PING
MISANTHROPE ENGINEER

        
ჯგუფი: Members
წერილები: 34133
წევრი No.: 21676
რეგისტრ.: 15-July 06
|
#61860217 · 20 Jan 2025, 13:36 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
"ქართული ოცნების" ხელისუფლება მწვავე კრიზისის წინაშე დგას როგორც საერთაშორისო პოლიტიკურ ველზე, ასევე ქვეყანაში. პროტესტი არ წყდება... განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანებზე ბოლო დროს არაერთხელ იძალადეს. უშუალოდ ხელისუფლების წარმომადგენლები ესხმიან თავს მოქალაქეებს. გავიხსენოთ, თავდასხმები პარტია "საქართველოსთვის" ლიდერ გიორგი გახარიაზე, ჟურნალისტ ზვიად ქორიძეზე, "ლელოს" წევრმა საბა ბუაძემ კი განაცხადა, რომ მას ქუჩაში დაუპირისპირდნენ უცნობი პირები; საქართველოში გამაფრთხილებელი გაფიცვის დროსაც დაესხნენ თავს პროტესტანტებს, როგორც გაირკვა, თბილისის მერიასთან დაკავშირებული პირები... რაც ყველაზე ცუდია, ხელისუფლება ამას ამართლებს და ლამის იწონებს კიდეც.
"ეს სახეა დღევანდელი რეჟიმის! რუსული სახე :“ტიტუშკა”,”ცემა-ტყეპა”, გინება, შეურაცხყოფა, დაშინება, ძალადობა… მეტი რომ არაფერი იციან, მეტს ვერაფერს რომ აკეთებენ… ესაა რეჟიმის განაჩენი" - დაწერა სოციალურ ქსელში საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა და ტექსტს ერთ-ერთი თავდამსხმელის ფოტოც დაურთო.
რას მოასწავებს ცემა-ტყეპის ეს ქრონიკები da ამ ძალადობრივი ფაქტების გახშირებამ სადამდე შეიძლება მიიყვანოს ქვეყანა? - ამ კითხვებზე პასუხების მიღებას ambebi.ge ანალიტიკოს ლაშა ძებისაშვილთან შეეცადა.
- "ქართული ოცნების“ ფრუსტრაციის დონე ძალიან ამაღლდა იქიდან გამომდინარე, რომ მათ არ აქვთ მაღალი კულტურა, არ გააჩნიათ ეთიკის ნორმები, არ მოსწონთ როგორ ვითარდება სიტუაცია საქართველოში, არ მოსწონთ სანქციები, ხედავენ, რომ მათი ბიზნესებიც ირყევა და ა.შ. ადრე თუ "ოცნებაში“ ძალიან მკვეთრი იერარქიული ქცევის კოდექსი იყო დაცული, რომელიც მეტ-ნაკლებად აკავებდა მათი დეპუტატების საქციელს, რაღაც ჩარჩოებში სვამდა მათ, ახლა ვფიქრობ, რომ ისინი ყველანაირი სტანდარტის იქით არიან გასულები, შემაკავებელი მუხრუჭები არ აქვთ, არც პასუხს არავინ სთხოვთ და, შესაბამისად, ასეთი ინციდენტები მოსდით, რისი "გაპრავებაც“ შემდგომ უწევთ.
ზარქუას რაც დაემართა აბუ-დაბიში, კარგად ასახავს "ოცნების“ შიგნით არსებულ განწყობებს. ლაშა გაბიტაშვილმა დადო ვიდეოები და რომ ნახეს, საინფორმაციო თვალსაზრისით წააგეს, მერე თავისიანებს აქედან აუნთეს მწვანე და ურჩიეს, აბა, ახლა აჩვენეთ, რომ "ქართული ოცნება“ ყოველთვის სიმაღლეზეა და ლაშა გაბიტაშვილები ვერაფერს გვიზამენო. მათ ისეთი პასუხი მოიფიქრეს, რაც რეალურად ისევ მათ შემოუტრიალდათ უფრო ნეგატიურად, ვიდრე ეს დაგეგმილი იყო.
