
კვირა მეორე - “რა ხდება ჩვენს სკოლაში”
ამ კვირაში ვცადეთ ბავშვებისთვის უკვე შეთავაზებული პროცესების დახვეწაზე გვემუშავა.
სტუდიებს თავისით ალაგებენ, დილის “სოკრატულ წრეზე” სხედან და საუბრობენ ხოლმე, მაგრამ ამ ერთი-შეხედვით-წესრიგში, პერიოდულად, ქაოსს და ზოგი მოსწავლის უკმაყოფილებას ვხედავთ ხოლმე - რაც ბუნებრივია. ჯერ ხომ ძალიან ცოტა დროა გასული იმისთვის, რომ თავისუფლების და პასუხისმგებლობის ბალანსს მიაღწიონ.
ალბათ გახსოვს, წინა კვირას რომ შეცდომა დავუშვით და ჩვენით გავანაწილეთ “მიღწევების მედლები”, ამ კვირის დასაწყისში ამ შეცდომის ბავშვებთან აღიარებას და ალტერნატივის შეთავაზებას დავუთმეთ.
ერთერთი დილის “სოკრატულ წრეზე” მოვუყევით, რომ ჩვენგან შეფასებებს აღარ უნდა ელოდონ. ამის ნაცვლად შევთავაზეთ ასეთი პროცესი:
მოსწავლეებმა თავად ჩამოწერეს ხასიათის ის კარგი თვისებები, რომლებსაც გაუხარდებოდათ, რომ მეგობრებში ენახათ, საღამოს შეჯამებისას კი თითოეულ ამ თვისებას თითო ადრესატიც მოუძებნეს და დაასახელეს.
“რატომ ვარ სამართლიანი?!” - არ მიიღო აუხსნელად მედალი ერთმა. კარგად გამოკითხა თავისი ჯგუფელები, თუ რას მიიჩნევდნენ სამართლიან ქცევად და რით დაიმსახურა ეს სტატუსი. მას მერე, რაც დაუსაბუთეს, სიამოვნებით დათანხმდა, რომ დაფაზე “სამართლიანი”-ს გასწვრივ მისი სახელი დაეწერათ.
შემდეგი “სოკრატული წრე” ტყუილსა და მართალზე ჰქონდათ.
ჩვენ, უფროსები თითქმის არაფერში ვერევით, გარდა მოსწავლეების დახმარებისა და მათი ახალი ტექნიკებით აღჭურვისა. თუმცა, არსებობს რამდენიმე წესი, რომელიც ჩვენ მიერ არის “თავს მოხვეული” და რომლსი დარღვევაც არ შეიძლება, რადგან საზოგადოებების ჩამოშლას იწვევს. “არ იძალადო სხვაზე”, “მოექეცი სხვას ისე, როგორც გინდა, რომ შენ გექცეოდნენ” და “არ შეუშალო სხვებს ხელი”-ს გვერდით, დიდი ასოებით გვინდა ეწეროს - “არ მოიტყუო”.
მნიშვნელოვანია, რომ ეს წესიც ბავშვების მიერ შეთანხმებული და ნამსჯელი იყოს.
ილაპარაკეს, თავისი ამბები მოყვნენ, რომ ტყუილის შემდეგ თავს ცუდად გრძნობენ ხოლმე და შეთანხმდნენ, რომ სტუდიაში არ მოიტყუებიან.
იმაზეც შეთანხმდნენ, რომ წაგება და მეგობრების შენარჩუნება სჯობის ტყუილით მოგებას.
“ბევრი წაგება მოგებასაც გასწავლისო” სიტყვით გამოვიდა 8 წლის ბიჭი.
რამდენად მოახერხებენ ამ წესის დაცვას, დრო გვაჩვენებს. არც ველოდებით, რომ ეგრევე ყველა და ყოველთვის ასე მოიქცევა, თუმცა ამ თემაზე პირველად ისაუბრეს და უკვე კარგია.
ოთხშაბათს წრეზე ჯდომისას 4 წლის გოგონამ პრეტენზია გამოთქვა - “აქ ხომ ერთმანეთს უნდა მოვუსმინოთ და ზოგიერთებს ტელეფონი რატომ გიჭირავთო?”.
სრულიად ლეგიტიმური პრეტენზია იყო!
“წრეზე ჯდომა”, იგივე “სოკრატული დისკუსია” ჩვენი სკოლის ერთერთი ფუნდამენტური ტექნიკაა. მეგზური (ან მოსწავლე, მომავალში) დღეში რამდენჯერმე რაიმე თემაზე დისკუსიას სთავაზობს ჯგუფს, ამ თემის გასაშლელად კი რამე ისტორია, პირადი ამბავი, ნაწყვეტი მოაქვს ნაწარმოებიდან, სვამს კითხვებს და ცდილობს მონაწილეები მართლა დააფიქროს მნიშვნელოვან საკითხებზე. იმისთვის, რომ ეს დისკუსია გამოვიდეს, საჭიროა ყველა იყოს ჩართული, პოზიციის დაკავების არ ეშინოდეს, უსმენდეს დანარჩნებს, არ აწყვეტინებდეს მოსაუბრეს და ა.შ.
