ნინას რაც შეეხება - გადაეცით, რომ მთვრალ კაცთან ლაპარაკს და საქმის გარჩევას აზრი არ აქვს
* * *
ესეც ინტერვიუ სცენარისტთან
http://atb.ge/?address=news&id=195509 "ყოველთვის მიყვარდა ადამიანების ისტორიების მოსმენა"
05.10.2012 12:11 – რითი ჰგავს "ჩემი ცოლის დაქალების" სცენარისტი ქეთი დევდარიანი ფილმის გმირებს
პოპულარულ სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" სცენარის ავტორი, ქეთი დევდარიანი, თავისივე შექმნილი პერსონაჟების კრებითი პროტოტიპია. მის ცხოვრებაში არის ნინას ცხოვრების მსგავსი დეტალები, რაღაცით კატოსაც ჰგავს და ხანდახან თინასავით ლაპარაკობს.
ქეთი დევდარიანი პროფესიით გერმანისტია. წერა საპროდიუსერო კომპანია "ფორმულა კრეატივში" მისვლის შემდეგ დაიწყო. არის ერთადერთი ქალიშვილის, 17 წლის თინათინ სირაძის დედა. 18 წლის ასაკში გათხოვდა და ქმარს 14 წლის შემდეგ გაშორდა. ზოგადად ჭკვიანი და იუმორის მქონე მამაკაცები ხიბლავს.
– ქეთი, რა გზა გაიარეთ იქამდე, სანამ სერიალისთვის სცენარების წერას დაიწყებდით?
– 36 წლის ვარ. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის გერმანული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი დავამთავრე. პროფესიით გერმანისტი ვარ. დაახლოებით 6 წელი სკოლაში ვიმუშავე გერმანული ენის მასწავლებლად. მერე კი "ფორმულა კრეატივის" სცენარისტი გავხდი. თავიდან გადაცემის იდეა მივიტანე. ეს იყო ტოქ შოუ "იმიჯების ფსიქოანალიზი". მისი პილოტიც ჩავწერეთ, მაგრამ პროექტი არ გავიდა "რუსთავი 2"–ზე. ამ დროს მზადდებოდა სერიალი "კლინიკა" და შემომთავაზეს, რომ ჩემი თავი ამ სფეროში მომესინჯა. ერთი სიტყვით, "კლინიკის" ჯერ რედაქტორი გავხდი, მერე კი – სცენარისტი. ეს სერიალი რომ დაიხურა, ბიჭებთან დავრჩი. იყო პერიოდი, როცა სამუშაო არ გვქონდა.
– სცენარები თქვენი პირველი მცდელობა იყო მწერლობაში თუ მანამდეც წერდით?
– ცხოვრებაში ერთი ლექსიც კი არ დამიწერია და არც მოთხრობა. სკოლაში თემებს კარგად ვწერდი. რომ მითხრეს, თუ გინდა, "კლინიკაში" მოსინჯე ძალებიო, რა თქმა უნდა, სურვილი გამიჩნდა. დავწერე სერია, რომელიც რეჟისორ გიორგი ლიფონავას ძალიან მოეწონა. აქედან მომეცა სტიმული. "კლინიკის" 17 სერია გავიდა ეთერში და აქედან 7 თუ 8 მე დავწერე ირაკლი საღინაძესთან ერთად. ირაკლი ჩვენი მთავარი სცენარისტი იყო. ყველა სერიის რედაქტორიც ვიყავი. საკმაოდ წარმატებული სერიალი იყო, უბრალოდ წარუმატებლად შეწყდა.
– როგორ იწერება თქვენი სცენარები, რა სტილით მუშაობთ?
