ქოცების ცრემლები დამანახეთ.

EPP+ECR+SD - ქოცები გლობალურ ომის პარტიად რომ მოიხსენიებენ ეგ ხალხია.
ევროპის ქოცებმა ID-მ 58 აიღო სულ
Giorgi Koberidze
ევროპარლამენტის არჩევნებისა და პარტიების შედარებით დეტალური ანალიზი:
6-9 ივნისს ევროკავშირის 27 ქვეყანაში ევროპარლამენტის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ბოლო 30 წელიწადში არჩევნებზე რეკორდული რაოდენობის მოქალაქე მივიდა - ამომრჩევლის 51%.
სულ ევროპარლამენტში 720 მანდატია.
დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა მმართველმა ევროპის სახალხო პარტიამ (EPP). მათ 185 მანდატი მოიპოვეს, რითაც 9 მანდატით გაიუმჯობესეს არჩევნების წინ არსებული შედეგები. ევროპის სახალხო პარტია (EPP) მემარჯვენე-ცენტრისტული ძალაა, ევროპის გაფართოებას ემხრობა, ევროპული ინსტიტუციების კიდევ უფრო გაძლიერებას და ცენტრალიზებას უჭერს მხარს და ევროპის არმიის ფორმირების მომხრეა, ძლიერ ნატოსთან ერთად. ევროპის სახალხო პარტია ევროპის უძველესი და ყველაზე ძლიერი ძალაა. EPP ის გაერთიანებაა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება "გლობალურ ომის პარტიად" მოიაზრებს. EPP-ს ლიდერი ურსულა ფონ დერ ლაიანია. EPP-ს ჯგუფში გაერთიანებულმა პარტიებმა განსაკუთრებულად კარგი შედეგი გერმანიაში, ესპანეთსა და საბერძნეთში ანახეს.
მანდატები დაკარგეს მწვანეებმა (Greens). მათ წინა არჩევნებზე დადებული გამორჩეულად კარგი შედეგი სრულად დათმეს. -19 მანდატით ანუ 52 დეპუტატით იქნებიან ისინი წარმოდგენილნი ევროპარლამენტში. მწვანეების მიერ პოზიციების დაკარგვას ორი მიზეზი აქვს: 1. მწვანე პოლიტიკა შეითვისეს ისეთმა წამყვანმა პარტიებმა, როგორიც ევროპის სახალხო პარტია (EPP) და სოციალ დემოკრატები (SD) არიან. 2. გაძლიერდნენ მემარჯვენეები, რომლებიც ხაზს უსვამენ, რომ ბევრი ეკოლოგიური რეგულაციებით სამსახურები იკარგებოდა და მხოლოდ ევროპა ვერ გადაარჩენს მსოფლიოს.
ყველაზე მძიმე დანაკარგი მაკრონის ფაქტობრივი ლიდერობის ქვეშ არსებულმა ევროპის განახლებამ (Renew) განიცადა. მათ 22 მანდატი დაკარგეს და პარლამენტში 80 ადგილით იქნებიან წარმოდგენილნი. ამ შედეგის მიზეზი ისაა, რომ ლიბერალებმა მანდატების უმრავლესობა გერმანიისა და საფრანგეთის ხარჯზე დაკარგეს. სწორედ ამ მარცხის გამო ჩანიშნა რიგგარეშე არჩევნები საფრანგეთში მაკრონმა. ევროპის განახლების (Renew) პარტია ევროპის ცალკე, ძლიერ ერთეულად ჩამოყალიბებას ემხრობოდა. ანუ მათი აზრით ევროპა აშშ-საგან დამოუკიდებელ ძლიერ დასავლურ ერთეულად უნდა გარდაქმნილიყო.
