https://www.facebook.com/watch/?v=2186269938838917ამჯერად,ჩემი ყურადღება მიიქცია სარეკლამო კომპანია გუჩი მონტე-კარლომ:
"მომენტების სერია, რომელიც მოძრაობით, სინათლითა და თავისუფლების ან ყოველდღიურობისგან თავის დაღწევის სულისკვეთებითაა გაჯერებული. შესაძლებლობებით სავსე ზაფხული მონაკოს კულტურულ აურაშია მოქცეული - ადგილას, რომელიც დიდი ხანია მოდის, გლამურისა და მუდმივ მოძრაობაში მყოფი ადამიანების სცენას წარმოადგენს."
facebook
https://share.google/gRamePFSgyPNaWKhl " Gucci Monte Carlo"-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელია Demna!
სამხატვრო ხელმძღვანელი - Riccardo Zanol,
ფოტოგრაფი - Mark Seliger
ფოტოგრაფ მარკ სელიგერის მიერ გამოქვეყნებული მასალა საინტერესო დეტალს გვთავაზობს:
ჩანაფიქრი არ ყოფილა მონტე-კარლოს მხოლოდ მდიდრულ დეკორაციად წარმოჩენა.
აქ ყურადღება გადატანილია პერსონაჟებზე, მათ ინდივიდუალობასა და ატმოსფეროზე.
ჩემი ყურაღება არ მიუქცევია ფილმში ერთ რომელიმე კაბას ან ერთ რომელიმე ლამაზ კადრს,
მოვიხიბლე მთლიანობაში და არა მხოლოდ რომელიმე ცალკეული დეტალით.
იმ ერთიანმა განწყობამ, რომელშიც ყველაფერი თავის ადგილასაა, თითქოს თავისთავად ხდება და მაყურებელსაც უნებურად ითრევს ამ პატარა, მშვენიერ სამყაროში.
და უცებ ხვდები, რომ ეს მხოლოდ ტანსაცმლის ჩვენება აღარ არის.
ეს უკვე სილამაზის განცდაა!
1,25 წუთიან ფილმში ისეთი ატმოსფერო, განწყობა, პატარა სამყაროა შექმნილი, რომელშიც მაყურებელს თავადაც მოუნდება მოხვედრა.
დემნას ნიჭი, ჩემი აზრით, სწორედ ამ შესაძლებლობაში უნდა ვეძებოთ -
შეუძლია, სამოსის გარშემო მთელი სამყარო შექმნას.
რა თქმა უნდა, კონკრეტული კონცეფციისა და მისი განხორციელების ავტორობა შემოქმედებითი გუნდის წევრებს შორის ნაწილდება.
ამიტომ მთელი ჩანაფიქრის მხოლოდ ერთი ადამიანისთვის მიწერა სწორი არ იქნებოდა.
თუმცა ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ქართველი დიზაინერი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იტალიური მოდის სახლის შემოქმედებით სათავეში დგას და მისი ახალი ვიზუალური სამყაროს ჩამოყალიბებაში მონაწილეობს.
და მაინც, დავუბრუნდები მთავარს.
ეს ფილმი ჩემთვის ერთი სიტყვით გამოიხატება - სილამაზე!
არა ფუფუნების დემონსტრირება, არა ძვირადღირებული ნივთების გამოფენა, არა სტატუსის ჩვენება...
არამედ ყოველდღიურობისგან თავის დაღწევის, თავისუფლად სუნთქვისა და ცხოვრების მშვენიერი წუთებით ტკბობის შესაძლებლობა.
ფუფუნება შეიძლება გქონდეს, მაგრამ სილამაზე უნდა იგრძნო.
ზოგჯერ კი ყველაზე დიდი ფუფუნება სწორედ ის წამებია, როდესაც ყოველდღიურობას ივიწყებ, არაფრის დამტკიცება არ გჭირდება და უბრალოდ ცხოვრებით ტკბები.
:love: :love: :love:
Bilbao2024მიხარია,რომ ისევ შემოანათე ამ თემაში,შენებურად! :2kiss:
შეიძლება მხოლოდ ნეგატიური ამბებით ვიცხოვროთ?
