“კიდევ ერთხელ შეცდა” - ასლან ისმაილოვი პუტინის „გეოპოლიტიკურ კრუნჩხვებზე“
https://www.radiotavisupleba.ge/a/33463853.html...ახლა რუსული პროპაგანდა გვაყვედრის, რომ თითქოსდა პუტინი ილჰამ ალიევს „დაეხმარა ყარაბაღის განთავისუფლებაში“, ალიევი კი „უმადური გამოდგა“. ეს ურცხვი ტყუილია - დიახ, პუტინი მართლაც არ ჩაერია, მაგრამ არა იმიტომ, რომ აზერბაიჯანზე გიჟდებოდა - მას იმედი ჰქონდა, რომ როდესაც აზერბაიჯანი დაიწყებდა მიწების გათავისუფლებას, და ცხადია, იცოდა, რომ [სომხეთის მხარეს] მისი ჩარევის გარეშე აზერბაიჯანი მიწებს უცილობლად დაიბრუნებდა, ეს 2+2 იყო, ამის შემხედვარე სომხები ისევ რუსების დაკრულზე ცეკვას არჩევდნენ და ფაშინიანს დაამხობდნენ. აი, ეს იყო პუტინის განზრახვა, აზერბაიჯანის დახმარება კი არა. მაგრამ ვერ გათვალა - ფაშინიანმა გაძლო, ის თავის წინამორბედებზე გაცილებით ჭკვიანი აღმოჩნდა.
- და მალევე, ის კიდევ ერთხელ შეცდება გათვლაში - უკრაინაში შეიჭრება, იმ ვარაუდით, რომ სამ დღეში აიღებს.- სწორედ ასეა. და რატომ დაიწყო უკრაინით? იმიტომ რომ კარგად იცოდა: თუ მოახერხებდა და მართლაც აიღებდა უკრაინას სამ დღეში, მერე ყველაფერი დანარჩენი - შუა აზიაც და სამხრეთი კავკასიაც - უკვე ჯიბეში ექნებოდა. ომის მეორე დღეს დავწერე: დღეს უკრაინელი ხალხი არა მარტო საკუთარი დამოუკიდებლობისათვის, არამედ მთელი პოსტსაბჭოთა სივრცის თავისუფლებისათვის იბრძვის-მეთქი. ეს აშკარაა.
ამ მოვლენების შემდეგ ილჰამ ალიევმა მკაფიო პოზიცია დაიკავა. მან აღიარა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა. დაიწყო მატერიალური და მორალური დახმარება უკრაინელი ხალხისთვის და არ მიემხრო რუსეთს.
შარშან, როცა ეს განხეთქილება ჯერ კიდევ ღვივდებოდა, ისინი, ვინც ყურადღებით ვადევნებდით თვალს, ვამბობდით, რომ კრემლის მხრიდან რაღაც ზომებს მიიღებდნენ, ფრთხილად უნდა ვყოფილიყავით. ამის შემდეგ მალევე ჩამოაგდეს სამგზავრო თვითმფრინავი.
ალიევის პოზიცია, მისი გზავნილი მკაფიო იყო: რუსეთის ხელისუფლებას ბოდიში უნდა მოეხადა და მსხვერპლთათვის ზარალი აენაზღაურებინა. ცხადია, მსგავსი არაფერი მომხდარა, რამეთუ ბატონი თავის მოჯამაგირესთან ბოდიშს არ იხდის - პუტინი ასე თვლის.
და აქ ის კიდევ ერთხელ შეცდა, ისევ ვერ გათვალა — არ გაითვალისწინა ილჰამ ალიევის ხასიათი. ალიევი არ გაჩერდა. მან კიდევ უფრო დაჟინებით გაიმეორა თავისი მოთხოვნები. მერე მოდის მაისი, ზეიმები, აღლუმი. პუტინმა პირადად დაპატიჟა ალიევი - ალიევმა უარი თქვა.
ბაქოში ჩამოდის ფედერაციის საბჭო, მატვიენკო. ისევ უარი. შემდეგ გამოგზავნეს გუნდიაევი, კირილი, ფსბ-შნიკი, რომელიც მოცალეობისას რუსეთის პატრიარქის როლს ასრულებს ხოლმე. ალიევი თავისაზე იდგა - პუტინს მოსკოვში არ ეახლა.
და მაშინ კი რუსეთი უკვე ვა-ბანკზე წავიდა. ერთადერთი კოზირი, რომელიც კრემლს შემორჩა, აზერბაიჯანული დიასპორაა. აქ, აზერბაიჯანში, ჩვენი ხალხი სრულებით უზრუნველყოფილია, არაფერში სჭირდება დახმარება.

იქ მცხოვრებთ სხვა რეალობა აქვთ.
- რამდენად ქმედითი ბერკეტია ეს დიასპორა პუტინის ხელში? რამდენად დიდ გავლენას ახდენს ეს ალიევის გადაწყვეტილებებზე?- ეს კრემლის ყველაზე მთავარი და ერთადერთი კოზირია, სერიოზული კოზირი. იქ მილიონზე მეტი ჩვენი თანამემამულეა. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რუსეთის მოქალაქეა, არა აზერბაიჯანის, არამედ რუსეთის — ისინი იქ 20-30-40-50 წელია ცხოვრობენ. ეკატერინბურგის რეიდი პირველი არ ყოფილა - მანამდეც იყო ასეთი შემთხვევები, პირუტყვული მოპყრობა, მაგრამ სიკვდილი არ ახლდა თან. ეკატერინბურგში კი სასტიკი ცემა სიკვდილით დასრულდა და პრეზიდენტისთვის ამაზე გაჩუმება ქვეყნის უპატივცემულობა იქნებოდა. მან კარგად იცოდა ხალხის განწყობა, ამიტომაც დაიკავა მკაფიო პოზიცია.
