ჯერ კიდევ 2010 წლის საპარლამენტო საშემოდგომო სესიაზე, როდესაც სააკაშვილის „ჯიბის დეპუტატები“ კენჭს უყრიდნენ კონსტიტუციის 78-ე მუხლის ტექსტს, ევროატლანტიკურ ინტეგრაციას გეოპოლიტიკურ წარმოსახვებში გარკვეული აზრი ჰქონდა. 15 წლის შემდეგ ქვეყანა ამ მუხლის მძევალი აღმოჩნდა, როდესაც აღარც NATO გაფართოვდება და არც ევროსაბჭოთა კავშირში არაფერი გვესაქმება. და ვიდრე ამ იურიდიულად გაფორმებულ ტყვეობაში ვართ, მანამ გააჟღერებს კრემლი თავის მოსაბეზრებელ „მანტრას“ სოხუმისა და ცხინვალის „მარადიული დამოუკიდებლობის“ თაობაზე.
ამ ვითარებაზე გავლენის შესაძლო მოხდენაზე და ტექნიკურ გზებზე არაერთგზის გვისაუბრია: ამ მუხლის გასაუქმებლად აუცილებელი საპარლამენტო უმრავლესობის მოლოდინში, რეფერენდუმზე ხალხის აზრის პოზიციის გამოტანა აუცილებელია. პოლიტიკურ ჰორიზონტზე გაჩნდა პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“, რომელიც ამ მოსაზრებას ქვეყნისთვის ნეიტრალიტეტის და ბლოკგარეშე სტატუსის აუცილებლობითაც ამაგრებს.
ჩვენგან რა მიდის, და ამ თეორიულ შესაძლებლობას მივცეთ მოდელირების სახე − რა შეიძლება შეიცვალოს, თუ რუსეთის ფედერაცია (ჩინეთის ან აშშ-ს მოქმედი ადმინისტრაციის ზემოქმედების ქვეშ) გადახედავს საკუთარ პოზიციას − რა მოხდება მაშინ? ასეთ შემთხვევაში შესაძლებლობათა ფანჯარა მართლაც ჩნდება − მაგრამ არა „კიურასაოს მოდელის“ სახით (დე იურე ნიდერლანდების შემადგენლობაში შემავალი პროვინცია, „დამოუკიდებლობის“ ელემენტებით), არამედ ჰიბრიდული, მრავალდონიანი კონსტრუქციის ფორმით. რა შეიცვლება პრინციპულად, თუ რუსეთი შეწყვეტს საკუთარი „სტატუსური“ გადაწყვეტილების ბლოკირებას − მაშინ ერთდროულად იცვლება სამი ძირითადი ფაქტორი:
სამხედრო ფაქტორი: რუსული ჯარების გაყვანა, ან დროებით მათი შესვლა საერთაშორისო სამშვიდობო ან სადამკვირვებლო ფორმატში. ამით ქრება სოხუმისა და ცხინვალის მთავარი არგუმენტი − „რუსეთის გარეშე ჩვენ დაგვხოცავენ“;
იურიდიული სივრცე: რუსეთმა შეიძლება გაყინოს ან გადახედოს საკუთარ აღიარებას; შეთანხმდეს ფორმულაზე „განსაკუთრებული სტატუსი საქართველოს შემადგენლობაში“; დააფიქსიროს ეს საერთაშორისო შეთანხმებებში;
ელიტების ფსიქოლოგია: ადგილობრივი ელიტები სწრაფად მოერგებიან ახალ ჩარჩოს ელემენტარული თვითგადარჩენის პრინციპიდან გამომდინარე, როგორც ეს მრავალ პოსტკონფლიქტურ ზონაში მოხდა.
უკრაინული კონფლიქტის დასასრულის შედეგებიდან გამომდინარე − ვინ და რატომ შეიძლება მოახდინოს ზემოქმედება რუსეთზე საქართველოს მიმართულებით. განვიხილოთ ჩინეთის ფაქტორი, რომელიც არ არის დაინტერესებული საკუთარ შორს მიმავალ გეოეკონომიკურ პროექტებში კვაზი-სახელმწიფოების არსებობით.
ის დაინტერესებულია:
ტრანზიტით, სტაბილურობით, ერთიანი იურისდიქციით, პროგნოზირებადი გადასახადებითა და პორტებით. პეკინისთვის „აფხაზეთი ერთიანი სისტემის მიღმა“ − მინუსია, ხოლო აფხაზეთი საქართველოს იურისდიქციის ქვეშ − პლუსია.
