ყოველ დილით, კარგად მომზადებულ ყავას როდესაც ვსვამ, მგონია ხოლმე, რომ დეილ კუპერთან მეტაფიზიკურ კავშირს ვამყარებ.
აი, კაპრას „ეს საოცარი ცხოვრება“-ში რომ არის ფრაზა, „ყოველ ჯერზე, როდესაც ზარის რეკვის ხმა გაისმის, ანგელოზი თავის ფრთებს ღებულობსო“, ანალოგიურად – ყოველ ჯერზე, როდესაც კარგად მომზადებულ, გემრიელ ყავას სვამ, დეილ კუპერი თავს ბედნიერად გრძნობს. ნეტავ როგორი ყავა უყვარს დეილ კუპერს? ამის სპეციფიკა არასოდეს გაუმხელია ლინჩს, არც ის გვინახავს ოდესმე, თავად მოემზადებინოს კუპერს ყავა, ყოველთვის სხვის მომზადებულს სვამს და ფრთიანი ფრაზებით აფასებს. მე ბოლო დროს ესპრესოს ვანიჭებ უპირატესობას, ნახევარი კოვზი შაქრით და ნაღებით. არადა ერთი პერიოდი არ მომწონდა ყავის სმის რიტუალში დანამატების გარევა, ავთენტურ გემოზე თავდასხმად აღვიქვამდი. შაქარიც რომ რადიკალურად უცვლის გემოს, არც ის მიყვარს, ვერ ვხვდებოდი მეგობრები რამდენიმე კოვზ შაქარს რომ იყრიდნენ, ზოგჯერ რძესაც ამატებდნენ, რაღა აზრი ქონდა ყავის დალევას, როდესაც მისი არომატი ფუნდამენტურად გარდაიქმნებოდა. თუმცა რომ დავუკვირდეთ, „თვინ პიქსის“ პირველი ორი სეზონის სტრუქტურაც იგივე მანევრებს იმეორებს და მისი საბოლოო ფორმა ძალიან ახლოს დგას ყავის მომზადების რიტუალთან. ჟანრული და ესთეტიკური ეკლექტიკა მას უნიკალურ სანახაობად აქცევს: ერთი მხრივ შოუ სტანდარტული დეტექტიური გამოძიების სქემას მიუყვება, რომანტიკული ურთიერთობების აღწერა მკაცრად საპნის ოპერის სტილშია გადაწყვეტილი, აქა-იქ სიტკომის კალიბრის ხუმრობები გვხვდება, ზოგჯერ გამოსახულება ძველ ვიდეოკასეტაზე ჩაწერილ სერიალს გახსენებს, ლინჩი ცდილობს მაქსიმალურად ლიბერალური ფორმა შეურჩიოს ნაწარმოებს. ყველაფერი, რაც 90-ან წლებამდე ამერიკელ ტელემაყურებელს ხიბლავდა და ეკრანთან აჯაჭვებდა, „თვინ პიქსის“ ზედაპირზე გვხვდება. ეს ერთგვარი სატყუარაა, მოჯადოების მცდელობა, რომ თავის ტერიტორიაზე მშობლიური გარემოს შეგრძნებები გააჩინოს, მარტივი ინტეგრირების საშუელება მოგვცეს, შემდეგ კი, ფორმას შინაარსი ემატება და მთელი სოციალური რეალობა, რომლისათვის თვალის მოსარიდებლადაც იქმნებოდა და რომლისგან გასაქცევადაც მოიხმარდა მაყურებელი საპნის ოპერებსა თუ სიტკომებს, მთელი სიმძაფრით ცოცხლდება ეკრანზე, დამატებითი მისტიფიკაციით და ახალი მითოლოგიის კონსტრუირებით.
ლორა პალმერის სიკვდილი, რაც ცენტრალური საკითხია სამივე სეზონის სიუჟეტში, ქრისტესშობის ეპიზოდივითაა, სემიოტიკური წერტილია, რომელიც სამყაროს ყოფს ორად, მის განხორციელებამდე და განხორციელების შემდეგ. არადა თითქოს არაფერია განსაკუთრებული, თინეიჯერი გოგონა, რომელიც დამოკიდებული იყო ძლიერ ნარკოტიკებზე, ქონდა ფრივოლური ურთიერთობები და მჭიდრო კავშირში იყო კრიმინალებთან, ერთ დღესაც მოკლული იპოვნეს. თუმცა ლინჩი გაზადაგზა სულ უფრო შემაშფოთებელ გარემოებებს ააშკარავებს. იმას, რომ ნარკოდამოკიდებულება გართობის საშუალება არ ყოფილა, ძალადობრივი ოჯახური სივრცის შედეგი იყო, სასტიკ რეალობასთან გამკლავების ნაივური ხერხი. მკვლელობა, რომელიც ლინჩის ნაწარმოების ათვლის წერტილი გახლავთ, არის იმ ტიპის დანაშული, რომელიც სამყაროში არ უნდა ფიქსირდებოდეს. მამა, რომელიც აუპატიურებს და კლავს საკუთარ შვილს, ჰუმანურობის ფუნდამენტის დესტრუქციაა, მისი დესაკრალიზაციის წარმატებული მცდელობაა. სწორედ ამიტომ, მესამე სეზონში, ბობის განადგურების შემდეგ, კუპერი არ ჩერდება და ცდილობს ლორას ბედი შეცვალოს, სამყაროში მსგავსი ბოროტების განხორციელების პრაქტიკა გააუქმოს.
