ირანის შესახებ პოლიტიკური დებატები დიდი ხანია ბუნდოვანია ირანელ-ამერიკელი გავლენიანი პირების (ინფლუენსერების), შიდა ლობისტური ჯგუფების, პოლიტიკური თანამდებობის მაძიებლებისა და სპარსეთის ყურის რამდენიმე არაბული სახელმწიფოს გადაჯაჭვული ქსელის გამო; შედეგად, აშშ-ის მთავრობა რევოლუციისთვის დღესაც ისევე მოუმზადებელია, როგორც 1979 წელს იყო.
ირანის საკითხი ვაშინგტონში ყოველთვის მკვეთრად პოლარიზებული გახლდათ. აქ მთავრობის ასობით თანამშრომელი თავს ექსპერტად აცხადებს, თუმცა ირანში არასდროს ყოფილან და არც ირანელებთან გაუტარებიათ მნიშვნელოვანი დრო, რადგან ეშინიათ, რომ წვდომას დაკარგავენ საიდუმლო ინფორმაციაზე. უმეტესობა კარიერული წინსვლისთვის მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური მოსაზრებების თავდაჯერებული მტკიცებით გამოირჩევა. ისინი ან რეჟიმის სასტიკი მოწინააღმდეგეები არიან და სჯერათ, რომ ისლამური რესპუბლიკა მხოლოდ უკომპრომისო რადიკალებისგან შედგება, ან თანაბრად დარწმუნებულნი არიან, რომ ირანის ქცევის შერბილების ერთადერთი გზა მშვიდობიანი მოლაპარაკებებია.
სიტუაცია არ განსხვავდება არც კვლევითი ცენტრებისა და უნივერსიტეტების იმ მრავალი ირანელი წარმომადგენლისთვის, რომლებიც ვაშინგტონს მთავრობის ინფორმირებისთვის სტუმრობენ და მას პირველწყაროს ან (უფრო ხშირად) მეორად ინფორმაციას უზიარებენ.
რეზა ფეჰლევი ვაშინგტონში ირანული ოპოზიციისთვის გამაერთიანებელი ძალა უნდა ყოფილიყო, რომელიც ირანულ ხმებს ცვლილებების საერთო ხედვის გარშემო შეკრებდა. მან ბოლო 45 წელი გარეუბნებში გაატარა და ტიპურ „ვაშინგტონურ რუტინას“ მისდევდა − არაოფიციალურ შეკრებებზე პოლიტიკოსებსა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, ყოფილ ნეოკონსერვატორებს, ირანელ დისიდენტებსა და პროისრაელურ აქტივისტებს ხვდებოდა. მთელი ამ დროის განმავლობაში მას არასდროს ჩამოუყალიბებია „ჩრდილოვანი მთავრობა“, რაც ალბათ გონივრულიც იყო, რადგან ეს ფრაქციულ დაპირისპირებებს გამოიწვევდა. ყველაზე ახლოს ფეჰლევი ამ მიზანთან 2025 წლის მაისში, „ირანის კეთილდღეობის პროექტის“ (Iran Prosperity Project) გაშვებისას მივიდა, როცა ტექნოკრატი მრჩევლების დიდი ჯგუფი ფართო პოლიტიკურ რეკომენდაციებს გასცემდა. მათ მიერ რეკომენდებული პოლიტიკა საკმაოდ მკაფიოა და მათ გაცხადებულ მიზანში − თავიდან აეცილებინათ სასულიერო ან რეჟიმის ერთგული პირების წინააღმდეგ მიმართული მკაცრი შურისძიება − ნამდვილად არის ლოგიკა. თუმცა, სანამ ფეჰლევი ირანის გარეთაა, ეს ყველაფერი მხოლოდ სურვილად რჩება.
ფეჰლევი ყველა იმ კრიტერიუმს აკმაყოფილებს, რაც ვაშინგტონში რადიკალური ცვლილებების მომხრე ბევრი ლობისტისთვისაა მნიშვნელოვანი. ის სეკულარული ირანის სიმბოლოა; ქვეყნისა, რომელიც მშვიდობიანად ცხოვრობს მეზობლებთან, მეგობრობს ისრაელსა და ამერიკასთან და მზადაა, კეთილსინდისიერად განიხილოს ბირთვული განიარაღებისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები. და მაინც, შეუძლებელია იმ ფაქტის იგნორირება, რომ ფეჰლევის „ბრენდს“ კორუფციასთან, სისასტიკესთან და აშშ-ის მთავრობასთან ზედმეტად თბილი ურთიერთობების ხანგრძლივი ისტორია აქვს. უდავოდ, ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამო ვაშინგტონში, იერუსალიმსა და სპარსეთის ყურეს ზოგიერთ არაბულ დედაქალაქში წლების განმავლობაში იყვნენ მზად მასთან პირადად ესაუბრათ, მაგრამ არა საჯაროდ.
