ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
https://www.interpressnews.ge/ka/article/79...pa-sheuzlebelia...
- ქვეყანაში უმძიმესი ვითარებაა შექმნილი, პოლარიზაცია პიკს აღწევს, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ისედაც დანაწევრებული და სხვადასხვა კონფლიქტებით დაყოფილი საზოგადოება კიდევ უფრო მეტად გათიშოს.
29 აპრილის დემონსტრაციის შემდეგ მრავალ კითხვას გაეცა პასუხი. „ქართულმა ოცნებამ“ ღიად განაცხადა თავისი რამდენიმე სახიფათო მიზნის შესახებ. ივანიშვილის გუნდს საქართველოში ავტორიტარული რეჟიმის ჩამოყალიბების განზრახვა აქვს. მათ სურთ ქვეყანა მართონ პრინციპით: „ვინც ჩვენთან არ არის, ჩვენი მტერია“.
განსხვავებულად მოაზროვნეთა ჯგუფებს, უკეთეს შემთხვევაში, ხელისუფლების პროპაგანდისტული მანქანის მხრიდან დაცინვა, შეურაცხყოფა, გარიყვა, „მეხუთე კოლონად“ გამოცხადება ელით, უარეს შემთხვევაში კი, ფიზიკური ანგარიშსწორებისა და რეპრესიების მსხვერპლნი შეიძლება გახდნენ.
მოკლედ, საქართველო უნდა გადაკეთდეს „ქართუ ბანკად“, ორგანიზაციად, სადაც ყველა და ყველაფერი ერთ კაცს უსიტყვოდ ემორჩილება, გამონაკლისის გარეშე.
დემოკრატიულად არჩეული მმართველები ავტორიტარიზმის დამყარებას იწყებენ მაშინ, როდესაც ხალხთან მისასვლელი ყველა გზა მოჭრილი აქვთ, აღარ ჰყოფნით არგუმენტები თავიანთი პოზიციის გასამყარებლად, ვერ უმკლავდებიან საწინააღმდეგო მოსაზრებებს და ძალაუფლების გარეშე ცხოვრება მათ ეგზისტენციალურ საფრთხეებს უქმნით. „ქართული ოცნება“ დღეს ზუსტად ამგვარ ჩიხშია მომწყვდეული.
მადლობა ღმერთს, საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი არ აპირებს შეეგუოს ასეთ დამცირებას. წინააღმდეგობის მოძრაობის მოწინავე ძალა ქართველი ახალგაზრდები არიან. განსაკუთრებით დასაფასებელია, რომ ახალ თაობაზე ოპოზიციური პარტიების გავლენა მიზერულია, არასამთავრობო სექტორსაც ძალიან უჭირს მათ გადაწყვეტილებებზე ზემოქმედება. ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების გავლენა ძლიერი რომ იყოს, ახალგაზრდული მოძრაობა მალე დამარცხდებოდა.
ქუჩაში გამოსული სტუდენტების მთავარი ღირსება დამოუკიდებლობა და სპონტანურობაა. ივანიშვილი ვერც წარმოიდგენდა, რომ პოლიტიკური ველზე ასეთი თავისუფალი, უკონტროლო მოთამაშე გამოჩნდებოდა.
ადვილია სააკაშვილისა და კეზერაშვილის, მათი პაიკების დისკრედიტაცია, მაგრამ თითქმის წარმოუდგენელია ხელის ერთი მოსმით გაუმკლავდე მოზარდებს, რომლებიც პროტესტის ნიშნად, ევროპული არჩევანის დაცვის მიზნით რუსთაველის პროსპექტზე ფრენბურთს თამაშობენ.
თუმცა, აქციების არაორგანიზებულობას თავისი რისკებიც ახლავს თან. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდები უმაღლეს პოლიტიკურ კულტურას აჩვენებენ და ცდილობენ ძალადობისკენ მიდრეკილი ყველა პირი უმალვე გაანეიტრალონ, ჰორიზონტალურად ორგანიზებული მოძრაობის წიაღში პროვოკაციის მოწყობა ხელისუფლებისათვის განსაკუთრებულ პრობლემას არ წარმოადგენს. ამგვარი პროვოკაციები დღეს მთავრობის მთავარი იმედია. დღეს მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ აწყობს „ევრომაიდანი“ თბილისში.
მაშასადამე, საქართველოს პოლიტიკურ ველზე ვაკვირდებით უმწვავეს დაპირისპირებას საქართველოს ხელისუფლებასა და საზოგადოების მნიშვნელოვან, მეტწილად ახალგაზრდულ ნაწილს შორის. სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ კომპრომისზე, დიალოგზე, მოლაპარაკებებზე წამოსვლას არ აპირებს და შეეცდება ნებისმიერ ფასად გაიტანოს თავისი.
ხშირად მეფიქრება ხოლმე გამოსავალზე - როგორ შეიძლება დაიძლიოს ფეთქებადსაშიში ვითარება?
...
- აქციაზე ივანიშვილის გამოსვლისა და შემდეგ პრემიერ ირაკლი კობახიძის ვაშინგტონთან და ბრიუსელთან ურთიერთობების შეფასებისას ბევრმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკა რადიკალურად შეცვლილია.