ლორას დაკრძალვაზე, საოცრად პერვერსიულ სცენამდე, როდესაც მამამისი, ლილანდ პალმერი, კუბოს დაემხობა და კამერა ამ დროს ისეთი რაკურსით იღებს მოვლენებს, რომ სექსუალური აქტის კარიკატურას გვიჩვენებს, ლორას შეყვარებული, ბობი ბრიგსი, ბრალს დადებს შეკრებილებს პირმოთნეობაში და იტყვის, რომ ლორას გარდაცვალება ყველა ჩვენგანის ბრალიაო. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ლინჩი მეტაფორის ენის ნაცვლად, სწორხაზოვან გზავნილს იყენებს. ლორას სიკვდილი მთელი პატარა ქალაქისათვის, სადაც ყველა ერთმანეთს იცნობს და ერთმანეთის ცხოვრებით ცხოვრობს, სრული მოულოდნელობა და შოკია, ყოველ შემთხვევაში, ასე გვაჩვენებენ თავს. თუმცა რეალობა ისაა, რომ საგანგაშო ნიშნებს არავინ აქცევდა ყურადღებას, როდესაც ისინი საკმაოდ მარტივი დასანახი იყო. ქალაქში ნარკოტრაფიკის გაზრდას, ქალაქის საზღვართან ბორდელ ლუქსის არსებობას, სადაც თვინ პიქსის სკოლის მოსწავლე გოგონები მსახურობდნენ, ახალგაზრდობის მორალურ დეკადანსს, ამ ყველაფერს არავინ იმჩნევდა. ერთადერთი, რასაც ვხედავთ, რომ ქალაქისთვის კეთდება, ესაა ბიზნეს ინვესტორებისთვის კომფორტული გარემოს შექმნა და მათთვის სოციალური რეალობის გადამალვა. ლორას გარდაცვალების შემდეგ, როდესაც ამდენად ტრაგიკული მოვლენის შესახებ შეიტყო მთელმა სოციუმმა, გზად კიდევ მრავალი კრიმინალური აქტივობის გამოვლენის მიუხედავად, მეორე სეზონის ბოლოს, იმართება სილამაზის კონკურსი და სინდიოფალას ჯიშის გადასარჩენად იხსნება საქველმოქმედო ფონდი. მაშინ, როდესაც საკუთარი ახალგაზრდების გადარჩენით უნდა იყვნენ დაკავებულები, ქალაქის ეკონომიკური ელიტის მთავარი სანერვიულო სინდიოფალების კეთილდღეობა აღმოჩნდება.

„თვინ პიქსი“ ყოველთვის იყო პოლიტიკური სენსიტივობის სერიალი, თუმცა მესამე სეზონში კიდევ უფრო გაიზარდა მგრძნობელობა ამ ფლანგზე. დავიწყოთ დოქტორ ჯაკობის ვოდკასტების სერიით, რომელიც ზემოთხსენებული ბობი ბრიგსის ეულოგიასთან ერთად, ის იშვიათი ეპიზოდია, როდესაც ლინჩი ჩვეულ სინტაქსს ცვლის და პირდაპირ გვეუბნება სიმართლეს. ჯაკობი საუბრობს გლობალურ კორპორაციულ შეთქმულებაზე, რომელიც ყველაფერს აავადებს: სხეულის იმიჯის კაპიტალისტური მოდელი, რომელიც სილამაზის სტანდარტებს აწესებს და უთანასწორობას ნერგავს, ბულინგს ახალისებს, მენტალურ და ფიზიკურ კოროზიას იწვევს, მსხვილი კომპანიების მიერ გარემოს დაბინძურება, რომელიც სამომხმარებლო პროდუქციის შესაქმნელად გამართლებულ წინაპირობად მოგვეცემა, რაც თავის მხრივ იწვევს ცნობიერების კორუფციას და აწარმოებს ახალ თაობას, გაუცხოებულს და ეგოისტურს, პირად ინტერესებზე ორიენტირებულს და მოძალადეს; თუ სხვა და სხვა. ამის საილუსტრაციოდ, მესამე სეზონის თითქმის ყველა სერიის ბოლოს, ლინჩი გვიჩვენებს ბარ „ბენგ ბენგში“ შეკრებილ ახალგაზრდობას და ვხედავთ, რომ 25 წლის შემდეგ, არც არაფერი შეცვლილა და იგივე მანკიერი პრაქტიკების კვლავწარმოება გრძელდება (მეორე სეზონში სწორედ ეს ადგილი ითავსებს მართლმსაჯულების აღსრულების სივრცის ფუნქციასაც, რაც ლინჩისეული სატირის დემონსტრირებით, ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ სამართლიანობისათვის მომუშვე ინსტიტუტი გარდაქმნილია თავშესაქცევ წარმოდგენად, რომელსაც თავდაპირველი ფუნქცია სრულად აქვს დაკარგული). თვინ პიქსის ახალი თაობა კვლავ ნარკოდამოკიდებულია, კვლავ აგრძელებს სიცრუის გავრცელებას და ღალატს, და რაც ყველაზე სავალალოა, აღარავის გააჩნია ემპათიის უნარი. ამის იდეალური ნიმუშია სცენა (სეზონი 3, ეპიზოდი 15), როდესაც ბარში აზიელ გოგონას ორი ბაიკერი სკამიდან გადმოაგდებს, საცეკვაო მოედანზე ხალხის ფეხქვეშ მხოხავი ახალგაზრდის სასოწარკვეთილ კივილს კი არავინ აქცევს ყურადღებას, რადგან ჩაგვრა ნორმადაა რეგისტრირებული, სუსტზე ძლიერის