აზერბაიჯანმა როგორ შეძლო?
თუ ილხამ ფაშას ნავთობის გარდა სხვა ნავთობის წყარო არ მოეძევება დასავლეთს?
* * *
https://accentnews.ge/ka/article/107695-apx...fYDjXnjuPePHbEoაფხაზეთზე რუსეთის ზეწოლა იზრდება...
ჯერჯერობით იგი საკმაოდ რბილია და დამნდობი. მოსკოვი აფხაზეთის წინააღმდეგ ზემოქმედების მექანიზმების მთელი არსენალის ამოქმედებას არ ჩქარობს - როგორც ჩანს, ხვდება, რომ მათი თუნდაც მესამედის გამოყენება რესპუბლიკაში სრულ და ყოვლისმომცველ კოლაფსს გამოიწვევდა.
უცნაურია, რომ სახელმწიფო, რომელიც მზადაა, პირისაგან მიწისა აღგავოს მთელი არათუ ქალაქები, ქვეყნები და რომელსაც არათუ სხვები, მისიანებიც კი არ ადარდებს, ამდენი ხანია, სხვადასხვა მხრიდან ეკეკლუცება ტერიტორიას, რომელიც მთლიანად მის ხელშია …
მეტიც, არსობრვად, ბოლო 30 წელი აფხაზები საკუთარ თავს იყვნენ მინდობილნი – აღსრულდა მათი ოცნება: რუსეთი აფინანსებდათ, უზრუნველყოფდათ ცხოვრების მეტ-ნაკლებად მისაღები დონით, იძლეოდა უსაფრთხოებისა და ხელშეუხებლობის გარანტიებს და ამასთან, სანაცვლოდ არაფერს ითხოვდა, არც რაიმე პირობებს აყენებდა, ხოლო თუ მოსკოვიდან წამოსული რომელიმე ინიციატივა აფხაზებისთვის მიუღებელი აღმოჩნდებოდა, მას უმალვე აუქმებდნენ.
თითქოსდა რაა რუსეთისთვის აფხაზეთი? მოსკოვი ხომ ნეკა თითის გაქნევით გაასწორებდა მიწასთან, ან დაინდობდა და მიაყენებდა იმგვარ ზიანს, რომელიც სოხუმს ვერასოდეს დაავიწყდებოდა … ვინ გაუწევდა რუსეთს წინააღმდეგობას, ვის ადარდებს, ანდაც ვის უსმენს საერთოდ პუტინი?
მაგრამ ემპათიას სრულად მოკლებული რუსეთი, რომელიც მზადაა, მთელი ქვეყნები ანადგუროს, აფხაზეთის შემთხვევაში აუხსნელ მომთმენობას იჩენს …
ასე გრძელდებოდა ათწლეულების განმავლობაში. მოსკოვი უკვე 20 წელზე მეტია, ცდილობს, აფხაზეთს უცხოელებზე უძრავი ქონების მიყიდვის საკანონმდებლო აკრძალვა გააუქმებინოს, მაგრამ აფხაზები საკითხის გადაჭრას მუდმივად აჭიანურებენ. უკვე რამდენი პრეზიდენტი ჰყავდათ და ყველა მათგანი ათასგვარ ხრიკს მიმართავდა, რათა დრო გაეწელა და აკრძალვა არ გაუქმებულიყო.
ახლა რუსული მიდგომა, როგორც ჩანს, იცვლება. ჯერჯერობით სუსტად. მოსკოვმა სოხუმს წაუყენა რიგი მოთხოვნები, რომლებიც მიუღებელია აფხაზების უმრავლესობისთვის, ხელისუფლებაში მყოფთა ჩათვლით. მაგრამ სერიოზული ზეწოლის დაწყებას რუსეთის ფედერაცია ჯერ არ ჩქარობს.
რუსეთმა აფხაზებისთვის ეშვების ჩვენება დაიწყო, მაგრამ ჯერ რბილი, შორი სიგნალებით შემოიფარგლება - ისეთით, მაგალითად, როგორიცაა ნავთობბაზრის მონოპოლიზაცია, ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა, ფსოუზე ურჩ აფხაზებთან ახსნა-განმარტებითი საუბრები... ეს ყველაფერი ჯერჯერობით მტკივნეული არაა, ასატანია. მთავარი საკითხები კი - აფხაზური ბიუჯეტის დაფინანსება, ტურიზმი და აგრარული პროდუქციის რუსეთში ექსპორტი ჯერ ხელშეუხებელი რჩება.
თუმცა ზეწოლის გაძლიერების პროცესი უკვე სახეზეა და სამომავლოდ ვითარება მხოლოდ დამძიმდება.
ამავდროულად, ნათელია, რომ მარტივ გადაწყვეტილებებს არ უნდა ველოდოთ. გაიხსენეთ, რამდენ ხანს გრძელდებოდა დებატები ბიჭვინთის აგარაკის - არსობრივად, ლოკალური საკითხის ირგვლივ, რომელსაც, იდეაში, არ გააჩნია იმდენად საერთოეროვნული, ფატალური მნიშვნელობა, როგორიც აპარტამენტების შესახებ კანონს.
აფხაზები ამ გადაწყვეტილების მიღებას თვეობით აჭიანურებდნენ, - იწყებდნენ განხილვას, მერე ავადებდნენ, შემდეგ შეჰქონდათ შესწორებები და კვლავ გაჰქონდათ განხილვაზე. საბოლოოდ მიღება მაინც მოუწიათ, მაგრამ ეს, როგორც უკვე ითქვა, ლოკალური საკითხი იყო.