ამგვარად, ჩვენ გვყავს ირანელი ამერიკელები ვაშინგტონში, რომლებიც პოლიტიკურ დებატებზე გავლენის მოხდენას ცდილობენ; გვყავს ტახტის მემკვიდრე, რომელიც „სათადარიგო სკამზე“ ზის; ლობისტები, რომლებიც დისკუსიაში საკუთარი მესიჯების ჩაკვეხებას ცდილობენ და აშშ-ის მთავრობის მრავალი ჩინოვნიკი, რომლებსაც იმედი აქვთ, რომ ეს კავშირები მათ კარიერულ წინსვლას როგორმე წაადგება. შედეგად, მიღებული პოლიტიკური დისკუსია ხშირად მოკლებულია ნიუანსებს, დეტალებსა და სიღრმისეულ ხედვას, რის გამო ვაშინგტონი ისევე უიმედოდ არაინფორმირებული რჩება, როგორც თითქმის ორმოცდაათი წლის წინ, შაჰის გაქცევის დროს იყო.
სპარსეთის ყურის არაბული სახელმწიფოების ინტერესები ირანში რეჟიმის ცვლილებასთან დაკავშირებით
სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების ინტერესები − რეჟიმის ცვლილებასთან დაკავშირებით ირანში − ვაშინგტონთან ურთიერთობაში თავის როლს თამაშობს. რამდენიმე მათგანი წლების განმავლობაში ხაზს უსვამდა კონვენციური ომის საფრთხეს ყურეში, რათა ამერიკული მოწინავე თავდაცვითი სისტემების შესყიდვა გაემართლებინათ. მათ ეს პლატფორმები თავიანთ ეროვნულ თავდაცვის სტრატეგიებში ჩართეს, მაგრამ ისინი ფრთხილად არიდებდნენ თავს რეგიონული მასშტაბის ერთობლივი თავდაცვითი არქიტექტურის შექმნას, რაც ერთობლივი დაგეგმვისა და დოქტრინის შემუშავებისთვის სერიოზულ ძალისხმევას მოითხოვდა. ზოგიერთმა მათგანმა ისლამურ რესპუბლიკასთან ფარული არხებით ურთიერთობაც კი დაამყარა დაძაბულობის დეესკალაციისა და ამერიკული სანქციების ნეგატიური შედეგებისგან თავის დაზღვევის მიზნით.
ზოგჯერ სპარსეთის ყურეს გარკვეული სახელმწიფოების ინტერესები სხვა ჯგუფების ინტერესებს ემთხვეოდა, რაც დრამატულ გამაძლიერებელ ეფექტს ქმნიდა. 2009 წლის „მწვანე მოძრაობის“ პროტესტების შემდეგ, ყურეს ზოგიერთი პარტნიორი უფრო პირდაპირ ჩაერთო ირანელი ოპოზიციონერებისა და სეპარატისტული ჯგუფების მხარდაჭერაში. ამ აქტივობამ სპარსეთის ყურის ზოგიერთი ოფიციალური პირი, უდავოდ, დააახლოვა ისრაელელ კოლეგებთან, რომლებიც ისეთი რეგიონული უსაფრთხოების ალიანსების შექმნას ცდილობდნენ, რაც ირანის იზოლაციასა და რეჟიმის დამხობას შეუწყობდა ხელს. თავის მხრივ, ასეთმა აქტივობებმა შესაძლოა დასავლელი პოლიტიკოსები წააქეზა, ეფიქრათ, რომ ირანის წინააღმდეგ გაერთიანებულ აქტიურ ზომებს არსებითი გავლენის მოხდენა შეეძლო ირანისა და მისი მარიონეტული ძალების მომავლის ფორმირებაზე.
ირანის დანაწევრებული საჯარო სივრცეირანში არსებული რთული რეალობა ძალიან შორს დგას ვაშინგტონის სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფს შორის მიმდინარე პოლიტიკური დებატების მთავარი ხაზისგან. როგორც შაჰირ შაჰიდსალესი აღნიშნავს, დღეს ირანული საზოგადოება ინფორმაციითაა წალეკილი, რაც აადვილებს მომიტინგეთა მობილიზებას, მაგრამ ართულებს მათ ორგანიზებას. საჯარო სივრცე უკიდურესად დეცენტრალიზებული და ფრაგმენტულია; თუ მთავრობის მხრიდან ჩაგვრის ზოგად წინააღმდეგობას გავცდებით, უამრავ ურთიერთგამომრიცხავ ნარატივს დავინახავთ.
