იყოს ეს თემა, სანამ ოლიმპიადა მიმდინარეობს.
ისტორიაში პირველად, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრები გუნდური ასპარეზობის ფინალში გავიდა.
მოკლე პროგრამაში საქართველო ნიკა ეგაძემ წარადგინა, რომლის გამოსვლა 84.37 ქულით შეფასდა. მან საქართველოს 5 გუნდური ქულა მოუტანა.
საბოლოოდ კი, საქართველომ 25 გუნდური ქულა დააგროვა რითაც ფინალში მოხვდა.
https://www.interpressnews.ge/ka/article/86...pinalshi-gavida
ეს კი გოგი გვახარიას კარგი სტატია იმაზე, თუ რატომ არის ნაკრებში ბევრი რუსი.
ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ამ დღეს მოვესწრებოდი - 6 თებერვალს მილანში, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, საქართველოს ფიგურისტთა ნაკრები სრული შემადგენლობით მონაწილეობს, უფრო მეტიც, მას გუნდურ შეჯიბრებაში სამეულში მოხვედრის რეალური შანსიც აქვს.
თუმცა პირადად ჩემთვის - ფიგურული სრიალის ვეტერანი, „პენსიონერი ფანისთვის“ - მილანის ოლიმპიადა და, საერთოდ, მთელი ეს სეზონი სხვა მხრივაც არის მნიშვნელოვანი. ჯერ კიდევ 7–10 წლის წინ საქართველოში ამ სპორტის სახეობას ასიოდე გულშემატკივარი თუ ჰყავდა. არ ვგულისხმობ მათ, ვინც ამბობს: „როგორ მიყვარდა, ადრე ვუყურებდი!“ (ძირითადად ჩემი თაობის ფრაზაა), ან „ბალეტი ყინულზე? კი, ლამაზია...“
ვგულისხმობ ნამდვილ გულშემატკივარს - ადამიანს, რომელიც გარკვეულია ფიგურული სრიალის წესებში. ეს წესები, სხვათა შორის, საგრძნობლად გართულდა 2002 წლის ზამთრის ოლიმპიადის შემდეგ. სწორედ მაშინ დასრულდა ბევრისთვის უფრო გასაგები „6.0“- ის ეპოქა და დამკვიდრდა ახალი სისტემა - სპორტსმენების შეფასება შესრულებული ელემენტების მიხედვით დაგროვილი ქულების ჯამით, მკაცრად გაწერილი წესებით, სადაც თითოეულ ელემენტს, სირთულის გათვალისწინებით, თავისი საბაზისო ღირებულება აქვს.
ამბობდნენ, მაყურებლის შემცირების და ფიგურული სრიალის სატელევიზიო რეიტინგების ვარდნის მიზეზი სწორედ ეს ახალი სისტემა გახდა - პუბლიკამ ამდენ „მათემატიკას“ უბრალოდ ვერ გაუძლოო. 2010-იანი წლების დასაწყისში კი, ზუსტად სოჭის ზამთრის ოლიმპიადის წინ, მაყურებელი ისევ დაუბრუნდა სტადიონებს.
ფიგურული სრიალის სამყაროში მოვიდა ახალი თაობა - შეფასების ახალ სისტემაზე გაზრდილი. ისინი იმ იმედითაც მოვიდნენ, რომ სპორტის ეს სახეობა ნაწილობრივ მაინც გათავისუფლდებოდა სუბიექტური შეფასებებისგან, მსაჯთა შესაძლო შეთანხმებებისგან და ძლიერი ფედერაციების გავლენებისგან. გამოჩნდნენ ახალი ვარსკვლავები, ტექნიკამაც მნიშვნელოვნად წაიწია წინ.
გამოცოცხლდნენ პატარა ქვეყნების ფედერაციებიც, მათ შორის - საქართველოსი, რომელსაც ფიგურულ სრიალში თავისი ტრადიციებიც ჰქონდა. ჩვენი მოციგურავეების წარმატებებს შორის, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ელენე გედევანიშვილის ბრინჯაოს მედლები უნდა გავიხსენოთ - 2010 და 2012 წლების ევროპის ჩემპიონატებზე. თუმცა მაშინ ცალკეული სპორტსმენების წარმატება მაინც ეგზოტიკურ მოვლენად აღიქმებოდა საქართველოში.
