ძალიან მნიშვნელოვანი პოსტი:
Giorgi Koberidze
შეამჩნევდით ალბათ, რომ საქართველოში ბოლო წლებია ნატოში გაწევრიანების თემა დღის წესრიგიდან და მსჯელობიდანაც სრულიად გაქრა. სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი, რომელსაც კრემლს ასე ეშინოდა ფინეთისა და შვედეთის ხარჯზე გაფართოვდა. საქართველოს კი დეფაქტო ნეიტრალიტეტი აქვს გამოცხადებული. ის კი არა, ხელისუფლების მხრიდან გაჟღერებული ე.წ. "გლობალური ომის პარტიაც" მინიშნებით ნატოს მოიაზრებს თავის თავში და მას აბრალებენ ომების წარმოებას.
ამ ყველაფერს სხვა რამეც ემატება - ახლა, ქვეყნის შიგნით გართულებულ პოლიტიკურ პროცესს ეს ბოლო დღეებია ორგანიზებული შეფარული პროპაგანდა ავსებს თითქოს რუსეთი საქართველოს ტერიტორიების დაბრუნებას განიხილავს. არადა პუტინის ცნობილი სიტყვებია: "ტერიტორიები საგარეო ორიენტაციაზე არ იცვლებაო".
რუსეთი ნებით არასდროს არაფრის დამბრუნებელი არ არის. მაგრამ ეს პროპაგანდა შორს მიმავალია და რამდენიმე მიზანს ემსახურება, მათ შორის კი ქვეყნის შიდა დაპირისპირების გამძაფრებას და ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან პრო-დასავლური კურსიდან გადახვევის ერთგვარ გამართლებასაც. თან არჩევნები ახლოვდება. ეს კი კარგი საარჩევნო პროპაგანდისტული სვლა იქნებოდა ძალაუფლების შენარჩუნებისათვის.
მაგრამ ნატოს თემა და ეს ტერიტორიებთან დაკავშირებით არსებული სიგნალი რომ დავაკავშიროთ ერთმანეთს, არაა გამორიცხული საქართველოს ხელისუფლებამ ღიადაც კი განაცხადოს ნატოში გაწევრიანების მცდელობის უარყოფის შესახებ და საერთოდაც ოფიციალური ნეიტრალიტეტის გამოცხადება სურდეს. ჯერჯერობით ამის ნიშნები არ არის, მაგრამ მომდევნო პერიოდში პროპაგანდის დონეზე შესაძლებელია სწორედ ეს იყოს გახდეს საქართველოს შიგნით მთავარი პროპაგანდისტული მესიჯი - უარი დასავლეთზე, უარი ნატოზე, თანხმობა ნეიტრალიტეტზე და ეს ყველაფერი მშვიდობისათვის და ტერიტორიების სანაცვლოდ.
როგორც ვიცით რუსეთი არაფრის დამბრუნებელი არ არის. ამ ფორმაში არსებული კრემლი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუშვებს აფხაზეთზე და ცხინვალზე საუბარს, თუკი სანაცვლოდ მთელი საქართველო გადავა მის კონტროლქვეშ. უფრო მარტივად რომ ვთქვათ: რუსეთისათვის საქართველოს მთლიანი და ფაქტობრივი ოკუპაციაა მიზანი, ახლა თუ 20% აქვს შემდგომ 100% უნდა ჰქონდეს.
რუსეთს ტერიტორიები მაშინაც კი არ დაუბრუნებია, როდესაც შევარდნაძე მზის ამოსვლას ჩრდილოეთიდან ფიცულობდა 1996-98 წლებში. არადა პრიმაკოვის დოქტრინით ვითომ მოლაპარაკებებს რაღაც შედეგი უნდა გამოეღო. მაშინ, მოსაჩვენებლად თბილისში არძინბაც კი ჩამოვიდა. საქართველოს ხელისუფლებამ კი დრო დაკარგა რუსეთის მხრიდან მოლაპარაკებების იმედად ყოფნისას. აგერ მოლდოვური იგორ დოდონის მთავრობა რუსეთსაც გაუწვა, ნეიტრალიტეტიც გამოაცხადა, რუსიფიკაციასაც უწყობდა ხელს, მაგრამ რუსეთმა დნესტრისპირეთი არ დააბრუნა.
