აი,შენ ფერისცვალება!



* * *
Enjoy the Afro Jazz vibes
https://www.youtube.com/watch?v=Xwqc_Z4bfGE&t=5304sDeep Afro House Mix | Tribal Soul Rhythms 2026
* * *
დღეს კიდევ ერთი მძიმე კარი უნდა გავაღო.
ერთ/ერთი გამორჩეული ისტორიული დრამა, სადაც ძალაუფლებისთვის ბრძოლა, კულუარული ინტრიგები და პიროვნული ტრაგედიები უმაღლეს წერტილს აღწევს.
მაოძედუნის მესამე ცოლი, Jiang Qing , ჯიან ცინგი - მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დაუნდობელი, ამბიციური და ფსიქოლოგიურად რთული ფიგურა, განსაკუთრებით საინტერესო,რადგან მისი ისტორია მხოლოდ „მაოს სასტიკი ცოლი“ არ არის.
მანამდე მსახიობი იყო, შემდეგ წლების განმავლობაში პოლიტიკიდან განზე იდგა, ხოლო 1966 წლისთვის უკვე კულტურული რევოლუციის ერთ-ერთ მთავარ სახედ იქცა.
ყოფილი მსახიობი, რომელმაც უზარმაზარი ძალაუფლება ხელში ჩაიგდო და მისი დაჯგუფება "ოთხთა ბანდა" ცდილობენ მართვის სადავეების შენარჩუნებას ლიდერის სიკვდილის შემდეგ.
როგორ გარდაიქმნება ადამიანი, რომელსაც თავდაპირველად ძალაუფლება არ აქვს, ძალაუფლების სისტემის შეუცვლელ ნაწილად?!
რას აკეთებს წყენა, ამბიცია, პირადი ერთგულება,შიში და რა ხდება მაშინ, როცა მმართველი ადამიანს აძლევს არა მხოლოდ თანამდებობას, არამედ უფლებას — სხვების ბედი გადაწყვიტოს?!
როგორ იქცა მაოს ცოლიდან „წითელ დედოფლად“ და რა დაემართა ადამიანს, როცა მის ხელში ძალაუფლება აღმოჩნდა?!
ძალაუფლების ძალიან სასტიკი კანონია:
"ის, ვინც სხვებს შიშში ამყოფებს, ხშირად თვითონაც შიშის ტყვე ხდება."
საინტერესოა,რატომ ვერავინ გააჩერა ჯიანგ ცინგი და მაო, როცა უკვე აშკარა ხდებოდა, რომ ქვეყანა კატასტროფაში შედიოდა?!
სწორედ აქ იწყება ძალაუფლების ფსიქოლოგიის ყველაზე საშიში ნაწილი!
ისტორიულ წყაროებში კარგად ჩანს, რომ კულტურული რევოლუციის გადაწყვეტილებებში მაოსა და „ოთხთა ბანდის“ როლების ერთმანეთისგან გამიჯვნა რთულია - ჯიანგ ცინგი მნიშვნელოვანი მოთამაშე იყო,
მაგრამ ყველაფერი მხოლოდ მის კისერზე ვერ გადავა.
როგორ ხდება, რომ ჭკვიანი ადამიანები ხედავენ საფრთხეს, მაგრამ მაინც ჩუმდებიან?!
იმიტომ რომ ძალაუფლების გარშემო თანდათან ქრება ადამიანები, რომლებიც გეუბნებიან:
„არა, ბატონო, აქ ცდებით.“
რჩებიან ისინი, ვინც გეუბნებიან:
„დიახ, რა თქმა უნდა, თქვენ აბსოლუტურად მართალი ხართ."
და ყველაზე საშინელი ისაა, რომ გარკვეული დროის შემდეგ მმართველს შეიძლება მართლა აღარ შეეძლოს განსხვავება
სიმართლესა და მისთვის შექმნილ რეალობას შორის.
ჯიანგ ცინგის ისტორია ამის შესანიშნავი "ლაბორატორიაა".
ღარიბ ოჯახში დაიბადა, სადაც მამა დედას სცემდა.მსახიობი იყო, თავი შანხაის თეატრსა და კინოს დაუკავშირა.
14 წლის ასაკში ჯიანგ ცინგი თეატრალურ დასში მოხვდა. მოგვიანებით, 15 წლის ასაკში, სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა,
რომელიც ძველ კონფუციანურ ტაძარში იყო განთავსებული.
ერთ ღამეს ბიჭები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ გაბედავდა კონფუცის ქანდაკებიდან საზეიმო თავსაბურავის მოხსნას?!
ვერავინ გაბედა.
