ოლეჰ ჰორბაჩოვი, უკრაინელი მოხალისე
დრონები: მწარმოებლიდან პირდაპირ სანგრებამდე
ამასწინ, ჩვენმა უმაღლესმა მთავარსარდალმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მზადაა გამოყოს 800 მილიონი დოლარი კონკრეტულად უკრაინის შეიარაღებული ძალების დრონებისთვის.
ეს საკმაოდ ღირებული დახმარება შეიძლება ომის მიმდინარეობის შესაცვლელად საკვანძო ფაქტორი აღმოჩნდეს. თუმცა, სხვა ტიპის იარაღს ფრონტის ხაზზე ისეთივე ეფექტურობა არ ექნება, როგორც დრონებს აქვთ.
თუმცაღა, უბრალოდ თანხების გამოყოფა ამ შემთხვევაში საკმარისი არ არის.
როგორც მოხალისემ, რომელმაც ათასობით დრონი გავაგზავნე ფრონტზე, მინდა თხოვნით და წინადადებით მივმართო აშშ-ს მთავრობას. აქვე გამოვთქვამ იმ სამხედროების აზრსაც, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო საჯაროდ ვერ აცხადებენ ამას.
დავიწყებ მთავარით - მივმართავთ აშშ-ს მთავრობას, გამოყოს აღნიშნული თანხები იმ პირობით, რომ შეიქმნება მექანიზმი, სადაც სამხედრო დანაყოფები თავად განსაზღვრავენ თუ რა ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები (დრონები) სჭირდებათ. ვინაიდან ეს წარმოადგენს ბრძოლის ველზე დრონების გამოყენების ეფექტურობის უმთავრეს ფაქტორს.
სამწუხაროდ, როგორც უკრაინის, ისე ნატოს ქვეყნების სამხედრო წარმოება იარაღს ჯერ კიდევ მოძველებული კრიტერიუმების მიხედვით განიხილავს - კალიბრი, წონა, ფრენის დიაპაზონი, გამოყენების პირობები. ამ დროს კი ცვლილებები ფრონტზე ძალიან სწრაფად ხდება და ყველაზე ეფექტური იარაღი არის არა ის, რომელიც შორს დაფრინავს ან ნაკლებს იწონის, არამედ ის, რომელიც ადაპტირებულია ომის რეალურ პირობებთან.
ის უპილოტო საფრენი აპარატები, რომლებიც ეფექტურად მუშაობდნენ ჯერ კიდევ „გუშინ“, შესაძლოა დღეს აღარ იყოს აქტუალური და უსარგებლო ჯართი გახდეს. მოწინავე ბრიგადებში დიდი ხანია ფუნქციონირებენ ტექნიკური ლაბორატორიები, სადაც ჯარისკაცები 24 საათის განმავლობაში ახორციელებენ უპილოტო თვითმფრინავების გადარჩილვას და მოძველებულ მოდულებს უფრო განახლებული მოდულებით ანაცვლებენ, უპილოტო საფრენ აპარატებზე აყენებენ პროგრამული უზრუნველყოფის ახალ ვერსიებს. და ეს ძირითადად იმ FPV დრონებს ჭირდებათ, რომლებიც სამხედრო ნაწილებში ხვდება სახელმწიფოს მიერ ცენტრალიზებული შესყიდვების გზით.
ასეთმა ვითარებამ შეიძლება გავლენა იქონიოს დანაყოფების საბრძოლო ეფექტურობაზე, რომ არა ის ფაქტი, რომ სახელმწიფოს მიერ ფრონტზე იმაზე ნაკლები დრონი იგზავნება, ვიდრე მოხალისეებისგან. საუკეთესო შემთხვევაში თანაფარდობა ტოლია - 50 50-ზე.