არადა საქართველოში არსებულ პრო-რუსს ძალებს ამ რუსული შთაგონების იმედი აქვთ. პროპაგანდისტებმა ასეთი მინიშნებაც გააჟღერეს "კონფედერაცია" იქნებაო და ზოგს გაუხარდა კიდეც. თავიდანვე აბსურდულია ამის სერიოზული განხილვა, მაგრამ უბრალოდ რომ ვიცოდეთ, კონფედერაცია ორი ან მეტი, თანასწორუფლებიანი სახელმწიფოებრივი ერთეულის ერთ სახელმწიფოდ გაერთიანებას გულისხმობს, რომლის დატოვების უფლებაც ნებისმიერ მხარეს ნებისმიერ დროს ექნება. ანუ რომ გადმოვთარგმნოთ რას ნიშნავს კონფედერაცია ჩვენს შემთხვევაში: აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შემდეგ ისინი საქართველოსთან ერთად ქმნიან ერთიან სახელმწიფოს, რომელშიც თანაბარი უფლება აქვთ და მისი დატოვება ნებისმიერ დროს შეუძლიათ. ცხადია მსგავსი რამ სინამდვილეში არ განიხილება კრემლშიც კი, მაგრამ საქართველოში მისი განხილვა გულისხმობს, რომ სეპარატისტულ-ოკუპირებული ტერიტორიების ოფიციალურად სახელმწიფოდ გარდაქმნაზე თანხმდება ვინმე, რომელშიც რუსეთის ჯარი იდგება, როგორც ამ კონფედერაციის გარანტი. ანუ რასაც პროპაგანდისტები აჟღერებენ საქართველოს სახელმწიფოს დაშლაა და ფაქტობრივი ოკუპაციაა. თუმცა გავიმეორებ და ვიტყვი, რომ ეს მხოლოდ პროპაგანდაა რადგან პუტინს არაორაზროვნად აქვს ნათქვამი: ტერიტორიები საგარეო ორიენტაციაზე არ იცვლებაო.
ტერიტორიების დაბრუნება აუცილებლად მოხდება. საქართველომ შესაძლებლობის ფანჯარა უნდა გამოიყენოს. ეს რუსეთის დასუსტებით და მისი გასვლით მოხდება თუ მოსკოვის გამოფიტული ტოტალიტარული რეჟიმის დამხობით, ან რაიმე სხვა გზით - ვნახავთ. მაგრამ ამასობაში ჩვენ უნდა გვყავდეს მეტი მოკავშირე, უნდა გავძლიერდეთ როგორც სამხედრო ისე პოლიტიკური თვალსაზრისით, ვიყოთ ეკონომიკურად მიმზიდველები და რეგიონში სამაგალითო ძალად ჩამოვყალიბდეთ.
ნეიტრალიტეტი კი საქართველომ რამდენჯერაც გამოაცხადა იმდენჯერ გაქრა რუკიდან. მაისის თვეა ახლა. 1920 წელს მაისში რუსეთთან დადებული ხელშეკრულებით საქართველომ კიდევ ერთხელ გამოაცხადა ნეიტრალიტეტი და ათ თვეში კიდეც გაქრა რუკიდან.
ხოლო ვინც შვეიცარიის ნეიტრალიტეტზე საუბრობს, შეგახსენებთ, რომ შვეიცარია ერთ-ერთი ყველაზე მილიტარიზებული ქვეყანაა მთელს მსოფლიოში. ის იმის იმედად კი არაა ნეიტრალური რომ კარგი ბიჭი ვარ და არავინ დამესხმებაო, არამედ იმით, რომ ვინმე თუ დამესხმება სამაგალითოდ დავსჯიო. ასე რომ თავს ნურავის მოვატყუებინებთ.
https://www.facebook.com/share/p/h8pgCp8Pke...mibextid=oFDknk