ქართულად თარგმნილი ძმები გრიმების კრებული თუ გაქვს, ფართალ-ფურთალა მოძებნე, ეგაა.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ფართალ-ფურთალა
იყო ერთხელ ერთი მწისქვილე, ღარიბ-ღატაკი, მაგრამ ლამაზი ქალიშვილის პატრონი. მოხდა როგორღაც, მეფესთან მოუწია საუბარმა და თავმოსაწონებლად წაიტრაბახა:
- გოგო მყავს, ჩალისაგან ოქროს ართავს.
მეფემ უთხრა:
- დიდად მოსაწონი ხელსაქმე სცოდნია, მე და ჩემმა ღმერთმა. თუ მართლა ეგეთი ხელი აქვს, შენ რომ ამბობ, ხვალვე გამომიგზავნე სასახლეში, უნდა გამოვცადო.
როგორც კი მივიდა გოგო სასახლეში, შეუძღვა ჩალით სავსე ოთახში, დასვა ჯარასთან და უთხრა:
- ახლავე შეუდექი მუშაობას. თუ ხვალ დილამდე მთელი ეს ჩალა ოქროდ არ გიქცევია, სიკვდილი არ აგცდება.
ამ სიტყვებზე თავისი ხელით ჩაუკეტა ოთახი და მარტო დატოვა.
ზის მეწისქვილის საბრალო გოგო და არ იცის, რა იღონოს, როგორ დაართოს ჩალისაგან ოქრო. ტირის შეშინებული, თავს იკლავს ტირილით. უეცრად კარი გაიღო და ოთახში პატარა კაცუნა შემოვიდა, ეუბნება გოგოს:
- საღამო მშვიდობისა, მეწისქვილის ქალო. რა იყო, ასე რატომ ატირებულხარ?
- ვაიმე, - უპასუხა გოგომ, - ჩალისაგან ოქრო უნდა დავართო, არადა, მაგ საქმისა არაფერი გამეგება.
უთხრა კაცუნამ:
- რას მომცემ, მე რომ დაგირთო?
- ჩემს ყელსაბამს, - უთხრა გოგომ.
გამოართვა კაცუნამ ყელსაბამი, მერე ჯარას მიუჯდა. ბზრრ, ბზრრ, ბზრრ, სამჯერ დაატრიალა და სულ ოქროთი გაივსო ერთი მასრა. ახლა მეორე ჩადგა, ბზრრ, ბზრრ, ბზრრ, ისევ დაატრიალა სამჯერ და გაივსო ეს მასრაც. დილისთვის მთელი ჩალა დართული იყო და ყველა მასრაზე ოქრომკედი ეხვია.
მზის ამოსვლისთანავე მოვიდა მეფე და, ამოდენა ოქრო რომ დაინახა, განცვიფრდა და გაიხარა. მაგრამ გული მაინც ვერ გაუძღა, გადაიყვანა მეწისქვილის გოგო ბევრად უფრო დიდ ოთახში, ისიც სულ ჩალით იყო სავსე, და უბრძანა, ეს ჩალაც დილამდე ოქროდ დაერთო, თუ სიცოცხლე რამედ უღირდა.
გოგომ აღარ იცოდა, რა წყალში ჩავარდნილიყო და ისევ ტირილი აუვარდა. მაგრამ ისევ გაიღო კარი, შემოვიდა კაცუნდა და უთხრა:
- რას მომცემ, ეს ჩალაც რომ ოქროდ დაგირთო?
- აი, ამ ბეჭედს, თითზე რომ მიკედთია, - უპასუხა გოგომ.
გამოართვა კაცუნამ ბეჭედი, ისევ ააზუზუნა ჯარა და დილისთვის მთელი ჩალა მოელვარე ოქროდ იყო ქცეული.
უზომოდ გაიხარა მეფემ ამის დანახვაზე, მაგრამ მაინც არ გაუძღა გული, შეიყვანა გოგო კიდევ უფრო დიდ ოთახში, აქაც სულ ჩალა იყო დახვავებული, და უთხრა:
- თუ ხვალ დილამდე ამ ჩალასაც ოქროდ მიქცევ, ჩემი მეუღლე გახდები. ”მერე რა რა, რომ მეწისქვილის ქალია”, თქვა გუნებაში, ”დედამიწის ზურგზე ვერ ვიპოვი უფრო მდიდარ საცოლეს”.
როგორც კი გოგო მარტო დარჩა, ისევ გამოეცხადა კაცუნა და უთხრა:
- რას მომცემ, ეს ჩალაც რომ დაგირთო?