წამყვანი ადგილობრივი მოხალისეთა ფონდები კი უშუალოდ თანამშრომლობენ ბრიგადებთან და პასუხობენ მათ ყველაზე გადაუდებელ მოთხოვნებს. ისინი მწარმოებლებს ატყობინებენ თუ რა სპეციფიკაციების დრონებია საჭირო ფრონტზე, ასე რომ, დანაყოფები იღებენ ზუსტად იმას, რაც მათი საბრძოლო პირობებისთვისაა შესაფერისი.
ცოტა ხნის წინ ამუშავდა სპეციალური სამხედრო სისტემა "დელტა"-სგან კამიკაძე უპილოტო საფრენი აპარატების ეფექტურობის რანჟირება, სადაც ნათლად ჩანს, რომელი ქვედანაყოფის რომელი დრონი მოხვდა სამიზნეს. ეს სისტემა შეიძლება გახდეს პლატფორმა, რომლის საფუძველზეც სამხედრო შენაერთები აშშ-ს მთავრობის მიერ დაფინანსებულ დრონებს შეუკვეთავენ.
ასეთი მიდგომა მნიშვნელოვნად შეამცირებს კორუფციულ შემადგენელს, რადგან სამხედრო დანაყოფები შეძლებენ შუამავლების გარეშე აირჩიონ დრონები (ან თუნდაც მიმწოდებელი), რაც მათი ექსპერტული აზრით ყველაზე ეფექტური მეთოდია.
ხანდახან სამხედროებისთვის გაუგებარია დამკვიდრებული პრაქტიკა, თუ რატომ ყიდულობენ ოფიციალური პირები ასიათასობით დრონს ერთი კომპანიისგან და არა მეორისგან, სადაც პროდუქცია უფრო იაფი და მაღალი ხარისხისაა.
გარდა ამისა, თავდაცვის სამინისტროს მსგავს საოპერაციო საქმიანობას - ბიუროკრატიული პროცედურები, დასაწყობება, ლოჯისტიკა და ა.შ. - აგრერიგ ძვირფასი დრო მიაქვს.
ბევრი ჯარისკაცის აზრს გავაჟღერებ. მათ მიაჩნიათ, რომ ომის შეჩერება სწორედ დრონებს (უფრო ზუსტად კი მათ რაოდენობას, ხარისხს და გამოყენების ეფექტურ ტაქტიკას) შეუძლიათ.
თუ ბრძოლის ველზე მოხდება ყველა მოძრავი ობიექტის დაუყოვნებლივი განადგურდება უპილოტო საფრენი აპარატის მიერ, რუსეთი ვერ შეძლებს შეტევითი მოქმედებების განხორციელებას. რადგან მტრის სადაზვერვო „ფრთებიც“ დიდი ხანია ნადგურდებიან ჩვენი იაფი FPV დრონებით.
დრონების დიდი რაოდენობა და მაღალი ხარისხი შექმნის კილომეტრიან ზონას, სადაც შეუძლებელი იქნება აქტიური საომარი მოქმედებების წარმოება. ეს კი არის ზუსტად ის, რაც უკრაინას სჭირდება - დაზოგავს ქვეითებს და შეაჩერებს რუსული ჯარების წინსვლას.
უკრაინელი ხალხი არასოდეს დაივიწყებს ამერიკელი ხალხის და მთავრობის მხარდაჭერას რუსეთის შემოჭრის წინააღმდეგ ამ ეგზისტენციალურ ბრძოლაში.
მაგრამ ჩვენი საერთო ამოცანაა გავხადოთ ეს მძლავრი ამერიკული დახმარება რაც შეიძლება ეფექტური და გამჭვირვალე. ფრონტის უპილოტო სისტემებით უზრუნველყოფა „მწარმოებლიდან სანგრამდე“ სქემის მიხედვით საშუალებას მოგვცემს გამოვიყენოთ ამერიკული ფული მიზნობრივად - გამარჯვებისთვის და მეტი სიცოცხლის გადასარჩენად.
https://www.pravda.com.ua/eng/columns/2024/10/31/7482261/