ზვიად ქორიძესთან და გახარიასთან დაკავშირებული ინციდენტები მეტყველებს იმ ნერვულ მდგომარეობაზე, რაც "ქართული ოცნების“ შიგნით არსებობს. სამხარაძე გახარიას რომ დაინახავდა, ეს წითელი ნაჭერივით იქნებოდა იმის ფონზე, როცა "ოცნების“ მიტინგზე ივანიშვილით დაწყებული, გახარიას ყველამ "გადაუარა“, მას მოღალატე უძახეს და დაიქადნეს, პასუხს აგებსო. ახლაც არის რაღაც მინიშნებები, რომ გახარიამ პასუხი უნდა აგოს სამართლებრივად, თუმცა არავინ იცის, რეალურად პირველმა ვინ დაიწყო კონფლიქტი. აქ ჩვენ კი ვხედავთ ძალადობის გამოყენების რაღაც ტრენდებს, მაგრამ ეს გარკვეულწილად ამოვარდნილი შემთხვევებია, ეს უფრო მეტად აიხსნება ნევროზული გაურკვევლობით "ოცნების“ შიგნით და არ ჰგავს კარგად დაგეგმილ მოქმედებებს, რაც მერე ცუდად სრულდება ხოლმე.
"ტიტუშკები“ რომ გამოვარდნენ დოლიძეზე და ხალხს დაერივნენ, როგორც აღმოჩნდა, ისინი მერიის თანამშრომლები აღმოჩნდნენ. ეს არის მორიგი წაგება საინფორმაციო ველზე. ყოველ ახალ ჯერზე "ქართული ოცნება“ ცდილობს მოიპოვოს ფსიქოლოგიური და საინფორმაციო უპირატესობა, მაგრამ საბოლოო ჯამში, სერიოზულ დარტყმას იღებს და აქეთ მინუსებში ვარდება. ჩემი გადმოსახედიდან, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ შიგნით ნერვიულობის დონე, ხარისხი და გაურკვევლობა მაღალია, ამიტომ ახლო მომავალში საინტერესო რაღაცების მოლოდინში ვარ, მიუხედავად იმისა, რომ "ქართული ოცნება“ მოუმატებს ამ რეპრესიებს. სწორედ ეს გაურკვევლობა, კონსოლიდაციის ნაკლებობა ბზარგაჩენილ "ოცნებას“ მეტ შეცდომას დააშვებინებს. აქამდე, რასაც ის აკეთებდა, არის იმ შეცდომების დამსახურება, რასაც უმრავლესობა ყოველ დღე უშვებდა, დაწყებული "რუსული კანონის" შემოღებიდან, რომელიც მას აბსოლუტურად არ სჭირდებოდა - "ოცნება“ კომფორტულად იგებდა საპარლამენტო არჩევნებს განულებული ოპოზიციის ფონზე, მას წყნარად შეეძლო, საერთოდ არაფერი გაეკეთებინა, მაგრამ შემოაგდო რუსული კანონი, რითაც ააყირავა მთელი სოციალური სიმშვიდე ქართულ საზოგადოებაში, მასობრივი მობილიზება გაუკეთა ახალგაზრდობას და "ოცნება“ დააპირისპირა ქართული საზოგადოების იმ სეგმენტს, რომელიც საერთოდ არ იყო დაინტერესებული პოლიტიკური აქტივიზმით.
ამასთანავე, მიუხედავად იმისა, რომ "ოცნებამ“ არჩევნები გააყალბა, ყველა მიხვდა ამას, ყველა შოკში იყო, მაგრამ ხალხი ქუჩაში მაინც არ გამოვიდა. გამოდის "ქართული ოცნება“ (ალბათ ვიღაცამ უკარნახა ზემოდან ან გარედან) და გადაწყვეტს - მოდი, ეს ევროპული ინტეგრაციაც მოვსპოთ დღის წესრიგიდან, ხალხი ქუჩაში მაინც არ გამოდის, მასობრივი პროტესტი არ არის, ე.ი. მოვიგეთ, მოვერიეთ, ფსიქოლოგიურად გადავტეხეთ ხალხი და ბარემ ესეც დავაყოლოთო. საბოლოო ჯამში, ხალხი ისევ გამოვარდა, ააყირავეს მთელი საქართველო და ეს 80% თუ 75%, რომელიც აქამდე ვერაფრის გარშემო ვერ ერთიანდებოდა, საერთო ჯამში გაერთიანდა იმ ფონზე, რომ ევროპული მომავალი გადაარჩინოს. ქვეყანაში შექმნილი სიტუაცია არის "ქართული ოცნების“ დამსახურება.
- რას ემსახურება მწვანე შუქის ანთება მოძალადე ჯგუფებისთვის, მოხშირებული ცემა-ტყეპა, მათ შორის პოლიტიკოსების მხრიდან თავდასხმის აქტები, ამ ყველაფერმა სადამდე შეიძლება მიიყვანოს ქვეყანა, სამოქალაქო დაპირისპირებას უშვებთ?
