beka kobakhidze
დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საქართველოში "რევოლუციური დემოკრატია" გვაქვს. პროცესში დომინირებს მოსაზრება, რომ "ოღონდ ეს უბედურება გავისტუმროთ და..." მერე ხან ბორჯომი გვარჩენს, ხან ბიძინას მილიარდები. მერე აღმოვჩნდებით ხოლმე იგივე ან, არსებული ვითარების გათვალისწინებით, ბევრად უარეს მდგომარეობაში.
ახლა იმდენად უარესია მდგომარეობა, იმდენად ატროფირებულია სახელმწიფო ინსტიტუტები, რომ ისინი რეფორმირებას აღარ ექვემდებარებიან. მურუსიძის სასამართლოს ვერც სასამართლო რეფორმების ტალღებით, ვერც მოსამართლეთა ამერიკაში გაგზავნით და სხვა ფასადური ქმედებებით ვერ ვუშველით. ქოცების ხელში საქართველოს მეორე რესპუბლიკა მოკვდა და მესამე რესპუბლიკაა დასაფუძნებელი. ის უნდა დააფუძნოს ხალხის მიერ არჩეულმა დამფუძნებელმა კრებამ.
თუმცა, არც ეს არის გამოსავალი. თუ მესამე რესპუბლიკა მეორეს სისტემას დაეფუძნა, ეს ცვლილების მხოლოდ ილუზია იქნება. სინამდვილეში კი - მეორის გაგრძელება. კარგი სასამართლოსთვის, პატიოსანი არჩევნებისთვის, აპოლიტიკური ძალოვანი სტურქტურებისთვის, კორუფციის არარსებობისთვის, კარგი საჯარო სამსახურისთვის მხოლოდ პოლიტიკური ნების არსებობა არ კმარა. შეიძლება გყავდეს მმართველი, რომელიც სისტემას ბოროტულად არ იყენებს, მაგრამ თუ სისტემა არ გამართე, აუცილებლად მოვა ხელისუფლებაში ისეთი ვინმე, ვინც ხელახლა ბოროტად გამოიყენებს სისტემას.
ამიტომ, მესამე რესპუბლიკის დაფუძნება სისტემის ფუნდამენტურ, გრძელვადიან ცვლილებას უნდა ითვალისწინებდეს. აქ შეიძლება ძალიან დეტალურად ჩავშალოთ რა უნდა მოხდეს სასამართლოში, ძალოვნებში, საჯარო სამსახურში, საარჩევნო კომისიაში და სხვაგან, მაგრამ ეს შენობის პირველი სართულია. მე მინდა ვისაუბრო ფუნდამენტზე. უფრო სწორად, ფუნდამენტის სამ სვეტზე, რომელსაც უნდა დაშენდეს ჯერ პირველი სართული, მერე მეორე და ა.შ.
რა არის ეს სამი სვეტი?
1. საქართველოს უსაფრთხოების არქიტექტურა, რომლის ნაწილია რუსეთთან ურთიერთობაში ისეთი მოდუს ვივენდის პოვნა, რომელიც ერთი მხრივ ოკუპაციისგან მაქსიმალურად დაგვიცავს, მეორე მხრივ არ გვაქცევს რუსეთის უკანა ეზოდ.
ამ საკითხზე არათუ გეგმა არ წარმოუდგენია არავის, არამედ არც ულაპარაკია. ამან ქოცებს ძალიან გაუადვილა მოსახლეობის მანიპულირება.
მანიპულირების იქით, ეს ეგზისტენციური საკითხია - უსაფრთხოების გარეშე ვერც სასამართლო გვექნება და, საერთოდ, - ვერც სახელმწიფო.
არ მახსენდება ჩემს გარდა ამაზე ვინმეს ესაუბრა (შეიძლება გამომრჩა და ვცდები). მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, აქ არის ამ საკითხზე ჩემი მოსაზრება:
https://civil.ge/ka/archives/6174482. მესამე რესპუბლიკის დამფუძნებელ კრებაში ალბათ ახალი სახეები, ახალი პოლიტიკური ძალები გვინდა, არა?
ამ მოთხოვნას ხშირად გაიგებთ. ჩემთვისაც ხშირად უთქვამთ "თქვენ მოდით პოლიტიკაში, თქვენნაირი ხალხი..."
ეს კეთილი სურვილები გასაგებია, მაგრამ რეალობა არის სხვაგან. კარგი პოლიტიკური პარტიის გაკეთებას მხოლოდ პატიოსნები, სწორი იდეები და ენთუზიაზმი არ ყოფნის. იმისთვის რომ პარტიამ საქართველოს 73 რაიონში იქირაოს ოფისები, თითო ოფისში 5 ადამიანი იქირაოს, ამათ მისცეს ბენზინის/მობილობის ფული, ატაროს საარჩევნო კამპანიე და ა.შ. წელიწადში სჭირდება მინიმუმ 25 მილიონი ლარი. ანუ, ერთ საარჩევნო ციკლზე 100 მილიონი ლარი.
