https://fb.watch/A3LDY2DDfR/?mibextid=Nif5ozრუსეთი საქართველოში "რუსული ენის პოპულარიზაციისთვის" იმუშავებს
საქართველოში შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექციის ახალი ხელმძღვანელის, დმიტრი ოლისოვის განცხადებით, სექცია გააგრძელებს მუშაობას "რუსული ენის პოპულარიზაციისთვის".
"რუსული ენის პოპულარიზაცია საზღვარგარეთ რუსეთის ჰუმანიტარული პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული სფეროა. ჩვენი მთავარი ამოცანაა რუსული ენის კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობა, რუსული კულტურისა და მეცნიერების მიღწევებზე საყოველთაო თავისუფალი წვდომის გარანტიების შექმნა, ენის შესწავლის, რუსულ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობების უზრუნველყოფა. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ინტერესების სექცია, მთელი მისი შემადგენლობა, გააგრძელებს მუშაობას ამ მნიშვნელოვანი მიმართულებით", - განაცხადა ოლისოვმა რუსული ენის დღისადმი მიძღვნილ საღამოზე, რომელიც რუსეთის ინტერესთა სექციაში გაიმართა
გავიხსენოთ რუსების/რუსულენოვანების გამოსვლები ლატვიაში, 2018 წლის 1 მაისს
რიგაში პირველი მაისის აღსანიშნავად (დამოუკიდებელ ლატვიაში კომუნისტური დღესასწაულები გაუქმებულია) რუსული სკოლების დაცვის შტაბმა და პარტიამ "Русский союз Латвии" ("Latvian Russian Union") მოაწყვეს მსვლელობა ყოფილი რუსული სკოლების ლატვიურ ენაზე გადაყვანის გასაპროტესტებლად.
მონაწილეები ამტკიცებდნენ, რომ "რუსები ლატვიის მკვიდრი მოსახლეობაა", მოითხოვდნენ კუბოებს ყველასთვის, ვინც მხარს უჭერდა ყოფილი რუსული სკოლების ლატვიურ ენაზე გადაყვანას, ომით იმუქრებოდნენ და ახსენებდნენ რუსულ ოკუპაციას ლოზუნგებით "რუსული ენა გამარჯვების ენაა".
მანამდე ლატვიაში დააკავეს "რუსული სკოლების დაცვის შტაბის" ლიდერი ალექსანდრ გაპონენკო ლატვიის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების ბრალდებით.
რაც შეეხება რუსეთის ჰუმანიტარულ პოლიტიკას
2022 წლის 5 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა დაამტკიცა ჰუმანიტარული პოლიტიკის ახალი კონცეფცია. დოკუმენტის მთავარი თეზისი ე.წ. რუსული სამყაროა.
კონცეფციის თანახმად, რუსეთმა საზღვარგარეთ უნდა გაავრცელოს რუსული კულტურა, ენა და ღირებულებები.
რა არის "რუსული სამყარო"? მოკლე შინაარსი: "რუსული სამყაროა" ყველა ის ქვეყანა და ტერიტორია, სადაც ცხოვრობენ ეთნიკური რუსები, რუსეთის მოქალაქეები და უბრალოდ რუსულად მოლაპარაკე ადამიანებიც.
ცხადია, რუსული სამყაროს ცენტრი, თავად რუსეთია.
ბევრისთვის "რუსული სამყარო", პირველ რიგში, უკრაინა და ბელარუსია. ასე ფიქრობს, მაგალითად, ფილოსოფოსი ალექსანდრ დუგინი.
დუგინამდე, რუსი მწერალი და ნობელის პრემიის ლაურეატი, ალექსანდრ სოლჟენიცინი (მაშინდელი ე.წ. "კარგი რუსი") წერდა, რომ უკრაინისა და ბელარუსის დამოუკიდებლობა "სლავური ტრაგედიაა".
და საქართველო? რუსები საქართველოს "რუსული სამყაროს" განუყოფელ ნაწილს უწოდებენ. რატომ? მათი მტკიცებით, სწორედ რუსეთმა იხსნა საქართველოს სახელმწიფოებრიობა, რუსული კულტურა კი დღემდე უდიდეს ზეგავლენას ახდენს საქართველოზე.
რუსეთის პრეზიდენტის ხელმოწერილ დოკუმენტში საქართველოს კიდევ ერთი უსიამოვნო სიურპრიზი დახვდა. მოსკოვის მთავარი პრიორიტეტია, "გააფართოოს თანაშრომლობა" აფხაზეთსა და ე.წ "სამხრეთ ოსეთთან". მათი მოსახლეობის უმრავლესობას რუსული პასპორტი უკვე აქვს.
"ომები თავისიანების დასაცავად"
რუსეთის მოქალაქეები, ეთნიკური რუსები და რუსულენოვანი მოსახლეობა - უკანასკნელ 14 წელიწადში კრემლი მათი დაცვით არაერთხელ დაიმუქრა და ამ მოტივით სამი ომი დაიწყო.
2008 წლის ოკუპაციას წინ უძღოდა აფხაზეთსა და ე.წ. "სამხრეთ ოსეთში" რუსული პასპორტების დარიგება. უკვე 2006 წლისთვის, იქ მცხოვრებთა 90%-ს ჰქონდა რუსეთის მოქალაქეობა.
2014 წლის მარტში, უკრაინისთვის ყირიმის ნახევარკუნძულის წართმევას რუსეთი იმით ხსნიდა, რომ ეს ისტორიულად რუსული მიწაა და მოსახლეობის უმრავლესობა იქ რუსულად ლაპარაკობს.
ანექსიამდე ბოლო აღწერა ყირიმში 2001 წელს ჩატარდა. 60%-მა თქვა, რომ ეთნიკურად რუსია. რუსული მშობლიურ ენად თითქმის 77%-მა დაასახელა.