ბოლო დროს ხშირად ვფიქრობ ამაზე.
გადახედეთ ჩვენს ფორუმს, თემებს, ყოველდღიურ დისკუსიებს...
პოლიტიკური დაპირისპირება, ურთიერთბრალდებები, მტრობა, ძალადობა, უსამართლობა, ადამიანური ტრაგედიები...
თითქოს ყოველდღიურად ვიღებთ ნეგატივის ახალ ულუფას, რომელსაც შემდეგ ისევ ერთმანეთს ვუზიარებთ, განვიხილავთ, ვეკამათებით და ზოგჯერ კიდევ უფრო ვამძიმებთ.
ცხადია, ამ ყველაფერზე საუბარი აუცილებელია. პრობლემებისგან თავის არიდება გამოსავალი არ არის. სამყაროში არსებული უსამართლობის დანახვა და მის წინააღმდეგ ხმის ამაღლება ჩვენი პასუხისმგებლობაცაა.
მაგრამ განა მხოლოდ ეს არის ცხოვრება?!
განა ნეგატიურმა მოვლენებმა უნდა გადაფაროს სიყვარული, სილამაზე, სიკეთე, სიხარული,მუსიკა, ხელოვნება, ადამიანური სითბო?
განა შეიძლება, იმდენად ვიყოთ ჩაფლული ერთმანეთთან დაპირისპირებაში, რომ დაგვავიწყდეს,
რა გვაკავშირებს ერთმანეთთან?
მე არ მინდა, სამყაროს მთელი სურათი მხოლოდ მისი ბნელი მხარისგან შედგებოდეს.
მინდა, ვილაპარაკოთ იმაზეც, რაც გვახარებს, გვაფიქრებს, გვათბობს და ცხოვრებას გვილამაზებს!
მინდა, ხელოვნებასაც დავუთმოთ ადგილი, მუსიკასაც, ლიტერატურასაც...
მინდა, ზოგჯერ ერთმანეთისთვის იმის გაზიარებაც შეგვეძლოს, რაც გულს გვიჩქარებს და გვახსენებს,
რომ ამდენი წინააღმდეგობის მიუხედავად, ცხოვრება მაინც მშვენიერია!
ალბათ, სწორედ ამიტომ გამიჩნდა სურვილი, ამ ფილმზე დამეწერა.
მისმა სილამაზემ რაღაც გამახსენა, რაღაც გამიღვიძა...
და აქედან ჩემი ფიქრები სრულიად სხვა მიმართულებით წავიდა.
მუსიკისკენ... სიყვარულისკენ... მოგონებებისკენ...
„მხოლოდ შენ ერთს“ - სიმღერა, რომელიც მოგონებად იქცა...
Mkholod shen erts - (feat. Nini Nutsubidze & Giorgi Gigashvili)
https://www.youtube.com/watch?v=zm63DzvD1mAპ.ს. ეს სიმღერა "მხოლოდ შენ ერთს" ჩემი და მამაჩემის საყვარელი სიმღერა იყო...ერთად ვმღეროდით! :love:
იცით, ზოგჯერ რა უცნაურია ადამიანის მეხსიერება?
შეიძლება წლები გავიდეს, უამრავი რამ დაგავიწყდეს, მაგრამ საკმარისია, ერთი ნაცნობი მელოდია გაიგონო და უცებ ყველაფერი გაცოცხლდეს...
თითქოს დრო უკან ბრუნდება...
ერთი უცნაური ჩვევა ჰქონდა,
ცხელ ზაფხულშიც,უსახელო მაისურზეც,ყელსახვევს გაიკეთებდა,
ყელსახვევის გარეშე არ იმღერებდა,შინაურ გარემოშიც კი...
ქართული ფოლკლორის დიდი მოყვარული და ქომაგი იყო.
ახლა რომ ვფიქრობ, რა ძვირფასი ყოფილა ეს პატარა დეტალები!