ძალიან კარგი შედეგი აჩვენა იტალიის პრემიერ-მინისტრ მელონის ქვეშ არსებულმა ევროპის კონსერვატიულმა და რეფორმისტულმა პარტიამ (ECR). აღნიშნულმა ძალამ 73 მანდატი მოიპოვა, რითაც 4 ადგილით გააუმჯობესა შედეგი. ეს კი გამორჩეულად კარგი შედეგია. ECR ის კონსერვატორები და ნაციონალისტები არიან, რომლებიც უკრაინის შეიარაღებას ემხრობიან, რუსეთს ევროპის წინაშე ერთ-ერთ უმთავრეს საფრთხედ აღიქვამენ, ძლიერი ნატოს მომხრეები არიან და ევროპის საქართველოს, უკრაინის, მოლდოვასა და ბალკანეთის ხარჯზე გაფართოებასაც უჭერენ მხარს. ECR მხარს არ უჭერს ევროპის არმიის ფორმირებას, ევროკავშირის შიგნით ძლიერი წევრი სახელმწიფოების არსებობას უჭერენ მხარს (ცენტრალიზებული ევროპული მთავრობისაგან დამოუკიდებელს) და არაევროპული, უკანონო მიგრაციის შეზღუდვის აუცილებლობას უსვამენ ხაზს.
მიუხედავად მოლოდინისა, რომ სოციალ-დემოკრატები (SD) 10-მდე მანდატს დაკარგავდნენ, არ გამართლდა. ისინი მხოლოდ 2 მანდატს კარგავენ. მათ 137 ადგილი ექნებათ ევროპარლამენტში. მაგრამ საინტერესოა ერთი დეტალი. სოციალ-დემოკრატებმა პოზიციები დაკარგეს გერმანიაში, მათ მთავარ საყრდენ ქვეყანაში. სამაგიეროდ გაიუმჯობესეს პოზიციები პორტუგალიაში. სოციალ-დემოკრატები ხაზს უსვამენ ევროპის წინაშე არსებული სოციალური პრობლემების გადაჭრას, საუბრობენ მწვანე პოლიტიკაზე, ემხრობიან დემოკრატიების მხარდაჭერას და მიაჩნიათ რომ რუსეთი ევროპის უმთავრესი საფრთხეა. მიუხედავად იმისა, რომ წინა წლებში მათი მხარდაჭერა თავდაცვის პოლიტიკისადმი ნეგატიური იყო, ახლა ემხრობიან მის ზრდას.
რაც შეეხება რადიკალურ, ევროსკეპტიკურ პარტიულ გაერთიანებას იდენტობა და დემოკრატია (ID). მათ 58 მანდატის მოპოვება შეძლეს და 9 ადგილით დაწინაურდნენ. ID-ს წამყვანი პარტია საფრანგეთის მარინ ლე პენის ნაციონალური გაერთიანებაა (RN). მათ საფრანგეთში 30 მანდატის მოპოვება შეძლეს. ID-ს 50%-ზე მეტი საფრანგეთზე მოვიდა. ID მეტ-ნაკლებად პრო-რუსული გაერთიანება იყო, სანამ ჯგუფის წევრებში გერმანიის ღიად პრო-რუსული პარტია ალტერნატივა გერმანიისათვის (Afd) იყო გაერთიანებული. არჩევნების წინ ლე პენმა AfD გარიცხა ID დაჯგუფებიდან. ამის მიზეზი რამდენიმე იყო: 1. AfD-ს ლიდერები ღიად იყვნენ ეჭვმიტანილები რუსეთისა და ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში; 2. AfD საფრანგეთს ინდოეთისა და წყნარ ოკეანეში კუნძულების დათმობას სთხოვდა. 3. AfD-ს წევრები ნაცისტების ისტორიას ნეგატიურად არ მოიხსენიებდნენ. ID-დან მათი გარიცხვის შემდეგ პარტია ვერ ვიტყვით რომ პრო-ევროპული ან ანტი-რუსულია, მაგრამ ძველებურად ხისტი პოზიცია აღარ აქვს. მაგრამ მთავარი მინუსი, რომელიც ამ პარტიას აქვს ისაა, რომ ID კატეგორიულად ეწინააღმდეგება ევროპის გაფართოებას. თუმცა ლე პენის პოლიტიკა მთლიანად მეტამორფოზაა. მან პოლიტიკური პოზიციები რამდენჯერმე შეცვალა. ვნახოთ როგორი იქნება მისი ხედვები ამჯერად, AfD-ს გარეშე.