ჯიანგ ცინგი კი ავიდა, მოხსნა თავსაბურავი და ტრიუმფით გამოიტანა.
ეს ერთი პატარა ეპიზოდია, მაგრამ საოცრად ბევრს გვეუბნება მის ხასიათზე: ბავშვობიდანვე საკმაოდ ჯიუტი, გამომწვევი და წესებისადმი დაუმორჩილებელი ყოფილა. მის შესახებ ბიოგრაფიულ წყაროებში პირდაპირაა აღწერილი, რომ სკოლაში ხშირად ეჩხუბებოდა თანატოლებს და დისციპლინას ძალიან ცუდად იტანდა.
1930-იან წლებში კომუნისტებს შეუერთდა, იანანის გამოქვაბულებში მაო ძედუნი მოხიბლა და მისი ცოლი გახდა.
პარტიის ხელმძღვანელობამ ქორწინება მხოლოდ ერთი პირობით დაუშვა:
ჯიან ცინს 30 წლის განმავლობაში პოლიტიკაში ჩარევა ეკრძალებოდა.
ეს მისთვის უდიდესი ტრავმა და "ბომბი" გახდა.
გარედან — ჩინეთის ყველაზე ძლევამოსილი წყვილი.
შიგნით — არც ისე რომანტიკული ზღაპარი.
ყველაზე საინტერესო ესაა:
ჯიანგ ცინგი განსაკუთრებიტ დაინტერესებული იყო ჩინეთის ერთადერთი ქალი იმპერატორით,მისი ცხოვრების შესწავლით-
ვუ ძეტიანით.
ვუ ძეტიანი VII საუკუნეში ცხოვრობდა და ჩინეთის ისტორიაში ერთადერთი ქალი იყო,
რომელმაც იმპერატორის ტიტული საკუთარი სახელით დაიკავა.
რატომ?
ეს უკვე ინტერპრეტაციაა, არა დადასტურებული მოტივი — მაგრამ სიმბოლიზმი იმდენად აშკარაა, რომ შეუძლებელია არ იფიქრო:
ქალი, რომელიც მამაკაცების მიერ შექმნილ პოლიტიკურ სამყაროში უმაღლესი ძალაუფლებისკენ მიიწევდა,
უყურებდა ქალს,
რომელმაც საუკუნეებით ადრე ზუსტად იგივე აკრძალვა დაარღვია.
წარმოიდგინეთ ქალი, რომელიც ოდესღაც მსახიობი იყო — სცენაზე გამოდიოდა, ყურადღების ცენტრში ყოფნას იყო მიჩვეული -
და ახლა ყველაზე ძლევამოსილი კაცის გვერდით ცხოვრობს, მაგრამ თვითონ არსად ჩანს.
მაოს გვერდით ყოფნა მისთვის ერთდროულად იყო პრივილეგიაც და დამცირებაც.
მაგრამ შემდეგ, 1960-იანებში, მაომ მას გაუღო კარი.
მაოს ურთიერთობა პარტიის სხვა ლიდერებთან დაიძაბა. მას ისევ სჭირდებოდა მოკავშირეები.
და უცებ აღმოჩნდა, რომ მისი ცოლი, რომელიც წლების განმავლობაში კულტურის სფეროში მუშაობდა,
შეიძლება ძალიან სასარგებლო ყოფილიყო.
ჯიანგ ცინგმა კარგად იცოდა სცენის ძალა და
დაიწყო კინოსა და თეატრის პოლიტიკურ იარაღად გამოყენება.
შეიქმნა ძალიან საშიში წრე:
ჯიანგ ცინგი მაოს აწვდიდა ინფორმაციას მტრებზე -მაო აძლევდა მას პოლიტიკური მოქმედების სივრცეს -
ჯიანგ ცინგი კიდევ უფრო აქტიურად ებრძოდა „მტრებს“.
ჯიანგ ცინგს ძალიან გრძელი მეხსიერება ჰქონდა.
მან პირადად გაანადგურა ყველა, ვინც შანხაიში მსახიობობის დროს მასზე წარმატებული იყო ან მისი წარსული იცოდა.
ადამიანს შეუძლია წლების განმავლობაში დაიმახსოვროს შეურაცხყოფა.
მაგრამ ჩვეულებრივ ადამიანს მხოლოდ ერთი იარაღი აქვს - მეხსიერება.
ძალაუფლებიან ადამიანს კი შეიძლება ჰქონდეს მთელი სახელმწიფო.
და როცა ეს ორი რამ ერთმანეთს შეხვდება...
ძველი წყენა სახელმწიფოებრივ სასჯელად შეიძლება გადაიქცეს.