რამდენ ხანს გააჭიანურებენ აფხაზები აპარტამენტების საკითხის გადაჭრას - ღმერთმა იცის. უცხოელების მიერ უძრავი ქონების შეძენის საკითხი თითქმის 20 წელი აჭიანურეს. შემდეგ, მოსკოვის ზეწოლით, იძულებულნი გახდნენ, მიეღოთ უფრო დამნდობი ფორმულირება - აპარტამენტების. საუბარია კანონზე, რომელიც მიღების შემთხვევაში წინაღობას მოუხსნის რუსულ დემოგრაფიულ ტალღას, მაგრამ იძლევა 15-20-წლიან ფორას: სანამ პროექტებს დაამტკიცებენ, მიწებს გამოყოფენ, მშენებლობას დაიწყებენ, ბევრი დრო გავა და ყველა ამ ეტაპს აფხაზები უდავოდ გააჭიანურებენ …
აქ საქმე გვაქვს აფხაზურ ეროვნულ სპეციფიკასთან: წინააღმდეგობა, რომელსაც ისინი შეუდარებლად ძლიერ პარტნიორ-მოწინააღმდეგეს უწევენ, გარკვეული თვალსაზრისით პატივისცემასაც კი იწვევს.
ისინი ხომ სრულად არიან დამოკიდებული რუსეთზე. მოსკოვს შეუძლია, საჭიროების შემთხვევაში აფხაზები პირისაგან მიწისა აღგავოს ისე, რომ ამას ვერც ვერავინ შეამჩნევს. და მიუხედავად ამისა, აფხაზები რისკავენ, კრემლის სურვილებს წინააღმდეგობა გაუწიონ, ბოლომდე წელავენ დროს, რასაც მათ ადგილზე ბევრი ვერ შეძლებდა.
ამაში აფხაზურ საზოგადოებას ხელს პლურალიზმი და ჩინოსნებისა და ავტორიტეტების მიმართ განსაკუთრებული მიდგომის არარსებობაც უწყობს. ხელისუფლებას არ აქვს ფუფუნება, აკეთოს ყველაფერი, რაც სურს და ამ კუთხით საკუთარ ზემდგომთა დავალებები ასრულოს - სხვა შემთხვევაში უცხოელებისთვის უძრავი ქონების მიყიდვაზე საკანონმდებლო აკრძალვა დიდი ხნის გაუქმებული იქნებოდა და სადღეისოდ რუსები აფხაზეთის მოსახლეობაში უმრავლესობით იქნებოდნენ წარმოდგენილები.
აფხაზური საზოგადოება საკმაოდ თავისუფალია, ღია და შესაბამისად, მისი აზრის საწინააღმდეგოდ იშვიათი აფხაზი თუ გაბედავს წასვლას …
ბოლო დრომდე აფხაზეთში ხელისუფლებასა და ხალხს შორის ნებისმიერი დაპირისპირება უცილობლად მთავრდებოდა გაზულუქებული პრეზიდენტებისა თუ პრემიერების სამარცხვინო გაქცევით. სწორედ ეს აქცევდა აფხაზეთს უნიკალურ ადგილად რუსეთის გარემოცვაში, სადაც ავტორიტარული რეჟიმები სჭარბობენ, არ არსებობს აზრთა პლურალიზმი, არჩევნებს კი რიტუალური ხასიათი აქვს.
სახეზეა პირველი ნიშნები იმისა, რომ რუსეთი ამ რეალობის მტვრევას იწყებს. უცნაური ის კი არაა, რომ იწყებს. უცნაური ისაა, რომ ამ დრომდე ითმენდა. აფხაზეთი ხომ მისთვის ერთგვარი ხარვეზია სისტემაში, რომელიც უნდა აღმოიფხვრას. რომ აფხაზეთში ყველაფერი ისევე იყოს, როგორც რუსეთში და მის გარშემო - არავითარი კონკურენტული არჩევნები, არავითარი ოპოზიცია, არავითარი ოპოზიციური მედია …
ახლა მარტო ინვესტიციების, ენერგეტიკის, უძრავი ქონების ბედი როდი წყდება... წყდება აფხაზური საზოგადოების, როგორც ასეთის ბედი.
მოახერხებს კი იგი პლურალისტურობისა და თავისებური დემოკრატიულობის შენარჩუნებას? შეინარჩუნებს უნარს, გარე დიქტატს წინააღმდეგობა გაუწიოს? თუ საბოლოო ჯამში, აფხაზეთს აქცევენ ჩრდილოეთ კავკასიად, სადაც თავისუფალი აზრი დიდი ხანია, ჩაახშეს, მართვის სადავეები კი არა საკუთარი ხალხის, არამედ პუტინის წინაშე ანგარიშვალდებული ადგილობრივი ფეოდალების ხელშია?
შედეგებთან დაკავშირებით მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ. თუმცა უკვე ნათელია, რომ წინ არასახუმარო ბრძოლაა.
თუკი აფხაზური საზოგადოება მოახერხებს, არ დაიფანტოს და წინააღმდეგობის უნარი შეინარჩუნოს, გამორიცხული არაა, დროის წელვა განუსაზღვრელი ვადით შეძლოს.
თენგიზ აბლოთია