„ეს იყო საშინელება“, - ქართველი მებრძოლი ამბობს, რომ უკრაინაში ქიმიურ შეტევას გადაურჩა
https://www.radiotavisupleba.ge/a/33093240.htmlსახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ გამოიყენა ქიმიური ნივთიერება ქლორპიკრინი. ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას (OPCW) აკრძალული აქვს ამ მომწამლავი ნივთიერების გამოყენება საბრძოლო იარაღად.
ქლორპიკრინი კანს და ლორწოვან გარსს აზიანებს, მაღალი კონცენტრაციით გამოყენების შემთხვევაში კი დიაფრაგმის კონვულსიას იწვევს. ეს ნივთიერება საბრძოლო იარაღად პირველად გერმანელმა სამხედროებმა გამოიყენეს პირველი მსოფლიო ომის დროს.
მაისში უკრაინაში ქლორპიკრინის გამოყენებასთან დაკავშირებულ ბრალდებაზე რუსეთს მაშინ არაფერი უთქვამს. მოსკოვი, პირიქით, აშშ-ს ადანაშაულებს უკრაინისთვის აკრძალული ქიმიური იარაღის მიწოდებაში.
რუსეთის არმიას ადანაშაულებენ, რომ მან უკანასკნელ ხანებშიც გამოიყენა ქიმიური შეტევითი პოტენციალი დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებაზე მიმდინარე სამხედრო ოპერაციის დროს.
ერთ-ერთი ასეთი შეტევის დროს, 21 აგვისტოს, მძიმედ მოიწამლა უკრაინაში მებრძოლი ქართველი მოხალისე, საქართველოს არმიის თადარიგის მაიორი ზაალ ლატარია, რომელიც რადიო თავისუფლებას ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდა ქალაქ დნეპრის საავადმყოფოდან, სადაც ამჟამად გადის მკურნალობას.
ზაალ ლატარია: ჩამოყარეს კაფსულები რაღაც გაზით, შხამიანი გაზით [სანგარში] და დაგვწამლეს. ვერაფერი ვერ გვიქნეს დაბომბვით, ტყვიებით და ტანკებით და შეეცადნენ, რომ გაზით მოვეწამლეთ. უგონო მდგომარეობაში მოვხვდი ჰოსპიტალში, მოწამლული ვარ გაზისგან. კონტუზირებულიც ვარ, მაგრამ კონტუზია კიდევ არაფერი, მოწამვლაა რთული.

49 წლის ზუგდიდელი ზაალ ლატარია, საქართველოს შეიარაღებული ძალების თადარიგის მაიორი, ამჟამად არის უკრაინის შეიარაღებული ძალების 118-ე ბრიგადის სადაზვერვო ჯგუფის მებრძოლი. მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, შემდეგ კი, 2014 წლიდან მოყოლებული, უკრაინას იცავს ჯერ პრორუსული სეპარატისტების მიერ აღმოსავლეთ უკრაინაში, შემდეგ კი 2022 წელს რუსეთის მიერ გაჩაღებულ სრულმასშტაბიან ომებში.
- რა ქიმიური იარაღი იქნა გამოყენებული? არის ინფორმაცია და ამას ამერიკელებიც ადასტურებენ, რომ რუსეთი [უკრაინის არმიის წინააღმდეგ] იყენებს ქიმიურ ნივთიერება ქლორპიკრინს. თქვენს შემთხვევაში ხომ არ იცით, თუ რით მოხდა მოწამვლა?- მეც მგონია, რომ ზუსტად ის არის, რასაც ამერიკელები იძახიან. რაღაცა საშინელება იყო, გვეწვოდა ყველაფერი: ხელი, ფეხი, თვალი, კანი... წამებში მოვასწარით სანგრიდან ამოსვლა და ჰაერზე გამოსვლა, ისიც დიდი საფრთხის ქვეშ. თან დრონები თავზე დაგვტრიალებდნენ, თან ყუმბარებს გვიყრიდნენ [სანგრებში], მაგრამ რა გვექნა, ვკვდებოდით. ვითიშებოდით ხალხი, ერთმანეთს ვერ ვეხმარებოდით და ძლივს გადავრჩით.
- ჩვეულებისამებრ მე არ ვეკითხები უკრაინაში მყოფ ჯარისკაცებს, თუ სად იმყოფებიან და სად მოხდა ესა თუ ის საბრძოლო ეპიზოდი. მაგრამ თქვენს შემთხვევაში, რადგან თქვენს მონაყოლს შეიძლება ჰქონდეს სერიოზული მნიშვნელობა, შეგეკითხებით, თუ სად მოხდა ქიმიური დაბომბვის ეს ფაქტი?- დონეცკში, დონეცკის მიმართულებაზე. ძალიან რთული მდგომარეობა გვაქვს... მე სივერსკის მიმართულებაზე ვიმყოფები, სადღაც ლუგანსკისა და დონეცკის საზღვარზე ვდგავართ.
...
- მე მანამდე არ მოვყოლივარ ქიმიური იერიშის ქვეშო, თქვით, მაგრამ, საერთოდ, მანამდე რუსეთ-უკრაინის ომის განმავლობაში რუსეთის მხრიდან ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტი თუ ყოფილა?- კი, კი! ადასტურებენ ბიჭები, რომ სხვა პოზიციებზე ყოფილა ადრე ხარკოვის მიმართულებაზე, დონეცკზე. ყველა მიმართულებაზე, სადაც ჩვენ თავდაცვას ვერაფერს ვერ უშვრებიან, გაზიან კაფსულებს ყრიან, რომ დავტოვოთ პოზიციები.