ერთადერთი შეკრული ფრაქცია, რომელსაც პოლიტიკაზე მტკიცე კონტროლის შენარჩუნების ეგზისტენციალური აუცილებლობა აქვს, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ (IRGC), მასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ორგანიზაციები (მაგალითად, „ბასიჯი“) და მათი ეკონომიკური ბენეფიციარებია. მაშინაც კი, თუ გარდამავალი მთავრობა რეჟიმის ყოფილი თავდაცვისა და უსაფრთხოების პერსონალისთვის გარკვეულ დათმობებს დაუშვებს, ყველასთვის ცხადი უნდა იყოს, რომ ისლამური რესპუბლიკის დაცემის შემთხვევაში, მის ერთგულ პირებზე სახალხო შურისძიება თითქმის აუცილებლად განხორციელდება ყველა სოფელსა და ქალაქში.
როგორც არმან მაჰმუდიანმა The National Interest-ში აღნიშნა, ვერავინ შეძლებს იმ ძალაუფლების ვაკუუმის შევსებას, რომელიც სავარაუდოდ რეჟიმის კრახს მოჰყვება და ვერც ვერავინ უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, შემდგომ ქაოსურ თვეებში.
ფართომასშტაბიანი საპროტესტო გამოსვლები ახლა უკვე იმ პროცესის თანამდევ მოვლენად იქცა, რომელიც არსებული რეჟიმის გაჭიანურებულ ფინალურ სტადიად ყალიბდება. მიმდინარე ეტაპი შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს ისლამური რესპუბლიკის დასამხობად, ან IRGC-მ შეიძლება წარმატებას მიაღწიოს და ნიადაგი მოამზადოს გვიანდელი გადატრიალებისთვის, როცა უზენაესი ლიდერი საბოლოოდ გარდაიცვლება.
საბოლოო ჯამში, როგორც ალექს ვატანკა აღნიშნავს, ირანის მიმდინარე მოვლენებში ერთი პროგნოზირებადი ელემენტი ისაა, რომ სიტუაციაზე მტკიცე კონტროლის შენარჩუნების ყველაზე დიდი მოტივაცია სწორედ IRGC-ს აქვს. მიუხედავად ამისა, სავარაუდოდ, მაინც გაგვაოცებს მრავალი ახალი პიროვნება და ორგანიზაცია, რომლებიც საერთაშორისო ყურადღებისა და მხარდაჭერის მოპოვებას შეეცდებიან; მათ უმეტესობას კი ვაშინგტონის ისტებლიშმენტთან არანაირი კავშირი არ ექნება.
ვინ იქნება პასუხისმგებელი პოსტრევოლუციურ ირანზე?სულ უფრო რთულ და ჩახლართულ ოპერაციებს, რომლებიც ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ვაშინგტონში მიმდინარეობდა, თავისი ფასი აქვს. ფული, პოლიტიკა და ინსტიტუტები მხოლოდ ფონური ხმაური იყო, ვიდრე ისლამური რესპუბლიკა მყარად იდგა. მაგრამ როცა ირანში რეალური ცვლილებების დრო დადგება, ვაშინგტონი მოუმზადებელი აღმოჩნდება. და მრავალი ჯგუფი, რომელიც პოლიტიკურ დებატებზე გავლენის მოხდენას ცდილობდა, ყველას დათვურ სამსახურს გაგვიწევს.
ტრამპის ადმინისტრაციამ მზადყოფნა გამოხატა, განახორციელოს ავიადარტყმები რეჟიმის სამიზნეებზე, სავარაუდოდ, უსაფრთხოების სამსახურებში ბზარების გაჩენისა და მაღალჩინოსნების მოშორების მიზნით. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მან პასუხისმგებლობა აიღოს იმ ქაოსზე, რაც შეიძლება რეჟიმის ცვლილებას მოჰყვეს. ტრამპის ადმინისტრაცია უფრო მეტად ეცდება, რეჟიმის გატეხის ნებისმიერი მყისიერი წარმატება დაისაკუთროს, შემდეგ კი დაელოდება, რის გაკეთებას შეძლებს სხვადასხვა ოპოზიციური ფრაქცია და მათი მხარდამჭერები ირანული საზოგადოების მობილიზებისა და წესრიგის აღდგენის მიზნით. ყველა ეს ჯგუფი წლების განმავლობაში ჩადიოდა ვაშინგტონში, რათა რეჟიმის დასამხობად ამერიკული მხარდაჭერა მოეპოვებინათ. საბოლოოდ, სწორედ მათ მოუწევთ ნამსხვრევების შეკოწიწება, თუმცა ეს არის საქმე, რისთვისაც მათი უმეტესობა სრულიად მოუმზადებელია.
წყარო:
https://nationalinterest.org/blog/middle-ea...n-regime-change