ჟურნალი "თბილისელები" #13. 26.03–1.04.07
ფერნანდო გაგომ სუპერმოდელი მიქაელა ვაზკესის გამო მიატოვა ფერნანდო რუბენ გაგო ბუენოს-აირესის გარეუბან სიუდადელაში დაიბადა 1986 წლის 10 აპრილს. რომ გითხრათ, გაგოს თავიდანვე ეტყობოდა საფეხბურთო ნიჭი-მეთქი მოგატყუებთ, მაგრამ იგი საბავშვო კლუბ "ჰერკეში" მოხვდა, გუნდში რომელიც არგენტინაში "ვარსკვლავთა სამჭედლოდ" ითვლება და ევროპისაკენ იქიდან გაგომდე ისეთმა ფეხბურთელებმა აიღეს გეზი, როგორებიც არიან ფერნანდო რედონდო, ხუან რომან რიკელმე და სებასტიან კამბიასო.
გუნდში მისვლისთანავე მას თანატოლებმა "პინტიტა" შეარქვეს, რაც ქართულად "ჭინკას" ნიშნავს და ფერნანდოს დღემდე ასე მიმართავენ.
"ჰერკედან" იგი "ბოკა ხუნიორსის" ახალგაზრდულ გუნდში მივიდა და მაშინვე ყურადღება მიიქცია. მას ყველაზე მეტად შეუპოვარ ხასიათსა და დაუღალავ შრომას უფასებდნენ, თუმცა თანაგუნდელებისგან გამორჩეული სხვა რამითაც იყო - თვეში 250 დოლარს იღებდა, რაც ძალიან ცოტაა და, რა თქმა უნდა, მომავალი ნათელ ფერებში ეხატებოდა.
"გაზეთებს მუდმივად ვკითხულობდი და როცა გავიგებდი, რომ რომელიმე არგენტინელ ფეხბურთელს ევროპაში 4 ან 5 მილიონს უხდიდნენ, არ ვიჯერებდი. წარმოდგენაც კი არ მქონდა, რაში უნდა დაეხარჯათ ამდენი ფული." - იხსენებს გაგო.
ჰოდა, მადრიდის "რეალში" მისულ ფეხბურთელს წინ ხუთწლიანი ხელშეკრულება და წლიურად ოთხმილიონიანი კონტრაქტი დაახვედრეს და "ჭინკასაც" აზრი შეეცვალა.
"თურმე, 4 მილიონი არც ისე ბევრი ყოფილა", - ეს სიტყვები მან იმავე არგენტინელ ჟურნალისტს უთხრა, რომელსაც მანამდე გაუმხილა, ამდენი ფული რაში უნდა დავხარჯოო.
"რეალამდე" იყო მძიმე და ხანგრძლივი გზა, რომელიც გაგომ წვალებით, მაგრამ მაინც გაიარა. "ბოკაში" მალევე მიხვდნენ, რომ საქმე მომავალ ვარსკვლავთან ჰქონდათ და, ადრე თუ გვიან, რომელიმე ევროპული გრანდი მას აუცილებლად წაიყვანდა და შეეცადნენ, გაგო მაქსიმალურად გამოეყენებინათ. ნამდვილი აღიარება კი შარშანწინ მოვიდა - ჰოლანდიაში გამართულ მსოფლიო ახალგაზრდულ ჩემპიონატზე არგენტინამ ოქროს მედლები მოიგო და იმ გუნდში გაგო და ბარსელონელი ლიონელ მესი გამოარჩიეს. სამშობლოში ფერნანდო ნამდვილ ვარსკვლავად დაბრუნდა და მეორე დღესვე პირადმა აგენტმა განსახილველად რამდენიმე ევროპული გუნდის პირობები დაუდო წინ.
"გუნდებს გადავხედე და არ მესიამოვნა. მე პირდაპირ გრანდში მინდოდა წასვლა და ამიტომ აგენტს ვუთხარი, ცოტა მოვიცადოთ-მეთქი. ამაზე ისიც დათანხმდა, მაგრამ რად გინდა, მეორე დღეს ტრამვა მივიღე და სამთვიანი მკურნალობა დამჭირდა. სამი თვის შემდეგ კი გაგო ევროპაში აღარავის ახსოვდა." - იხსენებს ფეხბურთელი.
ის სამი თვე ფერნანდომ ნაყოფიერად გამოიყენა და აღიარებულ სუპერმოდელს, სილვინა ლუნას, დაუმეგობრდა. მართალია, "ბოკას" ვარსკვლავი სილვინაზე ასაკით პატარა იყო, მაგრამ გოგონა ამას ყურადღებას არ აქცევდა. თავად მოთამაშეს კი ძალიან სიამოვნებდა, რომ თავისზე უფროსი ქალი "მოჩანგლა".
სამი თვის შემდეგ გაგომ ვარჯიში განაახლა, სილვინას გადაღებები დაეწყო და ევროპას მიაშურა. იქიდან დაბრუნებულს ფერნანდო ძალიან შეცვლილი დახვდა და მართალია, ფეხბურთელი მშვიდად შეეცადა აეხსნა, რომ მასთან ყოფნა აღარ სურდა, გოგონამ პატარა სკანდალი მაინც მოაწყო და ჟურნალისტებთან გაიქცა.
