დავით ქართველიშვილი – შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი ჯერჯერობით არ იცვლება
https://geo-first.com/davit-qartvelisvili-s...rW2Z-wYYUz7LRPAრუსეთ-საქართველოს ურთიერთობების „აქილევსის ქუსლი“ რა თქმა უნდა – სოხუმი და ცხინვალია. რუსეთის პოლიტიკურ წრეებში ეს მიმართულება წლებია ებარა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილ მოადგილე დიმიტრი კოზაკს, რომლის სახელი დიდი ხანია „იდუმალებითაა“ მოცული. ორი თვის წინ მისი მოულოდნელი გაუჩინარება საზოგადოებრივი პოლიტიკიდან და მისი მხრიდან კრემლის „ზურგში დანის ჩარტყმის“ შესახებ ჭორები, რუსეთის პოლიტისტებლიშმენტის ელიტურ ჯგუფებს შორის კონფლიქტზე მიანიშნებს. აქ კი ყველაზე თვალსაჩინო კონტრასტი კოზაკსა და სერგეი კირიენკოს (პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე) შორისაა. ისინი განასახიერებენ მმართველობის ორ მოდელს, რომლებიც მუდმივად განსაზღვრავდნენ მოსკოვის მიდგომას საქართველოს სეპარატისტული რეგიონების მიმართ.
ამ თვალსაზრისით, შეიძლება ვისაუბროთ „კოზაკის ერას“ დასასრულზე, რომლის უკან იყო: „დამოუკიდებელი“ სუბიექტების მიმართ სიხისტე და მკაცრი კონტროლის პოლიტიკა. დიმიტრი კოზაკი, რომელიც ზედამხედველობდა არაღიარებულ ტერიტორიებთან ურთიერთქმედებას, აფხაზეთსა და ე.წ. „სამხრეთ ოსეთს“, ძირითადად, რისკის ზონებად მიიჩნევდა და მისი მიდგომა სამ პრინციპს ეფუძნებოდა: 1) ადგილობრივი ელიტების ავტონომიის მინიმიზაცია; 2) ფინანსური ინიექციების მინიმიზაცია და 3) ყველა ინფრასტრუქტურული ინიციატივის მკაცრი შემოწმება.
კოზაკის პერიოდის კურირების დროს, ყველაზე მნიშვნელოვანი ყურადღება არა ამ ტერიტორიების განვითარებას, არამედ მათი მმართველობის სტილს ენიჭებოდა. „კოზაკის ერას“ დროს აფხაზეთი მუდმივად აწყდებოდა: ენერგომომარაგების ქრონიკულ შეფერხებებს, რუსეთის ბიუჯეტიდან სუბსიდიების დეფიციტს, თანხების სათანადო გამოყენების მუდმივ აუდიტსა და შემოწმებას. მოსკოვი ამას სოხუმში კორუფციას მიაწერდა, თუმცა აფხაზური წყაროები ამაში თბილისისკენ ხავერდოვანი „მიჩოჩების“ საფრთხეებსაც ხედავდნენ.
ამას რა თქმა უნდა, კონსპიროლოგიური ვერსიებიც მოჰყვა: ექსპერტულ წრეებში გავრცელებული ერთ-ერთი თეორიის თანახმად, კოზაკმა განზრახ შეზღუდა აფხაზეთისთვის სასიცოცხლო რესურსების მიწოდება, რათა:
ხელი შეეშალა პრორუსული რეგიონული კლანების გაძლიერებისთვის, ხელი შეეშალა დამოუკიდებელი „ბარონების“ გაჩენისთვის, ხელი შეეშალა აფხაზეთის ჯარისა და სპეცსამსახურებისთვის გადაჭარბებული გავლენის მოპოვებისთვის.
ყოველივე ეს ჩაანაცვლა „კირიენკოს ერამ“ და მისი „რბილი ინტეგრაციის“ სტრატეგიამ. კოზაკის წასვლის შემდეგ, სოხუმსა და ცხინვალზე ზედამხედველობა მთლიანად სერგეი კირიენკოს ორბიტაზე გადავიდა და კრემლის მმართველობის სტილიც მყისიერად შეიცვალა. კირიენკოს პოლიტიკა აფხაზეთის მიმართ შესამჩნევად შერბილდა და დემონსტრაციულად მეგობრულიც კი გახდა. განახლებული პოლიტიკის მკვეთრი მაგალითებია:
სოხუმის აეროპორტის ფუნქციონირება, ბიუჯეტის გაზრდა, სოციალური პროგრამების გაფართოება, უსაფრთხოების ძალების თანამშრომელმა ხელფასების გაზრდა, ენერგეტიკული პრობლემების მოგვარება, ტურიზმის პროექტებსა და ინფრასტრუქტურის აღდგენაში ინვესტიციები.
ის, რაც „კოზაკის დროს აბსოლუტურად შეუძლებელი“ იყო, კირიენკოს დროს პოლიტიკურ ნორმად იქცა. აქაც შევეხოთ შეთქმულების თეორიებს – ექსპერტებს შორის ფართოდ არის გავრცელებული მოსაზრება, რომ კირიენკო აფხაზეთს საპილოტე პროექტად იყენებს: სათავისოდ „ლოიალური მენეჯმენტის ელიტების“ შესაქმნელად,
ტექნოლოგიური ექსპერიმენტებისთვის (ელექტრონული მმართველობა, სკოლების ახალი ტიპები), იმის დემონსტრირებისთვის, რომ კრემლს შეუძლია „პოზიტიური განვითარების რეჟიმების“ ჩართვა და არა მხოლოდ ძალისმიერი კონტროლი.
კირიენკო დიდი ხანია კრემლის იდეოლოგიური ვერტიკალის არქიტექტორად მიიჩნევა – ფაქტობრივად რუსეთის „ზურაბ ადეიშვილია“, ოღონდ გაცილებით ფართო მასშტაბის. მისი ხელით კოზაკის გადაყენება შესაძლოა ძალოვან სტრუქტურასა და ტექნოკრატიულს შორის ბრძოლის ნაწილი ყოფილიყო. კირიენკოს შესაძლოა მოეჩვენა, რომ კოზაკის მოდელი ხელს უშლის ინტეგრაციას და ზოგადად, სამხრეთის ფლანგზე პრობლემებს ქმნის.
გარდა ამისა, კოზაკი მიიჩნეოდა იმ პიროვნებად, რომლის მეშვეობითაც ევროპასთან ხორციელდებოდა „დახვეწილი“ კონტაქტები, მათ შორის უკრაინის საკითხთან დაკავშირებით – 2022 წლამდე. კრემლის კურსის მკვეთრი შეცვლის შემდეგ, ეს როლი არა მხოლოდ მეორეხარისხოვანი, არამედ კრემლისთვის ტოქსიკურიც გახდა – ის არასწორ პარადიგმაში აღმოჩნდა. ამიტომაც – კოზაკი მოიშორეს. ასეა თუ ისე, კირიენკოს მიდგომები საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მიმართ ამ ეტაპზე, საკითხის გადახედვის ისედაც ილუზორული პერსპექტივების თვალსაზრისით – ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნება.