
ვიფიქრე, შევაგროვებ პტრ-პტრ ისტორიებს და კვირის ბოლოს მოვყვები-თქო, მაგრამ ეს ამბავი ძალიან მნიშვნელოვანი მგონია, ამიტომ პარასკევს არ დაველოდები.
მეორე სტუდიის მოსწავლეებს დღეს "დილის წრე" საინტერესო თემაზე ჰქონდათ - რა არის შეცდომა, რა შედეგები მოყვება მას და როგორი რეაქცია უნდა გვქონდეს შეცდომებზე.
თემის გასაშლელად, მეგზურებმა ერთი მხატვრის ამბავი მოყვნენ, რომელიც ხატვისას შეცდომებს უშვებდა, თუმცა საბოლოოდ ამ შეცდომებისგან ლამაზი ნახატი გამოუვიდა.
ამის მერე "განზრახ შეცდომებით" ხატვის სესია ქონდათ - ყველა დაჯდა წრეზე და დინოზავრის ხატვა დაიწყო. რაღაც დროის შემდეგ, თამაშის ლიდერის ნათქვამზე, ყველამ საკუთარი ნახატი მეზობელს გაუცვალა და ერთმანეთის ნამუშევრები გააგრძელეს. მეორე დაძახებაზე ფლომასტერები გაცვალეს, მესამეზე - კიდევ ერთხელ ნახატები.
საბოლოოდ, ძალიან უცნაური დინოზავრები კი გამოვიდა ამ "შეცდომების" შედეგად, მაგრამ ფაქტი ჯიუტია - ყველა დინოზავრი ძალიან საყვარელიც იყო!
"მგონი შეცდომები კარგია!" თქვა ერთმა.
"მოდი, სტუდიის წესი იყოს და კედელზე გავაკრათ!" - ეს იდეაც მოეწონათ (თუ რამე მნიშვნელოვანია, კედელზე უნდა იყოს! ასე გადაწყვიტეს).
დაა, პლაკატის კეთებისას შეცდომაც დაუშვეს
(განზრახ არ დაუშვიათ, დედასვფიცავარ!)
ეს პატარა ამბავი ჩვენი სკოლის ერთერთ უმთავრეს რწმენას ეხება.
ჩვენ გვჯერა, რომ შეცდომები ადამიანური ცხოვრების ნაწილია. უშეცდომო არავინაა და გონიერი ადამიანი იმით გამოირჩევა დანარჩენებისგან, რომ შეუძლია საკუთარ შეცდომებს სწავლის თვალით შეხედოს.
თუ შეცდომას ასე აღვიქვამთ, მაშინ ჯობია რაც შეიძლება მეტი შეცდომა დავუშვათ, ოღონდ ეს გავაკეთოთ მაქსიმალურად ადრე ჩვენს ცხოვრებაში, რათა ამ შეცდომების ფასი მაქსიმალურად დაბალი იყოს.
შემდეგ კი მათზე ვისწავლოთ.
- ვისწავლოთ, რა აღარ უნდა გავაკეთოთ.
- ვისწავლოთ, როგორ მოვიქცეთ, როდესაც საკუთარ შეცდომას აღმოვაჩენთ.
- ვისწავლოთ ბოდიშის მოხდა და გულწრფელობა.
- ვისწავლოთ სხვების შეცდომის დანახვა და გულკეთილი, თანამგრძნობი მითითება ამ შეცდომაზე.
- ვისწავლოთ, როგორ დავეხმაროთ სხვებსაც შეცდომების შედეგების გამკლავებაში და გააზრებაში.
ბავშვების დაწერილ პოსტერს ჩვენ ასე განვავრცობდით:
"შეცთომები, რომლებსაც დავუშვებთ ადრე, ხშირად და იაფად, კარგია!"
პატივისცემით,
ამერიკული სკოლა
#სკოლისწერილები
This post has been edited by Dface on 13 Aug 2025, 23:07