35 წლის შემდეგ პოლიციამ გამოძიება დაიწყო 90-იან წლებში სვანეთში 9 წლის ბავშვის სისტემატური გაუპატიურების შემთხვევაზე. როგორ წავა საქმე, რომლის მთავარი მოწმე ჰყვება არა მხოლოდ გაუპატიურებაზე, არამედ იარაღით მუქარაზე, ძალადობის სხვა შემთხვევებსა და სოფლის დატოვების იძულებაზე?
გაუპატიურების საქმეს (სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლი) იძიებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი.
ორი, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი წყარო გვეუბნება, რომ პოლიციამ უკვე დაკითხა ის ადამიანები, რომლებმაც, შესაძლოა, ამ ისტორიის შესახებ რამე იცოდნენ.
რადიო თავისუფლების ინფორმაციითვე, გამოძიება დაახლოებით ერთი თვის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომიმართვების საფუძველზეა დაწყებული.
სწორედ ერთი თვის წინ დაუკავშირდა გამომძიებელი 43 წლის ნატა ვიბლიანს, ქალს, რომელიც ამბობს, რომ 90-იან წლებში, რამდენიმე წლის განმავლობაში, მას სისტემატურად აუპატიურებდა თანასოფლელი, სრულწლოვანი კაცი. ამ კაცის გარდა, ნატა ვიბლიანი გაუპატიურებაში ბრალს კიდევ სამ თანასოფლელს სდებს.
ვიდეომიმართვებით დაწყებული საქმე
ნატა ვიბლიანის ვიდეომიმართვები სოციალურ ქსელში დაახლოებით სამი თვის წინ გამოჩნდა. ემიგრანტი ქალი ჰყვებოდა, რომ 90-იან წლებში, სვანეთში, სოფელ სგურიშში, სადაც ის ოჯახთან ერთად ცხოვრობდა, სისტემატური სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო. ქალი ღიად ასახელებს იმ კაცების ვინაობას, რომლებმაც მისი თქმით, მასზე ბავშვობისას იძალადეს.
„ვიცი, რომ ცოცხალი დაიბადა, დავინახე და ხმაც გავიგე, ჩემი ინფორმაციით, ექიმი, რომელმაც მამშობიარა, ცოცხალი აღარაა. მახსოვს დიალოგი, ექიმმა როგორ იკითხა ბავშვზე, რა ვუყოთო და ის [კაცი, რომელიც ნატა ვიბლიანის თქმით, მასზე სექსუალურად ძალადობდა] პასუხობდა, მოკალითო. ბავშვს რა ბედი ეწია, არ ვიცი“.
43 წლის ქალი ამბობს, რომ სოფელ სგურიშში, როგორც მისმა ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა, ისე სხვა თანასოფლელებმა იცოდნენ, რომ მასზე სექსუალურად ძალადობდნენ, თუმცა ამბობს, რომ თანასოფლელები, მათ შორის, საკუთარი გვარიც წარმომადგენლებიც მას ადანაშაულებდნენ: "[ვიბლიანებთან] ნათლობის სუფრაზე მივედი, გამოვიდნენ, თუკი რამე სალანძღავი სიტყვა იყო, ყველაფერი მეძახეს. ეზოში ბავშვები იყვნენ და ბავშვებმა ქვების სროლით გამომაცილეს".
ნატა ვიბლიანის თქმით, 90-იანი წლების შუაში, ზუგდიდის სამხარეო პოლიციას მიმართა მისმა ბაბუამ, დედის მამამ, თუმცა, საქმის გამოძიება მალევე შეწყდა:
„ექსპერტიზაც ჩამიტარეს მაშინ. მაგრამ ამ ადამიანს ნაცნობები ჰყავდა პოლიციაში და ძალიან ბევრი რამ მიიჩქმალა. დაახლოებით ერთ კვირაში, ისევ ჩემმა ოჯახმა, საჩივარი უკან გამოიტანა და ასე დასრულდა ეს საქმე“.
რადიო თავისუფლებამ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გამოითხოვა 90-იან წლებში დაწყებული გამოძიების შესახებ ინფორმაცია. უწყებისგან პასუხი ჯერ არ მიგვიღია.