გამარჯვება ბუნებრივ მოცემულობად აღიქმება. ქალაქში კვლავ შემოდის ნარკოტიკი (ლეოს ახალი ფიგურა ანაცვლებს, რომელიც ისევ შელი ჯონსონის ტრფობის ობიექტი ხდება – მოჯადოებული წრე არ ირღვევა), ამჯერად ისეთი, რომ სხეულის ლპობასაც იწვევს, პირდაპირი მნიშვნელობით, თუმცა კუპერის არყოფნაში ადამიანურ დეგრადაციას არავინ უპირისპირდება. ერთადერთი ახალგაზრდა პერსონაჟები, რომელთა შორისაც ბუნებრივი სიმპათია არსებობს, შეურყვნელი გრძნობები ფიქსირდება და ზრუნვის პრაქტიკა ვლინდება, წარსულიდან გვევლინებიან, მესამე სეზონის მერვე, ყველაზე დასამახსოვრებელი და შოუს მითოლოგიისათვის მნიშვნელოვანი ეპიზოდიდან.
მერვე სერიაში, კაცობრიობის მიერ შექმნილი ახალი ბოროტების წარმოშობის შესახებ გვაწვდის ცნობებს ლინჩი. ის მეტაფიზიკური მანკიერება, რომელსაც ბობის სახელით ვიცნობთ, თავის მხრივ გაცილებით მასშტაბური, კოსმიური ბოროტების სუროგატია, რომლის მოვლენაც ჩვენ სამყაროში მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ადამიანმა დესტრუქციის ყველაზე საშინელი იარაღი შექმნა. ლინჩი გვიჩვენებს პირველი ატომური ბომბის გამოცდის სცენას, რომლის აფეთქებაც პორტალს ხსნის მარადიული და უპიროდო ბოროტების სამყაროში მოსავლენად და ვხედავთ თვინ პიქსის სამყაროს მთავარ ანტაგონისტს, ჯუდის, რომელიც თავის ნაყოფს დედამიწაზე ავრცელებს. და ის უკანასკნელი ახალგაზრდაც, რომელიც გავიცანით უმწიკვლო და შეურყვნელი, სიყვარულის პირველი ნიშნების გამოვლინების დროს, ხდება ჭურჭელი, რომელშიც ბოროტების ნაყოფი დაბინავდება, რაც შეამზადებს ნიადაგს ისეთი ანტიჰუმანური აქტის განსახორციელებლად, როგორიც ლორა პალმერის ტრაგედია იქნება. როდესაც ცივილურმა საზოგადოებამ შექმნა ადამიანების მასიური განადგურების იარაღი, ამით მოხდა კოსმიური კანონზომიერების დარღვევა, უმაღლესი წესრიგის დევალვაცია, ფიზიკურ სამყაროში ნებაყოფლობით გაიხსნა კარი სიცოცხლის დესაკრალიზაციისათვის, მასზე მავნებლური, ძალადობრივი, შემაძრწუნებელი მოპყრობისათვის.
გორდნონ კოულის კაბინეტში, სადაც ამ ატომური აფეთქების ამსახველი ფოტო კიდია, მოპირდაპირე კედელზე ფრანც კაფკას პორტრეტი შეჰყურებს ტრაგიკულ სურათს. კაფკას ლიტერატურული სამყაროც, როგორც “თვინ პიქსი”, სავსეა კოშმარული იმიჯებით, ადამიანის ცნობიერის და ქვეცნობიერის ბნელი ტერიტორიების გამოკვლევით, ემოციური სპექტრის დაბლაგვებით, თანაგრძნობის და ზრუნვის დეფიციტით და ა.შ. კაფკას პერსონაჟებიც, როგორც თავად მწერალი რეალურ ცხოვრებაში, მუდმივად არიან დამცირების და ჩაგვრის ობიექტები. კაფკას ბიოგრაფია რეზონირებს ლორა პალმერის ცხოვრებასთან. ორივე მათგანი მამის მხრიდან ძალადობის მსხვერპლია, ორივე მათგანის დედის ფიგურა უუნარო და ზედმეტად მხდალია იმისათვის, რომ შეიმჩნიოს მიმდინარე დისფუნქციური და მანკიერი დინამიკა შვილსა და ქმარს შორის და ხმაამოუღებლივ, თვალის არიდებით აგრძელებს ცხოვრებას. ატომური აფეთქება, რომელსაც დემოკრატიული ამერიკული სახელმწიფო ახორციელებს, პოლიტიკური აპარატი, რომელიც უნდა ზრუნავდეს თავის მოსახლეობაზე, ნაცვლად ამისა, ქმნის საშინელი დესტრუქციის მასიურ იარაღს, რითაც ავტომატურად გადაიქცევა მჩაგვრელ და მოძალადე მამის ფიგურად, ავტორიტეტულ სუბიექტად, რომელიც ზრუნვის მაგივრად, ფისოქოლოგიურად და ფიზიკურად ძალადობს საკუთარი მეურვეობის ქვეშ მყოფ სამოქალაქო სპექტრზე. კაფკა, რომელიც შეჰყურებს ატომურ აფეთქებას, მეტაფორაა იმის თაობაზე, რომ საზოგადოება, ისევე როგორც გრეგორ ზამზა და ჯოზეფ ქეი, ძალაუფლებრივი ავტორიტეტული ფიგურების წინაშე, იქნება ეს მოსამართლეები, ინდუსტრიალისტები, პოლიტიკოსები თუ მშობლები, თავს გრძნობს დაუცველად, მიტოვებულად, მუდმივი წნეხის ქვეშ, და არ გააჩნია ინდივიდუალური ბერკეტები მასთან გასამკლავებლად.
