ქართულმა ოცნებამ საარჩევნო ბანერებისთვის ფოტო მოიპარა
https://flangva.ge/2024/10/25/georgian-dream/
უკრაინისა და საქართველოს შემდარებელი ბანერები, საიდანაც ქართული ოცნება მშვიდობის დაპირებას გასცემს, საავტორო უფლების დარღვევითაა შექმნილი. ქართულმა ოცნებამ ფოტოგრაფს, რომელმაც უკრაინაში მომხდარი საზარელი ომის კადრი აღბეჭდა, ფოტო ულიცენზიოდ “მოპარა” და საარჩევნო მიზნებით გამოიყენა.
26 ოქტომბერს თბილისისა და რეგიონის ქუჩები მმართველი პარტიის საარჩევნო ბანერებით აჭრელდა. “არა ომს! აირჩიე მშვიდობა!” მთავარ დევიზად იქცა, რომელსაც ცენტრალური ადგილი უჭირვას მმართველი პარტიის კამპანიაში – სოციალური და ეკონომიკური საკითხების ნაცვლად. საარჩევნო ბანერები უკრაინაში ომით გამოწვეული ნგრევის ფოტოების ტირაჟირებას ახდენს, რომელსაც პარტია ქვეყნაში არსებულ “მშვიდობას” ადარებს. ასეთია მაგალითად ბანერი, რომლის ერთ მხარეს უკრაინაში ომის დროს დანგრეული კათედრალია გამოსახული.
ფოტოს ავტორი ლევ რადინია, რომელმაც “ფლანგვის დეტექტორისგან” შეიტყო, რომ ქართულმა ოცნებამ ნამუშევარი მისი ნებართვის გარეშე გამოიყენა. ლევ რადინის ფოტოები ვრცელდებოდა და დღესაც ვრცელდა კომპანია Alamy-ს მიერ. კომპანიის ვებსაიტი, საიდანაც ფოტოს გამოყენების ლიცენზიის მოპოვებაა შესაძლებელი, ცალსახად აღნიშნავს, რომ ფოტოს გამოყენება მხოლოდ სარედაქციო მიზნებისთვისაა ნებადართული.
ფოტოგრაფმა “ფლანგვის დეტექტორს” განუცხადა, რომ მას სააგენტო ალამი დაუკავშირდა ხსენებული ფოტოს გამოყენების ნებართვისთვის, რაზეც მან მკაცრი უარი განაცხადა: “ .. მე კატეგორიული უარი განვაცხადე – გვითხრა ლევ რადინმა – მიუხედავად ამისა, მათ ფოტო მაინც გამოიყენეს, თუმცა არალეგალურად. ეს სამარცხვინოა. მე არასდროს დავუჭერ მხარს პარტია ქართულ ოცნებას”.
მიუხედავად ამისა, ქართულმა ოცნებამ ფოტოგრაფის ნამუშევარი საავტორო უფლების დარღვევით და მისი ნებართვის გარეშე, საკუთარ კამპანიაში მაინც გამოიყენა. საქართველოს საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონის თანახმად, აღნიშნული ქმედება კანონდარღვევაა, რა დროსაც კანონით გათვალისწინებული უფლებების ხელყოფა მოხდა (მუხლი, 17-18).
“ფლანგვის დეტექტორმა” კითხვებით კომპანია “ალამსა” ისე სააგენტო, “Sipa US”-საც მიმართა, რომლის ფოტოგრაფიცაა ლევ რადინი. ჯერ-ჯერობით ამ კითხვებზე პასუხი არ მიგვიღია. უშედეგო იყო ქართული ოცნების პრესსამსახურთან დაკავშირების მცდელობაც.
ფაქტის საჯარო კომენტირებისგან თავი არ შეუკავებია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს: “უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს და მიუღებლად მიიჩნევს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დაუნდობელი ომის საშინელი შედეგების, ათასობით უდანაშაულო ადამიანის ტანჯვისა და სისხლის, საეკლესიო სიწმინდეების და კაცობრიობის კულტურული ფასეულობების განადგურების სურათების პოლიტიკურ რეკლამაში გამოყენებას… მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მმართველ პარტიას „ქართულ ოცნებას“ და ყველა დაინტერესებულ მხარეს, თავი შეიკავონ აგრესიული ომის თემის გამოყენებისაგან უკრაინისა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ საქართველოში შიდა პოლიტიკურ ბრძოლაში.” – ნათქვამი იყო განცხადებაში.
საინტერესოა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ 2022 წელს ქართულ ინტერნეტსივრცეში არსებული ორი ვებ.გვერდი, adjaranet და iMovies გათიშა. მიზეზად ის დასახელდა, რომ აღნიშნული ვებგევრდები კინო და სატელევიზიო პროდუქციას არალეგალურად, საავტორო უფლებების დარღვევით მოიპოვებდნენ და განათავსებდნენ. მოგვიანებით, ვებგვერდების მუშაობა აღგდა, თუმცა 2023 წელს ვებგვერდები ისევ გათიშეს. ამ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს ანტიმეკობრული ცენტრის ხელმძღვანელმა, ზურაბ ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ “პირატულ გვერდებთან ბრძოლის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა.” Adjaranet და iMovies ერთ წელზე მეტია აღარ ფუნქციონირებს.
ფაქტია, რომ “ქართული ოცნება” ერთი მხრივ, კრძალავს ქვეყანაში პირატული საიტების არსებობას, რომლებიც კინო და სატელევიზიო პროგრამებს საავტორო უფლებების დარღვევით მოიპოვებენ, მეორე მხრივ, კი წინასაარჩევნო კამპანიისთვის თვითონაც არალეგალური გზებითა და საავტორო უფლებების უხეში დარღვევით მოპოვებულ სურათებს იყენებს.
რუსეთი უნდა დაინგრეს.