– სცენარი რომ კარგი გამოგივიდეს, ამისთვის ალბათ მთავარი მაინც ცხოვრების განმავლობაში დაგროვილი ინფორმაციაა. ყოველთვის მიყვარდა ადამიანების ისტორიების მოსმენა. თუ ვინმე თავის ამბავს მიყვებოდა, შემეძლო საათობით მესმინა. ინტერესი და ცნობისმოყვარეობა ადამიანების მიმართ ერთ მშვენიერ დღეს სცენარად იქცა. იმავე ენით შემეძლო მომეყოლა რაღაც ისტორია, ოღონდ ოდნავ გროტესკულად. პრაქტიკა "ფორმულა კრეატივში" გავიარე, რომელიც აკეთებდა სერიალს "ჩვენი ოფისი" და სხვა პროექტებს. მაშინ მე არ ვწერდი, მაგრამ ვხედავდი, როგორ კეთდებოდა სცენარები. აქედან მივიღე გარკვეული პრაქტიკული და თეორიული ცოდნა.
– ფილმის "ჭამა და სექსი" ერთი ნოველის სცენარიც თქვენია.
– ამ ფილმში მხოლოდ ერთი სცენაა ჩემი. ჩვენი იდეა იყო, რომ რაღაც ფილმი გაგვეკეთებინა, რომელიც გარკვეული სოციალური სიმართლის ელემენტების შემცველი იქნებოდა. ყველამ გადავინაწილეთ ნოველები – ირაკლი საღინაძემ, მიშა მშვილდაძემ და მე. ხუთი ნოველა გადავიღეთ და აქედან ერთი ჩემი იყო. ვანო თარხნიშვილი და ნელიკო აგირბა თამაშობენ – ქალის მშობლებთან რომ ცხოვრობს წყვილი. "ჭამა და სექსი" ჰგავს სერიალის სპეციფიკას, მაგრამ უფრო მძაფრია. "ჩემი ცოლის დაქალები" სატელევიზიო პროდუქტია და შედარებით ზომიერები ვართ.
– ამ სერიალის იდეა თქვენ გეკუთვნით?
– დიახ, ჩემი იდეა იყო. ქალების ფორუმი ვნახე, სადაც ქალურ პრობლემებს და ამბებს არჩევდნენ. ეს ყველაფერი საინტერესოც მომეჩვენა და სასაცილოც. დრამატურგიული ჭაჯვი არსებობდა – ერთი ყვებოდა, სხვები არჩევდნენ, შედეგებს ეკითხებოდნენ... ერთი სიტყვით, მთელი ვნებები იფრქვეოდა. კი ვთქვი ამ იდეის შესახებ, მაგრამ გარკვეული პერიოდი იდეის დონეზევე დარჩა, სანამ არ გადავწყვიტეთ, რომ პილოტის გადაღება გვეცადა. პილოტი რომ გადავიღეთ, "რუსთავი 2"–ს მოეწონა. გარკვეული გარანტიებიც გავეცით, რომ თემიდან გამომდინარე პოპულარული იქნებოდა.
იმედი თავიდანვე მქონდა, რომ მოვახერხებდით, ეს სერიალი მაყურებელს შეეყვარებინა. ბევრი ადამიანის შრომა და ძალისხმევა, რაც ამ სერიალში იდება, მაყურებელმა დააფასა. ქართველი მაყურებელი ქებას ადვილად არ იმეტებს. საკმაოდ კრიტიკულად არის განწყობილი, განსაკუთრებით – რამდენიმე ჩავარდნილი სერიალის შემდეგ, რაც ქართულ ტელესივრცეში დაფიქსირდა. პოზიტიური გამოხმაურება უფრო მეტია, ვიდრე ნეგატიური და ეს ჩემთვის დიდი სტიმულია, რომ უფრო უკეთ ვიმუშაო და არასოდეს ვიფიქრო, რა უჭირს, მაინც გვიყურებენ–მეთქი.
– სახელწოდებაც თავად მოიფიქრეთ?