- აღარაფერი დამრჩა მოსაცემი, - უპასუხა გოგომ.
- მაშინ პირობა დამიდე, დედოფალი რომ გახდები, შენს პირველ შვილს მე გამატან.
”იქამდე ვინ იცის, რა მოხდება”, გაიფიქრა გოგომ. თან სხვა საშველიც აღარ ჰქონდა, დაუდო პირობა და კაცუნამ ის ჩალაც ოქროდ უქცია.
მოვიდა დილით მეფე, ნახა, რომ მისი სურვილი შესრულებულიყო, გადაიხადა ქორწილი და მეწისქვილის ლამაზი გოგო დედოფალი გახდა.
ერთი წლის შემდეგ დედოფალს მშვენიერი შვილი ეყოლა და კაცუნა აღარც კი გახსენებია. მაგრამ არ გასულა ხანი, დაადგა თავზე კაცუნა და უთხრა:
- მომეცი, რასაც შემპირდი.
დედოფალს გული გადაუტრიალდა, შეაძლია მთელი სამეფო განძი, ოღონდ შვილი დამიტოვეო, - მაგრამ კაცუნამ უთხრა:
- ყოველგვარ სიმდიდრეს ერთი სულდგმული მირჩევნია.
ატირდა დედოფალი, ისე მწარედ მოთქვამდა, შეეცოდა კაცუნას და უთხრა:
- სამი დღის ვადა მომიცია. თუ ამ სამ დღეში გამოიცნობ, რა მქვია, შენი შვილი შენვე დაგრჩება.
მთელი ღამე იხსენებდა დედოფალი, რაც კი ოდესმე სახელი გაეგონა, თან მალემსრბოლიც გაგზავნა სამეფოს შემოსავლელად, რომ გაეგო, კიდევ სად რა სახელი არსებობდა.
მოვიდა მეორე დღეს კაცუნა და ჩამოუთვალა დედოფალმა, კასპარ-მელქიორ-ბალთაზარით დაწყებული რაც კი რამ სახელი იცოდა, მაგრამ ყველა მათგანზე კაცუნა ერთსა და იმავეს ეუბნებოდა:
- არა, ეგ არ მქვია.
შემდეგი დღისთვის გამოაკითხვინა დედოფალმა, ახლო-მახლო ვის რა სახელი ერქვა. ჩამოუთვალა კაცუნას უჩვეულ და იშვიათი სახელები:
- იქნებ ფერდიძვალა გქვია, ანდა კნაჭაკანჭა, ანდა ოჩოფეხა?
მაგრამ კაცუნა ისევ და ისევ გაიძახოდა:
- არა, ეგ არ მქვია.
მესამე დღეს დაბრუნდა მალემსრბოლი და მოახსენა:
- ვერც ერთი ახალი სახელი ვერ გაგიგე, მაგრამ მთაზე რომ გადმოვდიოდი, სადაც მელიები და კურდღლები ერთმანეთს შორიდან ესალამქალმებიან, ტყის პირას ერთი პატარა ქოხი დავინახე. ქოხის წინ კოცონი ენთო, ერთი სასაცილო კაცი ასკინკილას უვლიდა და გაჰყვიროდა:
ლუდს ვადუღებ და პურს ვაცხობ,
სტუმრები მომიდიანო,
დედოფალს შვილი წავართვი,
ფართალ-ფურთალა მქვიანო.
თავადაც მიხვდებით, როგორ გაახარებდა ამ სახელის გაგონება დედოფალს. მალე კაცუნაც გამოეცხადა და უთხრა:
- აბა, ქალბატონო დედოფალო, თუ გამოიცანი, რა მქვია?
- კუნცი გქვია?
- არა.
- ჰინცი გქვია?
- არა.
შე მრთველ-მქსოველო ფხიანო,
ფართალ-ფურთალა გქვიანო.
- ეშმაკისაგან შეგიტყვია, ეშმაკისაგან შეგიტყვია! - იყვირა კაცუნამ და ფეხი ბრაზიანად დაჰკრა მიწას, ისეთი დაჰკრა, რომ მარჯვენა ფეხი ბარძაყამდე მიწაში დარჩა ჩაფლული. მერე გაშმაგებულმა მარცხენა ფეხი ორივე ხელით მოზიდა და შუაზე გახლეჩილი ძირს უსულოდ დაეცა.
არა, რა მადლობა
This post has been edited by Alien_Piglet on 28 Oct 2013, 13:47
ბაფთისტების დიდი ნაწილი მართლაც რომ ათეისტი, იგივე იეღოველია. - მიხეილ რძე