- და თუ რუსეთი მიგანიშნებთ: „შევწყვეტთ, თუ უფრო დამყოლები იქნებით“. ასეთი შეთავაზება ბაქოსთვის მისაღები იქნებოდა?- არა. ჩვენ არ გავხდებით უფრო დამყოლები, უფრო გამგონეები. ეს საერთოდ არ შეეფერება ალიევის ხასიათს. ის ჰეიდარ ალიევის შვილია. შეიძლება დუმდეს, მაგრამ გამგონე და მორჩილი? ეს გამორიცხულია. პასუხი სარკისებური იქნება. სინანულით მინდა აღვნიშნო მხოლოდ ერთი რამ: აქ დააპატიმრეს "სპუტნიკის" აგენტურული ქსელის ხალხი, ფსბ-ს (რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური) სატელიტები. ცხადია, უნდა დაეპატიმრებინათ, მაგრამ არა ისე, როგორც რუსეთი აკეთებს. საჯაროდ გამოვთქვი ჩემი გულისწყრომა ამის გამო.
- რომ სცემეს, იმას გულისხმობთ?- დიახ. ეს რუსული „სილოვიკების“ ხელწერაა, ჩვენ მათზე უკეთესი უნდა ვიყოთ. მაგრამ აგენტურის წმენდა გაგრძელდება - ეს ფაქტია.
- და რა შედეგები მოჰყვება ამას რუსეთის მხრიდან?- ჩვენი საზღვარი უკვე ხუთ წელზე მეტია დახურულია. აშკარაა, ალიევმა იცოდა, რომ მოვიდოდა დრო და პუტინი ამას გააკეთებდა. ჩაკეტილი საზღვრის ფონზე თვითმფრინავით მილიონი ადამიანის აზერბაიჯანში შეყვანა და აქ საზოგადოებრივი მღელვარების გამოწვევა — ეს აბსურდის ჟანრიდანაა. ბუნებრივია, აზერბაიჯანშიც ბევრი უკმაყოფილოა ხელისუფლებით და მისი უკანონო ქმედებებით — ამას ვაღიარებ. მაგრამ ამ საკითხში ხალხი მთავრობის პოზიციას იზიარებს.
ერთადერთი ისაა, რომ იქ (რუსეთში) ძალიან ბევრი გავლენიანი აზერბაიჯანელია. არიან მილიარდერებიც, არიან დიასპორის გავლენიანი ლიდერებიც. ახლა მათზე იქნება მაქსიმალური ზეწოლა, რომ აზერბაიჯანზე ზემოქმედებისთვის გამოიყენონ. ეცდებიან რაღაც ისეთს, რაც საქართველოში გააკეთეს და გამოუვიდათ. „აზერბაიჯანული ბიძინა“ უკვე ჰყავთ. ყველა იცნობს მას - ეს ილჰამ რაგიმოვია, მილიარდერი ოლიგარქი და პუტინის უახლოესი მეგობარი. ახლა უნდათ, გმირად გამოიყვანონ - ვითომ ეს მან გაათავისუფლებინა ეკატერინბურგის დიასპორის ლიდერი. მერე ის ლიდერი აიძულეს, რომ რაგიმოვისთვის მადლობები ეხადა. არადა, კრემლმა თვითონ დააპატიმრა და თვითონვე გამოუშვა. ეს ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რომ რაგიმოვის რეიტინგი აემაღლებინათ. ეს ცხადია. იწყება მისი ტირაჟირება — ვითომ ქვეყნის მხსნელია და ასე შემდეგ. მე ძალიან კარგად ვიცნობ მას. მისთვის აზერბაიჯანი სამშობლო არაა, მისი სამშობლო რუსეთია. ესაა პუტინის ბოლო კოზირი, რომელსაც წლებია, „სახელოში ინახავს“. მაგრამ ესეც არ გაამართლებს. ერთი ისაა, რომ ჩვენს თანამემამულეებს რუსეთში რთული დღეები ელით.
...
ახლახან ლავროვმა თქვა, რომ რუსეთის გარეშე დადებულ ნებისმიერ შეთანხმებას სომხეთში ვითარების გაუარესება მოჰყვება. ეკატერინბურგის მოვლენების ლამის პარალელურად, სომხეთში ვნახეთ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა - ოლიგარქი სამველ კარაპეტიანი, „სომხური ბიძინა“, იქ სწორედ ამ გადატრიალებისთვის მიიყვანეს. ეჯმიაწინიც კრემლის აგენტურული ქსელია და ისიც რუსეთის მხარეს დგას. კოჩარიანის და სარგსიანის ძალებიც იმავე სცენარს ცდილობენ, მაგრამ ვფიქრობ, თუ სომხეთის ხალხი საკუთარ არჩეულ ხელმძღვანელს დაუჭერს მხარს, მათ არაფერი გამოუვათ.
რუსეთი უნდა დაინგრეს.