ისე ცნობისთვის გახარიამ ჩაშალა ერთიანი სია, ზემოდან გირჩევმა და ცოტა ლელომაც.
ზუსტად ვიცი რასაც ვამბობ.
ცხოვრება ამათი პარლამენტში შესვლით არ მორჩება. მაგრამ ცხოვრება ჯალალ-ედ-დინის და მონღოლების მერეც არ მორჩენილა.
ამათ არ აქვთ არანაირი შიდა და გარე ლეგიტიმაცია და ნებისმიერ "ნაღმზე" შეიძლება აფეთქდნენ. მეორე მხრივ შეიძლება ჩრდილო კორეასავით ვიყოთ - სუვერენული და არავისზე დამოკიდებული ამაყი ხალხი. ღირსებით. ათწლეულები. სხვათაშორის ისინი იმდენად "დამოუკიდებლები" არიან, რომ საერთოდ საკუთარი კალენდარი აქვთ - ჩუჩხე. ახლა მანდ არის 113 წელი ჩუჩხეს კალენდარით.
მე რამე ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ვხედავ. ახლა კი არა, "გავიმარჯვებთ სახელოვნად" რომ დასჭექავდნენ ხოლმე ამაყად და გოროზად, მაშინაც არ მიკადრია ყალბი ოპტიმიზმით ვინმეს მოტყუება.
ერთადერთი, მსოფლიო პოლიტიკა და ისტორია ძალიან ხშირად შემთხვევებზე დგას. სრულიად უმნიშვნელო ამბებზე, რომლებსაც მოულოდნელი შედეგები აქვთ. ტყუილად არ თქვა ბრიტანეთის პრემიერმა, ჰარალდ მაკმილანმა, როდესაც ჰკითხეს ყველაზე მეტად რისი გეშინიათო - მოვლენების, ჩემო მეგობარო, მოვლენების (Events my dear boy, events).
ჰო-და, როდესაც საკუთარი გაუმაძღრობით, ხელისუფლების არდათმობით, კორუფციით, ნეპოტიზმით და უსამართლობით წინასარევოლუციო სიტუაციას შექმნით, მერე ნუ გაგიკვირდებათ ნურაფერი.
საფრანგეთის რევოლუცია არავის მოუწყვია გარედან. მათ დედოფალს რომ არ დაეყრანტალებინა, ხალხს თუ პური არ აქვს, მერე რა, ადგნენ და ფუნთუშები ჭამონო, შეიძლება არაფერი მომხდარიყო. მაგრამ ასე იცის, როდესაც ხელისუფლებაში ხარ და შორს ხარ ხალხის პრობლემებისგან.
მუამარ კადაფი ლიბიაში საერთოდაც ტუნისში მომხდარმა უსამართლობამ მიიყვანა ერთ ადგილას გარჭობილ არმატურამდე. ვინ იფიქრებდა?!
როდესაც ფიჩხი გამზადებულია, იქვე ბენზინია მისხმული და გვერდით ასანთით თამაშობენ, ცეცხლი აუცილებლად გაჩნდება.
არჩევნები და დემოკრატია იმიტომაა კარგი, რომ ხალხს ეძლევა პერიოდულად ორთქლის გამოშვების და საკუთარი პრობლემების სხვებზე გადაბრალების საშუალება და ეგ კარგია სისტემისთვის. არა მარტო აჯანსაღებს, არამედ დიდი და კატასტროფული რყევებისგან იცავს.
როდესაც ხალხს არჩევანის უფლებას ართმევ, ან უნდა წახვიდე ჩრდილო კორეისკენ და საკუთარი ხალხი აბსოლუტურად ცხოველის დონემდე დაიყვანო ან მუდმივად რევოლუციის შიში გქონდეს - ირანი; რუსეთი.
ამ უსამართლო ქვეყანაში, სადაც "ნაცების" მონები "ქოცებმა" უბრალოდ გადაიფორმეთ 2012-ში, ხალხს რომ არჩევანის უფლებას ართმევთ, თქვენი აზრით როგორ გააგრძელებთ? ვის გადააბრალებთ აწი რამეს?
