#62185097 · 21 Jul 2025, 17:26 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის დაძაბულობა სულ უფრო იზრდება. ეს წარმოადგენს ახალ დიპლომატიურ და გეოპოლიტიკურ კონფლიქტის ხაზს კრემლთან პოსტსაბჭოურ სივრცეში- “ მოსკოვსა და ბაქოს შორის ურთიერთობებში რთული პერიოდი დაიწყო და კრემლი იმედოვნებს, რომ ეს ეტაპი გაივლის" — განაცხადა, პუტინის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მკაფიოდ მიანიშნა პუტინს, რომ ყირიმი და სხვა უკრაინული ტერიტორიები, რომლებიც ამჟამად რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, სწორედ ოკუპირებულ ტერიტორიებად მიაჩნია. მან ურჩია უკრაინას, განაგრძოს ბრძოლა ამ ტერიტორიების დასაბრუნებლად და ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად.
პრეზიდენტმა ალიევმა უკრაინას მოუწოდა, არასდროს შეეგუოს ოკუპაციას და აღნიშნა, რომ ეს არის მისი მთავარი რჩევა უკრაინელებისადმი მიმდინარე რუსულ-უკრაინული ომის ფონზე.
მან ასევე განაცხადა, რომ აზერბაიჯანი ამზადებს დოკუმენტაციას საერთაშორისო სარჩელის შესატანად რუსეთის წინააღმდეგ, აზერბაიჯანული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებასთან დაკავშირებით.
ალიევმა ხაზი გაუსვა, რომ ბაქოს ზუსტად მოეხსენება, რა დაემართა მათ თვითმფრინავს, რომ ეს ინციდენტი არ იქნება დავიწყებული და რომ აზერბაიჯანი სამართლიანობას მოითხოვს.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ეს ტრაგედია შეადარა მალაიზიური სამგზავრო თვითმფრინავის, MH17-ის ჩამოგდებას, რომელიც რუსეთმა განახორციელა 2014 წელს…
ამგვარად, ვხედავთ აზერბაიჯანის ლიდერის მხრიდან რამდენიმე საკმაოდ მწვავე განცხადებას რუსეთისა და პირადად პუტინის მისამართით.
აღნიშნული განცხადებები გაკეთდა მოსკოვსა და ბაქოს შორის გამწვავებული დაპირისპირების ფონზე, რომელიც უკავშირდება ეთნიკური აზერბაიჯანელების, რუსეთის მოქალაქე აზერბაიჯანელების და თავად აზერბაიჯანის მოქალაქეების დევნას რუსეთის ძალოვანი სტრუქტურების მიერ.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმაზე დაკვირვება, თუ როგორ უპასუხებს კრემლი აზერბაიჯანის პრეზიდენტის ამ განცხადებებს, რომლებიც აშკარად ასახავს აზერბაიჯანულ-რუსული ურთიერთობების შემდგომ გაუარესებას და რუსეთის გავლენის შემცირებას კავკასიის რეგიონში.
ყარაბაღის დაბრუნების შემდეგ, აზერბაიჯანი აფართოებს გავლენას როგორც კავკასიაში, ისე მთლიანად პოსტსაბჭოთა ცენტრალურ აზიაში. მისი მთავარი მოკავშირეა თურქეთი და სხვა ძალები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან რუსეთის რეგიონული გავლენის შესუსტებით.
კრემლში აცნობიერებენ, რომ მხოლოდ აზერბაიჯანი არ ცდილობს გათავისუფლებას მოსკოვის გავლენისგან — იგივე პროცესი მიმდინარეობს სომხეთშიც.
დღეს რუსეთის ყველა რესურსი კონცენტრირებულია უკრაინაში მიმდინარე ომზე, ამ ფონზე კი რუსებს პირდაპირი მნიშვნელობით არ აქვთ შესაძლებლობა, რომ აგრესიული ქმედებები განახორციელონ სხვა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების წინააღმდეგ.
აქედან გამომდინარე, სწორედ ახლაა საუკეთესო დრო და შესაძლებლობა, რომ ცალკეული ქვეყნები გაექცნენ რუსეთის გავლენას და უკრაინის გმირული ბრძოლა რუსულ იმპერიასთან სწორედ ამ შესაძლებლობას ქმნის.
ერთ-ერთი ძირითადი კონფლიქტის წერტილია აზერბაიჯანის მისწრაფება, გახდეს ცენტრალური აზიიდან დასავლეთისკენ ენერგორესურსების ექსპორტის მთავარი ჰაბი — რაც რუსეთს გვერდს უვლის. ამას კი მოსკოვი კატეგორიულად ეწინააღმდეგება, თუმცა ამჟამად ვერაფერს აკეთებს, რადგან უკრაინასთან ომშია ჩაფლული…
ამ ეტაპზე რუსეთს აღარ შეუძლია რეგიონული პროცესების მართვა თავისი ე.წ. „მშვიდობისდამცველების“ მეშვეობით, რადგან მათი დიდი ნაწილი ახლა უკრაინაშია გადაყვანილი. ამის გამო, პუტინი უფრო მეტად დაეყრდნობა პროპაგანდას და სავარაუდოდ, გაამწვავებს აზერბაიჯანელების დევნას რუსეთის შიგნით.
უკვე დაიწყო რუსი პროპაგანდისტების მოთხოვნები: აზერბაიჯანიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის შეჩერება;
მზადება მოახლოებული სამხედრო კონფლიქტისთვის;
ბაქოს ცენტრზე დარტყმა „ორეშნიკით“.
თუმცა ეს ყოველივე ამ ეტაპზე მხოლოდ საინფორმაციო ხმაურია. რუსეთს არ აქვს რეალური ეკონომიკური ან სამხედრო ბერკეტები, რათა აზერბაიჯანის პოზიციაზე ზეგავლენა მოახდინოს.
პუტინი კარგად ხვდება, რომ აზერბაიჯანთან კონფლიქტის გაღრმავება ავტომატურად ნიშნავს სერიოზულ დაპირისპირებას ანკარასთან და ალიევის მთავარ პარტნიორ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან.
სიტუაცია განვითარებას განაგრძობს და უკრაინაში ომის მსვლელობა მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს მის საბოლოო მიმართულებაზე.
პ.ს ამასობაში კი საქართველო სრული სიმძლავრით შორდება ისტორიულ მოკავშირეებს და გადადის რუსულ-იმპერიულ ორბიტაზე.
This post has been edited by იბერი. on 21 Jul 2025, 17:32
|