რუსეთზე ამ სავარაუდო ზემოქმედებაში, შეერთებული შტატების მოქმედი ადმინისტრაციის მოტივაცია განსხვავებულია: „გაყინული კონფლიქტების“ განბლოკვა და მშვიდობისმყოფელის მანტიის გაფართოება, რუსეთის გავლენის ზონის შემცირება, პოლიტიკური შედეგის დაფიქსირება საქართველოს NATO-ში მიღების გარეშე. ვაშინგტონისთვის თუნდაც „ცუდი, მაგრამ ავტონომიური მშვიდობა“ უკეთესია, ვიდრე „წარმატებული“ უსასრულო კონფლიქტი. ამ მიდგომით შესაძლებელია მივაღწიოთ ფორმულას (პირობითი სახელწოდებით) „კიურასაო+“ − რომელიც გაითვალისწინებს: სოხუმსა და ცხინვალისთვის „ავტონომიური სახელმწიფოების“ სამართლებრივ სტატუსს საქართველოს შემადგენლობაში − მისგან გასვლის უფლების გარეშე; საკუთარი კონსტიტუციით; სუვერენიტეტით; საგარეო პოლიტიკის თბილისზე დელეგირებით; თავდაცვის საკითხებში − თბილისი + საერთაშორისო გარანტიები.
უსაფრთხოების სფერო საწყის ეტაპზე უზრუნველყოფილი იქნება საერთაშორისო სამშვიდობო კონტინგენტით, საქართველოს მიერ გამოცხადებული ნეიტრალური (ბლოკგარეშე) სტატუსის გათვალისწინებით − მკაცრად გაწერილი დემილიტარიზაციით.
რა თქმა უნდა, აუცილებელი იქნება გარანტიები, რომელთა გარეშე ეს სქემა არ იმუშავებს:
ხელშეკრულება, რატიფიცირებული რუსეთის, აშშ-ის და ჩინეთის მიერ;
ენობრივი და კულტურული „რკინაბეტონის“ გარანტიები;
საგადასახადო და ეკონომიკური ავტონომიური რეჟიმი;
არსებული სტატუსის გადახედვის აკრძალვა მინიმუმ 50 წლით („ჰონკონგის ფორმულა“);
საერთაშორისო არბიტრაჟის შესაძლებლობები − და არა ქართული შიდა სასამართლოები;
საჭიროების შემთხვევაში − საერთაშორისო სპორტულ ფედერაციებში დამოუკიდებელი გაერთიანება.
საქართველოსთვის ეს ფორმატი ტერიტორიული მთლიანობის ფორმალური აღდგენის, იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ სახლებში ეტაპობრივად დაბრუნების, „უსასრულო ომის“ დასრულებისა და სანაპირო ზოლის ეკონომიკურ შესაძლებლობებთან წვდომის ტოლფასი იქნება.
რუსეთისთვის ეს იქნება გამოსვლა ფინანსურად და პოლიტიკურად წაგებიანი ჩიხიდან. არსებული „ექვსიანი კოზირების“ გაცვლა უფრო მნიშვნელოვან, მოგებიან გეოპოლიტიკურ მიმართულებებზე და განსაკუთრებით უკრაინის კონფლიქტის დასრულების კვალობაზე − „სახის შენარჩუნება“ საერთაშორისო გარანტიების ხარჯზე.
ჩინეთისთვის ეს ნიშნავს ერთიან, მშვიდობიან კავკასიას, ინფრასტრუქტურას „შავი ხვრელების“ გარეშე, დერეფნებს − სანქციურ რისკ-ფაქტორებს მიღმა. აშშ-სთვის ერთიანი საქართველო − რეგიონში რუსეთის სამხედრო ყოფნის შემცირებასთან ასოცირდება ახალი მილიტარიზებული ვალდებულებების გარეშე.
რა თქმა უნდა, „ვარდისფერი სათვალის“ ეფექტის გათვალისწინებით, ეს ფანტასტიკური და თეორიული სცენარი მოიცავს რეალურ რისკსა და საფრთხეებს: შიდა საბოტაჟი, ულტრანაციონალური მაქსიმალიზმი და პოპულიზმი, როგორც თბილისში − ასევე სოხუმსა და ცხინვალში.
ჩვენი ხალხების მანკიერი თავისებურებების კარგად ნაცნობ ელემენტებს რა გამოასწორებს, ამიტომ მკაცრად თავსმოხვეული საერთაშორისო არქიტექტურის გარეშე − არაფერი გამოვა. თუ საქართველომ გადადგა აუცილებელი ნაბიჯები (რეფერენდუმი, ნეიტრალიტეტისკენ მისწრაფება), ხოლო თუ რუსეთმა გარე ზემოქმედების ქვეშ შეცვალა პოზიცია − „კიურასაოს ტიპის“ სტატუსი ხდება შესაძლებელი, როგორც დიდი საერთაშორისო გარიგების ნაწილი − მაგრამ მხოლოდ, როგორც იძულებითი კომპრომისი, და არა როგორც „სასიყვარულო შერიგების“ აქტი.
https://geo-first.com/davit-qartvelisvili-a...uBuzquVz_Lhz26g