23 ივლისს „დინამო არენაზე“ ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი გაიმართება. Starring Georgia-ს ცნობით, „დინამო არენას“ კარი 17:00-ზე გაიღება, მსმენელს სხვადასხვა აქტივობაში მონაწილეობა და წინასაკონცერტო განწყობის შექმნა შეეძლება.
ორგანიზატორების ცნობით, 21:00-ზე სცენაზე გამოვა მთავარი არტისტი, 19:30-დან კი მაყურებლისთვის DJ ANDREW HYPES დაუკრავს.
Starring Georgia-მ ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გაავრცელა რეკომენდაციები, რომელიც კონცერტზე დასწრების მსურველებმა უნდა გაითვალისწინონ.
„Starring Georgia მელომანებს ურჩევს, არენაზე ადრე მოვიდნენ, თავიანთი ადგილიც დაიკავონ. გასათვალისწინებელია, რომ ხვალ საკმაოდ მზიანი ამინდი იქნება, რასაც კონცერტზე დასწრების მსურველები მომზადებული უნდა შეხვდნენ. ჩაიცვი კომფორტულად. დეჰიდრატაციის თავიდან ასარიდებლად მიიღე საჭირო რაოდენობის წყალი; თან იქონიე ქუდი ან რაიმე, რაც მზისგან დაგიცავს.
მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილის პარკირებას ვერ შეძლებთ და 13:00-დან კონკრეტული ქუჩებიც (გ. ცაბაძის, ს. მეტრეველის, ა. წერეთლის და დ. ყიფიანის) გადაიკეტება. ამიტომ, Starring Georgia-სა და „ბოლტის“ პარტნიორობის ფარგლებში, კონცერტზე მომავალი სტუმრები ისარგებლებენ ფასდაკლებით „ბოლტის“ სკუტერებით განხორციელებულ ნებისმიერ მგზავრობაზე იმ შემთხვევაში, თუ სკუტერებს თამარ მეფის ქუჩისა და აღმაშენებლის ქუჩის კვეთაზე, ე.წ. ადამისა და ევას შენობასთან დააპარკინგებენ; გახანგრძლივდება და 02:00-მდე გადაიწევს: N381, N315, N320, N311, N327, N308, N306, N384 და N386 ავტობუსების სამუშაო დრო.
რაც შეეხება უშუალოდ საკონცერტო ტერიტორიასა და ღონისძიებას, აქ მკაცრად იქნება დაცული უსაფრთხოების ნორმები. ტერიტორიაზე არ იქნება შემნახველი საკნები, რადგან ადამიანების რაოდენობიდან გამომდინარე, ეს შეუძლებელია. ამიტომაც, მაყურებლებმა მხოლოდ საჭირო ნივთები უნდა წამოიღონ, რათა კარში უხერხული ვითარება არ შეიქმნას. ამას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ „ორბიტის“ ბილეთის მფლობელებმა, რადგან მათ ყველა იმ პატარა ნივთის დატოვებაც მოუწევთ, რომელმაც შესაძლოა, სროლის შემთხვევაში, სცენამდე მიაღწიოს.
აკრძალული ნივთებია: საკვები და სასმელი, პროფესიონალური კამერა, მეტალის ნივთები, სითხეები და სითხის კონტეინერი, პიროტექნიკა და ხმაურის გამომწვევი მოწყობილობები. მაყურებელს შეუძლია, კონცერტზე შეიტანოს პოლაროიდი და მცირე ზომის არაპროფესიონალური კამერა, მცირე ზომის ტექნიკა, სუნამოს პატარა ბოთლი, მცირე ზომის ჩანთა, თავის მოვლის საშუალებები 50 მლ-მდე. ასევე, საგულისხმოა, რომ კონცერტზე არ დაიშვებიან შინაური ცხოველები, რადგან მსგავსი ხმაური მათი ჯანმრთელობისთვის სახიფათოა.
გაითვალისწინეთ, რომ ტერიტორიაზე იქნება ე.წ. ქეშლეს სისტემა და გადახდა მხოლოდ ბარათით იქნება შესაძლებელი, თუმცა მათ, ვინც ქეშით იქნება, დახვდებათ ჩასარიცხი აპარატები, რათა თანხა ბარათზე შეიტანონ. გარდა ამისა, ადგილზე წარმოდგენილი იქნება ჯასტინ ტიმბერლეიკის ოფიციალური მერჩი – გულშემატკივრებს შეეძლებათ, შეიძინონ ნივთები საყვარელი არტისტის გამოსახულებით. შეგახსენებთ, ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტის ბილეთები ექვს საათში სრულად გაიყიდა. მყიდველებს შორის 18 000-მეტი უცხოეთის მოქალაქეა“, – აღნიშნულია Starring Georgia-ს ინფორმაციაში.
18 ათასი უცხოეთის მოქალაქე

რამდენი უსაქმური ყავს დედამიწას