– არა, სახელი გიორგი ლიფონავამ მოიფიქრა. მარტო არასოდეს ვმუშაობ. სცენარის მოფიქრების პროცესში მე და ირაკლი საღინაძე ვმონაწილეობთ. თუ მიშა მშვილდაძეს სცალია, კონცეფციების, აქცენტების, მესიჯების მოფიქრებაში მონაწილეობს. მე უკვე სცენარის სახით ვწერ, თორემ რა როგორ უნდა განვითარდეს, ამაზე მთელი შემოქმედებითი ჯგუფი ვმუშაობთ. გიორგი ლიფონავასაც ბევრი საინტერესო იდეა შემოუთავაზებია. როცა დავწერ, პროდიუსერების რეზოლუცია სჭირდება. მერე კი გადაღება იწყება. ყველაფერი იმდენად სწრაფ ტემპში ვითარდება, თითქმის 24 საათიან რეჟიმში ვმუშაობთ. გადაღებებს ვესწრები ხოლმე, მაგრამ ჩარევა არ მჭირდება, რადგან ყველა ერთ ენაზე ვსაუბრობთ. მე ასე დავწერე და შენ ასე რატომ გადაიღეო, ასეთი რამ არ გვქონია. ზოგჯერ რეჟისორი წყვეტს რაღაცას და ეს ამართლებს კიდეც. შეიძლება მსახიობმაც შემოგთავაზოს რაღაც. მაყურებლებიც მწერენ თავიანთ ისტორიებს და მათაც ვიყენებთ.
– მაგალითად, რა ისტორია მოგწერეს, რომელიც ფილმში გამოიყენეთ?
– ბევრი საინტერესო ისტორია მოუყოლიათ, რომლებიც, ერთი შეხედვით, ბანალური ჩანს. დედამთილებისა და სიყვარულის ისტორიები ხშირად ერთმანეთს ჰგავს. ადამიანს კი ჰგონია, რომ რაღაც ექსკლუზიური შეემთხვა, მაგრამ სხვისას რაღაცით მაინც ჰგავს. ამ ამბების შელამაზება და იუმორად ქცევა უკვე ჩემი საქმეა. ჩემი ერთი ფეისბუქელი მეგობარი მწერს ხოლმე თავისი დედამთილის ფრაზებს, რომელსაც მერე სცენარში ვამატებ, მაგალითად: "აღარ შემიძლია, მაგრამ მაინც ვეძალები საქმეს", "ჩემს ახალგაზრდობაში სად იყო ამდენი საშუალება, მაგრამ მაინც ვზრდიდი ბავშვებს" და ა.შ. ამ სერიალში ყველა პოულობს საკუთარ თავს.
არ გვინდა, რომელიმე პერსონაჟი ძალიან დადებითი იყოს ან პირიქით, საშინლად უარყოფითი. ყველას აქვს თავისი სისუსტეები და პლუსები. ვის რა პლუსი და მინუსი შეიძლება ჰქონდეს, თავისი ფსიქოტიპიდან გამომდინარე, ამაზე ბევრს ვფიქრობ. ვინ როგორ მოიქცეოდა, როგორ იქნებოდა ლოგიკური, ეს უნდა განსაზღვრო. ზოგჯერ ადამიანი ვარდება ლოგიკიდან, მაგრამ ესეც ლოგიკურია, რადგან ხანდახან ყველა იქცევა ისე, რასაც მისგან არ ელოდებიან ან თავადაც არ ელოდება საკუთარი თავისაგან.
– თქვენი პირადი ცხოვრებიდან თუ გამოგიყენებიათ სერიალში რაიმე ამბავი?
– ნინას პერსონაჟივით მეც ადრე გავთხოვდი. მე და ჩემი ქმარი ერთმანეთს დავშორდით, მაგრამ ამაზე საუბარი არ მინდა. ჩემი ყოფილი მეუღლე არაჩვეულებრივი, გადასარევი ადამიანია. 18 წლის ვიყავი, რომ გავთხოვდი. მეგობრისგან გავიცანი, შეგვიყვარდა ერთმანეთი და დავქორწინდით. ჩვენი ამბავი კინოისტორიასავით არ არის. ასაკს, პრობლემებს და მილიონ სხვა ფაქტორს უკავშირდება ცოლ–ქმრის გაყრა.
– რამდენი ხანი იცხოვრეთ ქმართან?
– 14 წელი.
– ერთი ფუთი მარილი "შეგიჭამიათ" ერთად და მაინც არ აღმოჩნდა საკმარისი?
