„კვირაში ორი სერიის გაშვება, ბოდიში მაყურებელთან, მაგრამ შეუძლებელია“
„რაღაც მომწონს „ჩემი ცოლის დაქალები“ - ასეთ ფრაზას ირგვლივ ხშირად გაიგონებ. უყურებენ და ერთობიან. მეც მათ სიაში ვირიცხები. არადა, ჯერ მხოლოდ ათი სერია გავიდა. სერიალს მუდმივად აწყობილი თავისი დიდი პავილიონი აქვს, დაშლა-აწყობა რომ არ სჭირდება. რომ შეხვალ, თავს უკვე ცნობილ ბინაში ამოჰყოფ და საყვარელი გმირების გამოჩენას ელოდები. 
„ჩემი ცოლის დაქალები“ „ფორმულა კრეატივის“ პროექტია. გიორგი ლიფონავასთვის რიგით მეექვსე სერიალია. გრაფიკი რთულია და შრომატევადი. კვირაში ექვს დღეს გადასაღებ მოედანზე ატარებენ. შედეგიც არ აყოვნებს. შაბათს რომ ვუყურებთ, კიდევ ორი სერიაა მზად. რეჟისორი „მოსავლით“ კმაყოფილია.
„ჩვენ, მაყურებელს ახალი 
შევთავაზეთ“
გიორგი ლიფონავა: „ალბათ, ყველაზე წარმატებული სერიალია, რაც კი გადაგვიღია. გამოხმაურებაც კარგი აქვს. ეს მნიშვნელოვანია. წარმატებაში მთავარი ის არის, რომ სერიალი რეალურ ამბებზეა აგებული. რომ გითხრათ, სასაცილოა და ასეთი სასაცილო აქამდე არაფერი ყოფილა-მეთქი, ასე არ არის. ანუ, კლასიკური სიმპტომის მიზეზით არ არის წარმატებული. მსახიობები, ბავშვები განაპირობებენ მის პოპულარობას. ჩვენი გამოცდილება - თავისთავად. გადაღების თვალსაზრისით გამართულია. თუმცა წინა სერიალი - „კლინიკაც“ არ იყო გაუმართავი. მასზე უფრო დიდი ჯგუფი მუშაობდა.
- „რუსთავი 2“-დან მალე მიიღეთ დასტური?
- ცოტა გაგვიჭირდა. 
- არხის წინამორბედი წარუმატებელი სერიალის „მეზობლების“ გამო?
- თუ ბოლო პერიოდს დავუკვირდებით, „რუსთავი 2“-ს მაინცდამაინც მაღალ რეიტინგული სერიალები არ ჰქონია. მაყურებლის თვალით ჩანდა, რომ „იმედის“ სერიალები უფრო რეიტინგულებია. ალბათ, ეს ფაქტორიც იყო. ახლა უკვე „რუსთავი 2“-ს აქვს სერიალი, რომელმაც სტარტშივე უპრეცედენტოდ მაღალი რეიტინგი ასწია. ორშაბათს რეიტინგს სულმოუთქმელად ვამოწმებ. კრიტიკა არ გამიგია. სოციალურ ქსელებში ვადევნებთ თვალყურს. თბილისის ფორუმი საკამათო ადგილია. ამ სერიალზე არც კი დაუპოსტავთ, რომ საკამათო ველი შეექმნათ. კარგია, თუ კრიტიკა იქნება. ველოდები. საყოველთაო კონსენსუსია. ასეა, თუ ვაჭარბებ?
- ასეა. წარმატება, ალბათ, სცენარისტის, ქეთი დევდარიანის დამსახურებაც არის.
- „კლინიკის“ და „ჭამა და სექსში“ წარმატებული ნოველის სცენარისტია. რა თქმა უნდა, სცენარია ამ სერიალის წარმატებულობის მთავარი მიზეზი. მისი შესრულებაც. ქეთის ცხოვრებისეული გამოცდილება აწერინებს კარგ სცენარებს. ძალიან კარგი სინთეზი გამოვიდა - გამოცდილების და სერიალის სცენარში მისი ინტეგრირების. 
-  სცენარში ერევით?
- ჩვენთან იდეაზე პროდიუსერების ჯგუფი მუშაობს, მეც ვმონაწილეობ. მერე ქეთი წერს. გადაღების დროს რაღაცები იცვლება. გუნდური მუშაობაა. ამბავი იკვრება, თუმცა რომ გითხრათ, ვიცით 20 სერიის მერე რა მოხდებაო, მოგატყუებთ. პირველი სეზონის დასასრული როგორი უნდა იყოს, ეს კი ვიცით. 
