რატომ დაიხურა "კლინიკა"?
სექტემბრიდან ქართულმა ტელეარხებმა მაყურებელს არაერთი სიახლე შესთავაზეს. მართლაც, ეთერში ზედიზედ გავიდა ქართული ტელესერიალები და აპოლიტიკური შოუები.
ახალი წლიდან კი გადაღებები შუა გზაზე მიატოვეს და ერთი ხელის მოსმით დახურეს ჯერ "ჟამი ყვავილობისა" (თუმცა, რეჟისორი ამბობს, გადაღება მაისისთვის განახლდებაო), შემდეგ - "კლინიკა". ვესაუბრებით ტელესერიალ "კლინიკის" რეჟისორს, გიორგი ლიფონავას:
- მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ სერიალის გადაღება ფინანსების უქონლობის გამო შეწყდა და გაგრძელებას, ალბათ, ვეღარ შევძლებთ.
- საზოგადოება სიუჟეტის განვითარებას ელოდა...
- შინაარსს მოგიყვებით, ოღონდ ახლა არა.
პროექტის შეჩერება ყველაზე მეტად მსახიობებს ეწყინათ.
ნუკი კოშკელიშვილი, ტელესერიალ "კლინიკის" ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი: - 6 იანვარს გადაღებაზე ვიყავი დაბარებული, მაგრამ როდესაც მივედი, გამოგვიცხადეს, ტელესერიალის გადაღება შეწყდაო. ძალიან მეწყინა... ვიცი, რომ "კლინიკა" საზოგადოებას ძალიან მოსწონდა.
- ნუთუ ასე ძვირი ჯდებოდა გადაღება...
- დიახ, ძალიან ძვირი ჯდებოდა. ყველაფერი უმაღლესი ხარისხით კეთდებოდა და, რაც მთავარია, პროფესიონალები თამაშობდნენ. სამწუხაროდ, სულ 17 სერიის გადაღება მოხერხდა. რა გაეწყობა, თავს ზემოთ ძალა არ არის. ამას უკვე შევეგუე.
გიორგი ზანგური, მთავარი როლის შემსრულებელი: - ისევე როგორც ყველა მსახიობს, მეც გული დამწყდა. როგორია - გადაღებაზე დაგვიბარეს და მოულოდნელად გვითხრეს, თავისუფლები ხართ, სერიალის გადაღება შეწყდაო. არადა, სიუჟეტი უკვე საინტერესო კონდიციამდე იყო მისული და კვანძის გახსნა იწყებოდა...
- ეს მხოლოდ ფინანსების უქონლობის ბრალია?
- არ ვიცი, მე მსახიობი ვარ და რა ხდება სინამდვილეში, არავინ მეტყვის. არც ის ვიცი, ვინ აფინანსებდა და არც ის, რა მიზეზით შეწყვიტა. ამ ქვეყანაში ყველაფერი ისეა არეულ-დარეული, რომ მეც თავგზა ამებნა. როგორ შეიძლება, სერიალის გადაღება დაიწყო და შუა გზაზე მიატოვო?! სიმართლე გითხრათ, შეურაცხყოფილი უფრო ვარ, ვიდრე გაბრაზებული. აი, ასე აფასებენ ჩვენს ქვეყანაში მსახიობებს.
ნინო მაისურაძე
”ყველა სიახლე”
მიმაგრებული სურათი
ოპონენტებს ვთხოვ, ასფალტისა და 24-საათიანი დენის ”არგუმენტები” არ მოიშველონ, თორემ გავბრაზდები და უარესებს ვიტყვი!
© პროვოკატორი [ჟურნალი ”გზა”]