მესამე სეზონის ჩემ ერთ-ერთ საყვარელ სცენაში, რომელიც მეთორმეტე ეპიზოდში თამაშდება, ლინჩი გვიჩვენებს მოხუც, კეთილშობილ, კანონმორჩილ კაცს, რომელიც სხვებს უსასყიდლოდ ეხმარება საკაბელო ტელევიზიის დაყენებასა თუ გაზონის გაკრეჭვაში, თავად კი სისხლს აბარებს იმისთვის, რომ მცირედი შემოსავალი მიიღოს. ამაზე ჰარი დინ სტენტონის პერსონაჟი, კარლ როდი, მას ეტყვის, რომ ბინის ქირისგან ათავისუფლებს და ორმოცდაათ დოლარსაც აჩუქებს. ეს ერთ-ერთი ყველაზე სუფთა, ჰუმანური და დრამატული ეპიზოდია თვინ პიქსის სამყაროში, რომელსაც ლინჩი როგორც პოლიტიკურ განცხადებას ისე იყენებს (რამდენადაც არ უნდა უარყოფდეს მსგავსი ქვეტექსტების არსებობას). მზრუნველობამოკლებული საზოგადოების მოწყვლადი ფენა, დარჩენილი ყოველგვარი ნუგეშის გარეშე, გადარჩენისათვის მოწამეობრივი გზებით იბრძვის. ამერიკული სახელმწიფო, როგორც სოციალური ინსტიტუტი, არ არსებობს, ის მხოლოდ ბიზნეს ორგანიზაციაა, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს, დაბალი კლასობრივი კუთვნილების ადამიანებს, ბედის ანაბარა, ველურ პირობებში ტოვებს და პასუხისმგებლობას იხსნის მათი ცხოვრების ხარისხსა და ზოგადად სიცოცხლეზე.
აქ კი უპრიანი იქნება გავიხსენოთ სცენა, რომელიც ნორმა ჯენინგსის სასაუზმეში თამაშდება. მაყურებელს გვაწვდიან ცნობას იმის შესახებ, რომ ნორმამ საკუთარი კაფის ბრენდი მსხვილ კორპორაციას მიყიდა, ხოლო მათ უკვე მრავალი ფილიალი გახსნეს სხვადასხვა შტატში, რომელთაც თავის მხრივ სერიოზული ფინანსური მოგება მოაქვთ, თუმცა აქვე იმასაც ვგებულობთ, რომ მხოლოდ ნორმას სასადილოა ერთადერთი, რომელიც ეკონომიკურ ზრდას არ აჩვენებს, რაზეც კორპორაციის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ საჭიროა მან იაფფასიანი პროდუქციით დაიწყოს კერძების და სასმელების მომზადება და უფრო ძვირ ფასებში გაყიდოს, რადგან სხვანაირად ბიზნესი ვერ განვითარდებაო. თუ ამ წამს გონებაში დოქტორი ჯაკობის ვოდკასტში გაჟღერებული ნარატივი ამოგიტივტივდათ კორპორაციულ შეთქმულებაზე, სწორი ასოციაციაა. ლინჩი ისევ იმ კაპიტალისტურ წესრიგს აკრიტიკებს, სადაც მთავარი ღირებულება არა ადამიანი, არამედ ფინანსებია. და მოგვიწოდებს მოქმედებისკენ. ირონიულად, „მძღნერიდან თავის ამოთხრის“ ინსტრუქტაჟი მოიცავს ოქროსფერი ნიჩბის შეძენის საჭიროებას, რაც მშვენიერი თვითირონიაა ლინჩის მხრიდან, რომელსაც საკუთარი შოუ სარეკლამო ბიზნესის წარმოებისათვის აქვს გამოყენებული (ამასთან, მისი ტრანსცენდენტალური მედიტაციის კურსები არც ისე ხელმისაწვდომია დაბალი სოციალური ფენისათვის, თუმცა აქაც ცდილობს თავის ფონდის საშუალებით დაეხმაროს მათ თანადაფინანსებაში). მხოლოდ სიმართლის ქადაგებით თავს ვერ გაიტან, ამისთვის დამატებითი რესურსების გამონახვაა საჭირო. ისევე, როგორც ეს მოხდა პირველ ორ სეზონში, ფორმასთან მიმართებაში, როდესაც პოპულისტური ჟანრების სინთეზირებით, მივიღეთ სოციალური რეალობა და პოლიტიკური ქვეტექსტი გასართობ და სანახაობრივ შეფუთვაში. ასე რომ, ლინჩი ხვდება, რომ რაღაც კუთხით, დოქტორი ჯაკობი მისი ავატარია.

