამის მონოლოგია და იგი აპოლოგიურ პასუხს იძლევა კითხვაზე:
რატომ?
,, მე ჩემს შვილს სტუმარს იმიტომ ვატან,
ძმამ ძმაზე რომ არ აღმართოს ხელი’
...სადღაც, სვანეთის მივარდნილ მთებში
დე, იხმაუროს აფხაზის სისხლმა!
***
თამარ შაიშმელაშვილის ლექსს კრებულში უცებ იცნობს მკითხველი, თავისებურად არქაიზებული, კარგი ქართულმეტყველებით. კრებულში მისი რამდენიმე ლექსია. მე ამას ვირჩევდი:
ვერ ვნახე ჩემი აფხაზეთი, მოქვი, ილორი,
როლს არ იცვლიან მანქურთები, მზერით მონგოლის
(თებერვლის პიეტა)
ესეც შთამბეჭდავია:
არ დაკრიფოთ ყაყაჩოები აფხაზეთში,
არ გაუხსნათ ჭრილობა გულის...
***
თემურ ჩალაბაშვილის ტრაგიკულად ფერწერული ლექსი ‘’აფხაზეთიდან გამოხიზნული მრავალი ბავშვი გზაში გაიყინა’ ჩემი ფიქრით, ალუზიას შეიცავს ქრისტეზე.
ქრისტეს წითელი სისხლით განვიბანებით ქრისტიანნი და უმწიკვლოდ თეთრნი ვხდებით, ესაა ქრისტიანული მისტერია. ოღონდ თ. ჩალაბაშვილის ლექსში ეს მისტერია საბედისწეროდ, ‘’გადატრიალებულა“ და მწარე რეალობად ქცეულა:
სისხლში მობანავე საქართველოს
ჯავრი ჯარასავით მატრიალებს.
ავაჰმე, დამეწვა გულისპირი,
სიკვდილი დაბუღრაობს სატიალე...
... ...
ვაიმე, თეთრი თოვლი წითელია...
***
წარმოუდგენელია, მკითხველი გულგრილად გაეცნოს რაულ ჩილაჩავას ორ ლექს-რეკვიემს - ერთს - მიძღვნილს ჟიული შარტავასადმი და მეორეს - ასევე გმირულად დაღუპული სოხუმის მერის - გურამ გაბესკირიასადმი.
სახელი, როგორც ბედისწერა თუ პოეტური მიგნება? - რა შეიძლება უწოდო სიტყვა ჟიულის მეგრულ ეტიმოლოგიას, რომელსაც რაულ ჩილაჩავა გვთავაზობს!
“ჟი ული(მეგრ) - ცად წავალ!”:
მაგრამ როდესაც ჟამმა დაჰკრა, შეკაზმე ცხენი
და საკუთარი ბედიც უცებ გამოიცანი.
მაღალი პოეზიის ნიმუშია გურამ გაბესკირიასადმი მიძღვნილი, სულისშემძრავი ლექსიც:
უსულო იყო, რომ დაეცა ქალაქის თავი და ამ დაცემას უფრო მკვდრეთით აღდგომა ჰქვია.
ქართველი მკითხველები და მათ შორის მეც, რახანია რაულ ჩილაჩავას - ამ სრულიად უნიკალური პოეტისა და მოღვაწის გულისთვალით ვგრძნობთ და ვხედავთ და არა მხოლოდ აფხაზეთის, არამედ უკრაინის განსაცდელს.
***
დასასრულ, მინდა წავიოცნებო, რომ თუ მთლიანად ეს დიდი კრებული არა, მისი ნაწილი მაინც ითარგმნოს აფხაზურად…
ამჯერად მე ძირითადად ჩემი პოეტური და მკითხველური შთაბეჭდილება გაგიზიარეთ, რადგან როდესაც ამ ტიპის, თემატურ ანთოლოგიას ეცნობი, უადგილო ხდება ლექსმცოდნეობითი განჩხრეკა-შეფასება.
აქ მთავარია აფხაზეთისადმი გამოვლენილი ის დიდი სიყვარული და მონატრება, რომელმაც არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მყოფი პოეტური სულის ადამიანები ასე დააკავშირა.