გარდა ამისა, საჭიროა ტელევიზია, რაც პარტიაზე ძვირი შესანახია. ერთი სიტყვით, მეტ-ნაკლებად წელში გამართულ პარტიას ერთ საარჩევნო ციკლზე სჭირდება 200+ მილიონი ლარი. გარდა ქოცებისა, ასეთი ფული საქართველოში არავის აქვს. ბიძინა ასეთი ფულის დახარჯვის გარეშე 2012 წელს ვერ მოიგებდა.
ახლა ბიძინასთან დაპირისპირებული პარტიები არჩევნების წინ 2-3 თვით ადრე იწყებენ ფულის ხარჯვას. ისინი ხშირად ქირაობენ უუნარო კოორდინატორებს, რომლებიც არაფერს აკეთებენ, რადგან უნარიანები მთლიანად ქოცებმა წაიყვანეს თავიანთ კმაყოფაზე; უარეს შემთხვევაში, ქოცების წაყვანილი კოორდინატორები შეეტენებიან ხოლმე ოპოზიციას და აგრძელებენ ქოცებზე მუშაობას, ოღონდ ოპოზიციის კვოტით.
ეს ყველაფერი ლოგიკურია, რადგან იმ კოორდინატორს 2-3 თვით კი არ უნდა საჭმლის ჭამა, არამედ მთელი ოთხი წელი.
ერთი სიტყვით, პოლიტიკურ პარტიას სჭირდება დიდი ფული. საქართველოში არ გვაქვს ფანდრაიზინგის კულტურა. ტრამპი ხომ არის მილიარდერი? რიგით ამერიკელი ტიპი, რომელიც საათში 15 დოლარს გამოიმუშავებს, დიდი ხალისით სწირავს 100-200 დოლარს მილიარდერ ტრამპს, რადგან სჯერა, რომ ტრამპი მის პოზიციებს დაიცავს. საქართველოში პოლიტიკოსებს პირიქით უყურებენ, უნდა მოვიდეს და აჭამოს.
გარდა ამისა, საქართველო ობიექტურადაც ღარიბი და მცირე მოსახლეობის მქონე ქვეყანაა. აქ პოლიტიკის საკეთებლად ადამიანებისგან სუფთა ფულს ვერ აკრეფ, მეტადრე წელიწადში 50 მილიონს.
და რა გზა რჩება პარტიას? ფული უნდა სთხოვოს ბიძინას, კეზერას, იმას და ამას. ეს არის ოლიგარქიზაცია. ვინც იხდის, ის უკვეთავს მუსიკას. თუ ეს ასეა, იმ პარტიის ლიდერს სახელად ბექა ერქმევა თუ ირაკლი, აზრი არ აქვს, ერთი დაკვეთის შესრულება მოუწევს.
არაფერი პოლიტიკურ სისტემას არ ეშველება, სანამ პოლიტიკაში არ გაჩნდება მეტ-ნაკლებად თანაბარი მატერიალური შესაძლებლობები და სუფთა ფული.
თუ ფანდრაიზინგი შეუძლებელია, სხვა რა გზა გვრჩება?
მძიმე რამ უნდა ვთქვა, მაგრამ სხვა გზა არ არის: სანამ ეს რეალობა გვაქვს, 3-4 პარტია სრულად უნდა დაფინანსდეს ბიუჯეტიდან, თუნდაც ეს წელიწადში 200 მილიონი ლარი დაჯდეს. ამ ფულის არ გადახდა ბევრად უფრო ძვირი გვიჯდება, ვიდრე გადახდა დაგვიჯდება.
მაგრამ აქ არის ერთი კარგი ამბავი: ყველა სოფელში "თავიქალი" და "თავიკაცი" ქოცებმა მიისაკუთრეს, ფიქტიურად დაასაქმეს ისინი სსიპებში, აიიპებში, მერიებში, საკრებულოებში და სად აღარ. ესენი ყველაფერი უნდა დაიხუროს, გაიცხრილოს და გამოთავისუფლებული ფული დაურიგდეს პარტიებს. შემდეგ ეს პარტიები თავიანთ აქტივებად დაასაქმებენ ამ "თავიქალებს" და "თავიკაცებს". ახლა ყველა ქოცზე მუშაობს ერთადერთი მიზეზით, რომ მხოლოდ ქოცი იძლევა ოთხწლიან გარანტირებულ შემოსავალს. თუ ამის რესურსი სხვა პარტიებსაც ექნებათ, ეს ხალხი მათზე იმუშავებს.
გარდა ამისა, ქართული პარტიები "დემოკრატიული ცენტრალიზმის" პრინციპით არის აგებული. ლიდერს მოაქვს ფული და ლიდერი წყვეტს ყველაფერს. ხშირ შემთხვევაში, პოლიტსაბჭოებიც კი ფორმალობაა. როდესაც ლიდერს არ მოაქვს ფული და ეს ფული ბიუჯეტიდან მოდის, პარტიას შეეძლება ლიდერი გამოცვალოს, შიდა დემოკრატია ააშენოს, გაზარდოს რეგიონებში საკუთარი წარმომადგენლობების როლი და საერთოდ, რეგიონებში ოპოზიციური პარტიის წევრობა პრესტიჟულ საქმედაც იქცეს.
