არ ვარ შაპიროს ფანი, მაგრამ ფაიზაღს ბაზრობს
იმ ფორთოხლისფერ თავში კი არ შედის ამდენი
ამერიკელმა პოლიტიკურმა კომენტატორმა და The Daily Wire-ის კონსერვატიული პოდკასტის წამყვანმა, ბენ შაპირომ თავის გადაცემაში რუსეთ-უკრაინის ომის დასამთავრებლად მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ილაპარაკა და ტრამპის ადმინისტრაციის ახალი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ნაწილში რუსეთთან დაკავშირებით დასახული პოლიტიკა გააკრიტიკა.
"რეალობა ისაა, რომ მიუხედავად იმისა, თუ რამდენად უყვარს პრეზიდენტ ტრამპს ევროპელების დაცინვა და, ჯანდაბას, მეც კი მსიამოვნებს ხოლმე დროდადრო ევროპელების კარგად გაკრიტიკება, წარმოდგენა, რომ ჩვენ ვლადიმირ პუტინთან როგორმე უფრო მეტი გვაქვს საერთო, ვიდრე - ევროპელებთან, ზოგადი გადმოსახედიდან, სისულელეა.
ეს არ შეესაბამება სიმართლეს. ვლადიმირ პუტინთან ჩვენ თითქმის არაფერი გვაქვს საერთო. პოპულარული მოლოდინებისა და წარმოდგენების საწინააღმდეგოდ, რუსეთი სინამდვილეში არ არის პრორელიგიური სახელმწიფო. რუსეთი რეალურად არც ისეთი სახელმწიფოა, რომელიც საგარეო პოლიტიკის პერსპექტივებზე ჩვენ გვეთანხმება. ის არ არის ქვეყანა, რომელიც საკუთარი გავლენის სფეროს შექმნას აშშ-სთან მიმართების გარეშე ცდილობს. ის სინამდვილეში მიიჩნევს, რომ არა მხოლოდ რეგიონული, არამედ აშშ-სთან წინააღმდეგობაში მყოფი გლობალური ძალაც უნდა იყოს." - ამბობს შაპირო.
მანამდე გამოქვეყნებულ გადაცემაში შაპირო ყურადღებას ამახვილებს რუსული აგრესიის შესაკავებლად აშშ-სა და ევროპას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, ხოლო რუსეთსა და ევროპას შორის აშშ-ს მხრიდან ნეიტრალური პოზიციის დაკავების იდეას იგი სიგიჟეს უწოდებს.
"სიგიჟეა იმის თქმა, რომ აშშ-მ ერთგვარი ნეიტრალური პოზიცია უნდა დაიკავოს ევროპელებსა და რუსებს შორის. ეს არასწორია. რუსებმა ვლადიმირ პუტინის მმართველობის ათწლეულების განმავლობაში მკაფიოდ გამოხატეს თავიანთი სტრატეგია, რომელიც გულისხმობს მათი გავლენის სფეროს გაფართოებას, რათა ზესახელმწიფოს როლი ითამაშონ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ეკონომიკა ფლორიდის შტატის ან იტალიის ეკონომიკაზე პატარაა და მათ ამის გაკეთება ევროპელების ხარჯზე სურთ, რადგან რუსებს ქვები [ძალა] არ აკლიათ. მათ აკლიათ ფუნქციონირებადი ეკონომიკა, ფუნქციონირებადი დემოკრატია, მაგრამ ისინი ფლობენ ბირთვულ იარაღს და აქვთ მიზანი. და მაშ, რას მოითხოვს ეს? ეს მოითხოვს, რომ ევროპელებმა და აშშ-მ რეალურად ითანამშრომლონ რუსული მტაცებლობის შესაჩერებლად. და თუ ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიას გადავხედავთ, რუსეთი თითქმის ნახსენებიც არ არის." - განმარტავს ბენ შაპირო.
ამასთანავე, შაპიროს თქმით, აშშ-მ ნეიტრალური პოზიცია არც რუსეთსა და უკრაინას შორის უნდა ჰქონდეს. უკრაინაში არსებულ კორუფციაზე საუბრისას კი იგი ახსენებს სხვა, "ტრამპის ადმინისტრაციასთან კარგი ურთიერთობების" მქონე ქვეყნებში კორუფციის მხრივ არსებულ პრობლემებსაც, რის საფუძველზეც ამბობს, რომ კორუფცია არ უნდა გახდეს უკრაინისადმი მხარდაჭერის შემცირების საბაბი.
"აშშ არ უნდა თამაშობდეს ნეიტრალური შუამავლის როლს რუსეთსა და უკრაინას შორის. დიახ, უკრაინაში უზარმაზარი კორუფციაა. ასევე უზარმაზარი კორუფციაა კატარში, საუდის არაბეთსა და მრავალ სხვა ქვეყანაში, რომლებთანაც ტრამპის ადმინისტრაციას საკმაოდ თბილი ურთიერთობა აქვს." - აღნიშნა მან.
შაპირომ ასევე "სისულელე" და "აბსურდი" უწოდა იმ წარმოდგენას, რომ რუსეთი უეცრად პროამერიკულ ძალად შეიძლება გარდაიქცეს. შაპიროს თქმით, მზარდი რუსული აგრესიისა და ჩინეთ-რუსეთის თანამშრომლობის ფონზე, აშშ-ევროპის ურთიერთობების გაძლიერებაა საჭირო.
"ის იდეა, რომ ჩვენ რუსებთან მიმართებით ნეიტრალური როლი უნდა შევასრულოთ, ან რომ რუსები მალე შეიცვლიან აზრს და უეცრად პროამერიკულ ძალად გადაიქცევიან, სისულელეა. ეს აბსურდია. ეს არ შეესაბამება სიმართლეს. რუსები მტრულად არიან განწყობილნი იმის მიმართ, რასაც ისინი "ატლანტიკურ ინტერესებს" უწოდებენ, რაც ძირითადად აშშ-ს გულისხმობს. ასე რომ, როდესაც ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია ამბობს, რომ "აშშ-ს მთავარი ინტერესია უკრაინაში საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივი შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების წარმოება ევროპის ეკონომიკების დასტაბილურების, ომის გაუთვალისწინებელი ესკალაციის ან გაფართოების თავიდან აცილებისა და რუსეთთან სტრატეგიული სტაბილურობის აღდგენის მიზნით," როგორ გამოიყურება სტრატეგიული სტაბილურობა, როდესაც რუსეთი აგრესიული ძალაა? ტრამპის ადმინისტრაციამ სრულად სამართლიანად წაუყენა პრეტენზიები ევროპელებს იმის გამო, რომ ისინი განაგრძობენ რუსული გაზის ყიდვას, მაგრამ ჩვენ მათ ამერიკული თხევადი გაზი უნდა მივაწოდოთ. ჩვენ მათთან ურთიერთობა უნდა გავაძლიეროთ რუსეთის მზარდი მტაცებლობის ფონზე, რადგან, რა თქმა უნდა, რუსეთი და ჩინეთი ერთად მოქმედებენ." - ამბობს შაპირო.