მაია დობორჯგინიძე
- გავიგეთ, რომ "შუა ქალაქში" აღარ ითამაშებ...
- სერიალი რომ გრძელდება, მხოლოდ რამდენიმე დღის წინ გავიგე. მანამდე მსახიობებმა ვიცოდით, რომ ივლისში დამთავრდა. გავიგე, რომ "ღამის შოუს" სტუდია მსახიობებს სხვა სერიალისთვის არჩევდა, მაგრამ ახლა თურმე "შუა ქალაქის" მე-11 სეზონის გადაღება გადაწყდა "შუა ქალაქის" მსახიობების გარეშე. ძველი გუნდიდან მხოლოდ ლაშა და ბარმენი პეტო დატოვეს. იმედია, ახალი მსახიობებით იმ რეიტინგს შეინარჩუნებენ, რომელიც ჩვენ დავტოვეთ და უკეთესსაც მიაღწევენ (იცინის), ვნახოთ.
- ცოტა უცნაურია მთავარი გმირების გარეშე სერიალის გაგრძელება.
- ცოტა კი არა, ძალიან უცნაურია, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო გადაწყვიტეს მსახიობების შეცვლა. ძირითადი მიზეზი ალბათ ის იყო, რომ სცენარი გადახალისებულიყო და სცენარისტებს გაადვილებოდათ ახალ გმირებზე სცენარის დაწერა. რეჟისორს ახალ მსახიობებთან უნდოდა მუშაობა და ალბათ სწორი გადაწყვეტილებაა, შედეგს მალე ვნახავთ. თუმცა ალბათ ყველას გაუკვირდება "შუა ქალაქის" ნახვა მთავარი გმირების გარეშე.
- მახსოვს, როდესაც რამდენიმე წლის წინ "რუსთავი 2"-დან დათო გოგიჩაიშვილი წავიდა, მასთან ერთად იყავით შენ და ირაკლი კაკაბაძე. "შუა ქალაქის" მსახიობების გუნდი სწორედ შენ შეკრიბე. ალბათ გული ყველაზე მეტად შენ გწყდება, სერიალში რომ აღარ ითამაშებ.
- მართლა ასე იყო. გული მართლა დამწყდა, რომ სერიალში ყველაფერი შეიცვლება. "იმედზე" ფაქტობრივად ნულიდან დაიწყო "ღამის შოუს" სტუდიამ მუშაობა და ამ პროცესის მონაწილე მეც ვიყავი. საქართველოში მანამდე სიტუაციური კომედია არ არსებობდა. ჩვენ პირველებმა გავარღვიეთ დიდი ბარიერი და კარგი შედეგი მივიღეთ. თუმცა სტუდიამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. მე ვფიქრობ, სერიალის დასახელებაც რომ შეეცვალათ, უფრო ლოგიკური იქნებოდა. გული მართლა დამწყდა, ოთხი წელი ფაქტობრივად გადასაღებ მოედანზე ვცხოვრობდით, მაგრამ ოდესღაც ყველაფერი მთავრდება. ეჭვიც არ მეპარება, რომ უკეთესი პერიოდი დაიწყება ჩვენს შემოქმედებით ცხოვრებაში. მთავარია, ჯანმრთელად ვიყოთ და ყველაფერი კარგად იქნება.
წყარო/Source:
http://www.ambebi.ge/kultura/42179-serial-...l#ixzz1ZoaVnoeN