ყირიმის ანექსიის შემდეგ, აღმოსავლეთ უკრაინაში ომი დაიწყო. რუსეთი იქაურ სეპარატისტებს მხარს უჭერდა და აცხადებდა, რომ "კიევი რუსულენოვან მოსახლეობას ჩაგრავს".
ორ წელიწადში რუსეთის პრეზიდენტმა აღიარა, რომ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებს ჯარით დაეხმარა.
თითქმის იგივე თქვა 2022 წლის თებერვალშიც, როდესაც ჯერ ორი რეგიონის ე.წ. "დამოუკიდებლობა" აღიარა, შემდეგ კი უკრაინაში შეიჭრა.
"რუსული სამყარო" ფართოვდება
ახალი ჰუმანიტარული კონცეფციის ფარგლებში, რუსეთი ყურადღებით დააკვირდება, როგორ "იცავენ საქართველო, მოლდოვა და ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებებს".
2014 წლის აღწერის თანახმად, საქართველოში დაახლოებით 25 ათასი ეთნიკური რუსი ცხოვრობდა.
ახლა
IDFI-ს მონაცემებით, მარტო 2022-2023 წლებში საქართველოში საცხოვრებლად დარჩა 73.7 ათასი ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქე.
2023 წლის მონაცემების მიხედვით კი
მასობრივი უკონტროლო მიგრაციის შედეგად საქართველოში ფუნქციონირებენ ოკუპანტი ქვეყნის ტერიტორიაზე აკრედიტებული კერძო რუსული არალეგალური სკოლები, სადაც ოკუპანტ ქვეყანაში შემუშავებული სახელმძღვანელოებით ასწავლიან, ნათია გორგაძის შეფასებით, დაახლოვებით 4 ათას მოსწავლეს.
აქვე
არაფერია ცუდი იმაში, რომ რუსები ტოვებენ ქვეყანას, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა სანკტ-პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმის პლენარულ სხდომაზე.
"იცით, მე აქ ცუდს ვერაფერს ვხედავ. <...> დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი უფრო პოზიტიურია, ვიდრე ნეგატიური, რადგან იგი იქნება რუსეთის დამატებითი კავშირის ელემენტი იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც ჩვენ უკვე ვავითარებთ ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ კონტაქტებს", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
რუსეთის პრეზიდენტის ცნობით, ბევრი რუსი ახლა მუშაობს და ცხოვრობს სხვა ქვეყანაში, მათ შორის "ახლო მეზობელ ქვეყნებში".
ამავე დროს, ალექსანდრ დუგინი ამბობს, რომ 2008 წელს თბილისში რუსული ტანკები რომ შესულიყვნენ, სიტუაცია საქართველოში "დაახლოებით იგივე იქნებოდა, რაც ივანიშვილის პირობებშია, იდენტური იმისა, რაც დღეს არის".
როგორც დასავლეთში, ისე საქართველოში ანალიტიკოსები თვლიან, რომ ეს ნაკადი საქართველოსთვის სერიოზული საფრთხეა.
"ეს არის ძალიან დიდი რისკი, ჩვენ ვსაუბრობთ, იმ ქვეყნის მოქალაქეებზე, რომელიც ჩვენი სახელმწიფოს ოკუპაციას ახორციელებს. სულ რომ ეს ადამიანები ფრთიანი ანგელოზები იყვნენ, მათი აქ ყოფნა უკვე საფრთხეა, იმიტომ, რომ დიასპორა ყოველთვის იყო რუსული პოლიტიკური ელიტის ხელში იარაღი, ჩახედეთ რუსეთის სტრატეგიულ დოკუმენტებს უსაფრთხოების შესახებ" - ამბობს საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების მკვლევარი გიორგი გობრონიძე.
შეგახსენებთ
ქვეყანაში, რომლის 20% რუსეთს ოკუპირებული აქვს და უწყვეტად აგრძელებს საოკუპაციო ხაზის უკანონო გადაწევისა [ოკუპირებული ცხინვალის საოკუპაციო ხაზის საერთო სიგრძე 350 კმ-ია. აქედან 2021 წელს 56 კილომეტრი უკვე მავთულხლართებით იყო მონიშნული. ანტისაოკუპაციო მოძრაობის დათვლით, 2021 წელს მცოცავი ოკუპაციით უკვე წართმეული გვქონდა 60 მილიონი კვ.მ. მიწა. რომ წარმოიდგინოთ, ეს სოხუმსა და ცხინვალზე, ერთად აღებულზე, მეტი ტერიტორიაა], იტაცებს საქართველოს მოქალაქეებს [ანტისაოკუპაციო მოძრაობის მონაცემებით, 2008 წლის ომის დასრულების შემდეგ რუსეთმა გაიტაცა 3500 მოქალაქეზე მეტი], კლავს საქართველოს მოქალაქეებს [2014 წლიდან დღემდე რუსეთმა მოკლა 7 საქართველოს მოქალაქე], აძევებს ქართველებს საკუთარი სახლებიდან და უწყვეტ გენოციდს სჩადის, ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებს უვიზოდ შემოსვლის და ქვეყანაში 366 დღით დარჩენის შესაძლებლობა აქვთ.
დამატებით მოქმედებს border run-ი/visa run-ი, რაც არის უმნიშვნელოვანესი და რუსულენოვანი მიგრანტებისთვის [ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებისთვის და ბელარუსის მოქალაქეებისთვის/რუსეთ-ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოს მოქალაქეებისთვის] ნიშნავს უვადო ყოფნას საქართველოში.
წყაროები: რადიო თავისუფლება, ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშია", ამერიკის ხმა