https://www.rtl.nl/nieuws/buitenland/artike...eorgische-droomWaarom de Georgische verkiezingen belangrijk zijn voor zowel Europa als Rusland
რატომ არის მნიშვნელოვანი საქართველოს არჩევნები როგორც ევროპის, ისე რუსეთისთვის.
ათასობით პროევროპელი ოპოზიციის მხარდამჭერი საქართველოში დღეს საღამოს არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად გამოვიდა. ოფიციალური მონაცემებით, ამჟამინდელმა ევროსკეპტიკურმა მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 54 პროცენტი მიიღო; პროევროპული საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ შედეგი გაყალბებულია. ამბობენ, რომ რუსეთმა არჩევნებზე გავლენა მოახდინა; ევროკავშირის საბჭო კი მოითხოვს გამოძიებას. რა ხდის საქართველოს ასე მნიშვნელოვანს როგორც ევროპის, ისე რუსეთისთვის?
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ (GD) არ ეკუთვნის, საქართველოს მოსახლეობას მოუწოდა, რომ დღეს საღამოს არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად გამოსულიყვნენ. მისი თქმით, არჩევნები უსამართლოდ ჩატარდა. "ეს იყო სრული მანიპულაცია, თქვენი ხმების სრული მოპარვა," — განაცხადა პრეზიდენტმა.
ზურაბიშვილის თქმით, ადგილი ჰქონდა „რუსეთის სპეციალურ ოპერაციას“, რითაც ის რუსეთის ჩარევას გულისხმობს არჩევნებში. რუსეთი ამ ბრალდებებს უარყოფს.
ამჟამად პარლამენტის შენობასთან ათასობით პროევროპელი ამომრჩეველი შეიკრიბა საპროტესტოდ.
საქართველოს მრავალი წლის განმავლობაში ევროპისკენ ჰქონდა გეზი აღებული, მაგრამ „ქართული ოცნების“ მორიგმა გამარჯვებამ შესაძლოა ეს მიმართულება შეცვალოს. ბოლო წლებში პარტია სულ უფრო მეტად ევროსკეპტიკური გახდა და რუსეთისკენ იხრება.
მშვიდი ქუჩები
ბევრი ადამიანისთვის ეს არჩევნები სიმბოლური იყო უფრო დიდ მნიშვნელობაზე. „თვეების განმავლობაში ხალხი ამბობდა: 'ეს ის დღეა, როცა ჩვენი მომავალი გაირკვევა,'“ — ამბობს ჰოლანდიელი ჟურნალისტი გატულ ქათავაზი საქართველოს დედაქალაქიდან, თბილისიდან. "მაგრამ ახლა ჩანს, რომ ეს ასე არ არის. როგორ იქნება საქართველოს მომავალი, ამას მომდევნო დღეები გამოაჩენს."
არჩევნების შემდეგი დღეს ქუჩები მშვიდი იყო, ამბობს ქათავაზი. "„ქართული ოცნების“ წინააღმდეგები გაბრაზებულები და დამწუხრებულები იყვნენ. მაგრამ ასევე ჩუმად იყვნენ მათი მხარდამჭერებიც. ყველას თითქოს მოლოდინი აქვს, თუ რა მოხდება დღეს საღამოს და მომდევნო დღეებში."
ქათავაზი ვარაუდობს, რომ საღამოს მშვიდი აღარ იქნება. "ქართველები ქუჩაში ბევრად ნაკლები მიზეზითაც გამოდიან. ბევრი ადამიანი, ვისაც ვესაუბრე, ამბობდა, რომ თუ „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებდა, ისინი დაუყოვნებლივ გავიდოდნენ საპროტესტოდ. „მაშინ ეს დაიწყება,“— ამბობდნენ ისინი. „მაშინ ვიბრძოლებ ჩვენი ევროპული მომავლისთვის.'“
„მყიფე დემოკრატია“
პრეზიდენტი ზურაბიშვილი აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ სინამდვილეში ხმების 40 პროცენტი უნდა მიეღო, ნაცვლად 54-პროცენტიანი აბსოლუტური უმრავლესობისა.რაზე აფუძნებს ზურაბიშვილი ამ განცხადებას, ზუსტად არ არის ცნობილი, თუმცა ადრინდელი ეგზიტპოლებით „ქართული ოცნების“ (GD) შედეგი გაცილებით დაბალი იყო.