- ამ სერიალს ანალოგი აქვს?
- არც ერთი სერიალის ანალოგი არ არის, უბრალოდ, პარალელი შეიძლება გაივლოს „სექსი დიდ ქალაქთან“. ისიც, მხოლოდ დაქალების გამო. თორემ აბსოლუტურად მორგებულია ჩვენს რეალობას და ამერიკულთან კავშირი არ აქვს. მთავარია, ამ ფორმის მიღება არ გაუჭირდათ. გვიხარია. 
- კონკურენტ არხთან კონკურენციაზე რას იტყვით?
- მიდის რეიტინგებზე ბრძოლა. ყველა ცდილობს რეიტინგის მოგებას. ჩვენ სარეკლამო გაჭრაზე რომ გავდივართ, „შუა ქალაქი“ ეთერში შემოდის და ასე. „შუა ქალაქი“ მაყურებლისთვის დიდი ხანი იყო გასართობი სერიალი. ჩვენ მაყურებელს ახალი შევთავაზეთ, ალტერნატივაა და კარგია ამ სფეროს განსავითარებლად. 
- თქვენი გათვლით, ვინ უყურებს სერიალს?
- 30 წელს გადაცილებული პერსონაჟებია. ანუ ამ ასაკის მაყურებელი. ბავშვები მათი თანატოლების გამო უყურებენ. ბაიას პერსონაჟს ჰყავს მისი ასაკის ქალბატონი მაყურებლები და მას გულშემატკივრობენ. 
- უყურებთ?
- შაბათს „მეიქერები“ ერთად ვსხდებით და უცხო თვალით ვუყურებთ. 
„მსახიობები სერიალით
 პოპულარულები გახდნენ“
„ექვს დღეს ვიღებთ, 11-დან 9 საათამდე. რთულია გადასაღებად. სხვა სპეციფიკით ვიღებთ, პროფესიული კამერებია. სკრუპულოზურად უნდა გათვლა. ხარისხიანს დამღლელი შრომა სჭირდება. თავიდან გვიჭირდა, ახლა ყველა ჩვენს საქმეს რომ მოვერგეთ, აღარ გვიჭირს. მაგრამ მაინც ძნელია, აქ ვცხოვრობთ. ვცდილობთ, რომ ბავშვები გვიანობამდე არ გავაჩეროთ. თან მოუსვენრები არიან, იღლებიან“. 
- სერიალის წარმატება ამ ბავშვებმაც მოიტანეს.
- ისღა დამრჩენია, ჩვენი სერიალის ბავშვებს ტაში დავუკრა. ბავშვებში ძალიან გაგვიმართა. ცოცხლები და გონებაგახსნილები არიან, არ გვაწვალებენ. ეს წარმატებას დიდად უწყობს ხელს. რაც შეეხება მსახიობებს, უმეტესობას ვიცნობდით. იმანაც გაამართლა, რომ მსახიობები პერსონაჟებთან მაქსიმალურად მიახლოებულნი არიან.  მათგან არც ერთი პოპულარული არ არის. კინოთი განებივრებული არც ლევან ყოჩიაშვილია, არც მისი „ცოლის დაქალები“. ლევანი ფილმებს ახმოვანებდა, არ ჩანდა. ამ დროს პროფესიონალი მსახიობია. სერიალით პოპულარულები გახდნენ. ღია კაფეში გვქონდა გოგონების სცენის გადაღება. ქუჩაში მოსწავლეებმა გამოიარეს, გაჩერდნენ, მსახიობებს ხელებს უქნევდნენ და ფოტოებს უღებდნენ. 
ხშირად არის პრეტენზია, რატომ არ გადის კვირაში ორი სერია. ფაქტობრივად მხატვრული კინოა და კვირაში ორი სერიის გაშვება, ბოდიში მაყურებელთან, მაგრამ შეუძლებელია. მოკლე ჰგონიათ, არადა სტანდარტული ზომაა. 40-წუთიანია, არ არის მოკლე. სარეკლამო ჭრების გამო ეჩვენებათ, ალბათ, მოკლე. გასაგებია, საინტერესოა და გინდა, რომ არ დამთავრდეს. 