ქვეყანაში მუდმივად რაღაც ხდება. იქ თქვენი ნათესავი მიქარავს, დაჭრის თუ მოკლავს ვიღაცას, ან თქვენი სპეცნაზელი, ან ერთი ბობოლა "ქოცი" მეორის, ნაკლებად ბობოლას დაჩაგვრას მოინდომებს და არც სამართალი რომ არაა ქვეყანაში და არც სასამართლო, როგორ აპირებთ რეგულირებას? სადღაც "გაგისხამთ" სისტემა. შანსი არაა.
სხვათაშორის, მე ბიძინას ინტერვიუ მახსოვს, სადაც პრაქტიკულად იგივეს ამბობს, რასაც ახლა მე ვწერ. რომ ხელისუფლება აუცილებლად უნდა იცვლებოდეს და ასე შემდეგ.
სამწუხარო ისაა, რომ არავინ იცის ეგ "როდის" მოხდება და ამიტომ ამ შუალედში, "სანამ რამე გვეშველება", თუ ვინმე აქედან წასვლას გადაწყვეტს - არ გამიკვირდება. ვფიქრობ, რომ ვისაც წასვლის შანსი აქვს - ბევრი წავა. ვისაც დაბრუნების სურვილი ჰქონდა - არ დაბრუნდება.
ვის მოუნდება იცხოვროს ქვეყანაში, სადაც სიმართლეს ვერ ნახავს? სადაც ხმის ამოღების უფლება არ ექნება? სადაც მისი ნიჭი ყოველთვის ვიღაცის "ნათელ-მირონობაზე" უკან იდგება? სადაც დაჩაგრავენ და ჩაყლაპვა მოუწევს? საბჭოთა კავშირიდან სხვა კი არაფრის გამო გარბოდა ხალხი.
ნელ-ნელა უცხოური ინვესტიციებიც დაიკლებს და უცხოეთიდან გზავნილებიც. უცხოეთიდან ხომ ფულს ის ხალხი აგზავნის, ვისაც აქ ცხოვრება უნდა? თუნდაც 20-30 წლის მერე რომ თავის თავს საქართველოში ხედავს? ისინი ვისაც პაპუაშვილმა "უცხოელები" უწოდა? რატომ მოუნდება ამ ხალხს აქ ცხოვრება? და თუ აქ ცხოვრება არ მოუნდება, ფულს რატომ გამოაგზავნის? ხომ გვახსოვს, რომ ემიგრაციაში ოცნებამ 80-20%-ზე წააგო დაახლოებით.
რუსებიც იმედზეც ნუ იქნებით და სხვების.
ყველას საქართველოში ხიბლავდა კორუფციის და ბიუროკრატიის ნაკლებობა, სტაბილურობა და ევროპული პერსპექტივა. აქედან მხოლოდ სტაბილურობა თუ დარჩა, რატომ მოუნდებათ აქ რამის ყიდვა? "სტაბილურობა" რუსებს რომ აქვთ ეგრე უნდა. 25 წელია "სტაბილურობა" აქვთ.
მეც პირადად რას ვიზამ არ ვიცი, ამათ დეგრადაციას და ცოცხლად ლპობას მტერმა უყურა ახლოდან.
ქვეყნის "პერსპექტივებსაც" რომ ვუყურებ, მე შემდეგ სცენარებს ვხედავ:
1) ნელი დეგრადაცია. როდესაც პირველი წელი შეუმჩნევლად ჩაივლის და 2028-ში უკვე ბევრი "საკუთარ თავზე იგრძნობს" გაუარესებას. უბრალოდ ეს რეჟიმი 2068 წლამდეც შეიძლება გაგრძელდეს.
2) ნელი დეგრადაციის პროცესში რამე შემთხვევა, რაც ხელისუფლების დამხობას გამოიწვევს - სხვათაშორის იანუკოვიჩმაც უკრაინაში ისე "მოასუფთავა" ოპოზიცია, რომ "მაიდან"-ს ფაქტობრივად კაციშვილი ლიდერი არ ჰყოლია - ჩემსა და 1-2-ს გარდა თუ გახსოვდეთ ვინმეს, პოროშენკოს არჩევამდე ვინ იყო უკრაინის ხელისუფლებაში "მაიდან"-ის მერე. ხალხმა თავად დაამხო მაშინ იანუკოვიჩი და თან ის "არჩეული" მაინც იყო. ლეგიტიმაციის პრობლემა ნაღდად არ ჰქონდა.