– ზოგჯერ არ გყოფნის ერთი ფუთი მარილის შეჭმა. ზოგჯერ 30 წლიანი მეგობრობის თუ ცოლქმრობის შემდეგ შორდებიან ერთმანეთს. შეიძლება 80 წლის ასაკში მიხვდე, ვის გვერდით გიცხოვრია ან სულაც ორ დღეში გააკეთოს ისეთი რამ, რითაც საკუთარ თავს გაშიფრავს. ყველა რაღაცას მალავს, საკუთარი თავისგანაც კი. ყოველთვის ვცდილობ, გავარკვიო, რამდენად იყო ჩემზე დამოკიდებული ესა თუ ის პრობლემა, მე ხომ არ დავუშვი შეცდომა. ხან სხვას აბრალებენ, ხან ბედს და ხან რას. ყველაფერი, რაც გვემართება, ჩვენი ბრალია. არ ვგულისხმობ, ვიღაც რომ რაღაცას გადმოაგდებს და თავში დაგეცემა.
– ყოფილი ქმარიც ხომ არ არის ვინმეს პროტოტიპი სერიალში?
– არა, აქ ძირითადად ჰიბრიდებია ხოლმე. ერთ პერსონაჟს სხვადასხვა ადამიანების თვისებებს მივაწერ. ჩემმა ერთმა მეგობარმა თქვა, ამ სერიალის შემდეგ დედამთილს სხვანაირად დავუწყე ყურება და რამე ისეთს რომ ამბობს, გადავწყვიტე, ამ ყველაფერს ირონიით შევხედოო. ჩემი სურვილია, ადამიანებს მეტი თვითირონია და იმის განცდა გაუჩნდეთ, რომ ზოგადად სასაცილოა ეს ცხოვრება. წინ უნდა წამოვწიოთ ის პრობლემები, რაც საზოგადოებაშია, რაც გვაქვს მე, ჩემს მეგობრებს და მაყურებელს.
– მართლა თვლით, რომ ეს ცხოვრება სასაცილოა?
– გარკვეული თვალსაზრისით, გარკვეული ფილოსოფიით სასაცილოა. ემოციური ადამიანი ვარ და ხშირად იმაზე მეტად განმიცდია, ვიდრე საჭირო ყოფილა, მაგრამ მერე, პირველი ემოციების გადავლისას, შეფასებისას და გაანალიზებისას ხვდები, რომ ზედმეტი მოგივიდა. დედამთილის ერთი შენიშვნის გამო რომ ოჯახი დაანგრიო, არ არის ნორმალური. ჩემს პირად მაგალითს თუ გავითვალისწინებ, როგორ შეიძლება იმან, ვისაც ოჯახი დაენგრა, სხვას ასწავლოს, როგორ არ დაენგრეს ოჯახი?! ამიტომ სხვებისთვის ჭკუის სწავლებას არ ვცდილობ. უბრალოდ, მინდა, ავსახო ის, რაც გარშემო ხდება. რადგან სერიალს ყველა თაობა უყურებს, არასწორ მიდგომებს ვერიდებით. არ უნდა დასცინო მას, ვინც დასაცინი არ არის.
– როგორები არიან თქვენი დაქალები, რა საქმეებს და თემებს არჩევთ, როცა იკრიბებით?
– როგორც ნინას სახლშია, ზუსტად ისე ვიკრიბებოდით ჩემს ერთ მეგობარ ნინიკო ოგბაიძესთან და ჩაის სმის რიტუალი გვქონდა. სამწუხაროდ, ახლა სერიალის გამო მეგობრებთან მისვლას ვეღარ ვახერხებ. რაღაც თემებს ვარჩევდით, ვლაპარაკობდით. ჩემი დაქალები იცინიან ხოლმე ამაზე. სერიალში ოდნავ შესხვაფერებულია, მაგრამ მათი მონაყოლი – ვიღაც ვიღაცას გაჰყვა თუ გამოჰყვა, გამომიყენებია. ჩვენი განხილვის თემა ზოგჯერ ადამიანია, ზოგჯერ მოვლენა, ზოგჯერ იდეებიც.
– თქვენს დედამთილზეც გიჭორავიათ?
