„რუსული კანონის მიღებით ბიძინა ივანიშვილი ფაქტობრივად სახელმწიფო გადატრიალებას აწყობს“
რუსული კანონის მიღებით ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება ფაქტობრივად სახელმწიფო გადატრიალებას აწყობს - ამის შესახებ დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"ყველამ უნდა გავუსწოროთ თვალი რეალობას და გავაცნობიეროთ: ამ კანონის მიღება ჩაკეტავს საქართველოს გზას ევროკავშირისკენ და, შესაბამისად, წაგვიყვანს რუსსკი მირის მიმართულებით"- ამბობს პოლიტიკოსი.
თუ ვინმეს რაიმე სხვა მოლოდინები და გათვლები ჰქონდა, მაგალითად, ის, რომ დასავლეთი ცოტას იხმაურებდა და ბოლო-ბოლო წაუყრუებდა ამ კანონს, ან ის, რომ ბევრი ხალხი არ გამოვიდოდა გასაპროტესტებლად, ალბათ დღეს ყველა თვალნათლივ უნდა ხედავდეს, რომ ეს ასე არ არის. ორი დღეა ძალიან ბევრი ხალხი მოდის საპროტესტო აქციებზე, განსაკუთრებით ახალგაზრდობა, ხოლო სრულიად დასავლეთიც ცალსახად და გლეხი კაცისთვის გასაგებ ენაზე გვეუბნება, რომ ამ კანონის მიღების შემთხვევაში საქართველო არათუ ვერ შევა ევროკავშირში, არამედ, პირიქით, დაშორდება მას.
არ ვიცი ახლა უნდა გვიმღერონ თუ დამარცვლით უნდა გვითხრან ეს რომ კარგად გავიაზროთ. თუ მაინცდამაინც ის უნდა ვიფიქროთ, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, ევროპის საბჭოს პრეზიდენტი, გერმანიის კანცლერი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში და ა.შ და ა. შ. მთელი დასავლეთი ბლეფობს და სინამდვილეში დიტო სამხარაძის შნირი საკრებულოს წევრი რომ პოსტავს თერჯოლადან თუ კასპიდან, ევროპა სად წავა, იძულებული იქნება მაინც მიგვიღონო, იმას დავუჯეროთ?
ყველამ უნდა გავუსწოროთ თვალი რეალობას და გავაცნობიეროთ: ამ კანონის მიღება ჩაკეტავს საქართველოს გზას ევროკავშირისკენ და, შესაბამისად, წაგვიყვანს რუსსკი მირის მიმართულებით. ეს გარდუვალია, რადგან ქართულ გეოპოლიტიკურ კომპასს მხოლოდ ორი მხარე აქვს - დასავლეთის და ჩრდილოეთის. ჩვენ ისეთ გეოგრაფიულ რეგიონში ვცხოვრობთ, რომ ან უნდა ვიყოთ დასავლურ სტრუქტურებში, ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრირებული, ან ვიქნებით რუსეთის გავლენის სფეროში, აქედან გამომდინარე არასახარბიელო შედეგებით.
და რას აკეთებს ამ ვითარებაში ბიძინა ივანიშვილი და მას დაქვემდებარებული საქართველოს ხელისუფლება? რას და სრულიად შეგნებულად და გაცნობიერებულად უპირისპირდება მთელ დასავლურ სამყაროს, არად აგდებს მათ გაფრთხილებებს, უპირისპირდება მთელ სამოქალაქო საზოგადოებას, უპირისპირდება ახალგაზრდობას და ამის სანაცვლოდ იმსახურებს პესკოვის და დუგინის ქება-დიდებას.
რა შეიძლება ამას ეწოდოს, თუ არა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა და საქართველოს სასიცოცხლო ინტერესების ღალატი? მე ვფიქრობ, არც არაფერი. არ მიყვარს პათეტიკა და საერთოდ ვერიდები ხოლმე ზედმეტად მკვეთრ და მჭახე შეფასებებს, მაგრამ როდესაც ხელისუფლება ღიად და ცინიკურად მიდის ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების იგნორირებაზე და მტრის საქმეს აკეთებს, ამას ღალატის გარდა ვერაფერს ვერ ვუწოდებთ.
ვინ მისცა ამ სავეცკი ცეხავიკების უსახურ ქსეროასლებს, პოსტსაბჭოეთში მენტალურად ჩარჩენილ მეწვრილმანე თაღლითებს იმის უფლება, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ საქართველოს ევროპული მომავალი? კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ ის, რაზედაც ქართველ პატრიოტთა თაობები ოცნებობდნენ? ცხადია მათ ამის არანაირი უფლება არა აქვთ.
ხოლო ყველა იმ ადამიანის, ვისთვისაც რეალურად ძვირფასია ქართული სახელმწიფოს ევროპული მომავალი, მორალური უფლება კი არა და მორალური მოვალეობაა ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რათა არ დაუშვას სახელმწიფო გადატრიალების ეს თავხედური მცდელობა და არ მისცეს საშუალება ბიძინა ივანიშვილს და მის მონა-სპას გადაქციონ ეს ქვეყანა პუტინისტური რუსეთის უკანა ეზოდ.
ზევით დავწერე პათეტიკა არ მიყვარს მეთქი და საკმაოდ პათეტიური ტექსტი კი გამომივიდა, თუმცა, სხვანაირიც არ გამოდის. რეალობაა ასეთი"- წერს პოლიტიკოსი.
https://www.newposts.ge/news/politica/rusul...ialebas-atsyobs