3) ამათი სწრაფი სანქცირება აშშ და ევროპის მიერ - რაც იმედებს გააჩენდა. თუმცა ევროკავშირის მხრიდან მხოლოდ უვიზოს შეჩერებაა რეალური, სხვა დანარჩენს ორბანის და ფიცოს თანხმობა სჭირდება. ამერიკის მხრიდან უფრო მოსალოდნელია. ისე კი, 2025 წელს საერთოდ შეიძლება "მსოფლიოს ახალი გადანაწილება" მოხდეს და დავრჩეთ 1945 წლის პოლონეთივით იქეთ მხარეს ან ფინეთივით აქეთ. ეგ არავინ იცის.
თუმცა შეიძლება ათწლეულები არაფერი შეიცვალოს. 1921 წელს რომ დავკარგეთ დამოუკიდებლობა, მერე მხოლოდ 1991 წელს დავიბრუნეთ უკან.
ერთ სცენარი, რასაც მე ვერ ვხედავ, რომ ესენი რამე სამშვიდობოს გაგვიყვანენ და აგვაყვავებენ. არ გამოვა ასეთი საკადრო პოლიტიკით, ნეპოტიზმით და კორუფციით "კავკასიური სინგაპურის" შენება. ბუნებრივი რესურსები კიდევ ჩვენ არ გვაქვს იმდენი, ამათ გაუმაძღრობასაც ეყოს და ხალხსაც.
ჯანდაბას, იმის პოტენციალს მაინც ვხედავდე "ოცნებაში", რომ რამდენიმე გაზულუქებულ და ქრთამში ჩამხრჩვალ ჩინოვნიკს მაინც დაიჭერენ.
ისე კი, პური რომ მოაკლდება ხალხს - უეჭველი მოუწევთ თავისიანების დაჭერა. უბრალოდ ხალხს რას ეტყვიან ნეტავ, "გლობალური ომის პარტიამ" აცდუნა ეს პატიოსანი ხალხიო?
შესაბამისად ამათ ხელში ველი ღარიბების სიღარიბეში დარჩენას, ისედაც მცირე საშუალო ფენის "დაწვრილებას" და მდიდრების კიდევ უფრო გამდიდრებას. მზარდ ემიგრაციასაც ველი, იმ ნიშნულამდე სანამ ერთმანეთის პირისპირ არ დარჩება ის ხალხი, ვინც ვერ გაიქცა და არ გაქოცდა, ბობოლა ქოცები, სპეცნაზი და გაღატაკებული მოსახლეობა. მერე ალბათ რაღაც მომენტში იფეთქებს "ფიწლების რევოლუცია" - ყოველგვარი "წეროები მიფრინავენ - სად? ევროპაში" გარეშე.
მხოლოდ ფიწლები და ჩირაღდნები. და ასე 2-3 წლიანი "ფიწლიანობის" მერე დავლაგდებით ალბათ. იქნება რამე.
დასავლეთთან ურთიერთობა ამათ ხელში აწი ისეთი იქნება, როგორც თავად დასავლეთი გადაწყვეტს. ვერ ვიქნებით ჩვენ აზერბაიჯანი და საუდის არაბეთი. და უვიზო რეჟიმსაც გაწყვეტენ, როდესაც საჭიროდ ჩათვლიან. დროის ამბავია, თორემ არავინ დაუტოვებს უვიზო რეჟიმს ქვეყანას, რომელშიც ხელისუფლება არალეგიტიმურია.
ჰო, გეოგრაფიული ლოკაციის იმედიც ნუ გექნებათ მაინცდამაინც. მსოფლიო ვაჭრობა ოკეანეებსა და სრუტეებზე დგას - მალაკის, სუეცის, პანამის არხებზე. როტერდამის პორტში 200-ჯერ მეტი ტვირთბრუნვაა ვიდრე მთლიანად ეგრეთ წოდებულ "შუა დერეფანში", რომელიც ჩვენზე გადის. აი ეს ჩვენ ვართ - In 2023, 2.7 million tons of cargo were transported through the so-called "Middle Corridor", in 2021 - 1.48 million tons. - ეს როტერდამია - Total cargo throughput in the port of Rotterdam this year amounted to 438.8 million tonnes, 6.1% less than in 2022 (467.4 million tonnes. დაადარეთ ახლა რიცხვები. ანაკლია კარგია ბონუსად, ქვეყნის წინსვლას შეუწყობს ხელს, თორემ მარტო ანაკლიის გამო არ დაგვიდგება მთხოვნელთა რიგი.