"ფერნანდომ მითხრა, რომ ჩემთან განშორებას ვერ იტანს, კარიერა კი ერთად ყოფნის საშუალებას არ გვაძლევს. იგი, უბრალოდ, არ მენდობა და ფიქრობს, რომ ევროპაში არაფერს ვიკლებდი," - ცრემლიანი თვალებით მოყოლილი ამბავი არგენტინულმა გაზეთებმა მეორე დღესვე დაბეჭდეს, თუმცა ერთი დღის შემდეგ გაირკვა, რომ სილვინა ევროპაში მართლა არაფერს იკლებდა. პაპარაცების მიერ პლაჟზე გადაღებული ინტიმური ფოტოები იმდენად ვულგარული იყო, რომ არგენტინელებმა გაგოს "ნაშა" შეიძულეს, თუმცა წყვილის დაშორების რეალური მიზეზი მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ გაირკვა.
"სინამდვილეში მე ვიცოდი, რომ სილვინა ევროპაში მღალატობდა. ის ფოტოები ინტერნეტში ვნახე, მაგრამ დაშორების მიზეზი ეს არ იყო. მისი ცოლად მოყვანა აზრადაც არასოდეს მომსვლია და, ადრე თუ გვიან, დავშორდებოდით. მთავარი სხვა რამ იყო - მე ნამდვილი სიყვარული მეწვია და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ის გოგონა ტელევიზორში ნახვით შემიყვარდა." - ჰყვება გაგო.
გოგონა, რომელმაც ფეხბურთელის გული დაიპყრო ცნობილი სერიალის, "მეამბოხე სულის", ერთ-ერთი გმირი, მიქაელა ვაზკესია. მართალია, მიქაელა მანამდე არაერთ სერიალში იყო გადაღებული, მაგრამ პოპულარობა სწორედ "მეამბოხე სულმა" მოუტანა.
"ბევრი ვიფიქრე, თუ სად უნდა მენახა მიქაელა, მაგრამ ვერაფერს გავხდი. ბოლოს პირდაპირ გადასაღებ მოედანზე მივედი. რა თქმა უნდა, ყველამ მიცნო და ალყაში მომაქციეს. ჰოდა, მეც დაახლოებით 20 კაცი პიცაზე დავპატიჟე. მათ შორის მიქაელაც იყო. სანამ დავიშლებოდით, მასთან მივედი და ტელეფონის ნომერი ვთხოვე. მეორე დღეს პიცერიას მარტო ჩვენ ორმა მივაკითხეთ და რომანიც დაიწყო". - იხსენებს გაგო.
იმას, რომ მიქაელა პოპულარული იყო, დადებითის გარდა, უარყოფითი მხარეც ჰქონდა. ხშირად ხდებოდა, რომ მას სერიალში როლის მიხედვით რომელიმე ბიჭის მკლავებში გორაობა და კოცნა უწევდა, რაც გაგოს ძალიან აღიზიანებდა. რა თქმა უნდა, ფეხბურთელმა შეყვარებულს პირდაპირ ვერ უთხრა, შენი საქმიანობა არ მომწონსო, მაგრამ რბილად შეაპარა, რომ მაინცდამაინც სასიამოვნო არ იყო, როცა იგი სხვებს კოცნიდა.
"მიქაელა ამაზე გაგიჟდა. მან მითხრა, რომ მსახიობობას მომავალშიც აპირებდა და არც ინტიმურ სცენებზე იტყოდა უარს, რამაც ჩემი მიზანი უფრო კონკრეტული გახადა, რაც შეიძლება მალე, ევროპაში უნდა წავსულიყავი და შეყვარებულიც წამეყვანა," - ამბობს გაგო.
მალე სასურველი ვარიანტი გამოჩნდა - გაგოს გადაბირების სურვილი მადრიდის "რეალმა" და კატალონიურმა "ბარსელონამ" გამოთქვა. ფეხბურთელს არჩევანის გაკეთება გაუჭირდა და აზრი მიქაელასაც ჰკითხა, რომელმაც მადრიდული გრანდი ურჩია. (აი, კვატიგუ ვის უნდა უმადლოდე

) ფერნანდომაც კონტრაქტს ახალი წლის შემდეგ მოაწერა ხელი და...
"მიქაელამ ესპანეთში წამოსვლაზე უარი განაცხადა. არგენტინაში "მეამბოხე სულის" მესამე ნაწილის გადაღებებს იწყებენ და, რა თქმა უნდა, როლი მასაც აქვს.
(არ ვიცი რამდენად დაეჯერება ჟურნალ "თბილისელებს", მაგრამ რავი, საიდანღაც ხომ გადმოთარგმნეს, სხვაგან ამის მსგავს ინფორმაციას არ წავწყდომივარ, მაგრამ დავიჯეროთ და დაველოდოთ, ამაზე უკეთესი რა იქნება თუ სიმართლე აღმოჩნდება! მაგრამ რავი "4 ქამინონსში" მია ხომ კვდება და... მოკლედ ვნახოთ) "რეალის" გადატვირთული კალენდრის გამო არგენტინაში ჩასვლას ვერ ვახერხებ, შეყვარებულს მხოლოდ ტელეფონით ვეკონტაქტები და რამდენ ხანს გავძლებ ასე, წარმოდგენა არა მაქვს," - წუხს გაგო.
სამაგიეროდ, მადრიდში სილვინა ლუნა ჩავიდა, თუმცა ფერნანდოს ხელახლა "შებმა" არ გამოუვიდა.
"სხვა ქალებზე უბრალოდ ვერ ვფიქრობ და თუ მიქაელა მადრიდში ჩამოვა, ჩემზე ბედნიერი არავინ იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომავლის განჭვრეტა გამიჭირდება". - ასეთია გაგოს საბოლოო სიტყვა.