გარდა იმ კაცისა, რომელიც ნატა ვიბლიანის თქმით, მასზე სისტემატურად ძალადობდა, ქალი ამბობს, რომ ის იმავე პერიოდში გააუპატიურა კიდევ სამმა კაცმა:
„სამივენი ამ კაცის ნათესავები არიან. მათ სწორედ მისი ჩარევით გამაუპატიურეს, მისი სიბინძურის დასაფარად, რომ ხმა ვერ ამომეღო ვერასდროს, როგორც ქალს, რომ ვერასდროს მეთქვა, რომ მე ამდენმა კაცმა გამაუპატიურა“.
ნატა ვიბლიანი ამბობს, რომ ის და მისი ოჯახი, მოგვარეების ნაწილის ზეწოლის გამო იძულებული გახდა სოფლიდან 90-იანი წლების ბოლოს გადასახლებულიყო:
ძალიან მძიმე ეპიზოდებია. პირდაპირ გეტყვით, ეს არის ძალიან რთული საქმე და დიდი ალბათობით, შსს მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ აქტიურად აწარმოოს სწორედ ის საგამოძიებო მოქმედებები, რაც შედეგამდე მიიყვანს გამოძიებას. ჩემი პირდაპირი მიზანია, რომ აუცილებლად გამოიკვეთოს დამნაშავეთა წრე და კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯოს თითოეული მათგანი“, - უთხრა რადიო თავისუფლებას მარიამ ბარსონიძემ.
ნატა ვიბლიანი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოდან შორსაა, თავს უსაფრთხოდ მაინც არ გრძნობს და ამ ამბის გახმაურების გამო, ანგარიშსწორების ეშინია:
„მე სვანეთის ხუთი გვარი ვამხილე. ხუთი გვარი მემტერება და მომდევს და რომელი გამისწორდება, არ ვიცი. ახლა, მართალია საქართველოში არ ვარ, მაგრამ არც აქ ვგრძნობ თავს უსაფრთხოდ. განსაკუთრებით, ბოლო დღეებია, მას შემდეგ, რაც ამ ამბით ჟურნალისტებიც დაინტერესდნენ. ველოდები, რომ სახლის პატრონი, სადაც ვცხოვრობ, მოვიდეს, რომ მასთან ერთად გავიდე მაღაზიაში, რომ სახლისთვის ელემენტარული რაღაცები ვიყიდო. 4 დღეა, საერთოდ არ გავსულვარ გარეთ“, - უთხრა მან რადიო თავისუფლებას 14 ივლისს.
წლების შემდეგ გამოვლენილი და პასუხისგებაში მიცემული დამნაშავეები
რადიო თავისუფლების არქივი ინახავს არაერთ სტატიას, როდესაც ქალებმა წლების, მათ შორის, 25 წლის შემდეგ გადაწყვიტეს ოჯახის წევრებისა თუ ოჯახის ახლობლების მხრიდან, მათ მიმართ, ბავშვობაში ჩადენილი სქესობრივი დანაშაულების შესახებ საუბარი და ათწლეულების გასვლის შემდეგ, დამნაშავეებს სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენებიც გამოუტანა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ, 2022 წელს დამნაშავედ ცნო კაცი, რომელიც 25 წლით ადრე, მცირეწლოვან გერზე, წლების განმავლობაში ძალადობდა.
მათ შორის, 2024 წლის 15 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო კაცი, რომელიც წლების წინ სექსუალურად ძალადობდა მცირეწლოვან დის შვილებზე და მას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დებმა ამ ძალადობაზე ხმამაღლა ლაპარაკი სამართალდამცავებთან 30 წლის ასაკში შეძლეს.
ივლისის დასაწყისში, სასამართლომ დამნაშავედ ცნო მამა, რომელიც წლების წინ, არასრულწლოვან შვილზე ძალადობდა სექსუალურად. გოგომ ამ დანაშაულზე საუბარი მხოლოდ მას შემდეგ მოახერხა, რაც სრულწლოვანი გახდა. კაცს 6 ივლისს სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
https://www.radiotavisupleba.ge/a/%E1%83%9C...D/33804254.html(IMG:
https://img.forum.ge/J_4i3AiKzinUN3.jpg)
სულ სხვების განკითხვაში ვართ და ამ დროს ჩვენ თვალწინ ჯოჯოხეთს ვარიდებთ თვალს. ეს ხალხი ვართ ჩვენ.