ოკუპირებული აფხაზეთის "დელეგაცია" სირიაში ჩავიდა - 62-ე საერთაშორისო სავაჭრო-სამრეწველო გამოფენაზე.
ოკუპირებული აფხაზეთის წარმომადგენლები სირიის ხელისუფლების წევრებს შეხვდნენ - ამის შესახებ დე ფაქტო ხელისუფლება იუწყება. აღწერილი ვითარების მიხედვით, სირიის კულტურისა და ტურიზმის მინისტრებთან შეხვედრა, დამასკიში, 62-ე საერთაშორისო სავაჭრო-სამრეწველო გამოფენის პავილიონში შედგა.
„შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს ურთიერთობებისა და თანამშრომლობის საკითხები და ყურადღება დაუთმეს კულტურული და ტურისტული გაცვლის განვითარებას. შეხვედრის მონაწილეები იმედოვნებენ, რომ განმტკიცდება ურთიერთობები და განხორციელდება ერთობლივი პროექტები აფხაზეთსა და სირიაში“, - იტყობინება აფხაზეთის ფე ფაქტო მთავრობა.
ამავე წყაროს ინფორმაციით, „აფხაზეთის დელეგაცია“ მანამდე დაესწრო კონცერტს სირიის ჩერქეზული ანსამბლისა, რომელმაც „აფხაზურ-ადიღეური ხალხური ცეკვები შეასრულა“ და ამ კონცერტს, საპატიო სტუმრის რანგში, ესწრებოდა სირიის კულტურის მინისტრი, მუჰამად იასინ სალეხი.
აფხაზური მხარის მტკიცებით, “სოხუმის დელეგაცია” საერთაშორისო გამოფენაზე სირიის მთავრობისა და პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაას მიწვეული იყო.
აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო მანამდე ავრცელებდა ინფორმაციას, რომ დამასკიში ჩავიდნენ: "საგარეო საქმეთა მინისტრი" ოლეგ ბარციცი, “ეკონომიკის მინისტრი” – თეიმურაზ მიქვაბია და “კულტურის მინისტრი” დაურ კოვე. არიან სხვებიც.
ივნისში, ოლეგ ბარციცი "სამუშაო ვიზიტით" იმყოფებოდა სირიაში, სადაც ის სირიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ასად ჰასან ალ-შაიბანის შეხვდა და მადლობა გადაუხადა "სირიის ხელმძღვანელობის საკმაოდ მკაფიო და ცალსახა პოზიციისთვის აფხაზეთთან სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისა და გაძლიერების საკითხებში“.
სირიიდან რუსეთში გაქცეული ბაშარ ალ ასადის რეჟიმმა საქართველოს ოკუპირებული რეგიონები სახელმწიფოებად 2018 წელს აღიარა. საქართველომ სირიასთან დიპლომატიური კავშირი გაწყვიტა. "აფხაზეთის საელჩო" დამასკიში 2020 წელს გაიხსნა.
https://www.radiotavisupleba.ge/a/33517217....uM_9cHHtZG5gxXA This post has been edited by dato148 on 31 Aug 2025, 15:48
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)