- აქ ძალიან კარგი კოლექტივია, ზღაპრული, მშრომელი და წესიერი ახალგაზრდობა. ხანდახან მე სიტყვა მავიწყდება. მაგალითად, სიტყვა "გაბუტვა". რა ჯანდაბა დამემართა არ ვიცი, უამრავჯერ დამავიწყდა. ერთიც მესმის - ტკაც, თურმე ლიფონავამ იტკიცა შუბლში ხელი. გავიფიქრე, კიდევ თუ დამავიწყდა, შეიძლება ლიფონავამ ჩემი მიზეზით სული განუტევოს-მეთქი. დავძაბე გონება, მეხსიერებაც, მაგრამ, მაინც დამავიწყდა... ბოლოს დიდი ასოებით დამიწერეს დაფაზე. რატი რამიშვლთან არ ვარ ისე დაძაბული, როგორც ლიფონავასთან.
– რატომ, რით გძაბავთ ასე ლიფონავა?
– კი არ მძაბავს, მე ვიძაბები. ვხედავ, როგორ განიცდის, როცა ვინმეს რამე ეშლება. არ მინდა, რომ გავანერვიულო და პირიქით გამომდის. ისეთი გადატვირთული გრაფიკი აქვს, დილიდან საღამომდე გადაღებები და მეც დამატებული. მოკლედ, ყურადღება მეფანტება. ერთი შემოდის, როგორ ხარო, მეორე რაღაცას მეკითხება. ამიტომ სცენარი წინასწარ რომ მქონდეს სახლში, მირჩევნია და ამის გამო სულ ვჩხუბობ ხოლმე.
– თქვენ თუ ამატებთ სცენარში რაღაც-რაღაცებს?
– უუუფ, რამდენიც გაგიხარდება. გუშინ ჩვენს სცენარისტს, ქეთის ვეუბნები, ხომ არ გწყინს, ასე რომ ვამატებ რაღაცებს-მეთქი. კარგს რომ ამატებ, იმიტომაც არ გეუბნები არაფერსო. ცოტა მომეშვა გულზე.
– თქვენი "ქმარი" გადასაღებ მოედანზეც გიშლით ნერვებს?
– ლეო უნიჭიერესი მსახიობი და ასევე, ბრწყინვალე პიროვნებაა. მას ჩემსავით კი არ ეშლება და ავიწყდება სიტყვები. ის უკვე გამობრძმედილი მსახიობია. მე კი სულ ვნერვიულობ. ძალიან დინჯი კაცია.
– თქვენს რეალურ ქმარს თუ ჰგავს რამით?
– ჩემი ქმარი გურული იყო და ბევრად განსხვავებული. ლეოს სამი ცოლი ჰყავდა. ჩემს ქმარს კი მარტო მე ვყავდი, მაგრამ სითბოთი და ადამიანებთან დამოკიდებულებაში ჰგვანან ერთმანეთს. ძალიან კეთილია ლეო. ჩემს ქმარსაც, რომ გარდაიცვალა, სწორედ ამ სიკეთის გამო მისტიროდა მთელი საქართველო.
– როგორც ვხედავ, მარტო ცხოვრობთ, არ გიჭირთ?
– რატომ ვარ მარტო? მთელი სახლი ჩემთან არის ყავაზე და სიგარეტზე. არის რეკვა და მთელი ამბავი. სისხლს მიშრობენ ხოლმე, – სად ხარ, სად დაიკარგეო. ისეთი კარგი მეზობლები, მე რომ მყავს, ვერ წარმომიდგენია, სადმე არსებობდეს. ხუთი ოჯახი ვართ განუყრელად ერთად.
– სერიალსაც ერთად უყურებთ ხოლმე?
– არა. ყველა თავის სახლში უყურებს. მე გამანებეთ თავი-მეთქი ვამბობ. მე მარტომ უნდა ვუყურო და ვნახო, სად ვარ ყალბი, სად რა მიჭირს, რომ მერე გამოვასწორო... ზოგჯერ თეატრალური პათოსი აღმომიჩენია, რაც არ მომწონებია და მითქვამს, ეს როგორ ვთქვი ასე-მეთქი. ერთი სცენაა, ჩემი შვილი ჰოლანდიაში მიდის, ეს ისე განვიცადე, რომ ცრემლები წამსკდა, გაგიჟდა ლიფონავა, – დაანებე ახლა თავი ჰოლივუდის ცრემლებსო. ისეთი იყავი, როგორიც ხარო. არადა მართლა ისეთი ვიყავი იმ წამს, მეტირებოდა.
– რას ამბობენ, ახალი სეზონი შეცვლილი სახით იქნებაო?
– არა. ზაფხულამდე კიდევ სამოცდაათამდე სერია იქნება და არ იცვლება. თან, როგორც მითხრეს, უფრო საინტერესო.
– როცა ამ სერიალში თამაში დაიწყეთ, თუ იფიქრებდით, რომ ასეთი რეიტინგული იქნებოდა და თქვენც ასეთი პოპულარული გახდებოდით?
– არა, ნამდვილად არ მიფიქრია. პირიქით, ვდარდობდი, რომ არ მოეწონოთ, რომ ჩავარდეს-მეთქი. ჩავარდეს კი არა, მირეკავენ ამერიკიდან, საფრანგეთიდან, გერნამიიდან, რუსეთიდან, – გიყურებთო. ეს რა დიდი სიხარული და ბედნიერებაა, იცით?
– სერიალში სიმართლის თქმას არ ერიდებით, რაც არ უნდა გულსატკენი იყოს, ცხოვრებაშიც ასეა?
– ცხოვრებაშიც ვამბობ სიმართლეს, ოღონდ ისე, რომ გული არ ვატკინო. ცხოვრებაში ასეთი ქოთქოთა და ავი კი არა ვარ. არასოდეს არავის წავჩხუბებივარ. ჩემი ზედმეტი სიტყვა არავის მოუსმენია. სხვათა შორის, ძალიან კარგი დედამთილი მყავდა, არაჩვეულებრივი ქალი იყო. პრინციპში, მე რას ვაშავებ, რატომ ვარ ცუდი? სასმელ-საჭმელი მომაქვს, შვილიშვილებს ვუვლი, გადაყოლილი ვარ მათზე, მაგრააამ... (იცინის)
http://primetimenews.ge/?page=9&news_id=12572