- ეს ემსახურება იმ სურათის გავრცელებას საზოგადოებაში, რომ მაინც ვერაფერს გახდებით... რეალურად, აქ უნდა მოისპოს ყველანაირი განცდა მოქალაქეებში, რომ ისინი დაცულები არიან, ან სახელმწიფო დაიცავს რაიმე სამართლებრივი გზით. მასობრივად ვხედავთ, რომ დღეს ვიღაცებს სცემენ, მაგრამ ამისთვის მათ პასუხისმგებლობას არავინ აკისრებს, ამას მასობრივი ხასიათი აქვს და ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გრძელდება. ბუნებრივია, მკაფიოდ ყალიბდება ის სურათი, რომ სახელმწიფო და კრიმინალი თანამშრომლობენ და ამ ყველაფერს სასამართლოთი ხელს აფარებენ. ანუ აბსოლუტურად დაუცველობის განცდა ჩნდება სახელმწიფოში. ბუნებრივია, ეს აგდებს ფსიქოლოგიურად წინააღმდეგობის გაწევის სურვილს, მორალს და ა.შ. ეს კარგად გააზრებული მიდგომაა.
რაც ხდება სამოქალაქო დაპირისპირების იმიტაციასაც არ ჰგავს, ეს არის ბრძანებამიღებული გარკვეული ჯგუფები, რომელთა ვინაობა ცნობილია, ისინი თანამშრომლობენ ხელისუფლებასთან და არანაირი საზოგადოებრივი მუხტი არ არის იქითა მხარეს, რომ დაუპირისპირდნენ საზოგადოების მეორე მხარეს, რომელიც გაყალბებულ არჩევნებს და დასავლური კურსიდან გადახვევას აპროტესტებს. ეს მუხტი იქითა მხარეს არ არსებობს, ამიტომ არანაირი მინიშნება სამოქალაქო დაპირისპირების არ არსებობს. პირიქით, ჩემი გადმოსახედიდან ეს ნიშანია იმისა, რომ რაც კი რეპერტუარში ბერკეტები და რესურსები აქვს, დე ფაქტო ხელისუფლება თანდათანობით კლასიკურად მათ ამოწურვაზე მიდის იმიტომ, რომ "ტიტუშკების“ გამოყენება, დაპირისპირების იმიტაციის შექმნა, ეს არის ავტორიტარული სისტემების კლასიკური რეპერტუარი.
პროტესტი თუ არ განელდა, მისი მასშტაბი თუ უფრო გაიზარდა, ბუნებრივია, ხელისუფლება მარტო "ტიტუშკებით" ვერაფერს გახდება და ამ პროტესტის ჩასახშობად ეცდება, სხვა მეთოდებს მიმართოს (ხისტი ძალის ფართომასშტაბიან გამოყენებას ვგულისხმობ). იმის ფონზე, აქ რა მოვლენებიც განვითარდება - ეკონომიკური და ფინანსური თვალსაზრისით, არ გეგონოთ, რომ "ქართული ოცნება“ ძალიან კონსოლიდირებულია და მკაფიოდ იცის, მომავალში რა მოელის, ასე ნამდვილად არ არის. ეს ეკონომიკური და პოლიტიკური იზოლაცია, რომელსაც მოჰყვება ეკონომიკური და ფინანსური იზოლაცია დასავლეთიდან, ძალიან სერიოზულად არყევს ზოგადად "ქართული ოცნების“ სიმყარეს. ვფიქრობ, ახლა რაღაცნაირად გარდამავალ პროცესში ვართ - ერთის მხრივ, საპროტესტო მოძრაობა იძულებული იქნება დაფიქრდეს, რა იქნება პროტესტის ახალი ფორმა იმიტომ, რომ ჩემი აზრით, მარშებმა თავი ნელ-ნელა ამოწურეს. მათ კარგი რამ ქნეს, საზოგადოება შეაჩვიეს გეგმაზომიერ დაორგანიზებას სხვადასხვა ნიშნების მიხედვით, ეს ეტაპი გარკვეულწილად გავიარეთ და საჭირო იქნება ახალი ეტაპის გავლა.
- რა იქნება ეს ახალი ეტაპი?
- ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, ეს ეტაპი უნდა იყოს საპროტესტო მოძრაობის მასშტაბის კიდევ უფრო გაზრდა იმიტომ, რომ ეს თუ არ მოხდა, დე ფაქტო ხელისუფლება ვერ იგრძნობს თავს წნეხის ქვეშ და ის ჩვეულებრივად გააგრძელებს ამ რეჟიმში ფუნქციონირებას იმის მოლოდინით, რომ საქართველოს მოსახლეობა ბოლო-ბოლო შეეგუება ამ ვითარებას, ზოგი წავა და ასე, ხახვივით შერჩებათ ხელისუფლება.
იმ გადმოსახედიდან, რომ არცერთი ავტორიტარული რეჟიმი (რომელშიც ვიმყოფებით) თავისი ნებით ხელისუფლებას არ თმობს, ის ყოველთვის შეეცდება ბოლო მომენტამდე იმოქმედოს მეტი კონსოლიდაციისა და გამყარებისთვის, ამიტომ ბრძოლა ამ მიმართულებით კიდევ უფრო გამძაფრდება, ის შეეცდება რაღაც რუსეთის მსგავსი რეჟიმის დამყარებას აქ, რაც წარმოუდგენელია მედიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე შეტევის გაძლიერების გარეშე. ბუნებრივია ამას თან დაჰყვება ძალადობის ბერკეტი, "ტიტუშკები“ იქნება ეს, ნიღბიანი ძალოვნები თუ სხვა, ოღონდ ამ პროცესის პარალელურად იქნება სამოქალაქო წინააღმდეგობის პროცესი. ჩვენ გვაქვს ორი პროცესის კონკურენცია, ეს ორი პროცესი ერთმანეთთან შეჯიბრშია - რამდენადაც მკაცრდება ავტორიტარული რეჟიმის, ხელისუფლების კონსოლიდაციის და რეპრესიების პროცესი, ამის პირდაპირპროპორციულად თუ გაიზარდა სახალხო და სამოქალაქო პროტესტი, იქ გამოჩნდება, ვის ეყოფა რესურსი და ფსიქოლოგიურ-მორალური გამძლეობა. უნდა დავაკვირდეთ რა მოხდება ამ ორ კონკურენციაში მყოფ პროცესს შორის, სად უფრო მეტი ნება, რესურსი, კონსოლიდაცია და მეტი მხარდაჭერა იქნება შიგნით, თუ - გარეთ. სწორედ ეს ინგრედიენტები განაპირობებს რომელიმე მხარის წარმატების მიღწევას. * * * 20 იანვრის ინაუგურაციის შემდეგ პრეზიდენტობის მეორე ვადას იწყებს დონალდ ტრამპი, რასაც მსოფლიო დიდი ინტერესით და გარკვეულწილად სიფრთხილითაც ელოდება. მისმა ბოლოდროინდელმა განცხადებებმა, ცოტა არ იყოს, დააბნია ბევრი, შეიძლება ითქვას, მან 6 იანვრის საერთაშორისო ახალი ამბების ახალი წელი გახსნა - ჯერ დაიმუქრა, რომ კანადას აშშ-ის 51-ე შტატად აქცევს, შემდეგ ისევ გრენლანდიის ყიდვაზე ილაპარაკა, მესამე დღეს კი ირწმუნებოდა, რომ აშშ, გრენლანდიის მსგავსად, პანამის ყურესაც უნდა აკონტროლებდეს.…საქართველოს ხელისუფლებას დიდი იმედი აქვს, რომ ახალ ადმინისტრაციასთან საერთო ენას აუცილებლად გამონახავს, თუმცა რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელთა განცხადებები სულ უფრო აუფერულებს საამისო საფუძველს. სწორედ დონალდ ტრამპის მმართველობის სავარაუდო პოლიტიკაზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძესთან:
- ჩვენ ტრამპის 4-წლიანი მმართველობა გვახსოვს და შეიძლებოდა იქიდან გამომდინარეც გვემსჯელა, მაგრამ არ გამოგვივა, რადგან მის პირველ ვადას დაემთხვა პანდემიის ყველაზე ცხელი პერიოდი, რამაც მას, გარკვეულწილად, ხელი შეუკრა. ჩემი აზრით, ამ ეტაპზე მსოფლიო, ჩვენც და მგონი, თვითონ ტრამპიც, სრულ გაურკვევლობაში ვართ და დაბეჯითებით იმის თქმა, რას გააკეთებს ახალი პრეზიდენტი ინაუგურაციის მეორე დღიდან, რთულია. მას ბევრი მრჩეველი ჰყავს და ისინი, ჩემი აზრით, სხვადასხვა მიმართულებით უბიძგებენ. იმ განცხადებებიდან გამომდინარე, რასაც წინასაარჩევნოდაც ვისმენდით და არჩევნების შემდგომაც, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის საკმაოდ აგრესიული და ხისტი პოლიტიკის გატარებას აპირებს, რამაც მსოფლიოში შესაძლოა დიდი რყევები გამოიწვიოს. დარწმუნებული ვარ, აუცილებლად გააგრძელებს მექსიკასთან კედლის მშენებლობას და, ალბათ, დაასრულებს კიდეც, ექნება ხისტი პოლიტიკა ემიგრანტების მიმართ და ამ მიმართულებით კანონმდებლობის შეცვლასაც მოინდომებს.
რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, ვფიქრობ, ექნება მკვეთრად გამოხატული ანტიჩინური და ანტიტირანული პოლიტიკა. მოგეხსენებათ, ირანისა და ისრაელის ურთიერთობა ძალიან მწვავეა. ვფიქრობ, ისრაელი შეეცდება გამოიყენოს აშშ ბუფერად ამ დაპირისპირებაში და ყველაფერი გააკეთოს ირანის მმართველი რეჟიმის შესაცვლელად. ეს რით დასრულდება, საქართველოსთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იქნება, ისევე როგორც რუსეთ-ამერიკის უახლესი მომავლის ურთიერთობა.
რაც შეეხება საქართველოს, ჩვენამდე ტრამპს უამრავი პრობლემა ხვდება, თუმცა თითქმის დარწმუნებული ვარ, ქვეყნის დღევანდელ ხელისუფლებას მისი მხარდაჭერის იმედი სულ ტყუილად აქვს. საქართველო, როგორც მნიშვნელოვანი საყრდენი სამხრეთ კავკასიაში, აშშ-ს ძალიან სჭირდება. მას სჭირდება ფორპოსტი ამ რეგიონში. ტრადიციულად ეს გახლდათ რესპუბლიკელების პოლიტიკა და დაუჯერებელი მგონია, ამ მიმართულებით, ტრამპმა რაიმე შეცვალოს. მეტიც, ჩემი აზრით, ის იქნება კიდევ უფრო ხისტი და თანამიმდევრული, ვიდრე ბაიდენის ადმინისტრაცია იყო. ვფიქრობ, გაზაფხულის ბოლოსთვის საქართველოს ხელისუფლებას მნიშვნელოვანი რყევები ელის. ტრამპი, სავარაუდოდ, მაშინ მოიცლის საქართველოსთვის.
- ჩვენი რუბრიკის წინა სტუმრის, მირიან მირიანაშვილის აზრით, ბიძინა ივანიშვილი თითქმის დარწმუნებულია, რომ ტრამპი პუტინს სამხრეთ კავკასიას დაუთმობს და სწორედ ამით არის განპირობებული მისი ბოლოდროინდელი ანტიდასავლური ნაბიჯები...
- არ ვიცი, ბიძინა ივანიშვილი რაშია დარწმუნებული, მაგრამ ეგ სრული აბსურდია. ამერიკის შეერთებული შტატები თავისუფალ სამყაროს არც ერთ გოჯს რუსეთს არ დაუთმობს. სამხრეთი კავკასია გასაღებია ახლო აღმოსავლეთისკენ, იმავე ირანისკენ. თუ ტრამპს ჩამოყალიბებული აქვს თავისი პოლიტიკა ირანთან მიმართებით, მარტო ამის გამოც კი მსგავს ნაბიჯს არ გადადგამს. ტრამპმა თქვა, რომ ყველასგან და ყოველთვის დაიცავს აშშ-ის ინტერესებს და ასეც მოიქცევა.
მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ომიც უკრაინაში. ტრამპმა თქვა, რომ ის აპირებს დაასრულოს ეს უმძიმესი ომი, თუმცა ჯერ გაურკვეველია, როგორ აპირებს ამას. შესაძლოა ტერიტორიების საკითხი იქცეს ვაჭრობის საგნად. მოლოდინია, რომ ტრამპი და პუტინი შეხვდებიან ერთმანეთს და ბევრი რამ უფრო ნათლად გამოჩნდება.
