ამ წამს დავასრულე მეორე სეზონი.
ძალიან მომეწონა, თავისი სიუჟეტითა და პერსონაჟებით.
ძალიან კარგადაა ნაჩვენები, ადამიანი რომ უმწეოდაა ჩამოკიდებული შემთხვევითობებზე და რომ შემთხვევითობის ძალაუფლება გაცილებით დიდია, ვიდრე პიროვნული ნება.
მაგრამ რადგან სერიალის "ეგზისტენციალური" კონტექსტი განხილული გაქვთ, არ გავაგრძელებ ამ ხაზს.
ვეცდები ჩემებური ხედვა გაგიზიაროთ.
გადავხედე წინა გვერდებს, თითქმის ყველას თქვენ-თქვენი საყვარელი მომენტები გაქვთ.
ჩემთვის, ყველაზე მაგარი მონაკვეთი იყო მე-8 სერიის პირველი 4-5 წუთი, პეგისა და ჰალუცინაციის დიალოგი.
თუ ვინმე ოდესმე მთხოვს, დაახლოებით მაინც ვცადო ძენ-ბუდიზმის ძირითადი პრინციპების ახსნა, უკვე ვიცი, რომ ეს უნდა ვაჩვენო.
"ტექსტი" აბსოლუტურად თავისუფლად იძლევა მისი ძენ (ჩან) ბუდისტურად წაკითხვის საშუალებას და გარდა ამისა, იძლევა არა ერთი ან ორი ფრაზით, არამედ სრული სამწუთიანი დიალოგით.
- პეგი, ოდესმე გიგრძვნია სიცივე, როდესაც ცხელა?
ეს ზუსტად ის შემთხვევაა, როდესაც ენაში არსებული ბინარული ოპოზიციები მოთავსებულია რეალობის ერთ სხეულში, ერთსა და იმავე დროს.
ანუ ისინი, რაც ენაში ლოგიკურად დაპირისპირებულ ერთეულებად წარმოგვიდგებიან, სინამდვილეში თავიანთ ბუნებას სხვაგვარად ავლენენ.
რაც მიანიშნებს ბინარული ოპოზიციების პრობლემატურობაზე, შეუძლებლობაზე, ამ დაპირისპირებით უნაკლოდ აღწერო რეალობა, აღწერო ისე, რომ რაღაც არ გამოგრჩეს.
ესაა, ენის შინაგანი წინააღმდეგობა.
არადა, დეკონსტრუქციის იდეამდე, რომელიც ზუსტად 70-იან წლებში შემოიტანა დერიდამ, (და თავის მხრივ, სერიალში მოქმედებაც 70-იან წლებში ხდება) დასავლური აზროვნება იმ აზრს ემხრობოდა, რომ ენის ლოგიკური კანონები ზუსტად აღწერენ გარესამყაროს.
რა შუაშია ენის პრობლემა?
გაიხსენეთ სულ ბოლო დიალოგი, როდესაც ჰენკ ლარსონი ამბობს, ენა სავსეა წინააღმდეგობებითო. ამის შემდეგ იგი ხაზს უსვამს კონოტაციის უპირატესობას დენოტაციაზე.

დენოტაციური მნიშვნელობით, ესაა წითელი გული, კონოტაციურად კი - სიყვარულის სიმბოლოს წარმოადგენს.
ძენ-ბუდიზმმა ძალიან დიდი ხნის წინ დაინახა ენობრივი ერთეულებითა და დენოტაციური მნიშვნელობებით სინამდვილის შემეცნების შეუძლებლობა (ბევრმა ბერმა უარი თქვა რამე დაეწერა, ბევრმა კი სხვების ნაწერებიც დაწვა). დაიანახა, რომ "რაციო", აზროვნება არაა ის ინსტრუმენტი, რომელიც ამისთვის გამოდგება. მეტიც, იგი არათუ უსარგებლოა ამისთვის, არამედ ხელისშემშლელიც კია და ზუსტად აქ მოვედით მთავარ კითხვასთან, რომელსაც ჰალუცინაცია უსვამს პეგის.
- შენთვის ცნობილია სხვაობა ყოფნასა და აზროვნებას შორის?
ეს არის კრიტიკა კარტეზიანული რაციონალიზმის, რომელიც cogito ergo sum-ზე დგას. ძენ-ბუდისტური სწავლებით, აზროვნება, ფიქრის პროცესი საერთოდ არაა ყოფნის შემავსებელი. მედიტაციური პრაქტიკები მიმართულია სწორედ იმისკენ, რომ სული გაიწმინდოს დუალური ცნობიერებისგან (რომელზეც ზემოთ მქონდა საუბარი).
ამ მიზანს ემსახურება ძენ-ბუდისტური კოანებიც, რომელიც ძალიან ჰგავს ჩვენთვის კარგად ნაცნობ იგავებს, მაგრამ, თუ იგავის მეტაფორული ენა ლოგიკურად შეიძლება იქნას წაკითხული, კოანების გაგება ლოგიკურად შეუძლებელია და პრინციპულად მხოლოდ ინტუიტურობას მოითხოვს.
- იყო, ნიშნავს უბრალოდ არსებობდე, სცადე. სცადე, რომ უბრალოდ იყო.
- მაპატიე, მაგრამ როგორ შემიძლია აქ ჯდომისას საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია გავხდე?
- ანუ ახსნა გჭირდება.
- სიმართლე რომ ვთქვა, კი.
- ადამიანური გონება, რომელიც საზრისის ძიებაზეა მიმართული, საბოლოო ჯამში, წინააღმდეგობებისა და უაზრობებისა გარდა, ვერაფერს პოულობს.
- გასაგებია, მაგრამ მე პრაქტიკულად ვაზროვნებ. როგორც ქალი, რომელსაც ეშინია თავისი პოტენციალის რეალიზება ვერ მოახდინოს.
- ან იყავი, ან იფიქრე. ერთ-ერთი აარჩიე.
- ანუ უნდა შევწყვიტო ფიქრი, თუ როგორი ადამიანი უნდა გავხდე. და ის უბრალოდ უნდა ვიყო. უნდა შევწყვიტო ფიქრი, საკუთარი თავი უბრალოდ უნდა ვიყო.
ესაა პირველი შეღწეული სინათლე პეგიში.
This post has been edited by Manuelo Costa on 7 Jan 2016, 19:30
"Маевский застрелился в поезде, и отчаяние его было так велико, что он умер раньше своего выстрела".