რუსი სამხედრო პროპაგანდისტები ესტონეთში რუსეთის შეჭრაზე ღია მინიშნებებს აკეთებენ
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულმა სამხედრო პროპაგანდისტულმა მედიაორგანიზაცია Rybar-მა გამოაქვეყნა რუკები, რომლებიც ასახავს რუსეთის შესაძლო თავდასხმას ესტონეთსა და გოტლანდის კუნძულზე. ისინი ამტკიცებენ, რომ უკრაინა და ნატო ამ სცენარისთვის და ფინეთის ყურის ბლოკადის შესაძლებლობისთვის უკვე ამზადებენ გეგმებს.
აი რას წერს RYBAR-ი:
„სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ უკრაინელი ანალიტიკოსები უკვე პროგნოზირებენ ( რეალურად კი არც ერთ გავლენიან უკრაინულ მედია გამოცემას, ან ტელეგრამ არხს, ან ექსპერტს ამის შესახებ არსად არაფერი დაუწერია) ახალი ომის მიმდინარეობას — ამჯერად ბალტიის ზღვაში, კერძოდ ფინეთის ყურის რაიონში”.
“ჩვენ წყაროებისგან მივიღეთ საინტერესო დოკუმენტი იმის შესახებ, თუ როგორ აფასებს ნატოსთვის ბალტიისპირეთში ვითარებას ე.წ. უკრაინის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტი”.
რას ვარაუდობენ კიევში?
მათი მონაცემებით, რუსეთის სარდლობა კონფლიქტს გამოიწვევს და ოპერაციას დაიწყებს ესტონეთის წინააღმდეგ, რათა ფინეთის ყურეზე კონტროლი დაამყაროს.
ისინი მიიჩნევენ, რომ რუსეთის სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფები დაიკავებენ ესტონეთის დასავლეთით მდებარე კუნძულებს და ასევე განახორციელებენ რეიდს გოტლანდთან.
ამავდროულად, გააქტიურდება პარტიზანული მოძრაობა და ასევე პრორუსული მოსახლეობა ბალტიისპირეთსა და ფინეთში.
როგორც კონტრზომებს, უკრაინული მხარე ასახელებს ოპერატიულ რეაქციას რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებების წინააღმდეგ და ძალებისა და საბრძოლო საშუალებების სწრაფ განლაგებას ჩვენს საზღვრებთან.
ამასთანავე აღსანიშნავია, რომ „ბალტიისპირეთისა და ფინეთის გათავისუფლების ანტირუსულ ოპერაციაში“, რომელსაც „ბოტნია“ უწოდეს, ერთ-ერთ მთავარ მონაწილედ უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალებია ( ССО) დასახელებული.
რას სთავაზობენ უკრაინელები?
მათი აზრით, თავდაპირველად საჭიროა ფინეთის ყურის შესასვლელთან მდებარე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი კუნძულების დაცვა — სწორედ უკრაინული სპეციალური დანიშნულების სადაზვერვო ჯგუფების გადასროლით.
ამის შემდეგ ნატოს სამხედრო კონტინგენტმა უნდა უზრუნველყოს კონტროლი სუვალკის დერეფანზე და გააძევოს რუსეთის დივერსიული ჯგუფები ბალტიისპირეთის ტერიტორიიდან.
ტაქტიკური ავიაციის თვითმფრინავებმა უნდა ჩაახშონ რუსეთის საჰაერო თავდაცვა, ხოლო კიბერჯგუფებმა — მწყობრიდან გამოიყვანონ რუსეთის კრიტიკული ინფრასტრუქტურა.
RYBAR-ის გამოგონილი რეალობის თანახმად—- “დასკვნის სახით უკრაინელი ანალიტიკოსები ამტკიცებენ, რომ კომბინირებული ოპერაციის განხორციელებისა და დროული რეაგირების შემთხვევაში „თავისუფლება აღდგება, ხოლო რუსული სამხედრო ფორმირებები განეიტრალდება“.
რეალურად, ნატოს მხრიდან ბალტიისპირეთში ოპერაციის დაგეგმვა უკვე აქტიურად მიმდინარეობს. დაფიქრებულხართ, რატომ გადაინაცვლა ალიანსის ყურადღებამ ასე ინტენსიურად კალინინგრადის ოლქსა და არქტიკის რეგიონზე?
უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობა ამაში ნამდვილად არ შეიძლება გამოირიცხოს, მათი ბოლოდროინდელი გამოცდილების გათვალისწინებით უპილოტო საშუალებების (როგორც მფრინავი, ისე ზედაპირული) გამოყენებაში. მსგავსი გეგმები, რომლებსაც ანალიტიკოსები გვთავაზობენ, უფრო და უფრო ხშირად გამოჩნდება მოვლენების ინტენსიფიკაციის პარალელურად.
ამ სიტუაციაში მნიშვნელოვანია იმის გაგება, რომ ყველა ეს ინციდენტი, როგორიცაა თავდასხმები "ჩრდილოვან ფლოტზე", ან სავარაუდო უპილოტო საფრენი აპარატები და წყალქვეშა ნავები, რომლებშიც რუსეთს ადანაშაულებენ – საერთო სტრატეგიის ნაწილია და შესაძლო შეტაკებისთვის ჩვენც უნდა მოვემზადოთ, ნატოს გეგმების საწინააღმდეგო ზომების დაგეგმვით - აცხადებს RYBAR-ი.