მე მაგალითად ოქროსფერი ნიჩაბი არ მიყიდია, მაგრამ სასტუმრო „გრეით ნოთერნის“ იმ ოთახის ბრელოკი მაქვს, რომელშიც დეილ კუპერი ცხოვრობდა. ოთახი 315. ყოველ ჯერზე, როდესაც სახლში დაბრუნებული კარს ვაღებ, სასიამოვნო შეგრძნება მეუფლება, კუპთან სიახლოვეს ვგრძნობ, მგონია, რომ გვერდითა კარიდან ოდრი ჰორნმა უნდა გამომხედოს. ასე არასოდეს მავიწყდება თვინ პიქსის არსებობა და ის ფაქტი, რომ მიუხედავად მთელი ფანტასმაგორიული მისტიფიკაციისა, ის საოცარი სიზუსტით აღწერს იმ რეალობას, რომელშიც გვიწევს ცხოვრება. მოკლედ, არსებული ეკონომიკური წესრიგის პირობებში, გონებრივი გასხივოსნებისათვის, „ოქროსფერი ნიჩბის“ შეძენა გარდაუვალი წინაპირობაა, რადგან იდეაში ამით ხდება იმ ადამიანებისათვის საცხოვრებელი რესურსის დაფინანსება, რომლებიც სტატუს კვოს არღვევენ, ესტაბლიშმენტს უპირისპირდებიან და დაუფარავად საუბრობენ სიმართლეს, გვიჩვენებენ გეზს და გვმუხტავენ ენერგიით, რომელიც საშუალებას მოგვცემს პირველი ნაბიჯები გადავდგათ მნიშვნელოვანი რეალიზაციებისაკენ. ასე რომ, სამომხმარებლო პროდუქტი ამ შემთხვევაში არა მოჩვენებითი პირადი კომფორტის მიღებას, არამედ რეფლექსიის შესაძლებლობას იძლევა. თან კუპერი ხომ გვასწავლის, რომ დღეში ერთხელ საკუთარ თავს პატარა საჩუქარი უნდა გავუკეთოთ.
თუმცა მესამე სეზონში დეილ კუპერი ყველაზე იშვიათადაა საკუთარი თავი და უფრო ხშირად არის სხვა ადამიანი. ჩვენ წინაშე წარსდგება მისი ორეული, რომელშიც ბობი სახლობს, მისტერ სი, მისი რეპლიკა დაგი და თავად, როგორც დაიენი მოიხსენიებს, ერთადერთი და განუმეორებელი კუპერი. დაგიზე შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ მისტერ სის მიერაა შექმნილი, რათა „შავი სივრცე“ (Black lodge) მოატყუოს, თუმცა ჩემთვის ის ერთგვარი რეზერვაციაა, ეგზისტენციაში დარჩენის ჯავშანი, რომელიც უზრუნველყოფს, რომ კუპერის ადგილი ფიზიკურ სამყაროში არ გაქრეს. მაგრამ მეთექვსმეტე სერიაში, როდესაც კულმინაციურ ეპიზოდში კუპერი როგორც იქნა ბრუნდება, რაც მაყურებელში უდიდესი ემოციური კატაკლიზმების გამომწვევია და ხვდები თუ რამდენად უსაფრთხოდ გრძნობ მის გვერდით თავს, იმ ჯადოსნური მომენტის შემდეგ, როდესაც განაცხადებს, რომ თავად არის „ეფბიაი“, მას კვლავ ვემშვიდობებით. დაბრუნებული კუპერი აღარ გავს ძველ აგენტს, რადგან წარსულზე და მეტაფიზიკურზეა ორიენტირებული, ნაცვლად იმისა, რომ აწმყოსა და ფიზიკურ სამყაროზე კონცენტრირდეს. მისთვის მთავარი ამოცანა ხდება ლორას სიკვდილის ანულირება და ბოროტების ამ გზით დამარცხება, თუმცა მას ნაივურად ავიწყდება, რომ წარსული მყარი მოცემულობაა, მხოლოდ მომავალია ფლუიდური და გარდაქმნას დაქვემდებარებადი. ჯუდი, უკეთურების სახეხატი, ლორას ინციდენტის ანულირებით ვერ დამარცხდება, მასზე გამარჯვება, მხოლოდ იმითაა შესაძლებელი (მაიორ ბრიგსის სიტყვები რომ ვიხმარო) თუ „საკმარისი სიყვარული აღმოჩნდება სამყაროში“.
