საინტერესო ჩაშლა ფეისბუქიდან
Giorgi Koberidze
აშშ-ს მხრიდან წარმოებული მოლაპარაკებების შედეგად ვიღებთ საკმაოდ ბუნდოვან და რთულად შესასრულებელ შეთანხმებას რუსეთ-უკრაინის ომში კონკრეტულ სეგმენტებთან დაკავშირებით, რომელთა შესრულება-არშესრულება მუდმივი კითხვის ნიშნის ქვეშ იქნება. მოდით განვმარტოთ და სრულად გავაანალიზოთ:
1. შავი ზღვის აუზში ცეცხლის შეწყდება. ამ შეთანხმების შესრულების შემთხვევაში ეს რუსეთსაც აძლევს ხელს და გარკვეულწილად უკრაინასაც: რუსული სამხედრო ხომალდები რომლებიც უკრაინულ სამიზნედ იყვნენ ქცეული, ამ შეთანხმების შესრულების შემთხვევაში აღარ აღმოჩნდებიან საფრთხის ქვეშ, თუმცა უკრაინული მხარის განმარტებით, როგორც კი რუსული სამხედრო გემები შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაწილიდან გამოვლენ [უკრაინულ წყლებში] ეს უკრაინელებისათვის აღქმული იქნება შეთანხმების დარღვევად და თავდაცვის უფლებას გამოიყენებენ მათ წინააღმდეგ. იმ ფონზე რომ რუსები დაცურავენ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების წყლებში, ამ დათქმის ფონზე საეჭვოა შეთანხმებამ ეფექტურად ან საერთოდ იმუშაოს.
თუმცა უკრაინელთათვის მსგავსი შეთანხმება ხორბლის და სხვა ეკონომიკური პროდუქციის უფრო უსაფრთხო გატანას უნდა მოხმარდეს. კომერციული მოქმედებები შავ ზღვაში შედარებით უსაფრთხო უნდა გახდეს. შესაბამისად, ეს ყველაფერი უკრაინის ეკონომიკისათვის ცუდი არ იქნება. ამასთან, უკრაინა ითხოვს საპორტო ინფრასტრუქტურაზე დარტყმების აკრძალვას, რაც უკრაინისათვის სასურველი იქნება. არაა ცნობილი ეს შეთანხმება იმასაც გულისხმობს თუ არა, რომ ზღვიდან გაშვებული რაკეტებით აღარ მოხდეს უკრაინის ტერიტორიის დაბომბვა.
მაგრამ ამ შეთანხმების განხორციელებისათვის რუსეთი საბანკო სექტორზე დაწესებული სანქციების ნაწილის მოხსნას ითხოვს.
მოკლედ რომ შევაჯამოთ - ეს შეთანხმება ნაწილობრივ ჰგავს იმას, რაც 2022 წლის ივლისში თურქეთის ხელმძღვანელობით ერთხელ უკვე ვიხილეთ და სრულყოფილად დიდი ხანი არ უმუშავია და შემდეგ მისი სხვადასხვა ფორმით განახლება და ხელახლა მოლაპარაკება გახდა საჭირო. მაგრამ ახლა რუსეთის ინტერესებია უფრო მყარადაა წარმოდგენილი.
მაგრამ, თუკი უკრაინის საპორტო ინფრასტრუქტურა უფრო მეტად უსაფრთხოებაში აღმოჩნდება, ეს კარგი იქნება, მაგრამ რუსები რამდენად შეწყვეტენ უკრაინის წყლებში ცურვას - სადავოა. ვთქვათ ისიც, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტი გამოფიტულია, შესაბამისად, შესაძლოა რუსეთს არც კი აწყობდეს შეთანხმების დარღვევა.
2. შეთანხმების მეორე ნაწილი ენერგოობიექტებზე თავდასხმის აკრძალვას გულისხმობს. ეს უმეტესწილად რუსეთის ინტერესებში შედის, რადგან მისი ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურა განსაკუთრებულად მძიმე დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში. ბოლო თვეებია კი რუსეთში მდგომარეობამ ამ მხრივ კრიტიკულ ნიშნულს მიაღწია. შესაბამისად, მოლაპარაკებების შესრულების შემთხვევაში, რუსეთს ამოსუნთქვის საშუალება მიეცემა. პუტინმა და ტრამპმა ერთი კვირის წინანდელ საუბარში ძირითადად სწორედ ამ თემაზე ისაუბრეს, თუმცა ბოლო ერთი კვირაა ენერგოობიექტებზე დაბომბვა განსაკუთრებულად ინტენსიური გახდა. შესაბამისად, რამდენად იმუშავებს ხანგრძლივად ეს შეთანხმება - არაა ნათელი. მაგრამ იმ ფონზე, რომ უკრაინისათვისაც სამხედრო წარმოების აღდგენისათვის მნიშვნელოვანია მისი ენერგოობიექტების დაცვა, შესაძლოა იარსებოს ორმხრივმა ნებამ დარტყმებზე თავშეკავების შესახებ.
რეალურად განსაკუთრებულ საკითხზე არ მომხდარა შეთანხმება და ომის ყოველდღიურობაზე ეს დიდად არ აისახება.
მთავარი: რუსეთი ითხოვს სანქციების მოხსნას შავი ზღვის შეთანხმების სრულყოფილი შესრულებისათვის. ეს აშშ-მ ან/და ევროპამ უნდა განახორციელოს. ევროპის მხრიდან საეჭვოა მსგავსი რამ, მაგრამ აშშ-ს მოქმედი ადმინისტრაციის მხრიდან გამორიცხული არაფერი იქნება. - რას მოხსნიან და რას დატოვებენ, ვიხილავთ. თუმცა მსგავსი მოთხოვნა ძველი საბჭოთა მიდგომაა - მოითხოვე მაქსიმუმი, რათა მიიღო სასურველი და თუ ვერ მიიღებ ვერაფერს მოწინააღმდეგეს დააბრალე შენი ბრალია, შენ არ გინდა მშვიდობაო. ამ მოთხოვნის ფონზე, როგორ განხორციელდება შეთანხმება და რამდენად რეალისტური იქნება მისი დაცვა, ჯერჯერობით არ ჩანს.
თუმცა, როგორც არ უნდა იყოს, მოლაპარაკებების ამ შედეგებით რუსეთი უფრო მეტ სარგებელს იღებს, ვიდრე უკრაინა, მით უფრო, რომ მისი, როგორც მხარის საერთაშორისო სივრცეში დაბრუნების მცდელობას ვადევნებთ თვალს.
https://www.facebook.com/giorgi.kob/posts/p...R6YWSJL6F9kqPfl