ალექსანდრე რაქვიაშვილი:
რამდენი ვიყავით გუშინ მიტინგზე?
რიცხვებზე განსხვავებული აზრის არსებობა ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების პრობლემის ნათელი ილუსტრაციაა. ერთხელ, ეთერში, როცა ოპონენტს მათემატიკურ შეცდომაზე მივუთითე, ჟურნალისტმა მითხრა, „ეს თქვენი განსხვავებული აზრიაო“. არა, არითმეტიკაში ან სწორად დათვალე, ან არასწორად, და „განსხვავებული“ აზრით შეცდომის გამართლება, სასაცილოა, ტრაგიკული რომ არ იყოს. იგივე ხდება მიტინგებზეც. შეიკრიბება ხალხი, და ორგანიზატორი ყვირის „მილიონი მოვიდა“, ოპონენტი „ათასი ადამიანიც კი ვერ შეკრიბეს“. არადა მართლა ხომ საინტერესოა, რომელ მიტინგზე რამდენი ადამიანია, და ნუთუ არ შეგვიძლია ამაზე მაინც შევთანხმდეთ? ხოდა, აგერ ჩემი გათვლები, ვისაც გაინტერესებთ.
დაშვებები:
1. მე დავთვალე კონკრეტულ ფოტოზე ასახული ადამიანთა რაოდენობა (იხილე ფოტო #1), თუმცა ნებისმიერ მიტინგზე ადამიანები მიდიან-მოდიან, ვიღაც ცოტა მოშორებით დახეტიალობს, გუშინ კი ადამიანთა ნაწილი პარლამენტთან დარჩა, ამიტომ ზუსტი რიცხვი ყოველთვის უფრო მეტია, თუმცა დათვლა მაინც კონკრეტული სტატიკური სურათით შეიძლება. მეტიც, მეორე ფოტოზე, რომელიც უფრო ჩაბნელებულია, ადამიანთა რაოდენობა მეტი ჩანს (იხილე ფოტო #2), თუმცა იქ კონტურები არ არის კარგად გამოკვეთილი. ასე რომ, ეს შეფასება, შეიძლება კონსერვატიულ შეფასებად გამოვიყენოთ.
2. ამ ფოტოზე ადამინებით დაკავებული ფართი, ჯამში, 19869 კვადრატული მეტრია (ცარიელი სივრცეების გამოკლებით, ლურჯად არის მონიშნული).
3. ხალხის სიმჭიდროვეც, ცხადია, განსხვავებულია. უმეტესწილად, მიტინგზე სიმჭიდროვე 2-3 ადამიანს კვადრატულ მეტრზე არ აღემატება, ყველაზე მჭიდრო ადგილზე ეს მაჩვენებელი 5-დე შეიძლება ავიდეს, მაგრამ ეს ის ზღვარია, როცა ჭყლეტა შეიძლება დაიწყოს. ამიტომ სიმჭიდროვე ასე დავთვალე:
- ყველაზე მჭიდრო ადგილას, სცენასთან, 4 ადამიანი ერთ კვადრატულ მეტრზე (1457 კვ მეტრი, წითლად არის მონიშნული #1 ფოტოზე)
- ძირითად სივრცეში 2.5 ადამიანი კვადრატულ მეტრზე (11586 კვ. მეტრი, ყვითელი სივრცე მინუს წითელი და ლურჯი)
- მიტინგის პერიფერიაზე 1 ადამიანი კვადრატულ მეტრზე. (6826 კვ. მეტრი, მწვანე სივრცე).
- ლურჯ სივრცეში მიჩნეულია, რომ არავინ იყო.
4. ვინაიდან გადაღების განსხვავებული რაკურსი ხშირად მცდარ შთაბეჭდილება ტოვებს, ორიენტირისთვის იხილე სურათი #3, სადაც მოდელირებულია მიტინგი სიმჭიდროვით 2 ადამიანი კვადრატულ მეტრზე. ხოლო, მსვლელობისას, როგორც ოდესღაც მელიამ აგვიხსნა, ადამიანთა რაოდენობა მეტი ჩანს, ვიდრე რეალობაშია (1.5-2-ჯერ), ამიტომ მსვლელობის კადრები არ გამომიყენებია.
ამ დაშვებებზე დაყრდნობით, გამოდის, რომ ამ ფოტოზე როგორც მინიმუმ 41619 ადამიანი იყო (6826*1+11586*2.5+1457*4).
ცოტაა ეს, თუ ბევრი? გააჩნია, თუ როგორ შეხედავ. ეს ბევრად მეტია, ვიდრე ქოცების 20 და ბევრად ნაკლები, ვიდრე ოპოზიციურ მედიაში გავრცელებული 300. თუმცა წინა წელს, 9 მარტს იგივე პრინციპით დავითვალე აქციაზე მოსული ადამიანთა რაოდენობა, და გამოვიდა 15 000, არადა მაშინ ეს საკმაოდ შთამბეჭდავი რაოდენობა იყო. გამოდის ახლა თითქმის სამჯერ მეტი ადამიანი იყო, რაც ძალიან მაგარია. თუკი მეტად ოპტიმისტურად დავთვლით, ალბათ, 50-60 ათასის გამოვა. ასე რომ, ზუსტი შეფასება 40-60 ათასის ფარგლებშია.
ზუსტი დათვლა და მითუმეტეს ყველა მიტინგის, საკმაოდ შრომატევადია, და გამიხარდება, თუ ვინმე ნებისმიერი, მაგრამ გასაგები და ერთგვაროვანი მეთოდოლოგიით, გადათვლის ყველა ძირითად მიტინგს. მაშინ უკეთესად გვეცოდინება, თუ როგორია პროტესტის დინამიკა.



მეც ასე დავთვალე მიახლოებით გუშინ და აქ მლანძღავდნენ, ფორმულამ 300 000 კაცი დაწერა და ტყუილიაო
300 000 კაცი რომ ყოფილიყო, საჭრო იქნებოდა 100 000 კვ მეტრი მინიმუმ, რაც 5 ჯერ დიდია, რაც ალექსანდრე რაქვიაშვილს აქ მონიშნული
რეალურად, ჩანაცვლეაბც რომ გავითვალსიწინოთ, მაქსიმუმ იყო 90-100 000 კაცი
რეკორდი არ იყო
რეკორდი იყო 30 აპრილს