სხვაგვარად ვერც იქნებოდა:ქვეყანას არ ჰყავდა მაღალი კლასის მწვრთნელები, არც სპეციალისტები, რომლებიც ახალ წესებში კარგად ერკვეოდნენ და, რაც მთავარია, არ ჰქონდა სტანდარტული ზომის ყინულის მოედანი სავარჯიშოდ და საერთაშორისო შეჯიბრებებისთვის.
ამასობაში მსოფლიოში ვითარება შეიცვალა. უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რუსი სპორტსმენები დაასანქცირა. ფიგურისტებს, რომლებიც მანამდე ქალთა და სპორტული წყვილების სახეობებში ლიდერობდნენ, საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობა აეკრძალათ.
ამას მოჰყვა ფიგურისტების მასობრივი გადინება რუსეთიდან. წლევანდელი წლის იანვარში, ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ ჩემპიონატზე, რუსული ენა ლამის მეორე „სამუშაო ენად“ იქცა. გამარჯვებულთა შორის აბსოლუტური უმრავლესობა რუსი წარმოშობის ფიგურისტი იყო - ზოგი აშშ-ში დაბადებული, ზოგი მოგვიანებით ჩასული.
თუმცა, ფიგურისტები ყოველთვის „გლობალური ცხოვრების“ წესებით ცხოვრობდნენ, მათ შორის, რუსებიც. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსი ოლიმპიური ჩემპიონების უმრავლესობა დასავლეთში გადავიდა საცხოვრებლად.
რუსი ფიგურისტების დასანქცირებამ რადიკალურად შეცვალა ფიგურული სრიალის შეჯიბრებების ფორმა და შინაარსი. სტადიონებზე ტრიბუნები ისევ დაცარიელდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სპორტული კარიერა დაასრულეს 2010-იანი წლების ამერიკელმა, კანადელმა, იაპონელმა და ჩინელმა ვარსკვლავებმა. კრიზისი განსაკუთრებით მძაფრად შეეხო ქალთა და სპორტული წყვილების სახეობებს.
ამავე დროს შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ სანქციების შემდეგ „ამოისუნთქეს“ პატარა ქვეყნების წარმომადგენლებმა, რომელთაც „რუსული ძლიერება“ წლების განმავლობაში თრგუნავდა. რუსული ფიგურული სრიალის არარსებობამ საერთაშორისო არენაზე სპორტის ამ სახეობის გეოგრაფია უფრო მრავალფეროვანი გახადა.
მარიამ გიორგობიანი - წლის მენეჯერი
საქართველოს ფიგურული სრიალის ფედერაციის პრეზიდენტი ბოლო პერიოდში სატელევიზიო ვარსკვლავად იქცა. სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციისთვის ის „იმედის“ იუმორისტულ შოუშიც კი მივიდა („ახლა ის დროა, სტუდიაში გათბობა გავთიშოთ, რათა სტუმარმა თავი კომფორტულად იგრძნოს“).
ფედერაციის პრეზიდენტი ხვდება, რომ თავისუფალ მედიაში მას შეიძლება სხვა, უფრო უხერხული კითხვები დაუსვან. მაგალითად: რატომ არის საქართველოს ნაკრების მედროშე დიანა დევისი, რომელიც ოთხი წლის წინ ზამთრის ოლიმპიადაზე რუსეთის სახელით გამოდიოდა? რატომ ვარჯიშობენ საქართველოს ნაკრების წევრები ძირითადად რუსეთში (მოცეკვავე წყვილის გარდა)? რატომ ისაუბრა ანასტასია მეტელკინამ ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვების შემდეგ რუსულად, და თანაც ინგლისში? - რაც რუსულმა მედიამ მაშინვე აიტაცა სათაურით: „საქართველოს ნაკრებმა რუსული ენა დააბრუნა ფიგურულ სრიალში“; და ბოლოს, როგორ მოხდა, რომ ეთერ თუთბერიძე, რომელიც რუსეთის ნაკრების დასანქცირებამდე საქართველოსთან სიახლოვეს არ ამჟღავნებდა და ინტერვიუებში ხაზგასმითაც კი ამბობდა, რომ ქართული არ იცის, დღეს, ფაქტობრივად, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ მთავარ ფიგურად იქცა?