– არა, რადგან არაჩვეულებრივი დედამთილი მყავდა. ხელს მიწყობდა სწავლაში. ბავშვი მყავდა, მაგრამ არც უნივერსიტეტი გამიცდენია და არც სამოქალაქო აქტივობას მოვკლებივარ. თითქმის ისეთივე ცხოვრება განვვლე, როგორიც ჩემმა გასათხოვარმა ჯგუფელებმა. ყველამ იცოდა, რომ დედამთილთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა მქონდა და უკვირდათ, სერიალში ნინას დედამთილთან რომ დაძაბული ურთიერთობა აქვს. იმდენნაირი დედამთილი მყავს ცხოვრებაში ნანახი – მეგობრების, ნათესავების, რომ არ მჭირდება ბევრი ფიქრი, ამ ქალს რა ვათქმევინო. ჩემი დედამთილი ისეთი ქალია, არც ვიცი, რაზე შეიძლება გავჭორო. შეიძლება გამიცინია მის ქცევასა თუ სიტყვაზე, ისევე, როგორც მას ჩემსაზე, მაგრამ აბსოლუტურად ჯანსაღი ურთიერთობა გვქონდა. მართლა გამონაკლისია, როგორც დედამთილი.
– თავად რომელ პერსონაჟს უფრო ჰგავხართ?
– ჩემი ყველა ის თვისება, რაც ჩემთვისაც დასაცინია, ამ სერიალის თითქმის ყველა პერსონაჟში დევს და, მათ შორის, კაცებშიც. თვითირონიის მძაფრი განცდა მაქვს. ჩემს ფრაზებს ზოგჯერ კატოს ვუწერ და ზოგჯერ – თინას. წარმოიდგინეთ, როგორი განსხვავებული ტიპები არიან! ყველას ვგავარ, რადგან მათ ტექსტებს მე ვუწერ. მეუბნებიან, თინას ჰგავხარო და ალბათ იმიტომ, რომ გენდერულ თანასწორობასა და ადამიანის უფლებებზე მეც ბევრს ვლაპარაკობ, არადა თინა ჩემგან რადიკალურად განსხვავებული ტიპაჟია. ზოგჯერ კაცებსაც მამსგავსებენ. მაგალითად, ოფისში რომ გიორგი მუშაობს, იმას ჰგავხარო და ეს უფრო ჩემი ცინიზმის გამოა.
– მსახიობები აპროტესტებენ ხოლმე თქვენს დაწერილ სცენარს?
– კი, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევ. ზოგს არ მოსწონს, რომ ცოლიან კაცს ასახიერებს და ცოლს ღალატობს. შეიძლება არ მოსწონდეს, ცოლიან კაცთან რომ დადის, არ მოსწონდეს, რომ რაღაცას უხეშად ეუბნება დედას, თამაშობს ლოთს და ა.შ. მაგრამ სცენარი არასოდეს იცვლება, მაინც ისე ვიღებთ, როგორც დაიწერა. ნინო გაჩეჩილაძე დროდადრო რაღაცეებს აპროტესტებს ხოლმე, მაგრამ მერე ეგუება. ბებიას, რომელიც ბევრს ქოთქოთებს, არ მოსწონს, რა არის ამდენი ქოთქოთიო, მაგრამ ასეთი პერსონაჟია და!.. სერიალზე დიდი გამოხმაურება მსახიობებს არწმუნებს, რომ ყველაფერი სწორად კეთდება და ჩუმდებიან.
– კატოსავით გიწუწუნიათ მამაკაცებზე?
– არა! ეგ პრობლემა ნამდვილად არ მაქვს. კატოში ზუსტად ის არის სასაცილო, ერთ ვინმეზე რომ გაბრაზდება და მთელ საკაცეთს და სამყაროს ლანძღავს.
– დარწმუნებული ვარ, ბევრ მამაკაცს ხიბლავთ.