როგორ იქცა ჯიანგ ცინგი ქალად, რომელიც ჩინეთში ფაქტობრივად ამბობდა:
„მე ვწყვეტ, რა შეიძლება ნახოს, წაიკითხოს და მოუსმინოს მთელმა ქვეყანამ.“
გახდა რა რეჟისორი, ყოფილმა მსახიობმა,საბოლოოდ თითქმის მთელი ჩინეთის სცენა დაიკავა.
ჯიანგ ცინგის მსახიობური წარსული და მისი პოლიტიკური ძალაუფლება ერთმანეთს ებმის.
სცენის მართვის გამოცდილება ნელ-ნელა ქვეყნის რეალობის მართვის სურვილად გადაიქცა.
მთელი ჩინეთის დაპყრობა უკვე სხვა მასშტაბია - ეს ქალი უბრალოდ ამბიციური აღარ იყო,
აქ უკვე ამბიცია სახელმწიფოს ზომის გახდა.
სანამ ხალხს უბრალო, ერთფეროვან სამოსში სიარულს აიძულებდა და დასავლურ კულტურას სდევნიდა, თავად ჯიან ცინი კერძო კინოთეატრში ჰოლივუდის ფილმებს, განსაკუთრებით გრეტა გარბოს მონაწილეობით ფარულად უყურებდა და ძვირადღირებულ უცხოურ კოსმეტიკას მოიხმარდა.
რატომ დაუშვა მაომ ეს ყველაფერი?
მას მთელი ჩინეთის მართვა დამოუკიდებლად არ დაუწყია და არც ჰქონდა ისეთი სრული ძალაუფლება, როგორიც მაოს.
მისი ძალა ძირითადად მაოს ავტორიტეტიდან, კულტურული რევოლუციის მექანიზმებიდან და მის გარშემო შეკრული რადიკალური პოლიტიკური ჯგუფიდან მოდიოდა.
მაგრამ სწორედ ამიტომ არის მისი ისტორია ასე საინტერესო,
ქალი, რომელსაც წლების განმავლობაში ეუბნებოდნენ-
„პოლიტიკაში არ ჩაერიო“,
მოგვიანებით აღმოჩნდა ისეთ მდგომარეობაში, როცა შეეძლო ეთქვა:
„ეს ფილმი შეიძლება. ეს - არა. ეს მსახიობი - რევოლუციონერია. ეს - მტერი.“
ყოფილმა მსახიობმა ფაქტობრივად გადაწყვიტა, რა უნდა ყოფილიყო ჩინეთის კულტურული რეალობა.
და აქ უკვე „ძალაუფლების ფსიქოლოგია“ მთელი "სილამაზით" შემოდის!
ყველაზე საინტერესო ზოგჯერ ის კი არ არის, ვინ მოიპოვა ძალაუფლება, არამედ რა გააკეთა ადამიანმა იმ ძალაუფლებით, რომელიც მანამდე აკლდა?!
ჯიანგ ცინგის შემთხვევაში პასუხი ძალიან მძიმეა.
მაოს დაკრძალვიდან დაახლოებით ოთხი კვირის შემდეგ-ჯიანგ ცინგი და „ოთხთა ბანდის“ სხვა სამი ლიდერი დააპატიმრეს.
და ყველაზე საოცარი ის არის,რომ
დიდი ბრძოლა საერთოდ არ ყოფილა.
არც ქუჩის უზარმაზარი აჯანყება.
არც სამოქალაქო ომი.
არც ჯიანგ ცინგის მიერ მთელი ქვეყნის მობილიზაცია.
მათ უბრალოდ უთხრეს, რომ შეხვედრაზე უნდა მისულიყვნენ.
და იქ დააპატიმრეს.
აი, ეს არის ძალაუფლების ილუზია:
გუშინ შენს ბრძანებას მილიონები ემორჩილებოდნენ.
დღეს კი ოთახში შედიხარ იმიტომ, რომ გითხრეს, შეხვედრააო
და კარი შენს უკან იკეტება.
რატომ ვერ იბრძოლა ჯიანგ ცინგმა?
იმიტომ, რომ მისი ძალაუფლება ძალიან დიდად იყო დამოკიდებული მაოს სახელზე.
მას არ ჰქონდა დამოუკიდებელი მასობრივი პოლიტიკური ორგანიზაცია.
არ ჰქონდა ისეთი ერთგული სამხედრო ძალა, რომელიც მის დასაცავად იბრძოლებდა.
და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - ჩინეთის პარტიულ და სამხედრო ელიტაში ბევრი ადამიანი უკვე მზად იყო რადიკალური ჯგუფის ჩამოსაშორებლად.
ჯიანგ ცინგი ფიქრობდა, რომ მაოს მემკვიდრეობას ის იცავდა.
