მდივანი თანამდებობა, რომელსაც აქვს რანდენიმე მნიშვნელობა:
1.მოსამსახურე, რომელიც განაგებს საქმისწარმოებას, კერძოდ, დაწესებულების, ორგანიზაციისა თუ ცალკეული პირის (მეცნიერის, სახელმწიფო მოღვაწის, მწერლის და სხვ.) საქმიან მიმოწერას;
2.კრების, სხდომის ოქმის შემდგენელი. მაგ., სასამართლოს მდივანი, რომლის მოვალეობაა სასამართლოს სხდომის ოქმის შედგენა, სასამართლოს მოქმედებისა და გადაწყვეტილების, აგრეთვე სასამართლო პროცესში მონაწილე პირთა მოქმედების სრული და ზუსტი გადმოცემა;
3.პარტიის ან საზოგადოებრივი ორგანიზაციის არჩევითი ხელმძღვანელი (მაგ., პარტიის რაიკომის მდივანი);
4.თანამდებობის პირი, რომელიც ხელმძღვანელობს სამეცნიერო დაწესებულების მიმდინარე სამუშაოს (სწავლული მდივანი);
5.(სამართლეებრივი ისტორია) მოხელე გვიანდელ ფეოდალურ საქართველოში. ასრულებდა საკანცელარიო სამუშაოს (სხვადასხვაგვარი საბუთის შედგენა, მიმოწერა), ესწრებოდა სასამართლო სხდომას და მონაწილეობდა საქმის განხილვაში (სასამართლო პროცესის დროს მას „წინ ედვა“ სამართლეებრივი წიგნი; იგი იწერდა საჩივარს, მონახავდა და წაიკითხავდა სათანადო მუხლს და სხვ.).
*მდივანი მონაწილეობას ღებულობდა აგრეთვე სამეფოს აღწერაში და მას საფინანსო საქმეებიც ეკითხებოდა. სამეფოში ერთდროულად რამდენიმე მდივანი იყო. საბუთებში „კარის მდივანი“, „მეფის მდივანი“, „დედოფლის მდივანი“. თავისი ფუნქციებით მდივანი ადრინდელ მწიგნობარს შეესატყვისებოდა, ამ 2 თანამდებობის სახელწოდება შეერთებულად — „მდივან-მწიგნობრის“ სახითაც გვხვდება.