თათული ედიშერაშვილი: "თამარ ღლონტი გაწეწილი ხუჭუჭა თმით საინტერესო აღარ იქნებოდა"

2014-11-05 00:10:15
Share |
მსახიობი თათული ედიშერაშვილი თავისი გმირის, თამარ ღლონტის სახეს თავიდან ქმნის, მას ახალი ემოციები და ხასიათი უნდა შესძინოს, თანაც ისე, რომ მაყურებელმა ისევე შეიყვაროს, როგორც 10 წლით "უმცროსი" თამარი უყვარდა. განახლებული სერიალის დაწყებამდე მსახიობმა თმის ფერი და ვარცხნილობაც შეიცვალა და ახლა ცდილობს, ეს იმიჯი თავის გმირსაც მოარგოს.
თათულისთვის ძველი "შუა ქალაქში" ბევრ დადებით ემოციას უკავშირდება. იმ პერიოდში გათხოვდა და დედაც გახდა. გოგონები, 4 წლის ნანიკო და 3 წლის სესე, მისი ყველაზე დიდი გულშემატკივრები არიან. ძველ სერიებს დიდი ინტერესით უყურებენ და დედას სთხოვენ, გადაღებებზე წაიყვანოს.
თათულისთან ინტერვიუ სერიალის "10 წლის შემდეგ" პავილიონში შედგა. მსახიობი ამ გარემოში ისე გრძნობს თავს, როგორც სახლში, რადგან მათთან ერთად მუშაობს, ვისთანაც დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს.
– თათული, წლების შემდეგ იმ სერიალში დაბრუნდით, რომელმაც თავის დროზე დიდი პოპულარობა მოგიტანათ. როგორ "შეხვდით" განშორების შემდეგ თამარ ღლონტს?
– მაყურებელს ჩემი პერსონაჟი უყვარს და იმაზე ნაკლების გაკეთების უფლება არ მაქვს, რაც ადრე იყო. იმედია, რაღაცნაირად ამას თავს გავართმევ. მოლოდინი ჩემ გარშემოც ყველას დიდი ჰქონდა. ვინც პირველი სერია ნახა, ბევრი კომპლიმენტი მითხრა და იმედი მაქვს, ობიექტური. ალბათ რაღაცნაირად ეს დაბრუნება შედგა. თითქოს დეჟა ვუ დამემართა. რამდენიმე წლის შემდეგ იგივე რეჟისორი, იგივე სცენარის ფორმა, რეპეტიციები და ა.შ.
ამ სერიალამდე იმავე ფორმატის ორ სერიალში ვიყავი. ვერ ვიტყვი, რომ იქ უცხო გარემოში ვგრძნობდი თავს, მაგრამ აქ რაღაც უფრო მშობლიურია. ის ადამიანები არიან, ვისთან ერთადაც ბევრი წლის წინ სატელევიზიო სივრცეში პირველი ნაბიჯები გადავდგი. აქ ერთმანეთის სხვანაირად გვესმის, თითქოს ერთ ენაზე ვსაუბრობთ, უთქმელადაც იციან, რას ვფიქრობ. დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, საქმის იქით რა ურთიერთობები გაქვს იმ გუნდთან, სადაც 24 საათის განმავლობაში ხარ. მათთან უფრო მეტ დროს ვატარებ, ვიდრე საკუთარ ოჯახში და შვილებთან.
– როგორია თქვენი გმირი 10 წლის შემდეგ, როგორ ვითარდება მისი ცხოვრება?
– მხოლოდ 3 სერიაა გადაღებული და ჯერ არ ვიცით, მოვლენები როგორ განვითარდება. ძველი, გაუთხოვარი თამარ ღლონტი უფრო ხისტი, დაუნდობელი, რაღაცნაირი ხმაურიანი იყო. ახლა, ბუნებრივია, რაღაცეები შევცვალე, იმ მთავარს კი, რაც მაყურებელს პერსონაჟში შეუყვარდა, ვერ შევცვლი, რადგან შეიძლება პროტესტი გაჩნდეს, რომ მათ ისეთი თამარი უყვარდათ. ვეცდები, მაყურებელს ჩემი პერსონაჟი ცოტა იმიჯშეცვლილი, ცოტა სხვანაირიც შევაყვარო, ბოლო–ბოლო ამდენი წელი გავიდა და რაღაცეები შეიცვალა. ფიზიკურადაც ხომ ვიცვლებით? ამიტომ, ბუნებრივია, ისეთი დახუჭუჭებული, გაწეწილი თმით ნაკლებად საინტერესო იქნებოდა. სიახლე ყოველთვის რთულად შესაგუებელია, მაგრამ თუ ამას მაყურებელს კარგად და სწორი ფორმით მიაწვდი, დიდი შანსია, გამოგყვეს.
