- ევროკავშირზე საუბრისას პაპუაშვილმა რუსული ნარატივი დააბრუნა იმის შესახებ, რომ თითქოს ევროკავშირი აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხით ვაჭრობს.
ვინც პოლიტიკურ პროცესებს ადევნებს თვალს, იცის, ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს. რაში სჭირდება „ოცნებას“ ცრუ ნარატივების ტირაჟირება, თითქოს ევროკავშირის წევრობა ქვეყნის გამთლიანებას ხელს უშლის?- ევროკავშირი არის ის სტრუქტურა, რომელიც მყარად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. როცა ასეთი უცნაური განცხადებები კეთდება, ბუნებრივია, ჩნდება ეჭვი - ხომ არ ხდება რაღაც პიარმზადება სხვა პროცესებისათვის.
შეგახსენებთ, რომ ამ ბოლო დროს ხელისუფლებამ რატომღაც ნაფტალინიდან ამოიღო გეორგიევსკის ტრაქტატი და დაიწყო ერეკლე მეორის რუსეთთან დაახლოვების პოლიტიკის ქება-დიდება. პარალელურად, ხელისუფლებასთან დაახლოვებულმა პროპაგანდისტებმა გააჩაღეს კამპანია რუსეთთან რაღაც მსგავსი ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებით.
ამას ყველაფერს ძალიან ცუდი სუნი უდის. ყველას შევახსენებ, რომ ნორმალური, მეგობრობის, კეთილმეზობლობისა და თანამშრომლობის ე.წ. ჩარჩო ხელშეკრულება დიდი ხნის წინ 1994 წლის 3 მარტს უკვე ხელმოწერილია რუსეთსა და საქართველოს შორის.
ეს იმ ტიპის ხელშეკრულებაა, რომელიც ქვეყნების თანასწორუფლებიანობის მაღალი საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით არის დადებული.
რუსეთს რომ ჩვენთან ნორმალური ურთიერთობა უნდოდეს, უბრალოდ რატიფიცირებას გაუკეთებდა ამ ხელშეკრულებას, რაც დღემდე არ გაუკეთებია და ახლა ქართულ პოლიტიკურ დისკურსში რაღაც ახალ ხელშეკრულებაზე საუბარია შემოგდებული, რომელმაც ვითომ და ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის საკითხი უნდა მოაგვაროს.
რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა სწორედ 1994 წლის ხელშეკრულებაშია მკაფიოდ და არაორაზროვნად აღიარებული. სავარაუდოდ, სწორედ ეს იყო იმის მიზეზი, რომ მათ ამ ხელშეკრულების რატიფიკაცია არ მოახდინეს.
მოცემულ პირობებში, პუტინის რუსეთთან დადებული, ნებისმიერი ახალი ხელშეკრულება მხოლოდ ე.წ. “ახალი რეალიების”, ანუ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის იურიდიულ გაფორმებას შეიძლება ემსახურებოდეს.
ოღონდ, სავარაუდოდ, ეს გაკეთდება შენიღბულად და ეტაპობრივად, თანაც საქართველოს იურიდიული თანხმობით. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენად შენიღბული სინამდვილეში კი ამ ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვის სანაცვლოდ რუსეთი სავარაუდოდ მოითხოვს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის მნიშვნელოვან დათმობას და პროდასავლურ კურსზე უკვე იურიდიულად უარის თქმას. ქართულ საზოგადოებას კი ამას დიდ დიპლომატიურ გამარჯვებად მიჰყიდიან.
საამისოდ მოსახლეობის პროპაგანდისტური გამოთაყვანების სამუშაოები უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს. ჰოდა ამ კონტექსტში ახლა პაპუაშვილის მხრიდან თავს იჩენს ყალბი ნარატივი ევროინტეგრაციის კურსის და ტერიტორიული მთლიანობის დაპირისპირების შესახებ, თითქოს ევროკავშირი ჩვენგან ინტეგრაციის სანაცვლოდ რუსეთისთვის ტერიტორიების დათმობას ითხოვს და მეორე ალტერნატივაა - ევროინტეგრაციაზე უარის თქმა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სანაცვლოდ.
სინამდვილეში, მეორე გზის შემთხვევაში გარანტირებულად დავკარგავთ ტერიტორიულ მთლიანობასაც, ევროინტეგრაცისს პერსპექტივასაც, ზოგადად დასავლეთთან სტრატეგიულ თანამშრომლობასაც და ეროვნული სუვერენიტეტის უდიდეს ნაწილსაც. როგორი დაცინვაა, არა?
ყველაზე საწყენი აქ ისაა, რომ, როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ.
...
https://www.interpressnews.ge/ka/article/88...rovad-miachniat