ფილიპ ჯეფრისი (მისტიკურ მადუღარად გადაქცეული დევიდ ბოუი), ჯუდის ადგილსამყოფელის ვიზუალიზაციისას ციფრ 8-ს იყენებს, რაც თავის მხრივ, უსასრულობასაც გამოხატავს. ჯუდი მუდმივი და დაუსრულებელია, მასთან ჭიდილი სამარადისო საქმეა, მისი დამარცხება კი მხოლოდ მაიორის წარმოთქმული ტრუიზმით არის შესაძლებელი: იმ შემთხვევაში თუ სამყაროში საკმარისი სიყვარული აღმოჩნდება, რომ ადამიანებმა ერთმანეთზე ზრუნვა შეძლონ. ყოველ ჯერზე, როდესაც კუპერი სამართლიანობას აღასრულებს, სიკეთის კანონზომიერებას განამტკიცებს, ის ამას კოლექტიური შრომის პრინციპით აღწევს, სხვა ადამიანების, მათთან თანამშრომლობის დახმარებით. ხოლო მაშინ, როდესაც მარტო უწევს ჯუდისთან დაპირისპირება, პირველ შემთხვევაში “შავ სივრცეში“ იჭედება და მის ადგილას სამყაროში ბოროტი ორეული გადმოდის, მეორე შემთხვევაში, როდესაც ლორას (კერი პეიჯის) სახლში დაბრუნებას ცდილობს, პირველად ვხედავთ მის დაბნეულ და სასოწარკვეთილ გამომეტყველებას, რადგან წარმოდგენა არ აქვს, რა უნდა მოიმოქმედოს. ლინჩისთვის პოზიტიური ცვლილებების კატალიზატორი კოლექტივიზმია. ბობის დამარცხება საერთო ძალისხმევით ხდება, რომელშიც მონაწილეობენ კეთილი გულის კრიმინალები, შერიფის განყოფილება, “ეფბიაის“ „ლურჯი ვარდის“ დანაყოფი, ჯეიმს ჰარლი, ფრედი საიკსი მწვანე რეზინის ხელთათმანით, დაიენი/ნაიდო და რასაკვირველია კუპერი. შესაბამისად ჯუდისთან ბრძოლაც მხოლოდ საერთო ძალისხმევით, ერთმანეთის დახმარებითაა შესაძლებელი.
მაშინ, როდესაც კუპერი წარსულის შეცვლას შეეცდება, ჯუდი ახალ რეალობას შექმნის, სადაც ლორა ფიზიკურად ცოცხალია, მაგრამ ეგზისტენციურად აღარ არსებობს. უკანასკნელ სცენაში, როდესაც ახალ რეალობაში აღმოვაჩენთ, რომ პალმერების სახლში სხვა ადამიანები ცხოვრობენ, საბოლოოდ იქიდან მაინც ლორას დედის ხმა გვესმის, რომელიც შვილს ეძახის. სხვა რეალობაში ლორა პალმერს ისევ კლავენ. მომხდარის ანულირება შეუძლებელია, შესაძლებელია მხოლოდ მსგავსი პროცესების განმეორებისათვის წინააღმდეგობრივი ბარიერის შექმნა. კუპერს ეს ავიწყდება, რადგან იმდენი ხანი უწევს არარაში თუ არაფიზიკურ სამყაროებში ყოფნა, რომ აწმყოსადმი დამოკიდებულება ეცვლება. მისი საფინალო კითხვაც ისაა თუ რომელი წელიაო და მთელი შოუს რეფრენი – „ეს წარსულია თუ მომავალი?“ – სწორედ აქ პოვებს პასუხს. თვინ პიქსი აწმყოა, ის აქ და ახლა ხდება, ლორა პალმერის შემთხვევის მსგავსი ტრაგიზმები ყოველდღიურად ფიქსირდება სხვადასხვა გეოგრაფიულ ერთეულებში, აგენტი კუპერი კი დამოუკიდებლად ვერაფერს შეცვლის, ფუნდამენტური ცვლილებებისათვის საჭიროა ერთობლივი ნება, მხოლოდ ასე ხდება შესაძლებელი მანკიერი წესრიგის პოზიტიური გარდაქმნა, უკეთესი მომავლის კონსტრუირება, სადაც ლორა პალმერის მკვლელობა აღარ განმეორდება.
* * *
და მაინც, ნეტავ როგორი ყავა უყვარს დეილ კუპერს? რამდენ კოვზ შაქარს იყრის? ან იქნებ საერთოდ უშაქროდ სვამს? უმატებს ნაღებს თუ არა? წინასწარდაფქვილი თუ მთლიანი მარცვლები? საქმე იმაშია, რომ დამოუკიდებლად კუპერი ყავას არასოდეს სვამს, ეს მისი ავტონომიური აქტივობა არაა, ის ყოველთვის ვინმესთან ერთად იზიარებს ყავის სმის სიამოვნებას. მისთვის ყოველი ფინჯანი ყავა ახალი გამოცდილებაა, ადამიანური ურთიერთობების განმტკიცების, ინტერაქციის ფორმაა, სოციალური კონტრაქტია. პირველ სეზონში „შავ სივრცეში“ ყოფნისას, ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც ფინჯანი ყავა მისთვის ნეგატიური გამოცდილება იქნება, რადგან სასმლის სუბსტანცია შეიცვლება, ის მზრუნველობით არ იქნება მომზადებული ერთი ადამიანისგან მეორესათვის. ლინჩისთვის ისეთ რუტინულ აქტივობასაც კი, როგორიც ყავის სმაა, მეტატექსტუალური დატვირთვა აქვს და ის კვლავ იმაში გამოიხატება, რომ ადამიანები დააახლოვოს. სწორედ ამიტომ არ უთმობს ნორმა დიდი ბიზნესის წარმომადგენელს თავის წილს კაფეში და უარს ამბობს პროდუქციის ხარისხის შემცირებასა და ფასის მომატებაზე, მისთვის ეს ზრუნვის აქტია და არა დივიდენდების მისაღები მანიპულაცია.