ისევ სამხრეთ კავკასიას რომ დავუბრუნდეთ, დარწმუნებული ვარ, გეოპოლიტიკურადაც და მსოფლმხედველობრივადაც ჩვენი რეგიონით დაინტერესება სრულიად განსხვავებულია. უახლოეს მომავალში ეს უფრო ცხადად გამოჩნდება, როდესაც ტრამპის ადმინისტრაცია გააძლიერებს ზეწოლას ივანიშვილის ხელისუფლებაზე. რისი იმედიც ივანიშვილს აქვს, სრულიად მცდარია. ტრამპის ადმინისტრაცია დამოკლეს მახვილივით კიდია ივანიშვილის ხელისუფლების თავზე და როგორც კი იქიდან წამოვა სერიოზული გზავნილები თუ ნაბიჯები, ივანიშვილი იძულებული გახდება უკან დაიხიოს. ამ თვალსაზრისით საგულისხმო იყო აბსოლუტურად აბსურდული გამოსვლა ბატონი მაჭარაშვილის, რომელმაც ე.წ. გლობალურ ომის პარტიასა და სახელმწიფო დეპარტამენტს შორის ლამის ტოლობის ნიშანი დასვა. ჯერ ეს "გლობალური ომის პარტია" ხომ სრული მარაზმია, მაგრამ იმის ლაპარაკი, რომ თურმე სახელმწიფო დეპარტამენტი პრეზიდენტისგან განსხვავებულ პოლიტიკას ატარებს, გაუგონარი სისულელეა. თუმცა აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ტრამპი იმპულსური და არაპროგნოზირებადი პიროვნებაა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ის აშშ-ის სტრატეგიული ინტერესების საწინააღმდეგოდ არაფერს გააკეთებს.
- გრენლანდიის, ისევე როგორც პანამის არხის დაუფლებასა და კანადის შეერთებაზე ბოლოდროინდელი სურვილები, შეიძლება ტრამპის ექსცენტრიკულობასა და იმპულსურებას მიეწეროს?
- მთლად ასეც ვერ ვიტყოდი, განსაკუთრებით, გრენლანდიასთან დაკავშირებით...
დანიის შემადგენლობაში მყოფი ეს მყინვარული კუნძული, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ყინულის ინტენსიური დნობის ფონზე, აშშ-ისთვის, ისევე როგორც რუსეთისა და ჩინეთისთვის, უფრო და უფრო საინტერესო ხდება.
ტრამპის განცხადებებიც ამას უკავშირდება, მაგრამ ეს საკმაოდ სახიფათო პოზიციაა, რამაც ევროპასთან აშშ-ის ურთიერთობა შეიძლება მნიშვნელოვნად დაძაბოს, თუმცა არა მგონია, საქმე აქამდე მივიდეს. საგარეო პოლიტიკაში აშშ-ის შეცდომები აქამდეც დაუშვია, თუნდაც ირანის დღევანდელ მდგომარეობაში თავისი წვლილი აქვს შეტანილი ჯერ კიდევ ჰენრი კისინჯერის არასწორი პოლიტიკის შედეგად, როდესაც 1973 წლის ნავთობის კრიზისის შემდეგ მათ ალტერნატიული ნავთობის წყარო შექმნეს ირანის სახით და გაამაგრეს ეს სახელმწიფო ეკონომიკურად თუ სამხედრო თვალსაზრისით გააძლიერეს. შეცდომა დაუშვეს ავღანეთში, ჩინეთში, რომლის ეკონომიკური აღორძინებაც ამერიკის პოლიტიკის შედეგია. სწორედ მათ ჩადეს უზარმაზარი ინვესტიციები გასული საუკუნის მიწურულს, რასაც ჩინეთის დღევანდელი ტექნოლოგიური აღმავლობა უკავშირდება. ამ ქვეყანას ქმნიდნენ როგორც საბჭოთა კავშირის შემაკავებელს, მაგრამ დღეს აღარ არსებობს საბჭოთა კავშირი, სამაგიეროდ, საფრთხედ იქცა ჩინეთი.
- როგორ ფიქრობთ, ანტიჩინური პოლიტიკის ჭრილში ტრამპის ადმინისტრაციისთვის ჩვენი ხელისუფლებისადმი უნდობლობის კიდევ ერთ არგუმენტად ხომ არ გადაიქცევა ანაკლიის პორტი?
