წუხანდელ ამბავს არ ეხება, მაგრამ... მაინც ეხება
----------
გაუქმების კულტურა და კულტურის გაუქმება | ანტონ დოლინი
* * *
ყურადღება: ეს პოსტი განკუთვნილია მხოლოდ მათთვის, ვინც გმობს ომს უკრაინაში და საშინელ ბოროტებად მიაჩნია. თუმცა სხვებთან საუბრის სურვილი არც მაქვს.
მე კულტურის ადამიანი ვარ, უფრო მეტიც - მე სწორედ რომ რუსული კულტურის ადამიანი ვარ. თუმცა, საერთოდ არ მესმის ოხვრა მთელ მსოფლიოში რუსული კულტურის გაუქმების გახშირებულ შემთხვევებთან დაკავშირებით. უფრო მეტიც – ეს ოხვრა ხან კომიკური, ხან უადგილო და უზნეოც კი მგონია. შევეცდები ავხსნა, რატომ.
დავიწყოთ უმარტივესით. კანონზომიერია იმ ადამიანების გამოსვლების გაუქმება და მათთვის რაღაც წევრობების ჩამორთმევა, ვინც საკუთარი ავტორიტეტით პირდაპირ უჭერდა და უჭერს მხარს პუტინის პოლიტიკას, მაგრამ გენიოსები? ისინი რატომ უნდა „აუქმონ“?
ბოლოს და ბოლოს, არსებობენ დიდებული შედევრები, რომელთაც სულ არ აქვთ კავშირი რუსულ პატრიოტიზმთან ან სამხედრო საქმესთან. „ევგენი ონეგინი“, „ვაი ჭკუისგან“, „ალუბლის ბაღი“ და ასე შემდეგ. ნუთუ, მათაც უნდა დავემშვიდობოთ? გამოჩენილი მხატვრები-ჰუმანისტები, კლასიკოსები და თანამედროვეები? რეჟისორები, არქიტექტორები, დრამატურგები…
თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე, როგორც საბჭოთა კონსტრუქტივიზმის არქიტექტურის ვნებიან თაყვანისმცემელს, მხოლოდ ხარკოვზე ფიქრი შემიძლია – ავანგარდისტული არქიტექტურის აკვანზე, რომელიც რამდენიმე დღეში განადგურდა.
ივან კარამაზოვი უარს ამბობდა უმაღლეს ჰარმონიაზე, თუ მისი ყიდვისთვის გატანჯული ბავშვის ცრემლი იყო საჭირო. შეხედეთ ლვოვში, ცარიელი საბავშვო ეტლებით სავსე მოედანს. ნუთუ, ამის ხილვისას არ გიქრებათ სურვილი, დატკბეთ „გედების ტბით“ და „ხოვანშჩინათი“?
კულტურისა და სინდისის გაუქმებას შორის მე მაინც კულტურის გაუქმებას ავირჩევდი.
მრავალი წელი რუსული კულტურა ყველა ჩვენგანისთვის გამართლება იყო. დიახ, ჩვენ არ ვიცით დემოკრატია, პატივს არ ვცემთ პიროვნებას, ვითმენთ დამცირებას, მაგრამ სამაგიეროდ, როგორც ერთ ძველ ანეკდოტშია ნათქვამი, „კარგი სიმღერები გვაქვს“. შეიძლება კულტურაა ერთ-ერთი იმ მიზეზთაგანი, რომელთა გამოც მსოფლიო პუტინს იტანდა. ჩვენც ვიტანდით. ის კულტურაში დიდად არც ერეოდა, ჩვენ კი მის საქმეებში არ ვერეოდით.
იგი აპატიმრებს უდანაშაულოებს – ჩვენ კურენტზისის კონცერტს ვესწრებით.
იგი მედიას კრძალავს – ჩვენ ტრეტიაკოვკას გალერეაში ვრუბელის ნახატებით ვტკბებით.
იგი მიტინგებს არბევს – ჩვენ კინოში მივდივართ, თანაც, არა აუცილებლად ფიოდორ ბონდარჩუკის ფილმზე, ზვიაგინცევზეც შეიძლება.
იქნებ, პაუზა გავაკეთოთ.
თუ რუსული კულტურა, რომელშიც ყოველთვის საკმარისად იყო სხვადასხვაგვარი იმპერიული ნაგავი, რამით ჭეშმარიტად არის ღირებული, ეს არის ლმობიერება, ყურადღება ტანჯულების, დამცირებულების და შეურაცხყოფილების მიმართ. ტერმინი „პატარა ადამიანი“ რუსული ლიტერატურიდან მოდის და არა კაფკადან.
მოდით, სწორედ ამ ლმობიერების სახელით შევწყვიტოთ გაუქმებული ვერნისაჟების, კონცერტებისა და სპექტაკლების დატირება. იქამდე მაინც, სანამ ომი მიდის.
ნუთუ, ჩვენი კულტურაა ფასი, რომლის გადახდაც ხელისუფლების დანაშაულებისთვის მოგვიწევს?
რა თქმა უნდა, არა. კულტურის რეზისტენტულობა უსაზღვროა. კვდებიან ადამიანები, რეჟიმები, ქალაქები, ქვეყნები, ცივილიზაციები. მხოლოდ კულტურა რჩება.
აღარ არიან არც აქაველები და არც ტროელები და ხალხი არაა დარწმუნებული, რომ ისინი არსებობდნენ… აი „ილიადა“ კი მხნედ და ცოცხლადაა.
კულტურა უკვდავია. ის ამასაც გაუძლებს.
მოკვდავია ადამიანი. უკრაინაში ყოველდღე ადამიანები იღუპებიან.
მოდით, ახლა მათზე ფიქრი ვცადოთ.