საერთაშორისო არჩევნების დამკვირვებლებმა, როგორიცაა ეუთო ევროპის ქვეყნებიდან, დააფიქსირეს, რომ რამდენიმე საარჩევნო უბანზე ინციდენტები მოხდა. ადამიანებს „სისტემატურად“ ახდენდნენ ზეწოლას, ართმევდნენ ქრთამს ან აძლევდნენ მრავალჯერ ხმის მიცემის საშუალებას. „თუმცა, ეუთო არ აკეთებს საბოლოო დასკვნას იმის შესახებ, მოპარულია თუ არა არჩევნები,“ — ამბობს ქათავაზი. „ახლა სწორედ ეს არის კითხვა: რამდენად იმოქმედა ამ ინციდენტებმა შედეგზე?“
„ქართული ოცნების“ ლიდერმა განაცხადა, რომ გამარჯვების შემთხვევაში ოპოზიციის წევრებს პარლამენტიდან გაუშვებს. კრიტიკოსების აზრით, ეს ქვეყნის სულ რაღაც 30-წლიანი დემოკრატიისთვის საშიშროებას წარმოადგენს.
ევროპის საბჭომ და შეერთებულმა შტატებმა საქართველოს საარჩევნო ორგანოებს მოუწოდეს, შედეგებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყონ. „საოცარია აქედან ახლოს ნახვა, თუ რამდენად მყიფე შეიძლება იყოს დემოკრატია,“ — ამბობს ქათავაზი. „ნიდერლანდებში ამას თითქმის თავისთავად მივიღებთ.“
ჭკვიანი კამპანია
მათთვისაც კი, ვისაც 40 პროცენტი მიაჩნია მაღალ შედეგად ევროცენტრისტული პარტიისთვის, ეს მაინც ბევრია, რადგან ქვეყანაში 80 პროცენტზე მეტი ქართველი გამოკითხვის თანახმად, ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა — ამბობს „ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევა.
ქათავაზის აზრით, ეს განპირობებულია „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული ჭკვიანი კამპანიით. „პირველ რიგში, პარტია საჯაროდ აცხადებს, რომ პროევროპელია, თუმცა მათი ქმედებებიდან ეს არ ჩანს.“ წლეულს მთავრობამ მიიღო კანონი, რომელიც არ შეესაბამება ევროპულ ღირებულებებს, როგორიცაა ანტი-ლგბტქ+ კანონი და ე.წ. „რუსული კანონი“. ეს კანონი ზღუდავს ორგანიზაციებს, რომელთა დაფინანსებაც 20 პროცენტზე მეტით უცხოეთიდან მოდის. თუმცა, კრიტიკოსები შიშობენ, რომ ეს განსაკუთრებით ადამიანთა უფლებების დამცველ ორგანიზაციებსა და მედიას შეეხებათ, და რომ მთავრობას სურს ამ გზით ჩაახშოს კრიტიკოსები.
გარდა ამისა, „ქართულმა ოცნებამ“ თავი წარმოაჩინა როგორც „მშვიდობის პარტია“. „ქართული ოცნების“ თქმით, ოპოზიცია კრემლის მიმართ ზედმეტად კრიტიკულია, რაც რუსეთთან ომის რისკს ზრდის,“ — ამბობს ქათავაზი. „ეს გზავნილი ადამიანებისთვის მიმზიდველია, რადგან ომის მოგონებები ჯერ კიდევ ცოცხალია.“
2008 წელს რუსეთი საქართველოში შეიჭრა, ხოლო პუტინი ამჟამად აკონტროლებს ქვეყნის საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული ტერიტორიის დაახლოებით 20 პროცენტს.