თუმცა ჩემ საყვარელ ეპიზოდად, იდეური თვალსაზრისით, მაინც სულ სხვა სცენა და რეალიზაცია რჩება. კუპერი, რომელიც ფიზიკურ სამყაროში წარუმატებელი ტრანსპორტაციის შედეგად დაგის ცნობიერს შეეჯახა და შედეგად მივიღეთ სამყაროსგან გაუცხოებული, ნამდვილ საზრუნავებს გარიდებული, ვარდისფერი სათვალით მოსიარულე, რეალური ადამიანის და მისი რეპლიკის სიმბიოზი, ამ მდგომარეობიდან ავთენტური კუპერი გამოღვიძებას, რეალობაში ინტეგრირებას და მის ჰოლისტურ აღქმას მხოლოდ მას შემდეგ ახერხებს, რაც ტელევიზორში ფილმ „სანსეტის ბულვარს“ მოკრავს თვალს და გორდონ კოულის სახელს გაიგონებს. და ეს საუკეთესო მეტანარატივია ლინჩისგან, რომლის ნამუშევრებიც, უმეტესწილად სურეალისტური იმიჯების და არასწორხაზოვანი თხრობის მანერის გამო, ხშირად ისეა აღქმული, თითქოს მათზე პასუხები ავტორსაც არ აქვს და სიზმრების სამყაროში, სადღაც სხვაგან, წარმოსახვითი, მითიური განზომილებიდან გვესაუბრება. ლინჩი აცემენტებს საკუთარ დამოკიდებულებას კინემატოგრაფთან მიმართებაში და მას გამოფხიზლების, რეალობაში მაქსიმალურად ჩართვის, მოქმედების დაწყების, ცვლილებების გამოწვევის საშუელებად წარმოგვიდგენს. მედიუმად, რომელიც გეხმარება სამყაროზე რეფლექსიაში, პრობლემის დანახვაში, წარმოგვიდგენს მას ინსტრუმენტად, რომელიც ემოციურ თუ ინსტინქტურ ბიძგს გვაძლევს ინტერნალური და ექსტერნარული წინაღობების აღმოსაფხვრელად.
მრავალთაგან კიდევ ერთ მნიშვნელოვან კითხვას ლინჩი მესამე სეზონში მონიკა ბელუჩის პირით სვამს, რომელიც მის პერსონაჟ, გორდონ კოულს მიმართავს: „ჩვენ ზმანებულს ვგავართ, რომელიც სიზმარს ნახულობს და შემდეგ სიზმარშივე ცხოვრობს. მაგრამ ვინ არის ზმანებული?“ – სტანდარტული ლინჩისეული კითხვაა, მრავალფენიანი შრით და ფართო ინტერპრეტაციული ველით. თუმცა აქ უფრო მნიშვნელოვანი სცენის კადრირებაა, სადაც ბელუჩი პირდაპირ კამერის ობიექტივს ესაუბრება, როდესაც ლინჩზე გადადის კამერა, ის ბელუჩის უყურებს. რეალურად ეს კითხვა არა პერსონაჟს, არამედ მაყურებელს ეკუთვნის. სიზმარი თავისთავადი, დაცლილია მნიშვნელობისგან, მის შინაარსს და ბუნებას ის გამოხატავს თუ როგორ ინტერპრეტაციას მოვუძებნით. ისევე, როგორც ლინჩის მთელ ფილმოგრაფიას, რომელზეც კონკრეტულ პასუხებს რეჟისორი არასოდეს იძლევა და ისეთ კითხვებზე, რომლებიც ემუქრებიან ავთენტურ განზრახვას გამოაშკარავებაში, ყოველთვის უარყოფს, რომ რაიმე მსგავსი განზრახვა ქონდა. როგორ შეგვიძლია გავცეთ მონიკა ბელუჩის დასმულ კითხვას პასუხი? თანამედროვე საზოგადოებაში, სადაც ადამიანს უწევს თავად შექმნას საკუთარი იდენტობა, აირჩიოს სამეგობრო, განათლების სფერო, სამსახურეობრივი ინტერესები, პარტნიორი, ოჯახი და ა.შ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის თავად ქმნის საკუთარ სამყაროს და შემდეგ იწყებს მასში ცხოვრებას. თუმცა თავისუფალი არჩევანი ოქსიმორონია, რადგან არჩევანზე ყოველთვის გარემო პირობები ახდენს გავლენას, შესაბამისად ის აბსოლუტურად დამოუკიდებელი ვერასოდეს იქნება, ის ყოველთვის ან ნეგატიური წნეხის ან პოზიტიური გავლენების მიხედვითაა ნაწარმოები. ამგვარად, ის თეზისი, რომ თითოეული ადამიანი თავად ირჩევს და ქმნის საკუთარ ბედს, აბსურდული იდეოლოგიური მანევრია, რომელიც ისევ ინდივიდუალიზმის გაძლიერებას უწყობს ხელს. ლინჩის აზროვნების პარადიგმა არ არის მოქცეული მსგავსი მანკიერი სწავლების მარწუხებში, მას მეტაფიზიკურის არსებობის წამს და ამას საუკეთესოდ გამოხატავს საკუთარ შემოქმედებაში. მაშინ იქნებ ლინჩი გვეუბნება, რომ სიცოცხლე ირეალური ფრაგმენტების ერთობლიობაა, რომელსაც ჩვენი გონება წარმოქმნის იმ სივრცეში, რომელიც უმაღლესი ენერგიის მიერაა შექმნილი? ყველაფერს თავად ვაკონტროლებთ სამყაროში თუ სხვის კონსტრუირებულ ზმანებაში ვმონაწილეობთ? რასაკვირველია ლინჩი თეოლოგიურ ღმერთზე არ ფიქრობს, უფრო ახლოს ამოხსნასთან ალბათ კოლექტიური ქვეცნობიერის ფენომენი დგას, ის, რომ ინდივიდუალური ქვეცნობიერი გადაჯაჭვულია კოლექტიურთან, არ არსებობს საზღვრები, ყველანი ერთ მთლიანობას წარმოვადგენთ და შეგვიძლია რეალობა ნებისმიერ დროს შევცვალოთ მარტივი საერთო გადაწყვეტილებით. თუმცა აქამდე მისვლა ყველაზე დიდ სირთულეს წარმოადგენს.