ჩვენ ევროპასთვის და ამერიკისთვის ვიყავით საინტერესო, როგორც მათი მსგავსი ღირებულებების ხალხი. თავისუფლების მოყვარე, ცივილური, განათლებული. სხვა მხრივ იმდენად საინტერესო არ ვიქნებით, როგორც ეს ზოგს ჰგონია. უბრალოდ რეალობისთვის თვალის გასწორება არ გვიყვარს ჩვენ და გვიყვარს მოგონება ლეგენდების, რომ ყველას ვჭირდებით, "დამარხულ არს" და ასე შემდეგ. თორემ 1492 წელს ამერიკის აღმოჩენის და მსოფლიო ოკეანეზე სავაჭრო გზების გასვლის მერე, ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა აღარასოდეს დაბრუნებულა არა-თუ გლობალური, ევროპული მნიშვნელობის დონეზეც კი.
ჩვენ რა ვქნათ? დარწმუნებული ვარ, რაც დრო გავა, ამათ უფრო მოაკლდებათ მომხრეები და მოემატებათ პრობლემები, დაგროვდება ამათი შეცდომები რაღაც კრიტიკულ დონემდე, მაგრამ მეორე მხრიდან ჩვენ არ უნდა ვუშვებდეთ შეცდომებს.
მინიმუმ თანმიმდევრულები უნდა ვიყოთ. მაგალითად, "რუსული კანონის" მერე რომ იყო ბიზნესების ბოიკოტის იდეა, რა მოუვიდა? ხომ არ "დავიკიდეთ" და დავივიწყეთ?
ოპოზიციაც თანმიმდევრული უნდა იყოს. შეხვალთ პარლამენტში? არ გამოვა ამჯერად მაინც ეს "I'm not gay, but 20 bucks is 20 bucks" ტაქტიკა.
ნუ, კიდევ გეტყოდით, "ფეისბუქზე" რომ 20 "ლაიქი" აქვს ადამიანს და ორ სიტყვას ვერ აბამს, საპარლამენტო სიაში რომ მე-5 ადგილზე წამოასკუპებთ. რა ლოგიკით?
"სოციალური ქსელია" ეს დედააფეთქებული, ფილმი რომ გადაიღეს "ფეისბუქზე", საერთოდაც ეგ სახელი ჰქვია. ადამიანი თუ სოციალურ ქსელში, "ბაბლში" არაა პოპულარული, ესე იგი ვერ წერს, ვერ აზროვნებს, ვერ საუბრობს, ვერ ახერხებს ხალხთან სწორ კომუნიკაციას, ეგეთი ადამიანი პოლიტიკაში როგორ მოგიტანთ რამეს?
რატომ გგონიათ რომ ეგეთი ტიპი გლეხს ან "ჟესტიანშიკს" უკეთ დაელაპარაკება? პოლიტიკა ხომ ერთი დიდი სოციალური ქსელია? თუ თავს ამოიცნობთ, დაფიქრდით ამაზე.
დღეს, დემოკრატიის პირობებში, ადამიანს აქვს საშუალება გახდეს პოლიტიკოსი, ოღონდ ამისთვის ხალხის "გული" უნდა მოიგოს. როგორ უნდა მოიგოს? მათ უნდა ელაპარაკოს მათთვის გასაგებ ენაზე და მათთვის მტკივნეულ საკითხებზე. 5 უცხო ენა ვიცი, მაგრამ მეც კი მიჭირს ზოგი ჩვენი "პოლიტიკოსის" გაგება, იმდენ უცხო სიტყვას მოაყრიან ხოლმე ან ისეთი ჩიქორთულით საუბრობენ.