- როგორ ყრიან? მხოლოდ დრონებით, თუ არტილერიასაც იყენებენ?- არა, დრონებიდან ყრიან კაფსულებით... აირწინაღები გვქონდა და ამანაც ვერ გვიშველა. ეს აირწინაღებიც კიდევ ძველია, კომუნისტების პერიოდის. რა უნდა გიშველოს ასეთმა ერთჯერადმა აირწინაღებმა. მაგრამ თუნდაც უახლესი, საუკეთესო აირწინაღიც რომ გქონდეს, მაინც ვერ გიშველის, თუ ოდნავ მაინც ჩაისუნთქავ ამ საწამლავს. თანაც, ჩვენ მუდამ აირწინაღებით ხომ არ ვივლით?! რადგან არ იცი, როდის რა მოხდება. საკმარისია, ოდნავ ჩაისუნთქო ეს საწამლავი და მერე თუნდაც აირწინაღი გეკეთოს, უკვე არაფერი აღარ შველის.
...
შემდეგ უკვე FPV (First Person View ე.წ. პირველი პირის ხედვის კამიკაძე-დრონები - რედ.) დრონებით შემოგვიტიეს. სადღაც დაგვეცა 25, მინიმუმ 3-4 კილო პლასტიტი რომ მოჰქონდა, ისეთი დრონი. ერთს საერთოდ ჰექსოგენი მოჰქონდა, დავინახე, რომ ჩამოვარდა, სითხე იქნებოდა ორი ლიტრა. დაიღვარა, არ აფეთქდა. დილის 10-საათამდე კიდევ გვირტყეს და ბოლოს შტაბმა გადმოგვცა, დატოვეთო პოზიციები.
- თქვენი ქვედანაყოფიდან რამდენი ჯარისკაცი გამოვიდა მწყობრიდან?- ორი მოგვიკვდა, ოთხნი გადავრჩით, ამ ოთხიდან სამი ძლიერ დაჭრილია, მე - მოწამლული და კონტუზირებული.
- ორი ჯარისკაცი ქიმიური შეტევის შედეგად დაიღუპა?- არა, ჭურვით. როცა პოზიციებს ვტოვებდით, მაშინ.
- რას ამბობენ ექიმები? რა დიაგნოზი დაგისვეს?- თვითონაც არ იციან, თუ რა შხამია, რას გამოიწვევს და ხვალ-ზეგ რა იქნება.
- ახლა როგორ გრძნობთ თავს? რა გაწუხებთ? რას უჩივით?- აბსოლუტურად ყველაფერი, ფილტვიან-ღვიძლიან-კუჭიანად ყველაფერი.
- რამდენი დღეა, რაც ჰოსპიტალში ხართ?- 21-ში მომიყვანეს. 4-5 დღეა.
- ამჟამად რა ვითარებაა იმ პოზიციაზე, რომელსაც თქვენ იცავდით? დაიკავა მოწინააღმდეგემ?- „რუხი ზონაა“, იქ არც მოწინააღმდეგეა, რადგან კაციშვილი ვერ ჩერდება. იქ შხამი და საწამლავი კედლებშიც კია შესული და იქ უკვე ადამიანი ვერ გაჩერდება.
- აბა, რატომ სურს, რას აძლევს მოწინააღმდეგეს სივერსკის დაკავება სამხედრო თვალსაზრისით?- იმიტომ, რომ სლავიანსკზე შეტევის საშუალება ეძლევა.
- ბოლოს ორი სიტყვა თქვენზეც მითხარით. მთელი ცხოვრება ომში ვარო, მითხარით.- 1992 წლიდან სულ ომში ვარ. მთელი ჩემი ცხოვრება - ბავშვობა და ახალგაზრდობა - ომში გავატარე. წამების მეტი ცხოვრებაში კარგი არაფერი მინახავს, მთელი ჩემი ცხოვრება საქართველოში ვიბრძოლე, აქაც 2014-15 წლებში ვიბრძოლე, ახლა ომის დაწყების პირველი დღიდან აქ ვარ.
- ოჯახი გყავთ, ზაალ?- კი, ბატონო. შვილები და შვილიშვილებიც, საქართველოში.
- იციან თქვენი ამბავი? ჩვენგან ხომ არ გაიგებენ ამას პირველად?- კი, იციან, იციან.
- რას ეტყოდით თქვენს ოჯახს? ესმით თქვენს შვილებს და შვილიშვილებს, თუ რატომ არ ხართ მათთან ერთად და რატომ იბრძვით უცხო მიწაზე?-რა ვიცი, ჩემს ოჯახს ბოდიშს მოვუხდი, რომ გავაწვალე. ჩემს მშობლებს, პირველ რიგში, ყველა ჩემს შვილს. მათ ჩემგან არაფერი კარგი არ უნახავთ, სულ წვალება და სულ ჩემზე განცდა. მაგრამ რა ვქნა, ასეთი ყოფილა ჩემი ბედი. მე კიდე ბედს ვემორჩილები, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ღმერთი ხედავს ყველაფერს და შვილებიც გამიგებენ ჩემს მიზანს ცხოვრებაში - მე ვარ მებრძოლი, მე ვარ პატრიოტი და ვიბრძოლებ მანამ, სანამ ცოცხალი ვარ და სანამ შემეძლება.
რუსეთი უნდა დაინგრეს.