– თქვენი ვარცხნილობა სპეციალურად სერიალისთვის შეცვალეთ?
– ხუჭუჭთმიან ადამიანებს ყოველთვის აქვთ სურვილი, სწორი თმა ჰქონდეთ და პირიქით, სწორთმიანებს კულულები მოსწონთ. ჩემმა გაწეწილმა და ხუჭუჭა თმამ ძალიან დამღალა, ამიტომ ახლა ვისწორებ და ეს მომწონს. თმის ფერი კი ამ სერიალამდე შევიცვალე, მომეწონა და ვფიქრობ, რომ ახალ თამარ ღლონტსაც მოვარგებ.
– როცა სერიალის ხელმძღვანელობისგან შეთავაზება მიიღეთ, რა რეაქცია გქონდათ?
– ბევრი ემოცია მქონდა ერთად – გამიკვირდა, გამიხარდა, ვინერვიულე, რადგან გარისკვის შემეშინდა. საბოლოო ჯამში, დადებითმა, კარგმა ემოციებმა გადაწონა ის საშიშროებები.
– თავის დროზე, როცა სერიალი შეწყდა, მსახიობების გუნდი დათო გოგიჩაიშვილზე ნაწყენი იყავით. თქვენი ურთიერთობა მერე როგორ გაგრძელდა?
– ერთ დღეს აღმოჩნდა, რომ "შუა ქალაქში" აღარ ვიყავით. ბუნებრივია, ამას არცთუ ისე სასიამოვნო რეაქცია მოჰყვა. რთულია, როცა 4 წელი რაღაცას აკეთებ, გიყვარს და მერე აღმოჩნდება, რომ აღარ აკეთებ. დათო გოგიჩაიშვილთან ურთიერთობაში დისტანცია ყოველთვის გვქონდა და ასე იყო საჭირო. ჩვენ ბევრჯერ გვქონია შეხვედრა, სხვა ბევრი საქმიანი შეთავაზებაც ყოფილა მისგან, უბრალოდ მანამდე არ მიგვიღია გადაწყვეტილება, რომ ერთად გაგვეკეთებინა რაღაც. ამ გუნდთან ერთად ძალიან კარგ სერიალში მივიღე მონაწილეობა – დათო ჭაბაშვილის "ერთ ნაბიჯში".
– ამ წლების განმავლობაში სერიალის მსახიობებთან როგორ ურთიერთობა გქონდათ?
– ჩვენ სერიალამდეც მეგობრები ვიყავით. მსახიობების ნაწილი თეატრში ვმუშაობდით ერთად, ზოგიერთები ჯგუფელები ვიყავით, დასასვენებლად, დაბადების დღეებზე ერთად დავდიოდით. ჩვენ შორის ნათელმირონობაც არსებობს. მაგალითად, თამუნა ნიკოლაძე ჩემი ერთი შვილის ნათლიაა, კახა ჯოხაძე კი – მეორე შვილის. ასე რომ, ჩვენ, ყველანი, რაღაცნაირად ერთი გუნდი ვართ. როცა ისევ შევიკრიბეთ, ისტერიკა დაგვემართა. ისეთი შეგრძნება გვქონდა, დიდი ხნის უნახავ ბიძაშვილს რომ ჩაეხუტები და გადაკოცნი. ერთმანეთს სულ ვნახულობთ, უბრალოდ, ამ სივრცეში, ამ დეკორაციაში ისევ ერთმანეთის დანახვა ძალიან ემოციური იყო, ყველა შოკში ვართ. პირველი გადაღებისას ძალიან ვნერვიულობდით.
სერიალში პერსონაჟები ეტაპობრივად დაბრუნდებიან. ახალბედებიც გვყავს და მინდა, მათ წარმატებები ვუსურვო. ყოველი ჩაწერის წინ მატულობს ემოციები, პულსი... არ ვიცი, ეს ყველაფერი რას შევადარო. მთელი 4 წელი ასე იყო. 270 სერია ჩავწერეთ და თითოეული სერიის წინ ასეთი ძლიერი ემოციები გვქონდა. ალბათ ასეც უნდა იყოს, რადგან თუ განცდა და პასუხისმგებლობა არ გაქვს, ისე არაფერი გამოვა.