ამიტომ ბევრი ქართველი რუსეთს უარყოფითად უყურებს. „ეს მართლაც აბსურდული მდგომარეობაა,“ — ამბობს კორესპონდენტი ოლაფ კუნსი. „გაქვს ქვეყანა, რომლის მოსახლეობა აღარ სურს რაიმე კავშირი რუსეთთან, თუმცა მმართველი პარტიები სრულიად საპირისპიროს აკეთებენ — ცდილობენ რუსეთთან კარგი ურთიერთობის დამყარებას.“
საქართველო, როგორც „უკანა ეზო“
კუნსის აზრით, „მეტად ლოგიკურია“, რომ საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობა წარმოიქმნას რუსეთისა და ევროპის ინტერესებს შორის, რადგან ორივესთვის საქართველო მნიშვნელოვანი ქვეყანაა. „ორივესთვის ეს ქვეყანა მათი 'უკანა ეზოა'. საქართველო რეგიონში ერთგვარ საკვანძო წერტილად ითვლება.“
საქართველოზე გადის მნიშვნელოვანი გაზის მარშრუტი ევროპისკენ, აზერბაიჯანიდან. ასევე, ქვეყანა წარმოადგენს სავაჭრო მარშრუტს აზიასა და ევროპას შორის. ქათავაზი აღნიშნავს: „განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ევროპამ რუსულ გაზზე უარი თქვა და რუსეთთან ვაჭრობის შეზღუდვები დააწესა, საქართველო ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდა.“
ამ ყველაფერში ასევე ევროპისთვის რეპუტაციის საკითხიც დევს, ამბობს ქათავაზი. საქართველომ საუკუნის დასაწყისიდანვე დასავლეთთან დაახლოება დაიწყო. „თითქმის ყველა სამთავრობო შენობაზე ევროპის კავშირის დროშა ფრიალებს, როგორც დედაქალაქში, ისე პატარა სოფლებში. ქუჩებში ნახავთ გრაფიტს, რომელიც ევროპას უკავშირდება, და ზოგიერთ ქუჩას ევროკავშირის მიმართვა ეწოდება, მაგალითად, „ევროპის მოედანი,“ — ამბობს ის. „ის ფაქტი, რომ სწორედ ისეთი ქვეყანა, როგორიც საქართველოა, ახლა თითქოს ევროპას თვალს არიდებს, შეიძლება აღქმულ იქნას, თითქოს ევროკავშირი გლობალურ არენაზე ბრძოლას აგებს.“
პუტინისთვის საქართველოს ასევე სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, ამბობს კუნსი. „ეს იყო პირველი ქვეყანა ყოფილი საბჭოთა კავშირიდან, რომელმაც ღიად თქვა უარი რუსეთზე. 2003 წლის რევოლუციის დროს მოსახლეობა აცხადებდა: ‘ჩვენ აღარ გვინდა რაიმე კავშირი რუსეთთან, მეტი დემოკრატია გვინდა’. ეს პუტინისთვის დიდი დარტყმა იყო.“
რუსეთმა საქართველო ამის გამო 2008 წელს დაასაჯა, როცა შეიჭრა. „მაგრამ საინტერესო ის არის, რომ მიუხედავად ამ სასჯელისა, საქართველომ შეძლო დემოკრატიისა და კორუფციასთან ბრძოლის წარმატებული ექსპერიმენტის განხორციელება,“ — ამბობს კუნსი. ეს იმითაც აიხსნება, რომ ქართველებს კარგად აქვთ გააზრებული, როგორი ქვეყანაა მათთვის სასურველი. ბევრ ყოფილ საბჭოთა ქვეყანაში ხალხი არ ბედავს ამის გამოხატვას, თუმცა საქართველოში ადამიანები ქუჩაში გამოდიან, როცა რაიმე აწუხებთ. ალბათ სწორედ ეს იქნება ის, რაც დღეს საღამოს მოხდება.“ (თარგმანი:გუგული დეიდა)