„ეტერი გიორგიევნა“
შარშან, სპორტული სეზონის დასრულებისთანავე, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა გადაწყვიტა, დაეშვა რუსი სპორტსმენები მილანის ოლიმპიადაზე ნეიტრალური სტატუსით, თუმცა მხოლოდ მას შემდეგ, რაც სპეციალური კომისია შეაფასებდა მათ ქცევასა და საქმიანობას უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. მაგალითად, უნდა გამოეკვლიათ მონაწილეობდნენ თუ არა ისინი კრემლის პატრიოტულ ღონისძიებებში, დაუჭირეს თუ არა საჯაროდ მხარი პუტინის მილიტარისტულ პოლიტიკას.
ზაფხულში გაირკვა, რომ ოლიმპიურმა კომიტეტმა ყოველგვარი განმარტების გარეშე დაიწუნა რუსეთის ფიგურული სრიალის ფედერაციის წარდგენილი სპორტული წყვილი და მოცეკვავეები. მილანის ოლიმპიადაზე დაუშვეს მხოლოდ ადელია პეტროსიანი (ქალთა შეჯიბრებაში) და პიოტრ გუმენიკი (კაცებში).
ადელია პეტროსიანი ვარჯიშობს ეთერ თუთბერიძესთან - ვლადიმირ პუტინის საყვარელი სპორტსმენის, კამილა ვალიევას მწვრთნელთან. 2022 წელს პუტინი სწორედ ვალიევას გამოსვლის სანახავად ჩავიდა პეკინში ზამთრის ოლიმპიადაზე, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე. ვალიევამ თავისი ოთხმაგი ნახტომებით ოლიმპიადის გუნდურ შეჯიბრებაში მოიგო, თუმცა მოგვიანებით დოპინგ-ტესტში აკრძალული ნივთიერება აღმოაჩნდა და გამარჯვება გაუუქმდა.
მოსალოდნელი იყო, რომ სპორტული საარბიტრაჟო სასამართლო მის მწვრთნელსაც დასჯიდა, თუმცა ეთერ თუთბერიძეს სანქციები არ შეხებია, მიუხედავად იმისა, რომ 2023 წელს მოსკოვში მისთვის ფიგურული სრიალის თანამედროვე ცენტრი აშენდა და ომამდე იგი მადლობის წერილებს უგზავნიდა რუსეთის პრეზიდენტს სპორტსმენების მხარდაჭერისთვის. „ჩემპიონების მწვრთნელი“ თითქმის დემონსტრაციულად არ მივიდა კრემლში ოლიმპიელების დაჯილდოებაზე (ავადმყოფობა მოიმიზეზა). მოგვიანებით კი საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა სწორედ ისინი დაასანქცირა, ვინც პუტინთან ამ მიღებას დაესწრო.
ეთერ თუთბერიძე არა მხოლოდ მაღალი დონის პროფესიონალია, არამედ არაჩვეულებრივი ინტუიციის მქონე ფიგურაც. იგი თითქმის ყოველთვის ზუსტად გრძნობს, როგორ განვითარდება მოვლენები - არა მხოლოდ სპორტულ სამყაროში. ამასთან, თუთბერიძე უნიკალური დიპლომატიური ნიჭით გამოირჩევა: ქალი, რომელიც წლების წინ ხაზგასმულად ემიჯნებოდა საქართველოს და ყველაფერს, რაც ქართული იყო, დღეს ჩვენი ნაკრების ერთ-ერთი მთავარი სახეა.
მისი შვილი - დიანა დევისი, - რომელიც პარტნიორთან, გლებ სმოლკინთან ერთად, ომის დაწყებისთანავე შეერთებულ შტატებში გაემგზავრა სავარჯიშოდ, - 6 თებერვალს მილანში, ოლიმპიადის გახსნაზე, საქართველოს ნაკრების მედროშე იქნება.
