nino darbaiseli
Crazy member

    
ჯგუფი: Members
წერილები: 3704
წევრი No.: 57334
რეგისტრ.: 1-April 08
|
#60931136 · 1 Jan 2024, 04:09 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
#დილაუზმოს_ფიქრებიდან
ნდს
ახალი წელი და შინაური “შეკვრა- შეკრულობანი”?!
დაიწყო საახალწლო მილოცვები და ერთი რამ ნიშნეულად გამოიკვეთა - საქართველოში თითქმის ყველა მომლოცავ-დამლოცავი ერთიანობისკენ კი მოუწოდებს ირგვლივ ყველას, მაგრამ გარდა ვინმესი, ვიღაცისა - ქვეყნისშიგნითასი, რომლის წინააღმდეგაც უნდა იყოს, თურმე, ყველა ერთიანი. ამგვარი მოწოდებების წარმომთქმელთა გასაგონად მინდა ვთქვა: - ჩემო კარგებო, კაკლისმურაბებო და გოზინაყებო, რისკენაც თქვენ მოუწოდებთ, ეს “გა-ერთიან- ება” - კი არაა, არამედ სწორედ მისი საპირისპიროა - “გახლეჩა “ (!!!) და სახელიც სხვა ჰქვია - ,,შეკვრა ვინმეს წინააღმდეგ”. ასეთი ,,შეკვრები” მუდამ დროებითია, უკეთეს შემთხვევაში, შედეგის დადგომისთანავე, ნადავლის გაყოფის ფაზაზე ახალ დაპირისპირებებს წარმოშობს ყოფილ მოკავშირეთა შორის. მეტი რა იცის მსოფლიოს ისტორიამ! და, ასეთი შიდა ,,შეკრულობები” ვინმეს წინააღმდეგ განა ოდესმე გვაკლდა ტურფა საქართველოში? გარე ძალების მოშველიებაც ერთმანეთის წინააღმდეგ - ცოტაჯერ გამოუყენებია ჩვენში რომელიმე მხარეს? შინა მოწინააღმდეგესთან გასამკლავებლად მოშველიებული გარე ძალის ბრძოლაც - სხვის მოშველიებულ გარე ძალასთან ცოტა ვნახეთ “საომარ ლელოში”, დღემდე საქართველო რომ ეწოდება? სადღაც, ადრე წავიკითხე ცინიკური აზრი, ქართველებს გარე მტერი რად უნდათ, მიუშვი და თვითონვე მოერევიან და ამოჟუჟავენ ერთმანეთსო! მე გისურვებთ გაერთიანებას და არა რაიმე ,,ახალ შეკვრა-შეკრულობებს” ერთმანეთის წინააღმდეგ, რაშიც ქართველი პოლიტიკოსები ეგზომ დაოსტატდნენ, ოღონდ ამ დაოსტატების გზაზე დამდგარნი მთლიანად დაშორდნენ ქართველ ხალხს. …ერი - კი, არც მარტო პოლიტიკოსნი არიან, ხანდახან, მით უფრო არჩევნების მოახლოებისას, ,,ჩვენი ბრძენი ხალხის” სახელით ლაპარაკი რომ მოეპრიანებათ, არც მარტო ხალხი, არც მარტო ელიტა, არც ინტელექტუალები, არც მარტო შემოქმედნი არც მარტო მდიდარნი, არც მარტო ღარიბნი და უსახლკარონი და მისთ… ერი - მრავალნაირად განიმარტებოდა და განიმარტება. ერთი განმარტების მიხედვით, დღეს ეს - ერთ ენაზე (!!!) მეტყველი; ძირითადი, კლასიკური განმარტების ნიშნებიდან კი - ზოგის მქონე, ზოგის - ნაწილობრივ მქონე, ზოგის აღარმქონე; საერთო ღირებულებებზე, საერთო იდეალებზე, ზნეობრივ თუ სხვა რამ ორიენტირებზე, საერთო ტკივილსა და სიხარულზე, საერთო მიზნებზე, სტრატეგიაზე დაფუძნებული ისტორიული ერთიანობაა, რომელიც, როგორც ამერიკის მაგალითი გვარწმუნებს, რელიგიურად თუ ეთნიკურად - შესაძლოა, მრავალგვარიც იყოს, მულტირელიგიურ-მულტიეთნიკური, მაგრამ ერთ ტერიტორიაზე სახლობდეს; მეტიც, საერთო ტერიტორიაზე არც/ვერც კი სახლობდეს საუკუნეთა მანძილზე, მაგრამ ეთნიკურობა, ზეპირსამეტყველო თუ არა, დამწერლობითი, ბიბლიის ენა მაინც, სულიერ-მენტალური იდეალები - ერთი, მუდმივად “გა- ერთიანებისკენ” მიმართული ჰქონდეს, როგორც ებრაელთა მაგალითი გვარწმუნებს; უფრო ახლო, ჩვენი მაგალითი რომ მოვიხმოთ - ფერეიდნელი ქართველები - ჩვენი ერის ნაწილია და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეთნიკურად ერთნი ვართ, ან საუკუნეთა მანძილზე ქართული ენა შეინარჩუნეს, არამედ იმიტომ, რომ მათ აქვთ მრავალსაუკუნოვანი სწრაფვა ჩვენთან ერთიანობისა, ჩვენთან ეროვნული იდენტიფიცირებისა. ვინც ჩემს ფიქრებს თვალს ადევნებს, შეიძლება ნიშნისმოგებით კიდეც გაიფიქროს, ეს ის არაა, ერთ ოპუსში “სტაროფომის” მაგალითისკენ რომ მოგვიწოდებდაო?! თუ ამისი გამფიქრებელი ზოგადად სტრატეგიასა და ტაქტიკას შორის განსხვავებაში ერკვევა, უნდა მიხვდეს, რომ როცა სტრატეგია - გამოკვეთილი და საერთო გაქვთ, ტაქტიკური სვლები, რომელიც ამ სტრატეგიის ხორცშესხმას სჭირდება, მრავალგვარი შეიძლება დასჭირდეს ერს. ჩვენი სტრატეგია მიმართულია ევროპულ ოჯახში ღირსეული ადგილის დასამკვიდრებლად! წელს დიდი წინსვლა ვიზეიმეთ, კანდიდატები ვართ, მაგრამ წინ - რეალური, დიდი სამუშაოა. ვერცერთი მხარე ამ სამუშაოს დამოუკიდებლად ვერ გაუმკლავდება და ნურც თავს მოიტყუებს, ნურც სხვის მოტყუებას შეეცდება. ერთიანობის გარეშე არაფერი გამოვა! გაუმარჯოს ჩვენი დიდი წინაპრების ოცნებას - ერთიან, ევროპულ საქართველოს!
--------------------
როდესაც ადამიანები ამბობენ, რომ სიმართლე უყვართ, იგულისხმება მხოლოდ ის სიმართლე, რომელიც მათ სასარგებლოდ მეტყველებს. ...და ჩვენს სასარგებლოდ მეტყველი სიცრუეც - საყვარელი თუ არა, ადვილად ასატანი ხომ მაინც არის?
http://forum.ge/?showtopic=33836566&f=&st=420&#entry20646004
|