ერთი, რასაც არ ვიზიარებ - "ტელევიზიები გახსენით" კივილს. იყავით საინტერესოები და გაიხსნებიან. და საერთოდ, "ტიკ-ტოკ"-ს, "ინსტაგრამს" და "ფეისბუქს" მიეძალეთ. მანდ ხომ "ხსნილია"? მორჩით წუწუნს. აგერ რუმინეთში "ტიკ-ტოკით" იგებს კაცი არჩევნებს.
ჩვენი ქვეყნის სიტუაციაში ყველაზე ცუდი ისაა, რომ ჩვენ უბრალოდ გვითხრეს, რომ არჩევნები მორჩა. ფაფუ.
გვითხრეს, რომ რაც უნდა "დიმიტრი გელოვანები" შეიკრიბოს ოპოზიციაში, მაინც იმდენს დაიწერენ, რაც დაჭირდებათ (და ზემოთ კი მიწერია ოპოზიციის გაუმჯობესებაზე, მაგრამ არჩევნების არარსებობის პირობებში ეგეც უაზრობა გამოდის).
სტატუსების წერაც ამოვიდა ყელში. წესით, ახლა უნდა ვალაგებდე, სად წავალ აქედან.
და ვერავინ გამამტყუნებთ. საბოლოო ჯამში ყველა ადამიანი ეგოისტურია, ყველა საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრობს და ფიქრობს, რატომ შეაკლას თავი ხალხს, რომელიც მის გამო არ შეაკლავს თავს?
მე კიდევ ჩემი ტრავმა მაქვს ამ მხრივ. მამაჩემის სიკვდილის მერე არ მომკლებია მხრებზე ტყაპუნი და "მამაშენი გმირია" ძახილი. სხვებს ცოცხალი მამები ჰყავდათ. მე "გმირი". სხვას რას მოვთხოვ? არც არაფერს.
არ დამიწყოთ ახლა რომ ყველამ ჩვენი "აგური უნდა დავდოთ" და ასე შემდეგ. რაღაც ვერ ვნახე ბევრი "აგური" აქციებზე ამ დღეებში. და ეს ყველას ბრალია. ერთმანეთისკენ თითების შვერის გარეშე.
ჩემი განცდები იქეთ იყოს და ჩვენი თანამებრძოლები რომ მძევლად არიან გაზაფხულიდან. 400 ლარის გამო. რამდენი აქცია გაიმართა სასამართლოს წინ? რამდენად კარგად დავიცავით? ახლა რომ მიემატნენ, იმათ დავიცავთ? იმათ უნდა ჰქონდეთ ჩვენი იმედი? ჩვენი სიტყვის, მუშტის, ხმლის? როგორ გგონიათ? ასე ვრცელდება ნიჰილიზმი. სხვანაირად კი არა.
და სამწუხაროა, რომ ამას ვისთვისაც ვწერ, ისინი ან არ წაიკითხავენ ან ვერ გაიგებენ. და ჩემი "ბაბლი" რომ წაიკითხავს, მაგათ ისედაც კარგად იციან რაც ხდება. შესაბამისად ამ ნაწერის აზრსაც ვერ ვხედავ.
ისიც სამწუხაროა, რომ სრული უფსკრული გვაქვს განათლების სისტემაში - ამდენი ვწერე და ბარემ ამასაც დავამატებ პრობლემებს.
საბოლოო ჯამში, ჩვენ ყველანი ვიმსახურებთ იმას, რაც გვაქვს და რაც გვექნება. მეც დამნაშავე ვარ და მეც ვიმსახურებ. ეს სტატუსი საკუთარი თავის საბრალდებო დასკვნა უფროა, ვიდრე სხვისი. ყველამ საკუთარ თავში ჩაიხედოს.
და საერთოდ, იქნებ სჯობდეს კიდევაც ფსკერზე დავიდეთ, რომ მერე მაინც დავამარცხოთ შიდა საბჭოთა კავშირი და ამოვიდეთ ზედაპირზე. მაინცდამაინც ნუ ჩამეძიებით, რამდენად მჯერა ფსკერიდან ამოსვლის.
"პოლიტიკური" პოსტებისგან გარკვეული ხანი პაუზას ვიღებ. მანამდე კი პეპლები, ყვავილები და პეიზაჟები

ზურა ფარჯიანი
ყველას ნუ ამოიყვან ტალახიდან, ზოგი მისი ბინადარია.