მანკიერი წრიდან სხვანაირად ვერ გამოვალთ. ეს ფული უნდა ამოვიღოთ სსიპ/აიიპებიდან და დავხარჯოთ პარტიებში.
მეტსაც ვიტყვი, გავაოფიციალუროთ ის, რაც არაოფიციალურად და შეზღუდულ დონეზე ისედაც არსებობს: მიღებული ფულის ნაწილი პარტიებმა გადაუხადონ ტელევიზიებს საეთერო დროის დასათმობად. ოპოზიციურ პარტიებში და პარტიებიდან მედიაში ჩაშვებული ფული დაასრულებს ისეთ მონოპოლიებს, როგორიც არის ქოცობა და ტელე იმედი.
სარეკლამო ფულით ტელევიზიები, სამწუხაროდ, ვერ არსებობენ. ტელევიზია არ არის ამ გაჭირვებულ ქვეყანაში მომგებიანი ბიზნესი. მაგალითად, ტელე იმედს 75 მილიონი ლარის წლიური დეფიციტი ჰქონდა, მაგრამ პრობლემა არა აქვს, რადგან პოლიტიკურად ფინანსდება. ეს არ არის ბიზნესი.
სხვა მედიებს ამის ფუფუნება არ აქვთ, მაგრამ უნდა გაუჩნდეთ.
3. ნებისმიერი ხელისუფალი არჩევნებზე გადის ხმების 20%-იანი ფორით. ასე იყო შევარდნაძე, ასე იყვნენ ნაცები და ასე არიან ქოცები. ეს 20% არის ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, რაჭა, სვანეთი, მუნიციპალიტეტებში დასაქმებული და დაშინებული ხალხი.
როგორ გინდა ასეთი ხელისუფალი გამოცვალო? ან ბიძინასავით წელიწადში შეძლო მრავალი ასეული მილიონის დახარჯვა და თან საერთაშორისო პოლიტიკური ვითარება გიწყობდეს ხელს, ან რევოლუცია უნდა მოაწყო. ნორმალურ საშეჯიბრო გარემოში არჩევნებით +20%-ის მქონე ხელისუფლებას ვერ გადაირჩევ.
ამას რა ვუყოთ?
ამის წამალი, დიდწილად, მეორე პუნქტშია ჩადებული. თუ მუნიციპალიტეტის თანამშრომელს პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გაგდებას დაუპირებენ, მას ეცოდინება, რომ შეუძლია იმავე მუნიციპალიტეტში ოპოზიციას შეუერთდეს, იქ გაიჩინოს შემოსავალი, საკრებულოში იყარის კენჭი და შექმნას ალტერნატივა. შემოსავლის მქონე ოპოზიციური პარტიები ასეთ კადრებზე "ინადირებენ". შესაბამისად, ხელისუფლებასაც ნაკლები ექნება ცდუნება ასეთი ხალხი სამსახურებიდან გააგდოს.
რეგიონებში არსებული ძლიერი ოპოზიციური უჯრედები შეძლებენ ალტერნატიული პოლუსები შექმნან მუნიციპალიტეტებში. ოპოზიციის სამსახურში ჩამდგარი "თავიკაცები" და "თავიქალები" ბალანსს შეცვლიან.
გარდა ამისა, რაღაცნაირად უნდა ავუხსნათ დონორებს, რომ ყველაზე საჭირო საგრანტო ინიციატივა ყველა მუნიციპალიტეტში და დიდ სოფლებში სათემო ორგანიზაციების შექმნა და გაძლიერებაა. რეგიონებში სამოქალაქო საზოგადოების შექმნა ძალიან, ძალიან საჭირო ნაბიჯია.
თბილისიდან ჩასული პოლიტიკური პარტიებისა თუ ენჯეოების ლიდერები ხალხს ელაპარაკებიან თემებზე, რომლებზეც შეიძლება ილაპარაკო თბილისშიც, ახმეტაშიც და ბრიუსელშიც. ამ დროს, ადგილზეა ხალხი, რომლებმაც ადგილობრივი თემები ხუთი თითივით იციან, მაგრამ არანაირი რესურსი და ხმა მათ არა აქვთ.
მესამე რესპუბლიკაში აი ამ ფუნდამენტს თუ შევქმნით, ქართული "რევოლუციური დემოკრატია" გადაიქცევა ევოლუციურ დემოკრატიად - კატაკლიზმების გარეშე გახდება შესაძლებელი ხელისუფლებების ცვლილება.
როცა ეს იცის მოსამართლემ და იცის პოლიციელმა, ის ორჯერ დაფიქრდება, სანამ გამურუსიძევებას და გახარებებას გადაწყვეტს.
ამ პოლიტიკურ სისტემაში ბევრი წესიერი და პროფესიონალი ადამიანი უყოყმანოდ გადაწყვეტს, რომ შეუერთდეს ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიას, რადგან მას იქ ხმა ექნება და მის სახელს არ გამოიყენებენ დეკორაციად.
ყველას ნუ ამოიყვან ტალახიდან, ზოგი მისი ბინადარია.