ტელეფონი კი, ამ პროცესის მტერია.
ჩვენ შეგვეძლო დასაწყისშივე აგვეკრძალა გაჯეტები წრის დროს, თუმცა უფრო გრძელი, მაგრამ საჭირო გზით წავედით - როდესაც წრის მონაწილეებს შეაწუხებთ რაიმე, თავად მოიფიქრებენ გამოსავალს. 10 დღე დასჭირდათ, რომ მიმხვდარიყვნენ - როდესაც საქმეა საკეთებელი, ტელეფონი ზედმეტია.
გადაწყდა, რომ მეორე დღისთვის ორ რამეს გააკეთებდნენ - ერთერთი მათგანი დღის გეგმას ააწყობდა კომპიუტერში და ამობეჭდავდა, ხვალინდელ დილის წრეზე კი “წრის წესებს” მოიფიქრებდნენ.
შუადღისით, ტერიტორიული ომებიც გვქონდა!
ბიჭებმა გვერდით ოთახში (სადაც ყველაზე პატარები იქნებიან, როდესაც სექტემბრისთვის არდადეგებიდან დაბრუნდებიან) სტუდიის ინვენტარით “შტაბი” ააშენეს, რომელშიც, რა თქმა უნდა, ავტომატურად გავრცელდა “გოგოები არ შეიძლება!” წესი. გოგოებმა დებოში მოაწყვეს და როდესაც ბიჭები მიხვდნენ, ასე ვერ გაგრძელდებოდა, მოლაპარაკებები დაიწყეს რესურსების გაყოფაზე.
რამდენიმე რაუნდის შემდეგ, შუაზე გაიყო როგორც სკამები და დასაფენები, ასევე მთელი ოთახიც. აიკრძალა ერთმანეთის ტერიტორიაზე შესვლა. “სხვა სახელმწიფოში” შესვლა მხოლოდ ორი პუფის მეშვეობით შეიძლებოდა. თითო ფეხის ქვეშ თითო პუფი უნდა დაგეფინა და ისე გადაადგილებულიყავი. სტუდიის კარიდან გოგოების სამფლობელომდე მისასვლელად კი უსაფრთხო დერეფანი გამოიყო. ძალიან საყვარელი სანახავები იყვნენ

)
მეორე დღეს, როგორც შეთანხმდნენ, წრეზე ჯდომის წესებზე ჰქონდათ დისკუსია. ყველამ თავისი ვარიანტი თქვა, შეჯერდნენ, მერე გადაწყვიტეს ახალი წესები პოსტერად გადაექციათ და კედელზე გამოეკრათ, რისი გაკეთებაც ერთერთმა გოგონამ ითავა.
მაააგრამ, შაუადღის “წრეზე” თითო წესი ყველას შემოერღვა და მიხვდნენ, რაღაცები შესაცვლელი იყო.
მაგალითად, წესი “წრიდან არ გავდივართ” აუცილებლად უნდა ჩანაცვლებულიყო წესით “წრიდან არ გავდივართ, თუ ძალიან არ გვწყურია!”. თან, მეშვიდე წესი “წესების შეცვლა უკეთესი წესებით შესაძლებელია” ამის საშუალებას იძლეოდა.
უცებ “წესების პოსტერის” ავტორმა გამოაცხადა, “ეს წესები ჩემი დაწერილია, მე უნდა მკითხოთ, თუ ცვლილება გინდათო”. დანარჩენები აღშფოთდნენ - “შენი დაწერილი არაა, ყველამ ერთად მოვიფიქრეთ, შენ მხოლოდ პოსტერი გააკეთეო”. საავტორო უფლებებს ვერცერთი შეელია. გოგონამ დემონსტრაციულად დაავლო ხელი სტიკერებს და მეშვიდე წესი სულ სტიკერებით გადაფარა, მერე საერთოდ პოსტერი ჩამოხსნა და ფურცელს ეგ ნაწილი მაკრატლით მოაჭრა - “აჰა, აღარ არსებობს მეშვიდე წესი და ვერ შეიტანთ წესებში ცვლილებასო”.
დანარჩენებმა - “ეგ იყოს შენი წესები, ჩვენ ახალს მოვიფიქრებთ და თავიდან შევადგენთო”.
დღის ბოლოს გოგონამ ეგ 6-წესიანი პოსტერი სტუდიოს კედელზე გააკრა, “მარტო მე დავემორჩილებიო”. იმედი გვაქვს, ორშაბათს ახალი კონსტიტუციის “საყოველთაო საბავშვო განხილვას” ვნახავთ და რამეზე შევთანხმდებით, თორემ ორი კონსტიტუცია ნამეტანია, თან რამე ერთი დოკუმენტი გვინდა, რომელსაც ყველა დაემორჩილება. ვნახოთ, ყველაფერი წინაა.
მომავალ წერილამდე.
პატივისცემით,
ამერიკული სკოლა
#სკოლისწერილები
This post has been edited by Dface on 17 Aug 2025, 17:55
//The fear of death follows from the fear of life. A man who lives fully is prepared to die at any time.//