ის თუ რა ტიპის ინტერაქცია გვაქვს გარე სამყაროსთან, დიდწილად დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ ვგრძნობთ შინაგანად თავს და პირიქით, სამყარო რამდენად კეთილგანწყობილია ჩვენდამი. თუ კოლექტიურ ცნობიერს სოციალური პრაქტიკები აყალიბებს, კოლექტიური ქვეცნობერი მატერიის, პოსტ მატერიის და მეტაფიზიკურის ნალექს წარმოადგენს. არქეტიპული იმიჯები, რასაც მაგალითად კინოში ვაწყდებით, ჩვენ ცხოვრებაზე პოვებს ასახვას, გვაძლევს საშუალებას, რომ საკუთარი თავი რაღაც ტრანსცენდენტულის, უმაღლესის და საერთოს ნაწილად შევიგრძნოთ, რაც ქმნის კიდეც იმის განცდას, რომ უზენაესი ძალა არსებობს. საკუთარი ცნობიერის და ქვეცნობიერის გაფართოებით, შესაძლებელია იმ საერთოობის გამონახვა, რომელიც სამყაროს შემადგენელი ნაწილია, რომ სიტყვაზე, როდესაც ახლა ამ ყველაფერს ვწერ, მე, კოღო, რომელიც ჩემ ოთახში დაფრინავს, ხე, რომლის ტოტების კონტურსაც ფანჯრიდან ვხედავ და მანქანა თავის მძღოლით, რომლის ხმაურიც მესმის, ერთდროულად ვფიქსირდებით ეგზისტენციაში და გაერთიანებული ვართ საერთო ყოფიერების ფაქტით. ამის გააზრების მომენტი გაუცხოების ფაქტორზე იმარჯვებს, კეთილშობილების განცდას აჩენს, ეგოისტურ დამოკიდებულებებს აყუჩებს და იძლევა ბიძგს, რომ მეტად დავაფასოთ დროის ის მონაკვეთი, რომელიც არარას დადგომამდე გვაქვს დარჩენილი. თუ ჩვენ შევძლებთ, რომ ჩავიდეთ ქვეცნობიერის სიღრმეებამდე და პასუხები ვიპოვოთ ყველაფერზე რაც გვაშინებს, რაც სიბრაზეს იწვევს, რაც ნებისმიერი ტიპის ნეგატიურ ენერგიას წარმოქმნის, იმასაც დავინახავთ, რომ ეს საერთო პრობლემებია და მათი ანულირებისთვის კოლექტიური შრომა უნდა გავწიოთ. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, კითხვაზე ვინ არის ზმანებული, შეგვიძლია პასუხად კოლექტიური ქვეცნობიერი მოვიხმოთ, რომელიც გვიქმნის ფარულ, ინტუიციურ მიდგომებს და წარმოდგენებს ყველაფერზე ჩვენს ირგვლივ, შესაბამისად, ქმნის სიზმარს, რომელშიც ვიწყებთ ცხოვრებას.
დეილ კუპერისთვის სიზმრების სამყარო და ინტუიცია, რომელზეც პასუხისმგებელია ქვეცნობიერი, ფუნდამენტური ცოდნის არტიკულირების ტერიტორიაა, სადაც უხილავ სიმართლეზე ღებულობს წვდომას. პრობლემა იქ ჩნდება, როდესაც რეალურ სამყაროში ყოფნისას ამ ცოდნას ვერ იხსენებს. პირველ სეზონში მას ლორა ჩასჩურჩულებს მკვლელის ვინაობას, თუმცა კუპერს ავიწყდება ეს და იქამდე ვერ ახერხებს გახსენებას, სანამ კვლავ ქვეცნობიერის არქეოლოგიურ გამოკვლევას არ მიყოფს ხელ