ლეგენდა ქართველთა სამხედრო გონიერებისა და თავდადების შესახებ
ეს ამბავი იმ დროის საქართველოს შეეხება, როცა მტერს მამაქალაქი ხელში ჩაეგდო და იქიდან მთელი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლას მართავდა. ამ სტრატეგიულ ციხე-ქალაქში გამაგრებული მტერი მუდმივ საფრთხეს უქმნიდა საქართველოს, ამიტომ ქვეყნის გადარჩენა სწორედ ამ სიმაგრის დაბრუნებაზე იყო დამოკიდებული.
ერთ დღესაც საქართველოს ერისთავები შეიკრიბნენ და დიდხანს ბჭობდნენ. მტერი მრავალრიცხოვანი იყო, ხოლო ციხის იერიშით აღება - თითქმის შეუძლებელი. ყველაზე დიდი პრობლემა თავად ქალაქელთა განწყობა იყო. მიუხედავად იმისა, რომ მტრის რიცხვი მათ ბევრად არ აღემატებოდა, ისინი მაინც უმოქმედოდ რჩებოდნენ. საერისთაოს ჯარები ციხე-ქალაქს გარედან უტევდნენ, მაგრამ შიგნიდან მხარდაჭერა არ იყო - თითქოს ქალაქელები თავიანთ ხვედრს შეგუებოდნენ და ციხის გასაღებისთვის ბრძოლას არც კი ცდილობდნენ. წლების მარცხსა და მტრის სისასტიკეს მათ გულებში შიში და უმოქმედობა ჩაენერგა. ბრძოლისთვის მხოლოდ მახვილი არ კმაროდა - რწმენაც იყო საჭირო, რწმენა, რომ გამარჯვება კვლავ შესაძლებელი იყო.
გრძელი ბჭობის შემდეგ გადაწყდა, რომ ათასმანი (ათასი თავდადებული მეომარი) ფარულად შეიპარებოდა ქალაქში. თუმცა მათი ამოცანა ბრძოლა კი არა, ქალაქელთა სულების გაღვიძება იქნებოდა.
აზრები გაიყო. ბარის საერისთავო უსისხლო წინააღმდეგობას ემხრობოდა – ათასმანს ქალაქის მოედანზე უნდა დაეკავებინა ადგილი, საჯაროდ გამოეცხადებინათ თავიანთი მოთხოვნები და უარი ეთქვათ საჭმელზე და წყალზე. მათი რწმენისა და თავდადების შემყურე, ქალაქის ქართულ მოსახლეობას თანაგრძნობა უნდა გასჩენოდა და საბოლოოდ, ბრძოლისთვის განწყობილიყვნენ.
მთის საერისთავო უფრო რადიკალურ გეგმას ემხრობოდა. მათი აზრით, ათასმანის თითოეულ მეომარს ყოველდღე თითი უნდა მოეკვეთა, ხოლო თუ მათი სიტყვები უყურადღებოდ დარჩებოდა, ბოლოს კიდურებიც მოეკვეთათ ერთმანეთისთვის. მათი რწმენით, ეს დაუნდობელი თავგანწირვა გულგრილს ვერავის დატოვებდა და ქალაქი მტრის წინააღმდეგ აღდგებოდა.
ამ ვერსიასაც ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა. ხავსიჭალას და ხავსისხევის ერისთავები ორივე გეგმას ეწინააღმდეგებოდნენ – შიმშილობამ შესაძლოა ჩვენი საუკეთესო მეომრების დაღუპვა გამოიწვიოს, ხოლო თითებისა და კიდურების მოჭრა მეტისმეტად სასტიკია. უმჯობესია, ბიზანტიაში თორმეტი წლის განმავლობაში გაგზავნილ ორმოცდაერთ ელჩს და მათ პასუხს დაველოდოთ ან გაზაფხულამდე მოვიცადოთ - იქნებ წვიმებმა მტკვარი აადიდოს და ქალაქი წალეკოსო.
ასე დაობდნენ დიდხანს, სანამ ბოლოს ხმა არ ამოიღო ხევისბერმა - კაცმა, რომლის ხმაშიც ბრძენი და გამოცდილი მეომარი ერთდროულად იგრძნობოდა.
- მე შემიძლია ათასმანით სასურველ შედეგს მივაღწიო ისე, რომ არც ერთ მათგანს თმა არ ჩამოუვარდეს თავიდან, არც ერთი წვეთი სისხლი არ დაიღვაროს, არც ერთი ფოთოლი ჩამოვარდეს ხიდან და არც ერთი კენჭი დაიძრას ადგილიდან, — თქვა მან.
ხავსიჭალას და ხავსისხევის ერისთავებმა ერთმანეთს ეჭვით გადახედეს.
- ეს როგორ უნდა გააკეთო? - ჰკითხეს.
ხევისბერმა მზერა გაუსწორა შეკრებილთ და მტკიცედ თქვა:
- მე და ათასმანი მტერს იქამდე მივიყვანთ, რომ ან ციხე-ქალაქის გასაღებს ჩაგვაბარებს, ან თავად მისცემს ცეცხლს ქალაქს – და ეს თავისთავად ქალაქელთა განრისხებას გამოიწვევს.
და მერე, თითქოს თავად დროსაც სუნთქვა შეეკრა, ხევისბერმა ერთი შეხედვით მარტივი, მაგრამ მძიმე კითხვა დასვა:
- მართლა გინდათ შედეგის მიღწევა, თუ უბრალოდ პროცესის ხიბლში ხართ?
თავიდან ხავსიჭალას და ხავსისხევის სტუმრები დაიბნენ. შემდეგ აურზაური ატყდა - „რა თქმა უნდა, შედეგი გვინდა!“
ხევისბერმა ნელა, მაგრამ მტკიცედ წარმოთქვა:
- მაშინ კარგად მომისმინეთ…
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
რატომ ეძებ იმას აქ, რაც საკუთარ თავში შეგიძლია იპოვო, თუ მართლა გაქვს ამის სურვილი?