მისი მოწინააღმდეგეები კი ფიქრობდნენ, რომ სწორედ ჯიანგ ცინგი და მისი თანამოაზრეები ანგრევდნენ მაოს მემკვიდრეობას.
და ამ ბრძოლაში ერთი მხარე ბევრად უფრო ძლიერი აღმოჩნდა.
და აქ არის ტრაგიკული ირონია,
მან საბოლოოდ სისტემა აიძულა, ეღიარებინა მისი ძალა.
მაგრამ როცა მაო გარდაიცვალა...
სისტემამ ის ისევ გააქრო.
არა იმიტომ, რომ ჯიანგ ცინგი უცებ სუსტი გახდა.
არამედ იმიტომ, რომ აღმოჩნდა:
მისი ძალაუფლების უდიდესი ნაწილი მისი საკუთარი არ ყოფილა.
ეს იყო მაოს მიერ შექმნილი ძალაუფლების გაგრძელება.
აი ეს არის,ჯიანგ ცინგის ისტორიის ყველაზე ძლიერი გაკვეთილი ჩემი აზრით.
კიდევ ერთი საოცარი თავი - სასამართლო.
იქ ჯიანგ ცინგი უკვე აღარ იქცევა დამარცხებულ დედოფლად.
იქ იგი სცენაზე ადის,უკანასკნელად!
ისეთი ქცევა აქვს, რომ მართლა ვერ დაიჯერებ, რომ ის ქალი, ვისიც მთელ სახელმწიფოს ეშინოდა,
ახლა ბრალდებულის სკამზე ზის.
ფინალი მართლაც საშინლად ირონიულია.
ჯიანგ ცინგისთვის ყველაფერი ისე არ დასრულებულა, როგორც ჩვეულებრივი დამარცხებული პოლიტიკოსისთვის.
ბოლო მომენტამდე სცენაზე დარჩა.
მისი ყველაზე ცნობილი ფრაზა:
„მე მაოს ძაღლი ვიყავი. ვისზეც მეტყოდა , იმას ვკბენდი.“ - მაოს "ცოფიანი ძაღლი"
ეს ფრაზა იმდენად კარგად აჩვენებს მის ბუნებას, რომ თითქმის მისი ცხოვრების ეპიტაფიად იქცა.
სასჯელი?
1981 წლის იანვარში ჯიანგ ცინგს სიკვდილი მიუსაჯეს, მაგრამ სასჯელი ორი წლით გადავადებული იყო.
სიკვდილით დასჯა საბოლოოდ სამუდამო პატიმრობით შეიცვალა.
ანუ „წითელი დედოფალი“ არ დახვრიტეს.
იგი ციხეში დარჩა.
ციხეში მისი ჯანმრთელობა თანდათან გაუარესდა. ცხოვრების ბოლო პერიოდში მძიმე დეპრესიაც ჰქონდა.
1991 წელს მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ეს მხოლოდ დიქტატორებს არ ემართებათ.
თუ ადამიანს გარშემო აღარ ჰყავს ვინმე, ვინც გულწრფელად ეტყვის:
„არა. აქ ცდები.“
ადამიანი შეიძლება ნელ-ნელა საკუთარი თავის მიერ შექმნილ სამყაროში გამოიკეტოს.
და ალბათ ყველაზე დიდი თავისუფლება სწორედ ესაა:
შეგეძლოს საკუთარ თავსაც უთხრა - "შეიძლება ვცდები".
ეს ფრაზა პატარაა, მაგრამ ძალაუფლებისგან ძალიან კარგი ანტიდოტია.
ჯიანგ ცინგის ისტორიაში ყველაზე მეტად დამაფიქრებელია -
მას თითქოს აღარ დარჩა ადამიანი, რომლის წინაშეც უბრალოდ ჯიანგ ცინგი იქნებოდა —
არც „დედოფალი“, არც „მაოს ცოლი“, არც „რევოლუციის მცველი".
მხოლოდ ქალი!
მისი მთავარი ფსიქოლოგიური შეცდომა იყო ილუზია, რომ ძალაუფლება მას ეკუთვნოდა და არა მის ქმარს.
1980 წლის საჯარო სასამართლო პროცესი ჩინეთის ისტორიაში ყველაზე პოპულარული სატელევიზიო შოუ გახდა.
პ.ს. რამე პარალელი თუ დაინახეთ ჩვენს რეალობასთან?!
პ.პ.ს.ვისურვებდი ჩვენი ბოლო 36 წლის მოვლენების საჯარო სასამართლო პროცესი გაიმართოს!!!
https://www.tiktok.com/@adelem8888/video/75...=ZG-9946To4C157