ახალი პერსონაჟები
„სერიალს ვანიკო თარხნიშვილი დაემატა. ნინო კობერიძე ბაია დვალიშვილის მულის როლში იქნება.  „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი, ეკა ამირეჯიბი შემოგვყავს. კატოს დის როლს ითამაშებს“. 
„ამ საკითხში მორიდებულობა „არ მოსულა“, უნდა
 „იჩალიჩო“
- რისთვის ვერ იცლით?
- ბევრი რამისთვის. თუმცა მიღირს. შენ რაღაც სკანდალურს ელოდები ჩემგან. 
- პირადულს. 
- არაფერი ახალი. ჟურნალისტებთან არ მიყვარს პირადზე საუბარი. 
- სოფო სებისკვერაძესთან რომანი ისევ „ძალაშია“?
- კი. 
- სერიალში გადაიღებთ?
- არ ვიცი. ნაცნობობით ხომ არ კეთდება. 
- მას არ უნდა? არ გაპარებთ?
- უნდა, ეგრე ბევრ მსახიობს უნდა, ალბათ. ნუ შემომაპარე ახლა კითხვები. ბევრი „ფეისბუქზე“ მწერს. მსახიობი რომ ხარ, შენი თავი უნდა დააპიარო. თუ ხვდები, რომ ერთ-ერთი წარმატებული სერიალია, იმის ამბიცია უნდა გქონდეს, რომ მასში გაიჩითო. ამ საკითხში მორიდებულობა „არ მოსულა“, უნდა „იჩალიჩო“. „ფეისბუქი“ რომ დაკეტილი გაქვს და შენ ფოტოებს ვერავინ ნახავს, არასწორია. სოციალურ ქსელში ბევრი მწერს და კარგი პიარსაშუალებაა, გადაწყვეტილებებს მიიღებ ხოლმე. მაგრამ სანამ არ დაიმეგობრებ, ფოტოს რომ ვერ ნახულობ და თან კასტინგებზე არ დადიან, მიდგომა გაუგებარია. თვლიან, რომ კასტინგით ამცირებენ. სიტყვა კასტინგისაც ეშინიათ, თუ უტყდებათ. სერიალის მიმართაც ნიჰილისტური დამოკიდებულება აქვთ. არ მინდა კრიტიკა, მაგრამ რეალობა ასეთია. 
„მომწონს ჩემი გმირი“
მაკა ძაგანია: „ისევ გმირის ძიების პროცესში ვარ. ძირითადი ნაპოვნი მაქვს. გმირს ჩემი არაფერი აქვს, ანტიპოდია, რადიკალურად სხვანაირი ადამიანი. მომწონს ჩემი გმირი. სიამოვნებით ვიქნებოდი მისნაირი. ამ სერიალში ყველაფერი მომწონს“. 
„ეგეთ გოგოებზე ვღადაობ“
გიორგი ნაზარიშვილი: „ჩემთან ახლოს არის პერსონაჟი. ფაქტობრივად არ  მიწევს თამაში. ჩვეულებრივი, უბრალო ტიპია. არაფრით გამორჩეული“. 
- კატოსნაირი გოგოები მოგწონს?
- ეგეთ გოგოებზე ვღადაობ.
„სერიალს ასეთი კადრი 
არ სჭირდება“ 
ჯინო (მხატვარი): „სერიალი სწრაფად კეთდება, ვიდრე კინო. ბევრად მობილიზებული უნდა იყო. ქუჩა ნაკლებია, ბატალური სცენები არ არის. კარგი კინოს ნებისმიერი კადრი რომ გააჩერო, ნახატი უნდა იყოს, სერიალს კი ასეთი კადრი არ სჭირდება“.  
* * * 
http://www.facebook.com/chemicolisdaqalebi...294899513896420ყ უ რ ა დ ღ ე ბ ა - ამ სიტყვის ყვეელაზე მძაფრი მნიშვნელობით! რამდენიმე წუთის წინ, სერიალის რეჟისორთან და პროდიუსერებთან ლაპარაკის შედეგად გადაწყდა შემდეგი რამ: ვინაიდან ძალიან დიდი მოთხოვნაა, რომ სერიალი იყოს კვირაში ორჯერ მაინც, დანამდვილებით რომ ვიცოდეთ ამ გადაწყვეტილების სისწორე, როცა ჩვენი გვერდის მომხმარებლების რაოდენობა მიაღწევს 20 000 Like-ს, კვირაში ორ სერიას იხილავთ!