– ეს სერიალი თქვენთვის სხვა დადებით ემოციებსაც უკავშირდება, იმ პერიოდში გათხოვდით, დედა გახდით.
– კი, ასე იყო. როცა პირველი შვილი, ნანიკო შემეძინა, "შუა ქალაქში" ვიყავი, მეორე შვილი მაშინ გამიჩნდა, როცა "რუსთავი 2"–ზე სერიალ "ალუბლების ქუჩაში" ვთამაშობდი.
– თქვენი გოგონები გიყურებენ ეკრანზე?
– ნანიკო 4 წლისაა, სესე – 3–ის. ისინი ძველი სერიალის გავლენის ქვეშ არიან. "იუთუბ"–ზე, დისკებზე ჩაწერილს უყურებენ. როცა მათ ვუთხარი, ახალი "შუა ქალაქში" იწყება–მეთქი, ვერ მიხვდნენ, საამისოდ პატარები არიან. მოსწონთ, როცა ტელევიზორში მიყურებენ. სულ გამოთქვამენ პრეტენზიას, რატომ არ მიმყავს ტელევიზიაში, გადაღებებზე და ისინიც რატომ არ არიან "შუა ქალაქში". ნებისმიერი სხვა გადაცემაც "შუა ქალაქში" ჰგონიათ.
ერთხელ ნანიკომ მითხრა, შენ რომ "შუა ქალაქში" იყავი ხოლმე, მე რატომ არ დაგყავდიო. შენც იყავი, ყველა სცენაში თამაშობდი, სადაც მე ვიყავი, იმ დროს მუცელში მყავდი–მეთქი, ვუთხარი და ეს აიტაცა. იმის მერე ყველას, ვინც ჩვენთან სახლში მოდიოდა, ეუბნებოდა, "შუა ქალაქში" ვიყავი და ვთამაშობდიო.
– ქმარმა და ოჯახის სხვა წევრებმა როგორ მიიღეს ახალი თამარ ღლონტი?
– როცა პირველი სერია გავიდა ეთერში, ჩემი ქმარი სამსახურში იყო და ყურება ვერ მოახერხა, მაგრამ იმედია, მეორე დღეს დაჯდა და უყურა... ჩემი დები ამას მოუთმენლად ელოდებოდნენ. ჩემ მიმართ მათ სხვა, დედობრივი განცდა აქვთ, რადგან მათზე პატარა ვარ. გულის ფანცქალით ელოდნენ სერიალის გასვლას. მათგან რაღაც შენიშვნებსაც ვიღებ და ეს ყველაფერი ძალიან ნორმალურია.
– მიუხედავად იმისა, რომ სხვა სერიალებშიც ითამაშეთ, მაყურებელს მაინც ამ როლით დაამახსოვრდით. ამ გმირისგან თავის დახსნის მცდელობა გქონიათ?
– ყოფილა შემთხვევა, სხვა სერიალში ვყოფილვარ, მაგრამ ვიღაცას ქუჩაში თამარით მოუმართავს. სხვა რამეს რომ აკეთებ და ისევ თამარს გეძახიან, ცოტა ისეთი მომენტია... მაგრამ მაინც სასიამოვნოა, რადგან გამოდის, რომ ის პერსონაჟი მაყურებლისთვის შთამბეჭდავი იყო და ეს დიდ სიყვარულს ნიშნავს.
– დაბოლოს, ახმეტელის თეატრში პრემიერისთვის ემზადებით. როგორც ვიცი, ამ სცენაზე ეს თქვენი დებიუტი იქნება.
– დიახ. ამ თეატრისთვის ახალი ნაწილი აღმოვჩნდი. იქ ძალიან კარგად მიმიღეს. ახლა პრემიერისთვის ვემზადებით, რეზო კლდიაშვილის პიესის მიხედვით დაიდგა სპექტაკლი "იმერული რეკვიემი". საინტერესო როლი მაქვს. სცენაზე ცოტა პაუზა მქონდა, ამიტომ ახლა ძალიან ვნერვიულობ.
ეკა ლემონჯავა, ჟურნალი სარკე