მედროშე დიანა
ოლიმპიადამდე ცოტა ხნით ადრე დიანა დევისმა სოციალურ ქსელებში საჯაროდ აღიარა, რომ სმენის პრობლემები აქვს და ჯერ კიდევ ბავშვობაში დაუსვეს სენსონევრალური სმენის დაქვეითების დიაგნოზი. თავისთავად ეს უნიკალური მოვლენაა ფიგურული სრიალის ისტორიაში - თანაც სპორტული ცეკვების სახეობაში, სადაც რიტმის შეგრძნება და მუსიკალურობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ერთეულთა კატეგორიაში.
თუმცა შენიშვნები, რომლებიც დიანა დევისის მისამართით ხშირად ისმის, ყველაზე ნაკლებად სწორედ სმენას ეხება.
რუსეთში კარგად ახსოვთ პეკინის ოლიმპიადის წინ გამართული ეროვნული ჩემპიონატი, სადაც დევისმა და სმოლკინმა საეჭვო ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს - მედალი, რომელმაც ამ დუეტს ოლიმპიურ ნაკრებში მოხვედრის შესაძლებლობა მისცა. მაშინვე დაიწყო საუბარი ეთერ თუთბერიძის გავლენებზე და ნეპოტიზმზე, რომელიც სპორტის ამ სახეობისთვის არასდროს ყოფილა უცხო.
მილანში გუბანოვაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული: თუ შეცდომებს არ დაუშვებს და იტალიელ კონკურენტს გაასწრებს, საქართველოს ნაკრების შანსი გუნდურ ბრინჯაოს მედალზე მნიშვნელოვნად გაიზრდება.
ანასტასია გუბანოვას უპირატესობები: რბილი სრიალი და ლამაზი ხაზები, ხარისხიანი ნახტომები, სახასიათო ხელები, მაღალი რეიტინგი.
ანასტასია გუბანოვას ნაკლოვანებები: არასტაბილურობა, მეტისმეტი ემოციურობა, „ულტრასი“ ნახტომების (სამ-ნახევარი და ოთხმაგი ბრუნები) არარსებობა პროგრამებში, მარტივი სპინები და ნაბიჯები.
პერსპექტივა მილანის ოლიმპიადაზე: თუ ნერვებმა არ უმტყუნა, ათეულში მოხვედრა გარანტირებული აქვს. იდეალური შესრულების შემთხვევაში მეხუთე ადგილიც არ არის გამორიცხული.
ვინ მოიგებს ქალთა სახეობაში?
ძირითადი ბრძოლა იაპონელ და ამერიკელ ფიგურისტებს შორის გაიმართება. თუ ამერიკელმა ემბერ გლინმა სამ-ნახევარი ბრუნის აქსელი და სხვა ნახტომები უშეცდომოდ შეასრულა, მას ოქროს მედლის მოპოვების რეალური შანსი აქვს. პირადად მე არ მჯერა რუსი ფიგურისტის, ადელია პეტროსიანის გამარჯვების, მიუხედავად იმისა, რომ მისი პროგრამების ტექნიკური ბაზა ძალიან მაღალია.
ნიკა - მოციგურავე ბილი ელიოტი?
სკეპტიკოსები ხშირად იმეორებენ, რომ საქართველოს ნაკრების წარმატება რუსი ფიგურისტების დასანქცირებამ განაპირობა და უკმაყოფილებას არ მალავენ იმის გამო, რომ ჩვენი გუნდი რუსეთიდან ძლიერი კონკურენციის გამო „გამოქცეული“ სპორტსმენებით გაივსო. ნიკა ეგაძის ბიოგრაფია ამ მოსაზრებას ეწინააღმდეგება.
იგი ქართული სკოლის აღზრდილია: ბავშვობაში ვარჯიშობდა თბილისში, შემდეგ ბათუმში. „თრიალეთის თასის“ დროს სტადიონი მისი კლასელებით გაივსო. ადვილად წარმოსადგენია, რამდენად უცნაური იქნებოდა მათთვის ბავშვობაში ნიკას არჩევანი.
მნიშვნელოვან გამარჯვებასთან ქართული სპორტის ისტორიაში.