აღსანიშნავია ისიც, რომ პროგნოზის მიხედვით ID-ს 80-ზე მეტ მანდატს პროგნოზირებდნენ. იყო საუბარი 100 მანდატამდეც კი. მაგრამ სულ რომ ID-დან AfD არ გაერიცხათ, მაინც, პარტია ვერ მოიპოვებდა 100 მანდატს - AfD გერმანიაში კი მეორე ადგილზე გავიდა, მაგრამ სულ 15 მანდატი მიიღო ევროპარლამენტში.
ერთ-ერთი ყველაზე რადიკალურად მემარცხენე, ევროსკეპტიკური და პრო-რუსული ძალა გაერთიანებაა Left, რომელმაც 36 მანდატის მოპოვება შეძლო, თუმცა არჩევნების წინა შედეგები გააუარესა და ერთი მანდატი დაკარგა.
რაც შეეხება უპარტიო პარლამენტარებს (NI). მათ 46 მანდატი მოიპოვეს. მათ რიგებშია უნგრეთის ორბანის პარტია ფიდეზი, რომელმაც მხოლოდ 11 მანდატის მოპოვება შეძლო უნგრეთისათვის გამოყოფილი 21 მანდატიდან. მან შედეგი ვერ გააუმჯობესა. არადა არსებობდა მოლოდინი და ორბანის მცდელობა, რომ ის მინიმუმ 15 მანდატს მაინც მოიპოვებდა. უპარტიო დაჯგუფებამ 16 მანდატი დაკარგა სულ.
სულ ხმები ასე გადანაწილდა:
1. ევროპის სახალხო პარტია (EPP) - 185 მანდატი. სულ +9 მანდატი.
2. სოციალ-დემოკრატები (SD) - 137 მანდატი; სულ -2 მანდატი.
3. ევროპის განახლება (Renew) - 80 მანდატი; სულ -22
4. კონსერვატორები / რეფორმისტები (ECR) - 73 მანდატი; სულ +4 მანდატი.
5. მწვანეები (Greens) - 52 მანდატი; სულ -19 მანდატი.
6. იდენტობა და დემოკრატია (ID) - 58 მანდატი; სულ +9 მანდატი;
7. უპარტიო (NI) - 46 მანდატი; სულ -16 მანდატი.
რა გამოიკვეთა?
ძირითადი დანაკარგები სწორედ მემარცხენე და მემარცხენე-ცენტრისტულ ძალებზე მოვიდა. მემარჯვენე და მემარჯვენე-ცენტრისტულმა ძალებმა პოზიციები გაიმყარეს. შესაბამისად, ევროკავშირის ინსტიტუციები უფრო ხისტი გახდება მიგრაციასთან დაკავშირებით, მეტი ფული ჩაიდება თავდაცვაში/NATO-ში, შედარებით ნაკლები ორიენტირება იქნება მწვანე პოლიტიკაზე და გააჩნია ვისთან ერთად ჩამოაყალიბებს EPP მთავრობას, მაგრამ შესაძლოა კიდევ უფრო აქტიური ევროპული პოლიტიკა ვიხილოთ.
და კიდევ ერთი: მთავარი ცვლილებები სწორედ გერმანიასა და საფრანგეთზე მოვიდა. და ევროპის მასშტაბით თუკი ახალგაზრდობა ძირითადად მემარცხენე და მწვანე იყო ხოლმე, ახლა მემარჯვენე ან მემარჯვენე-ცენტრისტია. ეს კი ძალიან შესამჩნევი ტენდენციაა.
პ.ს. შედეგები საბოლოო არაა, მაგრამ ტენდენცია გამოიკვეთა, ხმების უმრავლესობა დათვლილია და მანდატები მცირედით შეიძლება შეიცვალოს.
https://www.facebook.com/giorgi.kob/posts/p...8LXhzuTWvzxr8Sl