მეტიც, ბალანსი, რაც ქვეყანას მეტ-ნაკლებად შენარჩუნებული ჰქონდა, - იგულისხმება ევროკავშირისაკენ ლტოლვა და რუსეთისადმი ფრთხილი პოლიტიკა, სწრაფი ნაბიჯებით ირღვევა. თბილისი მრავალვექტორულ საგარეო პოლიტიკაზე გადადის. თუმცა, ამ მომენტისათვის, ეს უკვე საუკეთესო ვარიანტად შეიძლება ჩაითვალოს.
პრობლემა კი ისაა, რომ ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორც საქართველოა, რომლის ტერიტორიები რუსეთს აქვს ოკუპირებული, მრავალვექტორული პოლიტიკის გატარება სახიფათოდ ვიწროა. თან მრავალვექტორულ პოლიტიკის გატარებას არა მარტო ცოდნა, თაობების გამოცდილება სჭირდება.
ბევრი იმაზეც საუბრობს, რომ თუ ხელისუფლებამ დასავლელ პარტნიორებთან იმგვარი პოლიტიკის გატარება გააგრძელა, რასაც ბოლო პერიოდია ატარებს, საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში და კრემლთან ერთი-ერთზე აღმოჩნდება.
თქვენ როგორ შეაფასებდით კანონის გააქტიურებაზე საუბრების შემდეგ ხელისუფლების საგარეო პოლიტიკას?- საუბედუროდ, 29 აპრილის შემდეგ „ქართული ოცნების“ ლიდერებმა პირდაპირ გვითხრეს, რომ ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკა იცვლება. ხელისუფლება საკუთარი ძალაუფლებისა და ბატონი ივანიშვილის პირადი კეთილდღეობის უზრუნველყოფის მიზნით მზად არის, რომ საქართველო-ევროკავშირის ინტენსიური ურთიერთობები გაყინოს ან ევროპისკენ მიმავალი ყველა ხიდი გადაწვას.
ჩვენს ქვეყანას არ შესწევს ძალა მულტივექტორული საგარეო პოლიტიკის გატარებისა. საქართველო არც ნერუს ინდოეთია და არც ტიტოს იუგოსლავია, ერდოღანის თურქეთის ძლევამოსილებამდეც ბევრი გვიკლია.
მეტ-ნაკლებად მშვიდი სამეზობლოს, ძლიერი ეკონომიკისა და კონსოლიდირებული საზოგადოების გარეშე მულტივექტორული საგარეო პოლიტიკის წარმოება პრაქტიკულად შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, სამწუხაროდ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ქართულ ოცნებას“ სურს, რომ საქართველოს რუსეთის უშუალო გავლენის ზონად აქციოს.
რამდენიმე დღის წინ გერმანიის ერთ-ერთ ცენტრალურ ტელევიზიასთან ინტერვიუში, საქართველოს გულითადმა მეგობარმა, ებერტის ფონდის თბილისის ოფისის ხელმძღვანელმა - პოლიტოლოგმა მარსელ რიოთინგმა პატიოსნად და მაღალპროფესიონალურად აღწერა საქართველოს უმძიმესი ვითარება - რუსეთს საქართველოს ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული, მარტივი მანევრით შეუძლია მთავარი ავტომაგისტრალისა თუ სარკინიგზო სატრანსპორტო კვანძის გადაკეტვა და ქვეყნის ორად გათიშვა, საქართველოს არ აქვს სტრატეგიული სიღრმე რაიმე ტიპის წინააღმდეგობის გაწევისთვის, ხორბლის 90% რუსეთიდან შემოგვაქვს, რუსული ბაზრის მნიშვნელობა კვლავ დიდია ჩვენი ექსპორტისთვის. „ქართული ოცნების“ მიზანია დააჯეროს თავისი მომხრეები, რომ თითქოს ჩვენ ბატონი რიოთინგის მიერ აღწერილ გარემოებებს არ ვაღიარებთ.
პირიქით, შესანიშნავად ვაცნობიერებთ საქართველოს უმძიმეს მდგომარეობას. უბრალოდ, მივიჩნევთ, რომ ასეთ სიტუაციაში კიდევ უფრო ინტენსიური უნდა იყოს ჩვენი კავშირები დასავლეთთან, რათა მარტო არ დავრჩეთ XIX საუკუნის პრინციპებით მოქმედ მონსტრთან.
საქართველოს ხელისუფლება და მისი მომხრეები კი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ბედის ანაბარად მიტოვებულ სახელმწიფოდ ვიქცეთ. ირაკლი კობახიძე წიხლს ჰკრავს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შემოთავაზებას ვაშინგტონში მაღალი რანგის ვიზიტის გამართვის თაობაზე.
ხელისუფლების „მოლაპარაკე თავები“ გერმანიის ფედერალურ კანცლერს ნინო ლომჯარიას მითითებებით მოქმედ ხელის თოჯინად აცხადებს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კი საფრანგეთის პოლიციის მოქმედებებს აკრიტიკებს. ასეთი კომიკურობით გვსურს რუსეთისგან მომავალ საფრთხეებთან გამკლავება? მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია.
რუსეთი უნდა დაინგრეს.