- რაც შეეხება ანაკლიას, კი შემოიყვანეს ჩინური კომპანია, მაგრამ მასთან გაფორმებული კონტრაქტი დღემდე არ იძებნება ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდზე, არც არაფერი ხდება პროექტის განხორციელების მხრივ. ჩემი აზრით, ივანიშვილი იტოვებს ამას როგორც სავაჭრო ერთეულს, მაგრამ ამასობაში ისე გაჭიანურდა ეს პროცესი, რომ ვფიქრობ, ამერიკამ ინტერესი დაკარგა. შესაბამისად, ანაკლია სავაჭრო აქტივად როგორ გამოადგება ივანიშვილს, არ ვიცი.
- სალომე ზურაბიშვილი უკვე რამდენიმე დღეა იმყოფება აშშ-ში, ის ინაუგურაციაზე მიიწვიეს. როგორც ცნობილი გახდა, 17 იანვარს ტრამპის ვაჟის მიწვევით დაესწრო წინა საინაუგურაციო ღონისძიებას, სადაც შეხვდა ტრამპის ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და თავდაცვის მდივანს. ხელისუფლების წარმომადგენლების მტკიცებით, ეს არაფერს ნიშნავს და რომ ინაუგურაციას 220 000 კაცი ესწრება, იყიდება ბილეთები და ა.შ.
- მაგით თავს იმშვიდებენ. გაცილებით რთულად არის საქმე. კი, ათასობით ხალხი ესწრება ინაუგურაციას, მაგრამ იქ არის სპეციალური ლოჟა საპატიო სტუმრებისთვის და სწორედ იქ იქნება სალომე ზურაბიშვილი სხვა უმაღლეს ლიდერებთან ერთად. დააკვირდით, რა მაღალი თანამდებობის პირებს შეხვდა პირადად. როგორც წესი, ამის დაგეგმვა არცთუ ადვილია ხოლმე. აბა, წავიდეს კობახიძე და შეხვდეს... აშშ-ს სჭირდება დასაყრდენი და ძლიერი პარტნიორი ქვეყანაში და ამერიკელებმაც, როგორც დანარჩენმა თავისუფალმა მსოფლიომ, გადაწყვიტეს, რომ ეს არის სალომე ზურაბიშვილი, როგორც ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი. როგორც აქამდეც მითქვამს, მიხეილ ყაველაშვილს არავინ ცნობს, დუშანბეში თუ წავა ვიზიტით, მეტი ვერსად. სალომე ზურაბიშვილს კი ისე იღებენ, როგორც ქვეყნის პრეზიდენტს. ის ძალიან სწორ პოლიტიკას ატარებს, მშვიდობიანს, ლაპარაკობს ვადამდელ არჩევნებზე და, ადრე თუ გვიან, დარწმუნებული ვარ, მიზანს მიაღწევს.
- "ქართული ოცნების" ხელისუფლება მწვავე კრიზისის წინაშე დგას როგორც საერთაშორისო პოლიტიკურ ველზე, ასევე ქვეყანაში. პროტესტი არ წყდება... განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანებზე ბოლო დროს არაერთხელ იძალადეს. უშუალოდ ხელისუფლების წარმომადგენლები ესხმიან თავს მოქალაქეებს. გავიხსენოთ, თავდასხმები პარტია "საქართველოსთვის" ლიდერ გიორგი გახარიაზე, ჟურნალისტ ზვიად ქორიძეზე, "ლელოს" წევრმა საბა ბუაძემ კი განაცხადა, რომ მას ქუჩაში დაუპირისპირდნენ უცნობი პირები; საქართველოში გამაფრთხილებელი გაფიცვის დროსაც დაესხნენ თავს პროტესტანტებს, როგორც გაირკვა, თბილისის მერიასთან დაკავშირებული პირები... რაც ყველაზე ცუდია, ხელისუფლება ამას ამართლებს და ლამის იწონებს კიდეც. ამ ძალადობრივი ფაქტების გახშირებამ სადამდე შეიძლება მიიყვანოს ქვეყანა?
- გამოდის, ჩვენ ვერაფერს ვსწავლობთ ისტორიიდან. ზუსტად იმავე მეთოდებს იყენებენ, როგორსაც 2007-2008 წლებში და მერეც იყენებდა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება. ასეთივე ბოროტებით ებრძოდა ისიც თავის ოპონენტებს და როგორც დაასრულა, კი ვნახეთ. იგივე ბოლო ელის "ქართულ ოცნებას". ნიუტონის კანონი ვრცელდება საზოგადოებაზეც - ქმედება უკუქმედების ტოლია, რა სიხისტითაც იძალადებს ხელისუფლება საზოგადოებაზე, იმავე და უფრო ხისტ პასუხს მიიღებს. 30 წლის განმავლობაში ვერაფერი ვისწავლეთ.
