თინა ბოკუჩავა 8 პარტიის ფორმატში მყოფ პარტიებს მიმართავს, თამარ ჩერგოლეიშვილთან ურთიერთობა დაასრულონ.
მიზეზი „ფედერალისტების" ლიდერის მიერ დღეს, 28 აგვისტოს, ერთ-ერთი მედიის ფეისბუქ-გვერდზე დაწერილი კომენტარებია.
თამარ ჩერგოლეიშვილმა მის მიმართ უარყოფითი კომენტარების ავტორებს პასუხად შეურაცხყოფა მათი ფეისბუქ-პროფილიდან აღებული ბავშვების ფოტოების გამოყენებით მიაყენა.
მოგვიანებით მან ბოდიშიც მოიხადა და თქვა:
„აშკარაა, რომ თუ აზრის გამოხატვა მინდოდა, მეტი დრო უნდა დამეხარჯა იმის სათქმელად, რომ სანამ ადამიანს პირად ცხოვრებაში ჩაუძვრებიან მიზოგინური შხამით, ძვირფასი ადამიანები წარმოიდგინონ მათ ნაცვლად.
აზრი ეს იყო - სანამ ადამიანს რაღაცას დააბრალებ, წარმოიდგინე რომ შენთვის ძვირფას ადამიანს აბრალებენ იგივეს.
ახსნის ნაცვლად ავდექი და მოკლეზე წავედი, პირდაპირ მათივე პროფილის ფოტოები მივუბრუნე უხეშ ილუსტრაციად იმისა, რისი თქმაც მინდოდა და ამისთვის ბოდიში.
ასე აღარ მოვიქცევი - სხვანაირად ვიტყვი". - დაწერა თამარ ჩერგოლეიშვილმა.
თინა ბოკუჩავამ განცხადება მასთან ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ რამდენიმე საათის შემდეგ გააკეთა.
„მტკიცედ მწამს, რომბოროტებას ბოროტებით ვერ დაამარცხებ, სიძულვილს სიძულვილით, ამორალობას ამორალობით.
ივანიშვილის გახრწნილ რუსულ რეჟიმთან ბრძოლაში, მას თუ დავემსგავსეთ სიძულვილში, ამორალობაში, ბოროტებაში, აუცილებლად დავმარცხდებით.
მე არ მჯერა პოლიტიკის ეთიკური ნორმების გარეშე, არც გამარჯვების მჯერა, რომელიც დაცლილია მორალისგან. მიზანი არ და ვერ ამართლებს საშუალებას, განსაკუთრებით, როდესაც ეს ეხება ბავშვებს, მათ კეთილდღეობას, მათ უსაფრთხოებას, მათ ბედნიერებას.
ბავშვების მაწყევარ და მაგინებელ პოლიტიკურ ფიგურასთან მე პირადად არასოდეს არაფერი მექნება საერთო.
მივმართავ რვა პარტიის ფორმატში მყოფ ყველა სხვა პარტიას, რომლებიც გავერთიანდით 4 ოქტომბრის რუსული სპეცოპერაციის წინააღმდეგ, ერთობლივად მივიღოთ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება ამ მოცემულობაში ამ განცხადების ავტორის რვიანთან ურთიერთობის დასრულების შესახებ". - დაწერა თინა ბოკუჩავამ.