მონატრება ზოგჯერ ცრემლია, ზოგჯერ ღიმილი, ზოგჯერ კი ერთი პატარა დეტალი, რომელიც სხვას შეიძლება არაფერს ეუბნებოდეს, შენთვის კი მთელი სამყაროს ტოლია.
მამაჩემის საყვარელი სიმღერა დღესაც ჩემია.
და სანამ ეს მელოდია ჟღერს, რაღაც ძალიან ძვირფასი ისევ ჩემთანაა...
ZURAB ANJAFARIDZE & ALEKO KHOMERIKI
https://www.youtube.com/watch?v=MZLqeM2b_IU&t=186s* * *
არის ფილმები, რომლებიც მთავრდება და შენც უბრუნდები ჩვეულებრივ ცხოვრებას.
და არის ფილმები, რომლებიც დასრულების შემდეგაც არ გტოვებს. მათში ნანახი და გაგონილი შენში აგრძელებს ცხოვრებას, ახალ კითხვებს აჩენს და ისეთ ფიქრებამდე მიჰყავხარ,
რომლებზეც მანამდე შეიძლება არც გიფიქრია.
ჩემთვის ერთ-ერთი ასეთია კრისტოფერ ნოლანის „ინტერსტელარი“ (Interstellar).
წარმოიდგინეთ სამყარო, რომელშიც მეცნიერები ცდილობენ, კაცობრიობა გადაარჩინონ, კოსმოსის საიდუმლოებები ამოხსნან და დროისა და სივრცის საზღვრები გადალახონ.
მათ განკარგულებაშია ცოდნა, გამოთვლები, ტექნოლოგიები...
მაგრამ ამ გრანდიოზული ამოცანის შუაგულში ჩნდება რაღაც, რასაც მხოლოდ მათემატიკური ფორმულებით ვერ ამოწურავ.
სიყვარული. :love:
ფილმში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი აზრი სწორედ ამას უკავშირდება - სიყვარულს, როგორც კავშირს, რომელიც დროისა და სივრცის ჩვეულებრივ საზღვრებს სცდება.
გვიყვარს ადამიანები, რომლებიც შორს არიან.
გვიყვარს ადამიანები, რომლებსაც წლებია არ შევხვედრივართ.
და გვიყვარს ისინიც, რომლებიც უკვე აღარ არიან ამ სამყაროში.
გვიყვარს ადამიანები, რომლებიც გარდაიცვალნენ.
რა საოცარი წინააღმდეგობაა!
გონებამ იცის, რომ ადამიანი აღარ დაბრუნდება, მაგრამ გული მის არსებობას არ აუქმებს.
მისი ხმა შეიძლება აღარ გვესმოდეს, მაგრამ მასთან დაკავშირებული სიყვარული არსად მიდის.
იქნებ სიყვარული სამყაროს კანონებს არ არღვევს, მაგრამ ნამდვილად ცვლის იმ სამყაროს, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ.
რადგან ადამიანის შინაგანი სამყარო მხოლოდ იმით არ განისაზღვრება, რასაც თვალით ხედავს.
ის იმითაც იქმნება, რაც ახსოვს, ენატრება, უყვარს და რისი დაკარგვისაც ეშინია.
შეიძლება სამყარო გრავიტაციის კანონებით იმართებოდეს, მაგრამ ჩვენი პირადი სამყარო ხშირად სიყვარულის ძალით ინარჩუნებს წონასწორობას.
და თუ მკითხავთ, რა გვაძლევს ძალას, ამდენი ტკივილისა და წინააღმდეგობის მიუხედავად, ცხოვრება გავაგრძელოთ, ალბათ, ერთ-ერთი პასუხი სწორედ ეს იქნება:
გვიყვარს.
გვახსოვს.
ვიმედოვნებთ.
და ამ ყველაფრის გამო ისევ შეგვიძლია სილამაზის დანახვა! :love:
Hans Zimmer - Mountains (Interstellar Soundtrack)
https://www.youtube.com/watch?v=o_Ay_iDRAbc This post has been edited by Nostalgia34 on 12 Oct 2026, 15:34