ხალხს ზეწოლა არ აშინებს, ამით უფრო მეტად ბრაზდება. საქართველო არ არის არც რუსეთი და არც ბელარუსი. იქ სხვა ვითარებაა, სულ სხვა მენტალიტეტისა და მისწრაფებების ხალხი ცხოვრობს.
დღეს რასაც ვხედავთ, ეს დამარცხებული ადამიანის პოლიტიკაა.
- გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატაში შეტანილი წინადადებით ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებას მოუწოდებენ, დაუწესონ სანქციები ბიძინა ივანიშვილს. ამ ინფორმაციას ძალიან მძაფრად გამოეხმაურა "ქართული ოცნება", რომლის პოლიტიკურმა საბჭომ ვრცელი წერილი გამოაქვეყნა. "უკიდურესად შემაშფოთებელია, რომ ისეთი ქვეყანა, როგორიც დიდი ბრიტანეთია, დღეს "დიპ სთეითმა", იმავე გლობალურმა ომის პარტიამ, ზუსტად ისეთივე თავის მორიგ სათამაშოდ აქცია, როგორც უკრაინა, ლიეტუვა, ესტონეთი და ევროპარლამენტი", - აცხადებს "ქართული ოცნება". განცხადებაში გამოთქმულია იმედი, რომ ივანიშვილი არ დასანქცირდება.
- ეს იქნება ყველაზე ქმედითი ბერკეტი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და აი, რატომ - ტრადიციულად, ლონდონის ბირჟა მსოფლიო გლობალიზებული ეკონომიკის ძირითადი ინსტრუმენტია, სადაც თავს იყრის მთელი მსოფლიოდან წამოსული ფულის ნაკადები. ბიძინა ივანიშვილის ეკონომიკური ინტერესი სწორედ ამ ბირჟასთან არის დაკავშირებული. თუ ეს გზა გადაეჭრება, თან ისე, რომ მოხდება ყველა მასთან დაკავშირებული კომპანიის იდენტიფიცირება, მაშინ ის დარჩება ეკონომიკური ბერკეტის გარეშე, დარჩება ერთგვარ ვაკუუმში. ამიტომ ეშინიათ ასე ძალიან, რასაც ეს წერილიც მოწმობს, რაც, თავის მხრივ, მორიგი ბოდვაა გლობალურ ომის პარტიაზე. სიმართლე გითხრათ, "ოცნების" წარმომადგენლებს, ალბათ, არც ესმით ამგვარი სანქციების სიმძიმე. ნახევრად ხუმრობით რომ ვთქვა, ვფიქრობ, ივანიშვილს აღმოხდა, ვაიმე, ლონდონიო, და "ქართული ოცნების" იდეოლოგებმაც მაშინვე გაიმეორეს.
როდესაც კანონის აღსრულებას შეეხება საქმე, ორმაგი სტანდარტი იყო და არის ჩვენი ხელისუფლებების პრობლემა. პირდაპირ ეთერში ვნახეთ არაერთი თავდასხმა, მათ შორის ჟურნალისტებზე, და ჯერაც არავინ დაუკავებიათ. ჟურნალისტი მზია ამაღლობელი წინასწარ პატიმრობაშია ვითომდა პოლიციელზე თავდასხმის გამო. ამგვარი მიდგომებით საკუთარ მხარდამჭერებსაც აეჭვებენ. ის იმედი, რასაც ამყარებდნენ "ქართულ ოცნებაზე", ხალხს საპნის ბუშტივით ხელში უქრება. როგორც წესი, ბევრი მხარს ძლიერს უჭერს ხოლმე, მაგრამ როგორც კი ეს ძლიერი იშლება, მხარდაჭერაც ქრება. "ქართული ოცნების" იდეური მხარდამჭერია, ალბათ, 1%, დანარჩენი ამორფული მასაა, რომელსაც არა აქვს არანაირი მსოფლმხედველობრივი პრიორიტეტები. დიდი იმედი მაქვს, რომ აუცილებლად დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და ეს საკითხი გაზაფხულზე გადაწყდება. თუ არადა, უმძიმესი წლები გველის, რომლის შედეგადაც შეიძლება სახელმწიფო დავკარგოთ.
--------------------
10111100.10000001.11110000.00011111
I M M O R T A L
|