მე ვიტყოდი, რომ ეს კრებული არის ქართული, დიდი თუ მცირე პოეტური ვარსკვლავებით მოჭედილი ცა აფხაზეთის თავზე.
დაე, ყველა ერთად მოვსწრებოდეთ ჩვენი ქვეყნის განთიადს!
* * *
#ხდება_რა
ნინო დარბაისელი
მე თუ არ ვიქნები, ქვაც ქვაზე ნუ დარჩენილაო
ჩემო გონიერო მეგობრებო!
როგორ ფიქრობთ, რა არის ქართველი ერისთვის უფრო მნიშვნელოვანი?
1. ის, რომ სახელმწიფო მოხელეს, სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელს, “მწერალთა სახლის” ყოფილ დირექტორს ნატა ლომოურს თავისი ზემდგომი - კულტურის სამინისტრო აღარ გაუგრძელებს ვადაგასულ შრომით ხელშეკრულებას და მის ნაცვლად სხვას დანიშნავს?
2. თუ ის, რომ ,,მწერალთა სახლის” დირექტორის, - სახელმწიფო მოხელის ცვლილების მოუხედავად, ქართული ლიტერატურა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ წიგნის ბაზრობაზე, ფრანკფურტში ღირსეულად უნდა წარსდგეს, დაამყაროს და გააღრმაოს კონტაქტები უცხოეთის გამომცემლობებთან და წიგნიერებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ქვეყნის ძალებთან და ამის მეშვეობით გზა გაუკვალოს ქართულ ლიტერატურას მსოფლიოში?
ნუთუ სამშობლოს მიმართაც ასე მართალია მწარე გამონათქვამი:
,, მე თუ არ ვიქნები, ქვაც ქვაზე ნუ დარჩენილაო”!
ვისაც დღემდე კიდევ რაიმე ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდა ,,მწერალთა სახლის” პრობლემაზე, რომელ მხარესაც არ უნდა იყოს, მინდა ვუთხრა:
- აი ჩემთვის კიდევ ერთი, თვალნათლივი დასტური იმისა, რომ ნატა ლომოურის “გუნდი” - ემსახურებოდა მარტოოდენ საკუთარი კლანის ინტერესებს.
ამ ინტერვიუს გაცნობის მერე მაინც ვინ დამაჯერებს საპირისპიროში, - რომ ამ ,,გუნდსა” და მის “უანგარო” ხელმძღვანელობა-შემადგენლობას მართლა საერთო ქართული ლიტერატურისა და კულტურისთვის უნდოდა კარგი და არა მხოლოდ საკუთარი ვიწრო კლანისთვის.
ახლა ამ საქმეს რაღა ეშველება, მაგრამ მინდა, ცოტა არ იყოს, გულუბრყვილოდ ვიკითხო:
- როგორ სძინავთ მშვიდი სინდისით იმ ადამიანებს, ვინც პირდაპირ შეუშალა ხელი ფრანკფურტის უაღრესად მნიშვნელოვან ღონისძიებაში ჩვენი ქვეყნის მონაწილეობას!
ვისაც ვრცელი ტექსტების საკითხავად არ სცალია, მოკლედ ვუწერ:
მე პოლიტიკა არ მაინტერესებს.
მე მაინტერესებს ის, რასაც ვკითხულობ:
აქ - ერთ მხარეს არის ვიღაცის თანამდებობა. არცერთი თანამდებობა, დიდი თუ მცირე, არ არის მუდმივი და მარადიული, ასე არაა?
ხოლო მეორე მხარესაა - საქართველოს მუდმივი ინტერესები.
რომელია უფრო მნიშვნელოვანი და მთავარი დღეს და მუდამ?
თუ რამეს ვაჭარბებ ან მეშლება, იქნებ
გულწრფელად, ღიად მითხრათ.
დავფიქრდები,
პოზიციას გადავსინჯავ
და იქნებ აზრიც შევიცვალო!
http://kvira.ge/869840?fbclid=IwAR3rw4uFna...7AB6Ct0Hq4eKUjk This post has been edited by nino darbaiseli on 6 Oct 2023, 18:09
მიმაგრებული სურათი