– სულაც არა! კატო რამდენ მამაკაცს მოსწონს, მაგრამ მაინც სულ წუწუნებს. მე გამოვედი იმ ასაკიდან, რომ თეთრ ცხენზე ამხედრებული რაინდი, უნაკლო მამაკაცი ვეძებო. იდეალური მამაკაცის ძებნა ინფანტილიზმის გამოვლინებაა. საკუთარ თავთან ბევრი უნდა ისაუბრო და აღარ გექნება ის პრობლემა, რომელიც კატოს აქვს ან ნინას, რომელსაც ჰგონია, რომ სამსახურის დაწყება უნდა. ან თინას, რომელსაც ჰგონია, რომ რადიკალური მიდგომები ამართლებს.
– როგორი მამაკაცები მოგწონთ?
– ჭკვიანი და იუმორის გრძნობით სავსე. ეს ორი ისეთი კრიტერიუმია, რომლებიც აუცილებელია ურთიერთობაში სტარტის ასაღებად. მაღალი, სიმპათიური, კარგი ოჯახის შვილი და ა.შ. არაფერს ნიშნავს. იუმორის გრძნობა ადამიანში ინტელექტის არსებობაზე მეტყველებს, იუმორის და არა – ღადაობის. უკბილო ხუმრობა მაღიზიანებს.
– თქვენს შვილზე გვიამბეთ, მასთან ურთიერთობაზე.
– თინათინი ძალიან კარგი გოგოა. აბიტურიენტია და ორივე ვნერვიულობთ. მხიარული ბავშვია. სერიალში მის რჩევებსაც ხშირად ვითვალისწინებ. შეიძლება თინეიჯერი პერსონაჟი შემოვიყვანოთ და მაინტერესებს თინათინისა და მისი მეგობრების აზრი – როგორ ცხოვრობენ, რა აინტერესებთ, რა სწყინთ და რა უხარიათ. ისინი უფრო თავისუფლები არიან, ვიდრე ჩვენ და ალბათ უფრო კარგად შეძლებენ საკუთარი თავის რეალიზებას. ვერ ვიტყვი, რომ იდეალური დედა ვარ, თუმცა მისი ყველა ნაბიჯი ვიცი და ყველაფერში ვენდობით ერთმანეთს. ყველაფერს მიყვება და მიზიარებს, არა მხოლოდ იმას, რაც გააკეთა, არამედ რა გაიფიქრა. ჩემს შვილს გემრიელი კერძებით ბებიები უფრო ანებივრებენ, ვიდრე დედა. ცუდი დიასახლისი ვარ – შვილს ჩემი ხელით გაკეთებული გემრიელი სოუსი არ უჭამია, მაგრამ ერთმანეთთან ურთიერთობის საკითხში უფრო წინ ვართ, ვიდრე მისი ტოლები. მეც ვიღებ მისგან რჩევებს და ისიც იღებს ჩემგან.
– ესე იგი კერძები ისეთივე კარგი ვერ გამოგდით, როგორიც სცენარები.
– არა და არ ვთვლი, რომ ეს დამამცირებელია. საქმის ცუდად გაკეთება არ მიყვარს და კულინარიაც საკმაოდ რთულია, არ ჩამოუვარდება სცენარის წერას. კარგი კერძი რომ გამოგივიდეს, ამ სფეროში ბევრი ინფორმაცია უნდა გქონდეს და ბევრი რამ უნდა იცოდე. კარტოფილის შეწვა და სპაგეტის მოხარშვა კულინარია არ არის. კულინარობაც ნიჭია და არ მომწონს, როცა ქალების ამ ნიჭს არ აფასებენ, თვლიან, რომ ეს ყველა ქალმა უნდა აკეთოს.
რუსუდან ადვაძე
* * *
"ქალების ფორუმი ვნახე, სადაც ქალურ პრობლემებს და ამბებს არჩევდნენ. ეს ყველაფერი საინტერესოც მომეჩვენა და სასაცილოც. დრამატურგიული ჭაჯვი არსებობდა – ერთი ყვებოდა, სხვები არჩევდნენ, შედეგებს ეკითხებოდნენ... ერთი სიტყვით, მთელი ვნებები იფრქვეოდა. "
ეს ჩვენი ფორუმია?
* * *