ბერულავა-მეტელკინის წყვილის პასუხისმგებლობა დიდია გუნდურ შეჯიბრებაში, რადგან სწორედ სპორტული წყვილების კატეგორიაში შეეჯახებიან ერთმანეთს საქართველოსა და იტალიის ნაკრებები - გუნდური ასპარეზობის მთავარი კონკურენტები.
სარა კონტიმ და ნიკოლო მაჩიმ წელს ევროპის ჩემპიონატი გამოტოვეს. ოფიციალურ მიზეზად სარას ტრავმა დასახელდა. თუმცა მათ ფრან-პრის ფინალი მოუგეს ლუკას და ანასტასიას. მილანში, „მშობლიურ კედლებში“, მათ შეუძლიათ დაამარცხონ ქართული წყვილი, თუ უშეცდომოდ იასპარეზებენ და ამით იტალიის ნაკრებს მესამე ადგილზე გაიყვანენ (ცეკვების კატეგორიაში საქართველო იტალიასთან წააგებს).
სხვა მხრივ, გუნდურ ასპარეზობაზე ყველაფერი თითქმის წინასწარ ცნობილია: ოქროს, დიდი ალბათობით, ამერიკელები მოიგებენ, ვერცხლს - იაპონელები.
ლუკასა და ანასტასიას უპირატესობები: უმაღლესი, მეოთხე დონის „ტვისტი“ („აგდება“), როგორც წესი, წარმატებით შესრულებული ნახტომები (მინიმალური დისტანციით პარტნიორებს შორის) და შესანიშნავი „კაუფმანები“ („გასროლა“).
ლუკასა და ანასტასიას ნაკლოვანებები: ლიფტები („აწევები“), რაც, ვფიქრობ, ლუკა ბერულავას მეტი ფიზიკური ძალის მოთხოვნას უკავშირდება, და ზედმეტი ემოციურობა ქორეოგრაფიაში.
ვინ მოიგებს ოლიმპიადას სპორტულ წყვილებში?
ამ კატეგორიაში ოთხი წყვილი იბრძოლებს ოქროს მედლებისთვის. ქართული და იტალიური დუეტების გარდა, ოლიმპიური ოქროს მოპოვების დიდი შანსი აქვთ იაპონელებს, მიურა-კიხარასა და გერმანელებს, ფაბიენ-ჰაზესა და ვოლოდინს. მონაწილეობენ 2022 წლის ოლიმპიური ჩემპიონებიც - ჩინელი ფიგურისტები სუი ვენძინი და ხან ცუნი, თუმცა საეჭვოა, სამეულში მოხვედრა შეძლონ.
რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ფიგურული სრიალის რეპორტაჟების ყურებისას?
ეკრანის ზედა მარცხენა კუთხეში გამოჩნდება გამომსვლელის ტექნიკური ქულა და ლიდერის საორიენტაციო ქულა (გრან-პრის სერიაში მითითებულია ელემენტების სახელებიც და მათი საბაზისო ქულები). მწვანე ფერი მიუთითებს, რომ ელემენტი შესრულებულია; წითელი - შეცდომით შესრულებას (დაცემა, წონასწორობის დაკარგვა, მეორე ფეხზე დაშვება); ყვითელი - ელემენტი გაგზავნილია განსახილველად.
ცეკვების სახეობაში ნახტომები არ არის. დაცემა აქ იშვიათია, თუმცა მოცეკვავეებს აქვთ სავალდებულო ელემენტები, რომლებიც შესრულების ოთხ დონედ განისაზღვრება. ყველაზე მნიშვნელოვანია „ნაბიჯები წრეზე“ და „პარალელური ნაბიჯები ერთ ფეხზე“. უმაღლესი დონე - მეოთხე იშვიათად მიიღწევა.
ზოგადად, სპორტული ცეკვები ფიგურული სრიალის ის სახეობაა, რომელსაც უკეთესია სტადიონზე უყუროთ: აქ გადამწყვეტია სრიალის ხარისხი და ის, თუ რამდენად სრულად ფარავენ სპორტსმენები ყინულის მოედანს.
https://www.radiotavisupleba.ge/a/%E1%83%A1...8/33669090.html
This post has been edited by Bachia888 on 8 Feb 2026, 09:56