#ხდება_რა
ნინო დარბაისელი სტრონი
პური და “დამოუკიდებელი ლიტერატურა”
(პასუხად ტორესა მორესს)
რა ბევრს ეძებს და თურმე რა ცოტა სჭირდება ადამიანს!
თქვენმა კომენტარმა, რომ იტყვიან, თვალები ფართოდ ამიხილა ორფრთიანი ფანჯარასავით.
თურმე სად ვეძებ ამ პირად გამორჩენას და სულ ტყუილად!
ჩვენს მოძმე სომხებს აქვთ ასეთი ანდაზა - ,,წადი იქ, სადაც პურიაო”.
ახლა, თქვენ სომხური სად გეცოდინებათ, ესპანელი ჩანხართ, თანაც არა-მწერალი, თორემ თქვენდამი პასუხს ხომ თვალმოჭუტული იმით დავიწყებდი, ერთ ორაბზაციან ტექსტში ამდენ შეცდომას რომ დაუშვებს, მწერლად კი არა, ასეთი ადამიანი გადამწერადაც არ უქნია ღმერთს-მეთქი, მაგრამ თქვენი ესპანური ვინაობის პატრონს ჩვენი მშობლიური ენა ასე კარგად რომ შეგისწავლიათ, მადლობის მეტი რა გეკუთვნით ან ჩემგან ან სხვისგან…
ჰო, იმას ვამბობდი!
აგერ ხალხი, აგერ ფული!
,,რა მინდოდა წვენებში!”
ამ გამორჩენის გზაზე რადგან დავდექი, ის არ სჯობს, ისეთ ხალხს ვემეგობრო, ერთ თვეში იმდენი ფულის შოვნა რომ შეუძლია, ფრანკფურტში მარტო თვითონ წავიდეს კი არა, ოცდაათკაციანი ამალა იახლოს, სხვებიც დაპატიჟოს.
ეს - სამინისტრო ხომ ყველა კაპიკზე ტირის. სულ მპირდება, მპირდება და არაფერსაც არ მაძლევს!
რამე თანამდებობა მაინც მომიხერხოს, მივატოვებდი ამერიკას, საქართველოში გავიხარებდი, ჯიბეებს ხელფასით გამოვიტენიდი…
მაინც, როგორ იცის ამ ოცნებამ, გაგიტაცებს და თავი ძალით თუ არ გამოსტაცე, რეალობას სულ მოგწყვეტს!
ჩემი თავი - ჯანაბას და ისე, კაცმა რომ თქვას, ან ამისთანა მოღვაწე ადამიანს, ნატა ლომოური რომაა, რა უნდოდა, თორმეტი წელი ხელქვეითად, სახელმწიფო მოხელედ რომ ედგა კულტურის სამინისტროს!
ხელოვნება და მწერლობა ხომ დამოუკიდებელი უნდა იყოს, რას შესცქეროდა ხელებში ამდენი ხანი ამ ცუდებსა და ცუდებზე ცუდებს!
რატომ გაიხადა თავი საქვეყნო მატყუარად ერთხელ, მეორედ!
აგერ, ბატონო, ფული გახდა საჭირო?!
ვერ იშოვა?!
ერთი თვეც არ დასჭირდა!
მწერლობას ამიერიდან მაინც, ნამდვილი “სიცოცხლე და დამოუკიდებლობა” რომ შეუნარჩუნოს, ერთ საოფისე ფართს როგორ ვერ დაიქირავებს თბილისის ცენტრში!
მეტსაც იზამს!
რა დაულევს ახლანდელივით უანგარო მეგობრებს!
თქვენი ახლობელი თუა, რაღაც, ბოდიშების მოხდა კარგად გამომდის ამ ბოლო დროს და პატარა მიშუამდგომლეთ მასთან, მოვუხდი და მის “კარმუშკაზე დამსვით”.
აგერ, საჯაროდ გპირდებით, არ დაგიკარგავთ პატივისცემას!
კიდევ - მე მაინცა და მაინც, აზრზე არა ვარ და სულ ვფრთხილობ, ინფორმაცია, რომელსაც საქართველოდან მაწვდიან, მცდარი არ გამოდგეს, ვცდილობ, როგორც შევძლებ, გადავამოწმო.
რაკი თავად შემომეხმიანეთ, იქნებ გამარკვიოთ!
თქვენ რომ წერთ თქვენი კომენტარის დასაწყისშივე, ,,საქართველო წარმოდგენილი იქნება ფრანკფურტში სტენდითო”, მართალია?
მართლა ორმოცდაათი გამომცემლობაა ამ ჩვენს პატარა, ტურფა საქართველოში?
ორმოცდაათიდან - როგორც თავადვე აღნიშნავენ დამოუკიდებელი მოფრანკფურტენი, სულ ოთხი გამომცემლობა მიდის და იქიდანაც ორი - ერთი ოჯახის კუთვნილებაა, ანუ სულ სამიაო, ერთმა მეგობარმა მომწერა.
ანუ სამია თუ ოთხი, საერთო რაოდენობისა რა გამოდის?
50:3 =16
იყოს ერთი მეთხუთმეტედი დამოუკიდებელი!
დანარჩენი - თოთხმეტი მეთხუთმეტედი ვინაა, დაკიდებულია?
ვისგან?
მოფრანკფურტე “დამოუკიდებლებისაგან” ხომ არა?
ეს მაინც რამ გათქმევინათ საჯაროდ:
[ფრანკფურტში] ,,ყველა ის მწერალი და წიგნი იქნება წარმოდგენილი, რომლების წარდგენაც დაგეგმილი იყოო”.
თქვენ თუ ვერ მიხვდით, ამით რა განაცხადეთ, ახლობელს მაინც ვერ გადააკითხეთ თქვენი კომენტარი ჩემთან დადებამდე?
გონიერი ადამიანი ახლა, ამ სიტუაციაში ამას იტყოდა? …თუ პირიქით, განაცხადებდა, ფართოდ კი გვინდოდა ფრანკფურტში ქართული მწერლობის წარდგენა, გეგმაც შესაბამისად გვქონდა შედგენილი, მაგრამ ამისა და ამის გამო, ხელი ძალიან შეგვეშალა და სულ ესაა, რაც ამჯერად შევძელითო.
კომენტარში თავად არ ბრძანებთ, რომ ყველა(!!!) წარდგენილი იქნება, ვისი წარგენაც დაგეგმილი იყოო?! ანუ გეგმაშიც კი არ გქონიათ დანარჩენი მწერლებისა და გამომცემლობების ჩართვა!
არაა ეს კლანურობა, არა?
მტრები ეძახიან ასე.
რა კარგია, რომ გამოჩნდით,
ვიმსჯელოთ, ვისაუბროთ, გნებავთ, ვიკამათოთ ლიტერატურასა და მის ,,ცოცხალ” ყოფაზე, ამაზე კარგს რას ვიზამთ!
ამასობაში, იმედი მაქვს, თქვენი წყალობით, პურიც წამომეწევა და თავს გავიტან!
This post has been edited by nino darbaiseli on 16 Oct 2023, 05:16
როდესაც ადამიანები ამბობენ, რომ სიმართლე უყვართ, იგულისხმება მხოლოდ ის სიმართლე, რომელიც მათ სასარგებლოდ მეტყველებს.
...და ჩვენს სასარგებლოდ მეტყველი სიცრუეც - საყვარელი თუ არა, ადვილად ასატანი ხომ მაინც არის?
http://forum.ge/?showtopic=33836566&f=&st=420&#entry20646004